გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.02.2020
საქმის ნომერი
411310018002496070
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №411310018002496070

საქმე №3/23-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10.10.2019 წელი, ქ. ლაგოდეხი

 

შესავალი ნაწილი

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------------------–ი განყოფილება

წარმომადგენელი - ზუ---- ლო-–----ე

 

მოპასუხე - ის-–-- სო-----ი

 

დავის საგანი - არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) უკან დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ის-–-- სო-----ს დაეკისროს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 1960 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ის-–-- სო-----ის ოჯახი, 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 01 ივნისის ჩათვლით, იღებდა სოციალურ დახმარებას. 2018 წლის 21 თებერვალს, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო წერილი ცენტრალური აპარატიდან, რომლის შესაბამისად, ის-–-- სო-----ის ოჯახში, 2017 წლის 23 ივლისს, განხორციელდა ვიზიტი სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ. ვიზიტის დროს გაირკვა, რომ 2017 წლის 12 იანვარს, ის-–-- სო-----ის ოჯახმა, დეკლარაციის შევსებისას, უფლებამოსილ პირს დაუმალა, რომ ვაჭრობდნენ რკინეულით და დეკლარაციაში არ ჩვენეს რკინეულით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, ის-–-- სო-----ის ოჯახმა ზედმეტად მიიღო ოჯახის საარსებო შემწეობა 1960 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ის-–-- სო-----ს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ის-–-- სო-----ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, სხდომის ოქმი.

 

3.1.2. მოპასუხე ის-–-- სო-----ის ოჯახი ვაჭრობს რკინეულით, რომლის შესახებაც მოპასუხეს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ უცნობებია.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის №04/9935 წერილი (ს.ფ. 12-13).

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ის-–-- სო-----ის ოჯახს ზედმეტად მიღებული აქვს სოციალური დახმარება 1960 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 18).

 

3.1.4. 2018 წლის 22 თბერვალს და 2018 წლის 26 მარტს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------------------–ი განყოფილების მიერ, მოპასუხე ის-–-- სო-----ს გაეგზავნა წერილი ზედმეტად მიღებული თანხის - 1960 ლარის უკან დაბრუნების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 22 თებერვლის შეტყობინება №04-10-07/403 (ს.ფ. 14-15);

- 2018 წლის 26 მარტის გაფრთხილება №04-10-07/683 (ს.ფ. 16-17).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება; „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება; „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციას, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, ხოლო ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: ა) ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 12 იანვარს, ის-–-- სო-----ის ოჯახმა დეკლარაციის შევსებისას უფლებამოსილნ პირს დაუმალა, რომ ვაჭრობდნენ რკინეულით და დეკლარაციაში არ ჩვენეს რკინეულის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში აცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების შესაახებ.

 

6.2. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული, „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ პირველი მუხლის თანახამად, ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში - დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში - საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია, ხოლო ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას; ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას; გ) სტატისტიკის წარმოებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად); არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ, ხოლო ამავე წესის მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით, ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 12 იანვარს, ის-–-- სო-----ის ოჯახმა, დეკლარაციის შევსებისას, უფლებამოსილ პირს დაუმალა, რომ ვაჭრობდნენ რკინეულით და დეკლარაციაში არ ჩვენეს რკინეულის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გამო, ის-–-- სო-----ის ოჯახმა ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობა 1960 ლარის ოდენობით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------------------–ი განყოფილების 2018 წლის 22 თებერვლის №04-10-07/403 და 2018 წლის 26 მარტის №04-10-07/683 გაფრთხილებებით, მოპასუხე ის-–-- სო-----ს ეცნობა არასწორად მიღებული თანხის უკან დაბრუნების შესახებ, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრული სარჩელი რის გამოც მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------------------–ი განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

2. მოპასუხე ის-–-- სო-----ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 1960 (ათას ცხრაას სამოცი) ლარის ოდენობით.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე