განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002888381
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/115-19 4 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031040319002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, სალომე ჯელიაშვილი,ვერიკო ნინიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მადონა ურუშაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გურამ საათაშვილი
ბრალდებული: თ-------- ნ---–--–---–ი
მამის სახელი: ვ-------
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი:3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–---------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ-------- ნ---–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდგეში:
2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტამდე დროის შუალედში, როდესაც გ---–ა ფ-----ი იმყოფებოდა ქ.მარნეულში, 26 მაისის სახელობის ქუჩაზე, N 56 კორპუსში მდებარე მე-5 ბინაში, თ-------- ნ---–--–---–ი, ეჭვიანობის გამო, სატელეფონო ზარების და მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, სისტემატური გინების და შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავისი ყოფილი მეუღლის - გ---–ა ფ-----ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
1.2. თ-------- ნ---–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდგეში:
2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, როდესაც გ---–ა ფ-----ი იმყოფებოდა ქ. მარნეულში, 26 მაისის სხელობის ქუჩაზე, N56 კორპუსში მდებარე მე-5 ბინაში თ-------- ნ---–--–---–ი, ეჭვიანობის გამო, სიტყვიერი მუქარით ,,მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაეუმუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - გ---–ა ფ-----ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. თ-------- ნ---–--–---–ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, არ განუხორციელებია.
2.2. თ-------- ნ---–--–---–ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არ განუხორციელებია.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ-------- ნ---–--–---–ი არის გ---–ა ფ-----ის ყოფილი მეუღლე და ისინი ითვლებიან ოჯახის წევრებად.
დაზარალებულმა გ---–ა ფ-----მა (ბრალდებულის ყოფილი მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე დაიკითა მოწმე ლალი ნ--------ი. მან სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული თ-------- ნ---–--–---–ი და მისი შვილიშვილი გ---–ა ფ-----ი იყვნენ დაქორწინებული და ცხოვრობდნენ მცხეთაში. მათ ჰყავთ საერთო შვილი. ბოლო პერიოდში კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ლალი ნ--------ის განცახდებით, მისი შვილიშვილი გ---–ა ფ-----ი და თ-------- ნ---–--–---–ი ეჭვიანობის გამო ხშირად ჩხუბობდნენ. თუმცა გ---–ას თხოვნით, მათ საქმეში არ ერეოდა. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის გ---–ა ფ-----ს არ უთქვამს, რომ თ-------- ნ---–--–---–ი ემუქრებოდა. ლალი ნ--------მა განმარტა, რომ თ-------- ნ---–--–---–თან ჰქონდა კარგი ურთირთობა და შიში, რომ რაიმე ცუდი მოხდებოდა არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ხ------- ბ--------ე. მან თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ დაეწერა გ---–ა ფ-----ის შეტყობინება, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გამოკითხა გ---–ა ფ-----ი, რომელიც იყო აღელვებული, ეშინოდა და საფრთხეს აღიქვავდა რეალურად. მას საგამოძიებო ორგანოსათვის ადრეც მიუმართავს, რაზეც იქნა გამოძიება დაწყებული და შემაკავებელი ორდერი გამოწერილი. აღნიშნული შემეკავებელი ორდერი თ-------- ნ---–--–---–მა დაარღვია. მის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საქმეზე ფსიქიატიული ექსპერტიზა არ დაუნიშნავს.
მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი რ---–---- ბ---–----ე. მან სასამართლოს მოახსენა, რომ მცხეთაში თავის საცხოვრებელ სახლში დააკავა თ-------- ნ---–--–---–ი. მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და განმარტა, რომ არის უდანაშაულო. რ---–---- ბ---–----ის მიერ გამოიკითხა ლალი ნ--------ი. გამოკითხვისას ლალი ნ--------მა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არაფერი არ არის. რ---–---- ბ---–----ემ დაზარალებული ნახა პოლიციაში. იგი იყო აღელვებლი და შეშინებული. დაზარალებულმა მოწმესთან საუბრისას განმარტა, რომ ბრალდებული ემუქრებოდა სიცოხლის მოსპობით.
მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული თ-------- ნ---–--–---–ი. მისი განმარტებით, 4 წელია იცნობს გ---–ა ფ-----ს, ხოლო 1 წელი და 6 თვეა ცხოვრობს მასთან ერთად, ერთ ოჯახად. თ-------- ნ---–--–---–ი არის სპორტცმენი და უწვეს ხშირად საზღვრგარეთ ყოფნა. გ---–ა ფ-----თან თანაცხოვრების დროს ცხოვრობდნენ მცხეთაშიც და მარნეულშიც. გ---–ა ფ-----ს სურდა, რომ მათი საერთო შვილი წაეყვანა საზღვრგარეთ, რაზეც თ--------, იმ მიზეზით რომ ისინი იქ, სულ არ დარჩენილიყვნენ, არ აძლევდა ნებართვას. თ-------- ნ---–--–---–მა განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის თაობაზე, მისთვის ცნობილი არ იყო. როდესაც დააკავეს, გ---–ას მისცა მინდობილობა. იგი ფინანსურად ეხმარება გ---–ა ფ-----ს და ბავშვს, ხშირად არის საზღვარგარეთ და როდესაც ახერხებს ნახულობს შვილს.
სასამართლო სხდომაზე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები: შეტყობინება, 2019 წლის 25 მარტის დაკავების ოქმი, 2018 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება, შემაკავებელი ორდერის ოქმი N008030 და საქმეში არებული სახვა მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ-------- ნ---–--–---–ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს თ-------- ნ---–--–---–ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა თ-------- ნ---–--–---–ის მხრიდან დაზარალებულ გ---–ა ფ-----ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტამდე დროის შუალედში, როდესაც გ---–ა ფ-----ი იმყოფებოდა ქ.მარნეულში, 26 მაისის სახელობის ქუჩაზე, N 56 კორპუსში მდებარე მე-5 ბინაში, თ-------- ნ---–--–---–ს ეჭვიანობის გამო, სატელეფონო ზარების და მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, ფსიქოლოგიურად არ უძალადია თავისი ყოფილი მეუღლის - გ---–ა ფ-----ის მიმართ.
3.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თ-------- ნ---–--–---–ს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში.
დაზარალებულმა გ---–ა ფ-----მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო მისი პოზიციის დაფიქსირების გარეშე შეუძლებელია მტკიცება იმისა, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა დაზარალებულმა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია რომ საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც თ-------- ნ---–--–---–ის მხრიდან, გ---–ა ფ-----ის მიმართ დაადასტურებდა მუქარის განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 4 მარტს დაახლოებით 20:00 საათზე, როდესაც გ---–ა ფ-----ი იმყოფერბოდა ქ. მარნეულში, 26 მაისის სხელობის ქუჩაძე, N56 კორპუსში მდებარე მე-5 ბინაში თ-------- ნ---–--–---–ი გ---–ა ფ-----ს სიტყვიერი მუქარით ,,მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია თ-------- ნ---–--–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ თ-------- ნ---–--–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ-------- ნ---–--–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის გ---–ა ფ-----ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. ასევე თ-------- ნ---–--–---–ის მიერ გ---–ა ფ-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რომელიც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ---–ა ფ-----მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდის ფაქტი. ასევე ვერ დადგინდა აღიქვა თუ არა რეალურად მან მუქრა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ თ-------- ნ---–--–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, თ-------- ნ---–--–---–ი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული თ-------- ნ---–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდებული თ-------- ნ---–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
თ-------- ნ---–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
თ-------- ნ---–--–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე