გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411310019003308444
საქმე № 3/32-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 თებერვალი, 2020 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი: ლ--–- მ-----–-–---–ი
მოპასუხე: ტ---- მ-----–-–---–ი
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
პენსიის სახით გაცემული თანხის - 1 979,04 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გ------- მ-----–-–---–ი (პირ. №-----------) გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს, ხოლო გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია მოხდა 2019 წლის 9 სექტემბერს; მისი კუთვნილი თანხა 3 120 ლარი კი უკანონოდ აიღო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში მცხოვრებმა ტ---- მ-----–-–---–მა (პირ. №-----------). აღნიშნული თანხიდან 1 140 ლარი და 96 თეთრი ბანკის მიერ იქნა დაბრუნებული სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოსარჩელე ითხოვს ზედმეტად გადახდილი 11 თვის პენსიის უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ------- მ-----–-–---–ის სახელზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემოდა პენსია 180 ლარი, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან კი - 200 ლარი.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.2. იგი გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს, ხოლო გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია მოხდა 2019 წლის 9 სექტემბერს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის №59/331379 მიმართვა.
3.2.3. გ------- მ-----–-–---–ის ბარათის მეშვეობით მისი კუთვნილი პენსია 3 120 ლარის ოდენობით მიიღო ტ---- მ-----–-–---–მა. აღნიშნული თანხიდან 1 140 ლარი და 96 თეთრი ბანკის მიერ იქნა დაბრუნებული სახელმწიფო ბიუჯეტში.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გადახდის ქვითარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ, შესაბამისი საფუძვლის გარეშე, მიიღო გარდაცვლილი გ------- მ-----–-–---–ის პენსია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანებით) მე-10 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორც აღინიშნა, გარდაცვლილი გ------- მ-----–-–---–ის ბარათის მეშვეობით მისი კუთვნილი პენსია 3 120 ლარის ოდენობით მიიღო ტ---- მ-----–-–---–მა.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, მიეღო გარდაცვლილი პირის სახელზე გაცემული პენსია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 3 120 ლარი. აღნიშნული თანხიდან 1 140 ლარი და 96 თეთრი ბანკის მიერ იქნა დაბრუნებული სახელმწიფო ბიუჯეტში; შესაბამისად, 1 979,04 ლარი ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის უკანონო ქმედებამ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილების სარჩელი ტ---- მ-----–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
1.1. ტ---- მ-----–-–---–ს დაეკისროს არასწორად მიღებული პენსიის - 1 979 (ერთიათას ცხრაასსამოცდაცხრამეტი) ლარის და 04 თეთრის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი