გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210019002943517
N2/1082-2019წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი -სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე- მა--------------ძე
წარმომადგენელი - ლე---------ძე
მოპასუხე- სს ,,სა---------–--------ი”
წარმომადგენელი - და-------------ძე
დავის საგანი-თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სს „სა---------–--------ს“ დაეკისროს, მა--------------ძის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება, 20 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიცია:
2016 წლის 20 აპრილს, სს „სა---------–--------სა“ და მა--------------ძის მამკვიდრებელს თე--------------ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N4045896-ა. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 25 აპრილს, მხარეებს შორის, გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №4045896-ა _ 4045896, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 28 000 აშშ დოლარი, 57 თვის ვადით. 2016 წლის 7 სექტემბერს, მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშკრულება N4045896-ა-4631364, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 12 877 აშშ დოლარი, 52 თვის ვადით. ორივე ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა იკისრა მსესხებლის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულება, რის გამოც მსესხებელი ყოველი თვის შენატანთან ერთად იხდიდა დაზღვევის მართვის საკომისიოს 8 აშშ დოლარს. მსესხებელი თე--------------ძე გარდაიცვალა 2018 წლის 6 ნოემბერს, რის შემდეგადაც სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა, მხოლოდ, 2016 წლის 7 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი დავალიანება, რაც შეეხება 2016 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ის კვლავ ირიცხება გარდაცვლილზე, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული იყო ასეთი შემთხვევისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი გამსესხებელს ყოველთვიურად უხდიდა დაზღვევის ორი პაკეტის საფასურს და სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა მხოლოდ 2016 წლის 7 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება, მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხეს სს „სა---------–--------ს“ დაეკისროს სადაზღვევო თანხის აუნაზღაურებლობით გამოწვეული ზიანი, 20 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე სესხის ხელშკრულება იყო დაზღვეული სს ,,სა-------------------------–----ში", 2018 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულებით. სადაზღვევო კომპანიამ განიხილა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი და აანაზღაურა ორივე სესხი, ავტომატური დაზღვევის ლიმიტის ფარგლებში, რაც შეადგენდა 20 000 ლარს. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სს „სა---------–--------ის“ მიერ არ დარღვეულა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, დაუსაბუთებლობის და უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 20 აპრილს სს „სა---------–--------სა“ და თე--------------ძეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N4045896-ა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N4045896-02 და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება N4045896-01. 2016 წლის 25 აპრილს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №4045896-ა _ 4045896, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 28 000 აშშ დოლარი, 57 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N4045896-ა;
-იპოთეკის ხელშეკრულება N4045896-02;
-სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება N4045896-01;
-საკრედიტო ხელშეკრულება №4045896-ა _ 4045896;
3.1.2. სს „სა---------–--------სა“ და თე--------------ძეს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 7 სექტემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №4045896-ა _ 4631364, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 12 877 აშშ დოლარი, 52 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N4045896-ა;
-საკრედიტო ხელშეკრულება №4045896-ა _ 4631364.
3.1.3. მსესხებელი თე--------------ძე გარდაიცვალა 2018 წლის 20 ნოემბერს. 2018 წლის 4 დეკემბერს ნოტარიუსს მარიამ კვარაცხელიას მიერ გაცემული იქნა მოწმობა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ, რომლითაც თე--------------ძის პირველი რიგის მემკვიდრემ მა--------------ძემ მიიღო თე--------------ძის (შემდგომში მამკვიდრებელი) სამკვიდრო, შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-მოწმობა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული დავის საგანს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება რაც, მისი პოზიციით, გამოიხატა იმაში, რომ ორი საკრედიტო ხელშეკრულებიდან დააზღვია მხოლოდ ერთი. ამდენად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა სადაზღვევო შემთხვევა მხოლოდ ერთი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო მეორე საკრედიტო ხელშეკრულება დარჩა ანაზღაურების გარეშე. ამის გამო, მოსარჩელემ, როგორც მსესხებლის მემკვიდრემ, განიცადა ზიანი, აუნაზღაურებელი სადაზღვევო ლიმიტის თანხის 20 000 ლარის ოდენობით.
მოპასუხე არ ეთანხმება ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ორივე საკრედიტო ხელშეკრულება დაზღვეული იყო ერთი სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში. კრედიტორს არ დაურღვევია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაზღვევის ვალდებულება. სახეზე არაა ზიანის გამომწვევი ფაქტობრივი საფუძვლები, შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.2. 2016 წლის 25 აპრილს და 2016 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევა. მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა ორივე სესხისათვის დაზღვევის მართვის საკომისიოს, ყოველთვიურად, 8 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებების თანახმად, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კლიენტის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევა. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. კლიენტის მიერ დასაცავი დაზღვევის პირობები მოცემულია ბანკის ვებ.გვერდზე www. Ba----------a.ge.
დადგენილია, რომ ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების N1 თანახმად, დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა ბანკის საკრედიტო პორტფელი, სამომხმარებლო და განვადების კრედიტების დავალიანება, რომლებიც გაიცა 2018 წლის 10 ოქტომბრამდე.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თე--------------ძესთან გაფორმებული ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის ფინანსური ინტერესი დაზღვეული იყო სს „სა-------------------------–----ში“, სს „სა---------–--------სა“ და სს „სა-------------------------–----ს“ შორის, 2018 წლის 10 ოქტომბერს, გაფორმებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ავტომატური დაზღვევის ფარგლებში.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს „სა---------–--------ს“ საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაზღვევის ვალდებულება არ დაურღვევია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკრედიტო ხელშეკრულებით №4045896-ა _ 4045896 ;
-საკრედიტო ხელშეკრულება №4045896-ა _ 4631364;
-ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობები N1
3.2.3. დადგენილია, რომ სს "სა-------------------------–----მა“ აანაზღაურა ავტომატური ლიმიტის ფარგლებში 20 000 ლარი. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვინაიდან, გარდაცვალების მომენტში (გარდაცვალების თარიღი: 06.11.2018წ) 2016 წლის 7 სექტემბერს და 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული სამომხმარებლო სესხების ხელშეკრულებების საფუძველზე, თე--------------ძის მიერ აღებული სესხების დარჩენილი დავალიანება აღემატებოდა სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალურ ოდენობას (თითოეული მსესხებლისათვის და არა სესხისათვის)- 20 000 ლარს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ანაზღაუებას დაექვემდებარა ორივე სესხი, ავტომატური დაზღვევის ლიმიტის ფარგლებში, 20 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკრედიტო ხელშეკრულებით №4045896-ა _ 4045896 ;
-საკრედიტო ხელშეკრულება №4045896-ა _ 4631364;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-სს „სა-------------------------–----ის“ მიმართვა 13.02.2019წ;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილად მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
-საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. მოცემული დავის არსია, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ზიანის ანაზღაურება. დავის გადაწყვეტა მხარეთა სახელშეკრულებო უფლება-ვალდებულებების სწორად განსაზღვრასა და ზიანის განმაპირობებელი გარემოებების დადგენაში მდგომარეობს.
სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ნორმის კომენტირებისას უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ან პირების (კრედიტორი/ები) უფლებას ხელშეკრულებიდან ან კანონიდან გამომდინარე ვალდებულების ძალით, მეორე პირისგან ან პირებისგან (მოვალე/ები) მოითხოვოს გარკვეული ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა – მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმიდან/ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს (სუსგ. №ას-725-2019 წ,10 დეკემბერი, 2019 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. 408-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ზიანის ანაზღაურების განმაპირობებელი გარემოებები, უნდა დადგინდეს კონკრეტული ვალდებულების, ანუ მატერიალურ სამართლებრივი ნორმით დაცული სიკეთის არსებობა, ქონებრივი ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული იყო ორი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლებიც ითვალისწინებდა კრედიტორის ვალდებულებას მსესხებლის საკრედიტო ვალდებულების დაზღვევაზე, სიცოცხლის ან/და უბედური შეთხვევისათვის. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაზღვევის ვალდებულება, რაც იმაში გამოიხატა, რომ დააზღვია მხოლოდ 2016 წლის 7 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება არ დააზღვია, იმის მიუხედავად, რომ ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა დაზღვევის ვალდებულებას და მამკვიდრებელი ორივე ხელშეკრულებით თანაბრად იხდიდა დაზღვევის მართვის საკომისიოს. მოსარჩელის აზრით, ამ მიზეზით, სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა მხოლოდ ერთი სადაზღვევო პაკეტი, ხოლო მეორის ანაზღაურებაზე მართლზომიერად განაცხადა უარი. მოსარჩელის აზრით, ზიანის განმაპირობებელი გარემოება არის მოპასუხის უმოქმედობა, რომლის გამო მემკვიდრეს მიადგა ზიანი, აუნაზღაურებელი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში, 20 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად დაზღვევა არის ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას; დამზღვევი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან; დაზღვეული – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამოქალაქო კოდექსის 820-821-ე მუხლებით ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით, ხოლო მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. ამავე კოდექსის მე-800-ე მუხლით პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას, ვალდებულია დადოს ეს ხელშეკრულება, თუკი უარის თქმისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი. 844-ე მუხლით სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს., ხოლო 854-ე მუხლით უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც დამზღვევის, ისე სხვა პირის უბედური შემთხვევისათვის.
ნორმათა სამართლებრივი ანალიზით ცხადია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული იყო არა სადაზღვევო კომპანიისაკენ, როგორც სადაზღვევო ანაზღაურებაზე ვალდებული პირისაკენ, არამედ კრედიტორისაკენ, როგორც ზიანის გამომწვევი ქმედების (მოცემულ შემთხვევაში, უმოქმედობა-დაზღვევის ხელშეკრულების დაუდებლობა) სუბიექტისაკენ.
6.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 აპრილს და 2016 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევა და მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა ორივე სესხისათვის დაზღვევის მართვის საკომისიოს ყოველთვიურად 8 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, დამზღვევს სს „სა---------–--------სა“ და მზღვეველს სს „სა-------------------------–----ს“ შორის, გაფორმდა საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულება (მსესხებლის გარდაცვალების რისკზე), რომლის საფუძველზე დაზღვეული იქნა მოპასუხის ფინანსური ინტერესი, 2018 წლის 10 ოქტომბრამდე გაფორმებული ყველა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მსესხებლის ასაკისა და სამომხმარებლო ან განვადების კრედიტის შესაბამისად, განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობის 20000 ლარის ფარგლებში. დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსი განთავსებული იყო მოპასუხის ვებ.გვერდზე. აღნიშნულზე მითითებას შეიცავდა ორივე საკრედიტო ხელშეკრულება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მსესხებელმა არ იცოდა და არც შეეძლო ცოდნოდა დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსი, ვინაიდან, ის არ წარმოადგენდა საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილს, არამედ განთავსებული იყო ელექტრონულ მატარებელზე. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ერთ შემთხვევაში, სადავოდ ხდიდა საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულების ელექტრონულ მატარებელზე-ბანკის ვებ.გვერდზე განთავსების სახელშეკრულებო დათქმას, მეორეს მხრივ - სადავო მუხლის საფუძველზე მიღებული ანაზღაურება მართლზომიერად მიაჩნდა. სასამართლო თვლის, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ეს დათქმა (მითითება ხელშეკრულების დრაფტის ელექტრონულ ვებ.გვერდზე განთავსების შესახებ) შეესაბამება სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპს (სკ-ის მ. 319.1) და ჯდება სამართალურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერების სტანდარტში (სკ-ის მ. 8).
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავდა მსესხებლის მთლიან საკრედიტო პორტფელს. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა არა საკრედიტო ხელშეკრულებები, არამედ საკრედიტო დავალიანება.
6.4. დადგენილია, რომ დაზღვეულმა, 2018 წლის 27 ნოემბერს, ელექტრონული შეტყობინების ფორმით მიმართა დამზღვევს და მოითხოვა ავტომატური დაზღვევის ფარგლებში, გარდაცვლილ თე--------------ძესთან 2016 წლის 7 სექტემბერს და 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება, სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად. ასევე, დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ სს სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ აანაზღაურა ავტომატური ლიმიტის ფარგლებში 20 000 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს არ დაურღვევია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება და აქედან გამომდინარე ზიანი. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა ;
1. მა--------------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე