განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100119003252683
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5043-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ნ----- ქ-----–---–ის

ბრალდებულ _ ლ----- ს---------ის

ადვოკატ - რ--------- ქ-------–--ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ლ----- რ------ს ძე ს---------ის, დაბადებულის 19---–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-------------–--------------------–--------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–---------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ----- ს---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ლ----- ს---------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------------------------------ში, ლ----- ს---------მა ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ქ--------- კ----–---ს გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ქ--------- კ----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ლ----- ს---------ის და ქ--------- კ----–---ის საერთო შვილი - 8 წლის ნ--- ს---------ი.

ე.ი. ლ----- ს---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2019 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 16:10 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------–-------------------------------ში მყოფ ქ--------- კ----–---ს მეუღლე - ლ----- ს---------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რა დროსაც ქ--------- კ----–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ე.ი. ლ----- ს---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ლ----- ს---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, №------ შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლ----- ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ლ----- ს---------ის მხრიდან მეუღლის - ქ--------- კ----–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს (გამოიხატა სახის არეში ერთხელ დარტყმაში), თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან მომდინარე აგრესია მხოლოდ ამით არ ამოწურულა და გაგრძელდა მეორე დღესაც, სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

ლ----- ს---------ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა 8 წლის ნ--- ს---------ი, რაც არ გახდა შემაკავებელი ბრალდებულისათვის. ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამდენად, ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო დაზარალებულის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ ამით დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვანის სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში მისი ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება („ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია“).

რაც შეეხება დანაშაულის განმეორების რისკს, ამასთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ----- ს---------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია ეჭვიანობის ნიადაგზე, კერძოდ, მხარეთა მიერ არასადავოდ მიჩნეული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში კონფლიქტი გამოიწვია უსაფუძვლო ეჭვიანობამ, ამასთან, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს პირველად არ ჰქონია ადგილი და მეუღლემ ძალადობა განახორციელა 2017 წელსაც, რაც აიხსნება ბრალდებულის მიერ ალკოჰოლური სასმელის ხშირი მოხმარებით და ნასვამ მდგომარეობაში გაუწონასწორებელი ხასიათით. აქედან გამომდინარე, არსებობს ძალადობის განმეორების რეალური რისკი, რომლის გათვალისწინებითაც მხოლოდ ბრალდებულის აღიარება (აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს სასამართლოს წინაშე არ გამოუხატავს სინანული მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის გამო), ვერ მიიჩნევა მისგან მომდინარე საფრთხეების და დანაშაულის რეციდივის აღკვეთის უპირობო საფუძვლად, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ლ----- ს---------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც ალტერნატიული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო პრევენციის მიზანი).

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ლ----- ს---------ი არის ნასამართლობის არმქონე და მის მიმართ პირველად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი ღონისძიების გამოყენება სასჯელის სახით, მის მიერ განხორციელებული ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც უზრუნველყოფდა მატერიალურად (დაკავებამდე მუშაობდა შპს „ყავის სამყაროში“, ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე), სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ----- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. ლ----- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ----- ს---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

4. ლ----- ს---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 ოქტომბრიდან.

5. მსჯავრდებულ ლ----- ს---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლ----- ს---------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი