განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4789-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ თ------------------–-ას,ადვოკატ ლ--–------------ის
ბრალდებულ მ-----------------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----------------–---–ის (პ/ნ 0----------) დაბადებულის 1----–-–---------–---, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, მუ---------------------------------------------------- მიმართ, საქართველოს სსკ 303-ე პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ-----------------–---–ს ბრალად ედება ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 აპრილს, დღის საათებში, თბილისში, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი ავალიშვილის პირველი ჩიხი, №7-ში, მ-----------------–---–მა უკანონოდ გაჩეხა 6 ძირი ტირიფი საერთო ღირებულებით 4736 ლარი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-----------–ის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებები (მოწმეების კო------------------ს, მ--------------–---–ის, ბ----------------ის, ნ---------------–-–---–ის, გ-----------------–---–ის, პ---–----------–---რის, თ------------------------ის, მ-----------–------ას, გ------------–--ას და ს------------–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მწვანე ნარგავების ადგილზე დათვალიერების აქტი და ყველა სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ მ-----------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედება.
ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ლანდშაპტურ-სარეკრეაციო ტერიტორიული დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა კ-----------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მის მოვალეობაში შედის ინსპექტირების ჩატარება უნებართვო მშენებლობების გამოსავლენად, ასევე მწვანე ნარგავების გაჩეხვა-დაზიანების ფაქტზე რეაგირება ქ. თბილისის მაშტაბით. ასევე მას უწევს ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე წერილობით შემოსულ განცხადებებზე რეაგირება. 2019 წლის 6 აპრილს იგი თავის თანამშრომელ კ-------------------ესთან ერთად იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შუადღით, ცხელ ხაზზე საპატრულო პოლიციიდან შემოვიდა შეტყობინება მწვანე ნარგავების გაჩეხვასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, ყოფილი რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთში. იგი კ-------------------ესთან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე რეაგირებისთვის, სადაც ადგილზე დახვდათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე ნაკვეთის მეპატრონე მ-----------------–---–ი. ნაკვეთში მოჭრილი იყო 6 ძირი, რომელიც იყო ორკაპი. გადაჭრილი იყო დაახლოებით 1,2 მეტრის სიმაღლეზე, მათ მიერ მოხდა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. კერძოდ, აზომეს მოჭრილი ხეების დიამეტრი, დაასურათეს და ადგილზე შეავსეს მწვანე ნარგავების ადგილზე დათვალიერების აქტი (საველე აქტი). მეპატრონემ ახსნა-განმარტების მოცემაზე განაცხადა უარი. საველე აქტი და სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, კერძოდ ზიანის განსაზღვრისთვის გადააგზავნეს ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურში, საიდანაც მიიღეს ზიანის ღირებულება, რომელიც შეადგენდა 4736 ლარს. იმის გამო, რომ აღნიშნული ზიანი აღემატებოდა 1000 ლარს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადააგზავნეს პოლიციის შესაბამის დანაყოფში, ვინაიდან იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკუთარ ნაკვეთში ხის მოჭრა იკრძალება, მხოლოდ ხილ-კენკროვანი ჯიშის ხეების მოჭრა არ საჭიროებს ნებართვას. მოცემულ შემთხვევაში მოჭრილი იყო ტირიფის ჯიშის ხეები, რომლის მოჭრაც კანონით იკრძალება.
ბრალდებულმა მ-----------------–---–მა ჩვენებაზე უარი განაცხადა, თუმცა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ მან საკუთარი ბაღის ტერიტორიაზე მოჭრა თავისი დარგული ხეები, რადგან ისინი სხვა ხეებს უშლიდნენ ხელს გაზრდაში. მას ასევე სურდა იმ ტერიტორიაზე ახალი ნერგები ჩაეყარა. ხეების მოჭრის შემდეგ მან იმ ადგილას 6 ძირი კაკალი დარგო. მცენარეები მას ძალიან უყვარს და ცხოვრებაში მრავალი ხე აქვს დარგული. ცდილობს ლამაზი ეზო ჰქონდეს. მას ვერ წარმოედგინა, რომ საკუთარ ეზოში, თავისივე დარგული ხეების მოჭრით რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურდა მ-----------------–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლომ ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება შეაფასა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ:
საქართველოს სსკ მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
საქართველოს სსკ 303-ე მუხლის ერთ-ერთი ალტერნატიული ქმედება გამოიხატება ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულ მუხლში არ არის მითითება იმის შესახებ, რომ ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა შეიძლება ჩადენილი იქნეს გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, ეს დანაშაული ბრალის ფორმის მიხედვით განზრახია.
სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, მ-----------------–---–მა ჩაიდინა თუ არა 6 ძირი ტირიფის გაჩეხვა განზრახ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით; ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას; ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მ-----------------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება განზრახვის არც ერთი ელემენტი - პირის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება, მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა/ასეთი შედეგის გარდაუვალობა, ან ასეთი შედეგის შეგნებულად დაშვება/მისი დადგომის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება. საქმე ეხება პირის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე თავისივე დარგული 6 ძირი ხის მოჭრას. დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია ხეების მოჭრის ფაქტი, თუმცა ბრალდებულმა თავის საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამით რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნამდვილად დასტურდება, რომ 2019 წლის 7 აპრილს, დღის საათებში, თბილისში, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი ავალიშვილის პირველი ჩიხი, №7-ში, მ-----------------–---–მა თავის კუთვნილ ნაკვეთში გაჩეხა 6 ძირი ტირიფი საერთო ღირებულებით 4736 ლარი, თუმცა იმავე მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მ-----------------–---–მა ეს ქმედება ჩაიდინა პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------------–---–მა ხსენებული ქმედება ჩაიდინა დაუდევრობით, ვინაიდან მას არ ჰქონდა გაცნობიერებული წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
ვინაიდან საქართველოს სსკ 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ განზრახ, ხოლო მ-----------------–---–მა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა გაუფრთხილებლობით (დაუდევრობით), იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, რადგან გაუფრთხილებლობით ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მ-----------------–---–ის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მ-----------------–---–მა მის მიერ ბრალადშერაცხული ქმედება ჩაიდინა განზრახ.
ასევე, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ვარაუდი არსებობდეს, რომ მ-----------------–---–მა განზრახ ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედება.
ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ მ-----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში - უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები:
თბილისის მერიიდან გადმოგზავნილი ფოტოსურათები დაულუქავი 1 პაკეტი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი