გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.11.2019
საქმის ნომერი
330310019002995963
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002995963

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

 

მოპასუხე - ა-–-----------------–----

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა-–-----------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 17 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც შეადგენს -2017 წლისთვის ჯამში -2967 ლარს, 2018 წლისთვის - 3048 ლარს, ხოლო 2019 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 254 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე ქ-------–------------------ N4-ის მიმდებარედ (ს/კ 0---------------) 2017 წლის 17 იანვრიდან წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილით, კერძოდ, შენობა N8-ის 60,77 კვ.მ. ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს ა-–-----------------–----.

 

სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნის მიხედვით, შენობა N8-ის 60,77 კვ.მ. ფართის ყოველთვიური საიჯარო საბაზრო ღირებულება 2017 წლის დეკემბრიდან შეადგენს 258 ლარს, ხოლო 2018 წლიდან 254 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს ა-–-----------------–---ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზეომიერად სარგებლობის გამო, ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველთვიურად 2017 წლისთვის დაეკისროს -2967 ლარის, 2018 წლისთვის - 4048 ლარის, ხოლო 2019 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსულებამდე ყოველთვიურად 254 ლარის გადახდა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ა-–-----------------–---ს შესაგებლი არ წარმოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილი იქნა სს „დ---------------“-სთან დადებული 2019 წლის 04 იანვრის იჯარის ხელშეკრულება და განმარტა, რომ 50 კვ.მ. ფართს ფლობს 2019 წლის იანვრიდან, სადაც რკინის საამქო აქვს მოწყობილი. მანამდე ამ ფართს, მხოლოდ ნივთების შესანახად იყენებდა, რომლებიც ბავშვთა სამყაროს დაწვის შემდეგ ჰქონდა მის შვილებს შენახული. ხელშეკრულების გაფორმებისას უთხრეს, რომ ეს ფართი სს „დ---------------“-ს ეკუთვნოდა, რომ სცოდნოდა მათი არ იყო, არ გააფორმებდა ხელშეკრულებას. თუ სახელმწიფო დათანხმდება და ხელშეკრულებას გაუფორმებს, ბიუჯეტში გადაიხდის თანხას.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------ N4-ის მიმდებარედ საკადასტრო კოდი №0--------------- დაზუსტებული ფართობი 4904 კვ.მ, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1-N10.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16).

 

3.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდებარე 08/1 შენობის ნაწილით სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ა-–-----------------–---- (პ/ნ- 0----------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 28).

 

3.3. ა-–-----------------–---ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის N7/34263 და 2018 წლის 16 ივლისის N7/40029 წერილებით, გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის N7/34263 და 2018 წლის 16 ივლისის N7/40029 წერილები (ს.ფ. 32-33).

 

3.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივლისის №0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ-------–--–------------------- მიმდებარედ არსებული №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N8-დან დამკვეთის მიერ შესაფასებლად წარდგენილი 60,77 კვ.მ ფართის მთლიანი ყოველთვიული საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 17 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენს - 258 ლარს, 2018 წლის იანვრიდან - 254 ლარს.;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივლისის №0-------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 18-26)

 

3.5. ა-–-----------------–---სა და სს „დ---------------“-ს შორის 2019 წლის 04 იანვარს დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „დ---------------“-მ ა-–-----------------–---ს იჯარით გადასცა არასცხოვრებელი ფართი 50 კვ.მ., ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო საიჯარო გადასახადი განისაზღვრა 150 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 04 იანვრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 126)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.

 

6.3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილზე დათვალიერების ოქმით, ა-–-----------------–----ს ახსნა-განმარტებისა და 2019 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებული სს „დ---------------“-ს და ა-–-----------------–--- შორის, ცალსახად დგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ ქ-------–--–------------------- მიმდებარედ არსებული №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N8-ის ნაწილით, 50 კვ.მ. ფართით, მოპასუხე არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს 2019 წლის 04 იანვრიდან. სხვა მტკიცებულება კი რომელიც 2017 წლის 17 იანვრიდან 2019 წლის 04 იავრამდე პერიოდში, არამართლზომიერ ფლობასთან ერთად ა-–-----------------–----ს მიერ სამეწარმეო მიზნით ფართის გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა, რაც სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წამოადგენდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე არ დასტურდება, ა-–-----------------–----ს მიერ 60,77 კვ.მ ფართის ფლობის ფაქტიც, რადგან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივნისის ადგილზე დათვლიერების ოქმში მითითებული არ არის დაკავებული ფართის ოდენობა, სს „დ---------------“ -ს და ა-–-----------------–---ს შორის კი იჯარის ხელშეკრლება გოფრმებულია მხოლოდ 50 კვ.მ. ფართზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ა-–-----------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, 50 კვ.მ ფართის არამართლზომიერი ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო, 2019 წლის 04 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნდა დაეკისროს 208,98 ლარის გადახდა (254 ლარი (საიჯარო ღირებულება):60,77კვ.მ *50 კვ.მ =208,95 ლარი) დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, რადგან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე მხარეს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 225,69 ლარის ოდენობით (208,98 *3წელზე*3% (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 41.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი)).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ა-–-----------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო, 2019 წლის 04 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისროს 208,98 (ორას რვა ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ა-–-----------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 225,69 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი