განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4765-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–- პ---–-- ძე კ------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 3---------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ----- რაიონი, სოფელი ნ------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ-–----- მ---- მ/რ-ნი, კორპუსი #--- ბინა #----
ადვოკატი - მ--------–---
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 6 სექტემბერს, თბილისში გ-–-----ს მ---- მ/რაიონის #-- კორპუსის, #----ე საცხოვრებელ ბინაში ლ-–- კ------–---–მა, მეუღლეს - თ----- გ--------ეს მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული კონფლიქტის შემსწრე პირების ბინიდან გასვლის შემდეგ, ლ-–- კ------–---–მა კვლავ იძალადა თ----- გ--------ეზე, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახესა და სხეულზე. ფიზიკური ძალადობის შედეგად თ----- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ზემოაღნიშნული კონფლიქტის დროს ლ-–- კ------–---–ი, თ----- გ--------ეს დაემუქრა მოკვლით და ქონების განადგურებით, კერძოდ: დაშორების შემთხვევაში ყელს გამოჭრიდა და დაუწვავდა მშობლების სახლს. თ----- გ--------ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. დაახლოებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ლ-–- კ------–---–ი მეუღლეს - თ----- გ--------ეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ თ----- გ--------ე იყო ქალი და მასზე ჰქონდა უპირატესი უფლება, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, უკრძალავდა მშობლების სახლში დარჩენას და მეგობრებთან ურთიერთობას, უმოწმებდა მიმოწერებს სოციალურ ქსელსა და ტელეფონში, უკრძალავდა მუშაობას, ცდილობდა მისი როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დამტკიცებას, ეუბნებოდა, რომ იყო მისი საკუთრება და არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. ლ-–- კ------–---–ის ქმედებებით თ----- გ--------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.
2.2. სასამართლოს დასკვნა ლ-–- კ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----- გ--------ის და მოწმეების - მ------- ბ-------ის, ს--------------ის გამოკითხვის ოქმებს, ვიზუალური დათვალიერების შესახებ #0--------- ოქმს, #0----- შემაკავებელი ორდერის ოქმს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ-–- კ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 6 სექტემბერს, მეუღლეს - თ----- გ--------ეს მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად ასევე აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ თ----- გ--------ე იყო ქალი და მასზე ჰქონდა უპირატესი უფლება, ინტენსიურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, ეჭვიანობდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ამცირებდა. უკრძალავდა მშობლების სახლში დარჩენას და მეგობრებთან ურთიერთობას, უმოწმებდა მიმოწერებს სოციალურ ქსელსა და ტელეფონში, უკრძალავდა მუშაობას, ცდილობდა მისი როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დამტკიცებას, ეუბნებოდა, რომ იყო მისი საკუთრება და არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში იწვევდა ტანჯვას. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით თ----- გ--------ემ ლ-–- კ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. შიხანის განგაშის თვითშეფასების შკალის მიხედვით, შფოთვის დონე აღემატება ნორმას. ბეკის დეპრესიის შკალის მონაცემებით აწეული დეპრესიის ხარისხი. კლინიკური საუბრისას თ----- გ--------ემ ექსპერტს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: ,,... ბოლო პერიოდში მეუღლესთან ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. მისგან ბევრი შეურაცხყოფა და დამცირება ავიტანე. ის ავადმყოფურად ეჭვიანია და განუწყვეტლივ შიშის და დამცირების ქვეშ მამყოფებს. მისგან არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მაკლია, მაგრამ ოჯახის დანგრევა არ მინდოდა და ვითმენდი. ბოლოს როცა სრულად უმიზეზოდ, დაუნდობლად მცემა გადავწყვიტე პოლიციისთვის მიმემართა“.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. შესაბამისად, მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნის და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია მუქარა (სიცოცხლის მოსპობის ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში). განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით ისე, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობრივ ქმედებას, ან ქონების განადგურებას სხვა პირის მიერ. ამ დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, დაცვის ობიექტია ასევე საკუთრება. განსახილველ შემთხვევაში, ლ-–- კ------–---–ი, თ----- გ--------ეს ფიზიკური ძალადობის შემდეგ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, კერძოდ: დაშორების შემთხვევაში ყელს გამოჭრიდა და დაუწვავდა მშობლების სახლს თ--------–-ში. თ----- გ--------ემ, ფიზიკური ძალადობის შემდეგ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.5. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ლ-–- კ------–---–ი და თ----- გ--------ე არიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.7. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ-–- კ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ-–- კ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება.
4.2. ლ-–- კ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ; სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით; მასშტაბი - ჩადენილია დანაშაულის 3 ეპიზოდი; ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური დარტყმები სხეულის სხვადასხვა ადგილზე.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
5.3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. განსახილველ შემთხვევაში აშკარად გამოვლინდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი სტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდში. გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალის მიმართ, იგი მსხვერპლს სოციალური იერარქიით თავისზე დაბლა მდგომ, უუფლებო სუბიექტად განიხილავდა, რომლის ცხოვრების წესის და ინტერესების განსაზღვრა, მხოლოდ მას, როგორც ქმარს შეუძლია, სწორედ ამით არის განპირობებული მისი დაუოკებელი სურვილი აკონტროლოს მეუღლე, განუსაზღვროს ცხოვრების პრიორიტეტები, დაუწესოს სოციალური და ყოფითი შეზღუდვები. დანაშაულის მოტივი მიუთითებს ბრალდებულის განსაკუთრებულ საშიშროებაზე ოჯახის წევრი ქალის-მეუღლის მიმართ, ბრალდებულის მცდარი სტერეოტიპული განწყობები წარმოადგენს სამომავლო საფრთხეებს ოჯახში ძალადობის გაგრძელების კუთხით, ამდენად, სამომავლო რისკების და ჩადენილი დანაშაულის მოტივის საპასუხოდ მოძალადეს უნდა განესაზღვროს ადეკვატური და კერძო პრევენციის მატარებელი სანქციები.
5.3.2. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.3.3. დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობა - ჩადენილია დანაშაულის 3 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში.
5.3.4. ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური დარტყმები სხეულის სხვადასხვა არეში.
5.4.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულიც შეურიგდა, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გენდერული დისკრიმინაცია არ ყოფილა გამოხატული ერთჯერად ქმედებაში, მას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ბრალდებულის დამოკიდებულება ქალისადმი, როგორც გენდერული თვალსაზრისით უუფლებო ინდივიდზე, რომელიც ვალდებულია აღიაროს მამაკაცის უპირატესობა, ხოლო თავად იყოს ქმრის მონურ მორჩილებაში საჭიროებს მოძალადის სოციალური სტერეოტიპების გადაფასებას და თვითშეგნების ამაღლებას, რასაც უზრუნველყოფს ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. დამნაშავე პირის მხრიდან ამ მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულ ნიადაგზე სამომავლოდაც შეიძლება გაგრძელდეს ოჯახში იგივე ან სხვა სახის დანაშაულის ჩადენა. ის, რომ ბრალდებულს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი ვერ გახდება მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი, პირიქით დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანთა თანდასწრებით პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და ასეთ შემთხვევებში აუცილებელია შეფასდეს მოძალადის და დანაშაულის თვითმხილველი ბავშვების თანაცხოვრების საკითხი. სასამართლოს შეფასებით, რომელიც ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია მოძალადის დროებითი იზოლაცია და განრიდება ბავშვებისგან.
5.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია ითხოვს, მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.
5.6. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ლ-–- კ------–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- კ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ლ-–- კ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. ლ-–- კ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ-–- კ------–---–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ლ-–- კ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 7 სექტემბრიდან.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა