განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5548-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ბ--------------–---–-
ბრალდებული - ი-----–------–----------------–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–----------------, რეგისტრირებული: ხ---------––----------–--–------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------–--–-------–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 13 თებერვალს თბილისში, ქ--–-------–-------------------–-, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი-----–--------–--ემ, არასრულწლოვანი გერის - დ---------–----–--ის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ----------------ეს, კერძოდ: ფეხი ჩაარტყა ორჯერ მუცლის არეში, რის გამოც ნ----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 28 ნოემბერს ღამის საათებში თბილისში, რ------------------–--–-------------–- ნ----------------ეს, უსაფუძლო მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა - ი-----–--------–--ემ, კერძოდ: მან მუშტი რამდენჯერმე დაარტყა დაზარალებულს თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის 27 თებერვალს ნ----------------ეს, მობილური ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი-----–--------–--ე და უსაფუძვლო მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2019 წლის 18 მაისს, თბილისში, რ------------------–--–-------------–-, ნ----------------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–--------–--ემ, კერძოდ: მან სამჯერ მუშტი დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2019 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ---–--–-----------------------–--–-------------ში ი-----–--------–--ე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მივიდა არარეგისტრტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ნ----------------ესთან და ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ: მეუღლეს მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით, ხოლო შემდეგ ი-----–--------–--ემ არასრულწლოვანი შვილის - მ------------------ის და გერის - ნ---------–----–--ის თანდასწრებით, თავის არეში მუშტი დაარტყა მეუღლეს, რის შემდეგაც მას კვლავ მუშტი დაარტყა მარცხენა ბეჭის არეში. აღნიშნულის გამო, ნ----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ი-----–--------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ----------------ის, მოწმეების: დ---------–----–--ის, რ-----------–----ის, მ------------------ის გამოკითხვის ოქმებს, 2----–-–---------------–--, 2----–-–---------------ს, 20---–-–---------------–--, 2----–-–------------ შემაკავებელ ორდერებს, სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. შესაბამისად, მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.2. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ი-----–--------–--ემ ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე, ძალადობის შედეგად კი დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.4. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით.
3.6. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მსხვერპლს ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ დაზარალებულს მუქარის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.7. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი-----–--------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი-----–--------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ი-----–--------–--ე არ არის ნასამართლევი, მან უდაოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულსა და მას შორის ამოწურულია კონფლიქტი. შესაბამისად, დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული მატერიალურად არჩენს ოჯახს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-----–--------–--ეს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელები, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე ორი წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2----–-–---------------–-- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად,იმავე გამოსაცდელი ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მულის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე ორი წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
8. ი-----–--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 2000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
9. ი-----–---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 ოქტომბრიდან - 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი