გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2222-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ნ-----–-----–-–---–ი
წარმომადგენელი - გ--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - გ-------------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - რ------------–---ა
მესამე პირი - ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №0------ ბრძანება და №0--------1 ყადაღის დადების აქტი საჯარო რეესტრში 6-.08.04.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავო ქონების 20.1კვ.მ ფართის ყადაღის ნაწილში.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 დეკემბრის №3---- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება №7---------- საჩივარზე;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია
ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივმა შესაგებელით დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივს გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 6 ივნისის №9---- ბრძანებით ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად და 2006 წლის 15 აგვისტოს №9-- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაერიცხა 20 008 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის წერილი (ტ.I, ს.ფ.79).
4.2. ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივს გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 სექტემბრის №1----- ბრძანებით ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად და 2006 წლის 28 სექტემბრის №1--- საგადახადო მოთხოვნით დაერიცხა 154 952 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის წერილი (ტ.I, ს.ფ.79).
4.3. 2006 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივს ერიცხებოდა დავალიანება ძირითადი გადასახადი 203347.46 ლარი, საურავი 112339.81 ლარი, ზედმეტობა 876.73 ლარი. აღნიშნული დავალიანების არსებობის გამო, 20.10.2006 წლის №077-94 შეტყობინების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 2018 წლის 16 აგვისტოს №9---------- სამსახურებრივი ბარათი (ტ.I, ს.ფ.108);
- ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის შედარების აქტი (ტ.I, ს.ფ.110).
4.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 15 დეკემბრის №8------- საგადასახადო მოთხოვნით ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივს სულ ძირითად გადასახადში დაერიცხა 137 737.04 ლარი, ჯარიმა 67 112.71 ლარი და საურავი 117 652.21 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ერიცხება ზედმეტობა 654.66 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 15 დეკემბრის №8------- საგადასახადო მოთხოვნა (ტ.I, ს.ფ.67).
4.5. გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 მარტის №3- შეტყობინებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდა ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის ქონებაზე. აღნიშნული შეტყობინება ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივს ჩაბარდა 2006 წლის 6 აპრილს, რომელიც გადასახადის გადამხდელს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 5 თებერვლის №1----------- წერილი (ტ.I, ს.ფ.68-6-);
- გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 მარტის №3- შეტყობინება (ტ.I, ს.ფ.86).
4.6. გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 მარტის №4- შეტყობინებით ყადაღა დაედო ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 მარტის №4- შეტყობინება (ტ.I, ს.ფ.87)
4.7. გორის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 18 დეკემბრის №8--- ბრძანებით ყადაღა დაედო ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 5 თებერვლის №1----------- წერილი (ტ.I, ს.ფ.68-6-).
4.8. 2009 წლის 18 დეკემბერს ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 18 დეკემბრის №8--- ბრძანების გაუქმება.
შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №9-- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №9-- ბრძანება (ტ.I, ს.ფ.84-85).
4.9. 2010 წლის 29 ივლისს ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილი გარემოების და ფაქტების შესაბამისად, გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 6 ოქტომბრის №4-- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 9 აგვისტოს №1--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის 2010 წლის 29 ივლისის საჩივარი (ტ.I, ს.ფ.75-78);
- შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 9 აგვისტოს №1--- ბრძანება (ტ.I, ს.ფ.70-71).
4.10. ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივმა 2010 წლის 17 სექტემბერს მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 9 აგვისტოს №1--- ბრძანებისა და გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 6 ოქტომბრის №4-- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 9 აგვისტოს №1--- ბრძანება და საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ.89-93).
4.11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის №2---------- გადაწყვეტილება, რომლითაც ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების 20-დღიანი ვადის დარღვევის საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის №2---------- გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ.72-73);
4.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 6 თებერვლის №0---- ბრძანებით ყადაღა დაედო ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 6 თებერვლის №0---- ბრძანება (ტ.I, ს.ფ.151).
4.13. ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2017 წლის 4 ივლისს ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ გამოცემულია „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №0------ ბრძანება (საგადასახადო დავალიანება ძირითადი გადასახადის სახით 160812.46 ლარი, ჯარიმა 67776.80 ლარი, საურავი 48233-.38 ლარი). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №0--------1 აქტი, რომლის მიხედვითაც აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ქონება (მათ შორის 6-.08.04.0--.01.500 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრაივი ქონება მისამართი: ქ.ხ-–-----, ჟ--------------------------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 2018 წლის 16 აგვისტოს №9---------- სამსახურებრივი ბარათი (ტ.I, ს.ფ.108);
- ამონაწერები სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ელექტრონული ბაზიდან (ტ.I, ს.ფ.109; ტ.I, ს.ფ.111);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 4 ივლისის №0------ ბრძანება (ტ.I, ს.ფ.115);
- „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №0--------1 აქტი (ტ.I, ს.ფ.116-117).
4.14. ნ-----–-----–-–---–მა 2018 წლის 7 აგვისტოს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №0------ ბრძანების და №0--------1 ყადაღის დადების აქტის გაუქმება და ამასთან, მოითხოვა მის მიერ მემკვიდრეობით მისაღები ქონების ამოღება ყადაღის ნუსხიდან.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის №24714 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, რადგან ნ-----–-----–-–---–მა არ წარადგინა სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის №24714 ბრძანება (ტ.I, ს.ფ.101-103).
4.15. ნ-----–-----–-–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და დანართის სახით წარადგინა 2018 წლის 27 სექტემბერს მის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ.95-98).
4.16. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 დეკემბრის №3---- ბრძანება, რომლითაც ნ-----–-----–-–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება აღრიცხული იყო ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სახელზე და მას ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად ყადაღა მის ქონებაზე გავრცელებულია მართლზომიერად მანამ, სანამ არ დადგინდებოდა საპირისპირო. საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე საბჭომ აღნიშნა, რომ გადამხდელი წარდგენილ საჩივარში არ უთითებს, რა ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით უნდა ამოირიცხოს მისი მემკვიდრეობით მიღებული ქონება ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №0------ ბრძანებიდან და №0------/1 ყადაღის აქტიდან. ამასთან, საბჭომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 დეკემბრის №3---- ბრძანება (ტ.I, ს.ფ.104-107).
4.17. ნ-----–-----–-–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 დეკემბრის №3---- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 4 ივლისის №0------ ბრძანების გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 31.03.2006 წლის გადაწყვეტილება არ არის მიქცეული აღსასრულებლად; მომჩივამა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტი (საჯარო რეესტრის ამონაწერი) რაც სადავოდ გამხდარი ფართის საკუთრებას დაადასტურებდა და სადავო ფართი არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული. მომჩივნის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №0------ ბრძანებიდან და №0--------1 ყადაღის აქტიდან სადავო ფართის ამოღების თაობაზე, მოკლებულია კანონიერ საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ.15-22).
4.18. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2005 წლის 25 თებერვალს ქ.ხ-–-----, ჟ---------------3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 6-.08.04.0--.01.500), კერძოდ, 20 კვ.მ. ფართზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (დამოწმების თარიღია 2005 წლის 23 თებერვალი) პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრირებულია რ-----–-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.I, ს.ფ.113-114);
- „ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ“ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ტ.I, ს.ფ.37)
4.19. ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით რ-----–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივს დაეკისრა რ-----–-------ის სასარგებლოდ 1 500აშშ დოლარის გადახდა, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი სესხის დაფარვა მოხდება იპოთეკით დატვირთული 20კვ.მ ფართის რაიკოოპერატივის კანტორის ოთახით მდებარე ქ.ხ-–-----, ჟ---------------3.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ.29-30).
4.20. 2018 წლის 15 იანვარს რ-----–-------ე გარდაიცვალა. 2018 წლის 27 სექტემბრის №1-----3-3 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, რ-----–-------ის მეუღლემ -ნ-----–-----–-–---–მა მიიღო სამკვდრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 27 სექტემბრის №1-----363 სამკვიდრო მოწმობა (ტ.I, ს.ფ.23-27).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 238-ე, 241-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 311-ე, 3111-ე მუხლები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, მე-9, მე-11, მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №0------ და №0--------1 ბრძანება, 2018 წლის 3 დეკემბრის №3---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი ფუნქცია არის გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გახდა. საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ რა გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, უფლებამოსილნი არიან, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ღონისძიებები, მათ შორის ქონებაზე ყადაღის დადება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლი აწესრიგებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიების - ქონებაზე ყადაღის დადების წესსა და საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ.ხ-–-----, ჟ---------------3-ში მდებარე 20.1კვ.მ ფართზე ყადაღის დადების მართლზომიერების შეფასება.
დადგენილია, რომ ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2017 წლის 4 ივლისს ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ გამოცემულია „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №0------ ბრძანება (საგადასახადო დავალიანება ძირითადი გადასახადის სახით 160812.46 ლარი, ჯარიმა 67776.80 ლარი, საურავი 48233-.38 ლარი). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №0--------1 აქტი, რომლის მიხედვითაც აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ქონება (მათ შორის 6-.08.04.0--.01.500 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონება მისამართი: ქ.ხ-–-----, ჟ--------------------------------------).
სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლს, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-631-627(კ-17)), სადაც განმარტებულია, რომ ,,საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება.“
„საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.“ (იხ. სუსგ. 02.07.2015 №ბს-30-30(2კ-15).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2005 წლის 25 თებერვალს რ-----–-------ე დარეგისტრირდა ქ.ხ-–-----, ჟ---------------3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 6-.08.04.0--.01.500), კერძოდ, 20 კვ.მ. ფართზე, პირველი რიგის იპოთეკარად.
ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით რ-----–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივს დაეკისრა რ-----–-------ის სასარგებლოდ 1 500აშშ დოლარის გადახდა, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი სესხის დაფარვა მოხდება იპოთეკით დატვირთული 20კვ.მ ფართის რაიკოოპერატივის კანტორის ოთახით მდებარე ქ.ხ-–-----, ჟ---------------3.
რ-----–-------ე გარდაიცვალა 2018 წლის 15 იანვარს და მისმა მეუღლემ ნ-----–-----–-–---–მა 2018 წლის 27 სექტემბრის №1-----3-3 სამკვიდრო მოწმობით მიიღო სამკვიდრო.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რ-----–-------ის მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საკუთრების უფლება წარმოშობილი არ არის აღნიშნულ უძრავი ნივთის მიმართ და ამდენად, ვერც ნ-----–-----–-–---–ის საკუთრების უფლება იქნება დარღვეული.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხ-–-----ს რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღის უფლების გავრცელება ხსენებულ ქონებაზე შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ხოლო, მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც მის მიმართ განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გახდებოდა.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ იკვეთება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 1971, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 3-4-ე, 3---ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ-----–-----–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი გრ.რობაქიძის გამზ.№7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივნის №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე