განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
330100120003384846
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1-20

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 იანვარი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ თ--------------ის,ბრალდებულ _ ზ---------------–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ზ-------------–--------------–-ს (დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ლ----------------------------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----------–---–----ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ---------------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ლ------------ის, ნ-----–-----ს, ბრალდებულ ზ---------------–ის გამოკითხვის ოქმებით; შპს „მ-------ან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ზ---------------–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 19 მარტიდან - 20 მარტის ჩათვლით, თ---–--–---------------------------------------ს ქუჩის კვეთაზე მდებარე შპს „პ--------–-“-ის ბენზინგასამართ სადგურიდან, შპს „პ--------–-“-ის ოპერატორმა ზ---------------–მა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უკანონოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „პ--------–-“-ის კუთვნილი ფულადი თანხა 1900 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულ შპს „პ--------–-“-სს მიადგა 1900 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ზ---------------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ზ---------------–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

ზ---------------–ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

გამომდინარე იქიდან, რომ ზ---------------–ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლევი არ არის, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მას ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ზ---------------–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ზ---------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე