განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
330100119002969867
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1869-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ი-----–- ქ--------ს

ბრალდებულ – რ----- ღ----–---–ის

ადვოკატ – კ------- მ-----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– რ----- ი------ს ძე ღ----–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ---------------–-------------–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------------–-------------–--------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ღ----–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ღ----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ----------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ----- ღ----–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ----- დ-----–---–ს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი სახის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. რ----- ღ----–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება - რ----- ღ----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა რ----- ღ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----- დ-----–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, ტელეფონის დათვალიერების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები) მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა რ----- ღ----–---–ის მიერ ნ----- დ-----–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ რ----- ღ----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა რ----- ღ----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი თქვა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ასევე, საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა ბრალდებულმა, ხოლო უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არ შეიცავს ბრალდებულის მამხილებელ საკმარის ინფორმაციას. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ოჯახში ძალადობის განხორციელების ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ღ----–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ღ----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გაუქმდეს რ----- ღ----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

4. რ----- ღ----–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი