გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310019003147451
N 3/147-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.11.2019 წელი ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე - გუ--------------–-ა,მოპასუხე - საჯ-----------------------------–----------------------------------–------ისი
მოპასუხის წარმომადგენელი - გი--------------–-ძე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------–------------ გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ,როგორც უკანონო.
1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მოახდინოს უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გუ-------------–--ს სახელზე (მდებარე ოზურგეთის რაიონი, ს--------------) 35580 კვ.მ როგორც ეს მითითებულია ყველა დოკუმენტსა და მიწის საკადასტრო აზომვით ნახაზებში.
მოსარჩელე გუ-------------–-- დაეთანხმა მის სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქ. ოზურგეთის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------ განკარგულებით გუ-------------–--ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყუოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის საკუთრებად არ იყო რეგისტრირებული მომიჯნავე უძრავი ნივთი, რაც გუ-------------–--ს მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად საჯარო რეესტრის გურიის რეგიონალურმა ოფისმა 2019 წლის 2--------- მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის გურიის რეგიონულ ოფისს 2016 წლის 9 აგვისტოს №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა გუ-------------–--მ (პირადი ნომერი 6----------) და წარმოდგენილი აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------–- მდებარე 35580 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გურიის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №-------------03 (13.08.2---- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–------------------------ მიმართვით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოქ. გუ-------------–--ს კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გურიის რეგიონული ოფისის №-------------09 (06.01.2---- გადაწყვეტილებით, რადგან დაინტერესებულმა პირმა არ წარმოადგინა უძრავ ნივთზე საკუთრების, ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთი, ვერც საჯარო რეესტრის მიერ იქნა მოძიებული, №------------ განცხადებაზე წარმოდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2----–-–-------------------- მიმართვით გადაეგზავნა ქალაქ ოზურგეთის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება თანდართული მასალით (ს.ფ 14);
- აზომვითი ნახაზი (ს.ფ 17)
- მიმართვები, რეგისტრაციის წარმოების მიმდინარეობის შესახებ, (ს.ფ 18-23)
3.1.2. ქალაქ ოზურგეთის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-----–-–-------------------- განკარგულებით გუ-------------–--ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული მომიჯვანე უძრავი ნივთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის გურიის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 2--------- მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №-------------11 (29.03.2---- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ 24)
- მიმართვა დ განკარგულება (ს.ფ 25-26)
3.1.3. 2019 წლის 28 ივნისს გუ-------------–--მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №--------- ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №-------------11 (29.03.2---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–---- გადაწყვეტილებით გუ-------------–--ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩივარი (ს.ფ 27)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–---- გადაწყვეტილება (ს.ფ28-29)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საკუთრების უფლება აღიარებულია ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა’’ და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის’’ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
6.4 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------ადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ირკვევა, რომ სიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–------------------------ მიმართვით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გუ-------------–--ს კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გურიის რეგიონული ოფისის №-------------09 (06.01.2---- გადაწყვეტილებით, რადგან დაინტერესებულმა პირმა არ წარმოადგინა უძრავ ნივთზე საკუთრების, ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთი, ვერც საჯარო რეესტრის მიერ იქნა მოძიებული, №------------ განცხადებაზე წარმოდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2----–-–-------------------- მიმართვით გადაეგზავნა ქალაქ ოზურგეთის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.
მოცემულ შემთხვევაში 2----–-–------------- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებულია N-- განკარგულება გუ-------------–--ს მოთხოვნის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 35580.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. სწორედ აღნიშნული განკარგულება წარმოადგენდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გადაწყვეტილების N--------------- მიღების საფუძველს.
6.8. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
6.9. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27–ე მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე. ხოლო, ამავე კანონის 27–ე მუხლის მე–7 პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ასევე ჩაითვლება გადაწყვეტილების მარეგისტრირებელი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182–ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია აქტის გამოცემის ფაქტიური და სამართლებრივი წინაპირობების შემოწმება.
შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამ აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოახდინოს ზემოქმედება და სათანადო შედეგს მიაღწიოს, თუ დადგენილი არაა ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის უკანონობა, რომლითაც უარყოფილი იქნა/შეჩერდა/უარი ეთქვა მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილი და 33-ე მუხლები კავშირშია ერთმანეთთან.
აღნიშნულს გათვალისწინებით მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მას არ დაურღვევია ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილი ვადა და ვალდებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაეკმაყოფილებინა მისი განცხადება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის განხორცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. დასახელებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან ერთად სახეზეა მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენება.
6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.12. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, პროცესუალური უფლება სარჩელზე უშუალოდ უკავშირდება სარჩელზე უფლებას მატერიალური თვალსაზრისით. სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე წყვეტს სარჩელის შესაბამისობას სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებთან, როგორიცაა მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული მხარის უფლებადამცავი ინტერესი და პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის ფაქტი.
დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (სზაკ-ის მე-2 მუხ. ,,ბ” ქვეპუნქტი).
შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა. გარდა ამისა, მოსარჩელის უფლება და ინტერესი კანონით უნდა იყოს დაცული ანუ სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესზე. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს თეორიული ინტერესის დაშვების შესაძლებლობას.
6.13. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ, იურიდიული, კანონიერი დაინტერესება. კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები (უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება). კანონმდებლობა სავალდებულოდ მიიჩნევს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დადასტურებას. თუ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (უარი აქტის გამოცემაზე) პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ იწვევს, მაშინ სარჩელი არის დაუშვებელი.
ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს სასამართლო. ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მხოლოდ მოსარჩელის განცხადება. მისი არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენენ უფლების დარღვევა ან დარღვევის საშიშროება, რომლებზედაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს. სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს მხოლოდ იმ პირმა, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა გასაჩივრებული აქტით.
6.14. მოსარჩელის მოსაზრებით დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება, რაც მხარის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნა.
6.15. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გუ-------------–--ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გუ-------------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბაჟის თანხა გადახდილია მოსარჩელის მიერ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14).
მოსამართლე: მარინა კიკნაძე