განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
160100120003419134
დავის ტიპი
187 1 , 126 1
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100120003419134

საქმე #1/11-20

ბოლნისის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა-----ა ურ--–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - სპ------- ქო-----ი, დაბადებული 19-2 წლის 14 მარტს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ის რაიონი, სოფელი ჯა----–ი (პირადი №62--------5);

 

ადვოკატი - არჩილ დვალიშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა----–ში, სპ------- ქო-----მა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრაქტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში მარჯვენა მუშტის დარტყმის გზით ცემა აზ--- რბ-----ი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა----–ში, სპ------- ქო-----მა ტრაქტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,FORD TRANSIT”-ის მარკის ავტომობილით( სახ.ნომრით A------) არაერთხელ განზრახ დაეჯახა აზ--- რბ-----ის კუთვნილ ,,BMW X“ -ის მარკის ავტომობილს (სახ.ნომრით T--------), რა დროსაც დააზიანა მანქანის წინა მარცხენა კარი და უკანა ბამპერი, რითაც აზ--- რბ-----ს მიადგა 1680 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა სპ------- ქო-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ აზ--- რბ-----ის, მოწმეების ნა---- ეი------ის, გი------ ყა---–---–-ს, ალ--ა რა------ს, გუ---- რა------საგან მიღებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის N 1552/ს დასკვნას.

 

2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ სპ------- ქო-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1, 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია სპ------- ქო-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ სპ------- ქო-----მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ხოლო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ სპ------- ქო-----მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე, ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც სპ------- ქოქჩიანი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სპ------- ქო-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აანაზღაურა მიყენებული ზიანი, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ სპ------- ქო-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებში.

 

5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ სპ------- ქო-----ს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს, ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მატერიალურ მდგომარეობას, იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში.

 

5.6. მოცემულ შემთხვევაში სპ------- ქო-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სპ------- ქო-----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება სპ------- ქო-----ის მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

 

5.7. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სპ------- ქო-----ს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5.9. სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

5.10. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ სპ------- ქო-----ი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სპ------- ქო-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სპ------- ქო-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

3. გაუქმდეს სპ------- ქო-----ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. მსჯავრდებულ სპ------- ქო-----ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის და პლასტმასის ნამსხვრევები დალუქული FCD 1211956 პაკეტში , რომელიც ინახება შსს მა-------–ის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონდმებლობით გათვალისწინებული წესით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე