განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3816-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნ----------–-
დაცვის მხარე
დამცველი - ვ-–-------------–---–-
ბრალდებული - ვ-–-----------------------------–---–-- დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ-----------–---–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჩ-----------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2 ეპიზოდი);
- საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა, დიდი ოდენობით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 08 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისი, ჩ-----------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ-–---------------–---–მა მის ხელთ არსებული ხელჯოხი განზრახ ძლიერად დაარტყა თავში მასთან სტუმრად მყოფ მ------------------ეს. აღნიშნულის შედეგად, ვ-–---------------–---–მა მ------------------ეს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები თხემ-კეფის მიდამოში მარჯვნივ, ასევე ქვედა ტუჩის არეში, რასაც ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, თუმცა გამოიწვია მ------------------ის ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 02 ივლისს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ჩ--------------ში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ვ-–---------------–---–მა, მასთან სტუმრად მყოფ მ------------------ეს ურთიერთშელაპარაკებისას განზრახ ჩაარტყა თავის არეში სკამი და სცემა მუშტებით. ვ-–---------------–---–ის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია მ------------------ის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ასევე, ვ-–---------------–---–მა თავისი დროებითი საცხოვრებელი სახლის, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ----------------, ეზოში უკანონოდ მოიყვანა სამი ძირი ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი, საერთო წონით - 433,68 გრამი, რაც ზემოთ მითითებულ ადგილზე აღმოჩენილი იქნა 2019 წლის 02 ივლისს, საპატრულო პოლიციის მუშაკების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვ-–---------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - მ------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ჩ-----------------ში, ხოლო მის მეზობლად ცხოვრობს ვ-–---------------–---–ი, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2019 წლის 07 მარტს, შუადღის საათებში, მივიდა ვ-–---------------–---–თან, მიუტანა პროდუქტები და ლუდი, რომელსაც სვამდნენ გვიანობამდე. ორივე დათვრნენ და როდესაც წასვლა დააპირა ვ-–---------------–---–მა მიაცილა კარებამდე. გარეთ მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. კერძოდ, ვ-–---------------–---–მა სრულიად უმიზეზოდ შეაგინა, რაც არ ესიამოვნა და და უთხარა, რომ მისთვის მსგავსი რამ აღარ ეთქვა. ამაზე ბრალდებული კიდევ უფრო გაღიზიანდა და რამდენჯერმე შეაგინა, ხოლო შემდეგ თავში ჩაარტყა თავისივე ხელჯოხი, რომელსაც მუდმივად ატარებს და აღნიშნული კონფლიქტის დროსაც თან ჰქონდა. დარტყმის შედეგად გონება არ დაუკარგავს, თუმცა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თავზე მიიღო დაზიანებები და წამოუვიდა სისხლი. ვ-–---------------–---–მა დაარტყა მხოლოდ ერთხელ, რის შემდეგაც მყისიერად მისი მობილური ტელეფონით გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელიც მალევე მივიდა, მაგრამ პოლიციის მოსვლისას ბრალდებული იქ აღარ იმყოფებოდა, რადგან გაიქცა, არ იცის სად წავიდა. პოლიციის თანამშრომლებს მოუყევა შემთხვევის შესახებ, ხოლო შემდეგ გამომძიებელსაც მისცა განმარტება და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გამომძიებელს მიუთითა თუ სად მდებარეობდა ვ-–---------------–---–ის საცხოვრებელი სახლი და კონკერტულად ის ადგილი, სადაც ვ-–---------------–---–მა მიაყენა ფიზიკურ შეურაცხყოფა და ჩაარტყა თავში. 2019 წლის 02 ივლისს, ღამის საათებში, ვ-–---------------–---–თან კვლავ მივიდა სტუმრად და საკვები პროდუქტები და ღვინო მიიტანა. სუფრა გაშალეს, ისადილეს და ალკოჰოლური სასმელი დალიეს. შემდეგ, ვ-–---------------–---–ი კომპიუტერთან დაჯდა და თამაშობდა, ხოლო თავად იქვე ოთახში იჯდა. მოულოდნელად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ბრალდებული ადგა, სამზარეულოს სკამი, რომელიც არის ღია ფერის ხის ზედაპირიანი, რკინის ფეხებით და საზურგით, აიღო და თავში ჩაარტყა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და წამოუვიდა სისხლი. კითხვაზე თუ რატომ დაარტყა და ბრალდებულს დამშვიდებისკენ მოუწოდა, გ-----–---–მა კვლავ ჩაარტყა სკამი მარცხენა წარბის არეში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი წვა და ტკივილი. მან მოგერიების მიზნით ვ-–---------------–---–ი დაკაწრა და მოახერხა მისგან თავის დაღწევა, მაგრამ გ-----–---–მა თავი არ დაანება, შეჰყვა საძინებლ ოთახში და მუშტებით სცემა. როდესაც ბრალდებულმა თავი დაანება და გარეთ გავიდა, ისარგებლა შემთხვევით და დასახმარებლად პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მოუყვა თუ რა მოხდა, რომლებმაც საგამოძიებო ჯგუფი გამოიძახეს. დაზარალებულის განმარტებითვე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გაუწიეს პირველადი დახმარება, დაუმუშავეს მარცხენა წარბის არე, თუმცა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მან გამომძიებელს აჩვენა ის სკამი, რომელიც ვ-–---------------–---–მა ჩაარტყა თავში და გამომძიებელმა მისი და ბინის მეპატრონე ქალბატონის თადასწრებით მოახდინა აღნიშნული სკამის ამოღება. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ეზოში ნახეს „მარიხუანა,“ რაზეც ვ-–---------------–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნული „მარიხუანა“ იყო მისი დარგული და ეკუთვნოდა მას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–------------ ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ი--------------- პოლიციის განყოფილებაში. შემთხვევის დღეს მეწყვილესთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ძალადობის ფაქტზე. გაემართნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადგილზე მისვლამდე გზად შეხვდათ მ------------------ე, რომელმაც განუმარტა, რომ მისმა მეგობარმა - ვ-–---------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს ვიზუალური დათვალიერებითაც აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ჰქონდა სისხლის წვეთები. შესაბამისად, მ. დ-------ეს შესთავაზეს სამედიცინო დახმარების გაწევა, რაზეც მან უარი განაცხადა. იმის გამო, რომ ვ-–---------------–---–ი არ იმყოფებოდა ადგილზე, რადგან დაზარალებულის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, შეტყობინება გადასცეს კრიმინალურ პოლიციას, ხოლო დაზარალებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ---------–-----–-ს და დ--------------–---–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ იმყოფებოდნენ ი--------------- რაიონში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-დან შევიდა შეტყობინება ძალადობის ფაქტზე. გამოცხადდნენ ქ. თბილისში, ჩ-----–-----------, სადაც დახვდათ ბინის მეპატრონე, მ------------------ე და ვ-–---------------–---–ი. მ------------------ემ მიუთითა ვ-–---------------–---–ზე და განმარტა, რომ სწორედ მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სკამი ჩაარტყა თავის არეში. მ------------------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები თავის არეში და სისხლი ჰქონდა წარბთან. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დავით ამაშუკელმა ვ-–---------------–---–ი ჩაიყვანა ეზოში, რა დროსაც აღმოაჩინა სამი ძირი „მარიხუანას“ ნერგი. კითხვაზე თუ ვის ეკუთვნოდა „მარიხუანა,“ ვ-–---------------–---–მა უპასუხა, რომ მან დარგო, უვლიდა და უნდოდა პირადი მოხმარების მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური და მოხდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ამოღება.
მოწმე კ----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------------–--–-------------–-- თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს იყო მორიგე ჯგუფში, რა დროსაც შევიდა შეტყობინება ძალადობასთან დაკავშირებით. მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული და ბრალდებული, რომლებსაც სახის არეში აღენიშნებოდათ დაზიანებები. მის მიერ სახლის მეპატრონის, თარჯიმნის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა სამი ძირი ნედლი „მარიხუანა,“ რაზეც დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა, გამოკითხა დაზარალებული, დანიშნა სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზები, ექსპერტიზაზე წარადგინა დაზარალებულის ნერწყვის ნიმუში. ასევე, მის მიერ დაკავებული იქნა ვ-–---------------–---–ი ბრალდებულის სახით, ხოლო მ------------------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.
მოწმე გ--–----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-–---------------–---–ს ნაქირავები ჰქონდა მისგან ბინა, რომელიც მდებარეობდა მეორე სართულზე. მ------------------ე ხშირად მიდიოდა მასთან სტუმრად. 2019 წლის 02 ივლისს დილით დაინახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ხოლო შემდეგ დაზარალებული გამოვიდა სახლიდან, რომელსაც წარბი ჰქონდა დაზიანებული. ვ-–---------------–---–მა სთხოვა ნებართვა, რომ ეზოში დაერგო პომიდორი და კარტოფილი, რაზეც დათანხმდა. ბრალდებულმა დარგო პომიდორი და კარტოფილი, რომლებსაც უვლიდა და წყალს უსხამდა. თუმცა მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ბრალდებულს იქ დარგული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანაც.“ მოწმის განმარტებითვე, ვ-–---------------–---–ის გარდა იმ ადგილთან სხვას არავის ჰქონია შეხება და გამომძიებლის მიერ მისი მონაწილეობით და თანხმობით ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და სკამი.
მოწმე დ-------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და ვ-–---------------–---–ი გამოკითხა ბრალდებულის სახით.
მოწმე კ--------------–------ ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- მ--------------–---ში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 8 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში მიიყვანეს მ------------------ე, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები და სდიოდა სისხლი. დაზარალებულის განმარტებით, ვ-–---------------–---–მა ჩაარტყა მისთვის უცნობი საგანი, რის საფუძველზეც მიიღო დაზიანება. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთა მიერ გაეწია სამედიცინო დახმარება. მ------------------ის განმარტებით, შემთხვევის ადგილის ზუსტი მისამართი არ ახსოვდა, მაგრამ შეეძლო ეჩვენებინა, რის გამოც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულმა მიუთითა ბრალდებულის საცხოვრებელი მისამართი. აღნიშნულის შემდეგ, ბინის მეპატრონის მონაწილოებით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ვინაიდან დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები თავის არეში და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
2019 წლის 02 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, ჩ----------------, რა დროსაც ამოღებული იქნა მცენარეული ნარგავები, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა,“ რომელიც დაილუქა 3 პაკეტად.
2019 წლის 03 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის N------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: მომწვანო მცენარის 1 (ერთი) ძირი, წონით (ფესვის გარეშე) 149,57 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება – მცენარე კანაფს (ობ. N1). მომწვანო მცენარის 1 (ერთი) ძირი, წონით (ფესვის გარეშე)—267,49გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება – მცენარე კანაფს (ობ. N2). მომწვანო მცენარის 1 (ერთი) ძირი, წონით (ფესვის გარეშე)—16,62 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება – მცენარე კანაფს (ობ. N3). ობიექტები N1-3 საერთო წონით-433,68გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება – მცენარე კანაფს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ------–---–-------.
2019 წლის 07 ივლისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ჩ--------------------ში გ--–-----------------გან ამოღებული იქნა სკამი, რომლითაც ვ-–---------------–---–მა მ------------------ეს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. სკამი ამოღებული იქნა მ------------------ის მითითებით, რომელიც არის ვერცხლისფერი, რკინის კონსტრუქციის დასაჯდომი ხის საზურგით.
2019 წლის 08 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მოხდა დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება.
2019 წლის 12 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----დან, მ------------------ეს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 08.03.19 წ, 02:10 საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერში აღწერილია კეფის არეში მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა. 11.03.2019 წ. მოქ. მ------------------ეს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები თხემ-კეფის მიდამოში მარჯვნივ და ქვედა ტუჩის წითელ ყაეთანზე ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–--.
2019 წლის 13 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის შესაბამისად, „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი N----დან, მ------------------ეს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 02.07.19წ, 12:34 საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერში აღწერილია მარცხენა წარბის გარეთა კიდესთან მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა. 02.07.2019 წ. მოქ. მ------------------ეს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით. შემოწმების მომენტში უჩივის ტკივილს თავის მიდამოში. ობიექტურად: მარცხენა წარბის გარეთა კიდესთან აღინიშნება დასწვრივი, ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით 0,5x0,3 სმ, ჭრილობის სანათურში აღინიშნება ღია მოწითალო ფერის შემხმარი სისხლი. მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე, შუა მესამედში, აღენიშნება მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,0x0,5 სმ; მარცხენა წინამხრის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,0x3,5 სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება: მარჯენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე ზომით 2,0x1,8 სმ; მარჯვენა მხრის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე აღენიშნება კანის დონიდან დაბლა მდებარე მოწითალო ფერის სველზედაპირიანი ნაჭდევი ზომით 1,0x2,0 სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–--.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ვ-–---------------–---–მა თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა შემდეგი: 2019 წლის 7-8 მარტს სახლში საერთოდ არ ყოფილა და შესაბამისად არ უნახავს დაზარალებული. რაც შეეხება 2019 წლის 2 ივლისს, დაზარალებული მივიდა მასთან ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც მისი თხოვნით დაუჯდა გვერდით. ცოტახანში თვალთან იგრძნო ტკივილი, რის გამოც გაიქნია ხელი, რომელიც მოხვდა მ------------------ეს, რომელიც სკამთან ერთად დავარდა ძირს. სავარაუდოდ დაზარალებული ვარდებოდა ძირს და მასზე უნდოდა თავი შეეკავებინა. დაზარალებული შეიყვანა და დააწვინა საწოლში, ხოლო დილით დაუკავშირდა მეგობარს და სთხოვა მისულიყო მასთან დალევის მიზნით. მივიდა მეგობარი და დაიწყეს დალევა, შემდეგ გაიღვიძა დაზარალებულმა, რომელსაც შენიშნა სისხლი შუბლის არეში. სავარაუდოდ სკამიდან გადავარდნის ან საწოლის გვერდით მდებარე რკინის სკამზე მიიღო დაზიანება, დაზარალებულზე მას არ უძალადია. რაც შეეხება „მარიხუანას,“ იგი მას არ დაუთესავს, თავისით ამოვიდა, რომელსაც ბოსტნეულთან ერთად რწყავდა და უვლიდა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ვ-–---------------–---–თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–---------------–---–მა ჩაიდინა: 1. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2 ეპიზოდი და 2. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა, დიდი ოდენობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ვ-–---------------–---–ი თავს ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ვ-–---------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში - ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, შედეგში - დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ძალადობა, ისევე როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, მატერიალური შემადგენლობისაა. ამასთან, სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, განსხვავებით ცემისა. მაგალითად, ხელის ან ხელში არსებული რაიმე საგნის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
მართალია, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა - სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან.
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედებები როგორც წესი, ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა შემდგომი გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისაკენ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლის სამართალში დაცვის უშუალო ობიექტად უნდა ჩაითვალოს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების მოყვანა და კულტივირება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ეს მცენარეებია: ოპიუმის ყაყაჩო, კოკაინის ბუჩქი, ყანაბისი ანუ მარიხუანა, ინდოეთის კანაფი, სამხრეთ-ჩუიის, სამხრეთ მანჯურიის, კრასნოდარის კანაფი და სხვ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში. კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში - სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განაყიერებაში და ა.შ. მოყვანის მიზანია ზრდასრული ნარკოტიკული მცენარის მიღება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათაგან ერთ-ერთს. დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ ვინაიდან დანაშაულის მოტივზე ან მიზანზე არ არის სპეციალური მითითება 265-ე მუხლში, ისინი კვალიფიკაციაზე არ ახდენენ ზეგავლენას და მხედველობაში მიიღებიან მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. როგორც წესი, ამ დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარებით (ამ მცენარეების ან მისგან შექმნილი ნივთიერებების გასაღების მიზნით), ან ნარკოტიკულ საშუალებებზე პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ბრალის ფორმის მიხედვით, განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგოდ მოყვანას და სურს ეს, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი ბრალდებულის მხრიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–---------------–---–მა ჩაიდინა: 1. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2 ეპიზოდი და 2. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა, დიდი ოდენობით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-–---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701,722,725 გადაწყვეტილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გარდა, ბრალდებულ ვ-–---------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც). აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701,722,725 განჩინება ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე. ამდენად, ვ-–---------------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილს (2 ეპიზოდი), ბრალდებულ ვ-–---------------–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- მ------------------ის ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 3 (სამი) ძირი მცენარე კანაფი საერთო წონით - 433,68 გრამი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ხოლო სკამი, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
2. ვ-–---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 08 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 02 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, 2019 წლის 02 ივლისის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ-–---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 02 ივლისიდან 2019 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით), მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
4. ვ-–---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. ვ-–---------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
7. ნივთმტკიცება:
- მ------------------ის ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 3 (სამი) ძირი მცენარე კანაფი საერთო წონით - 433,68 გრამი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ხოლო სკამი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი