განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
330100119003136138
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3683-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – დ----- ხ--------ის

ბრალდებულ – მ-----– რ---------–---–ის

ადვოკატ – მ--- ყ-------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– მ-----– გ-------- ძე რ---------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების: ს-----------------------------–------–------–-------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– რ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მ-----– რ---------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით, მ-----– რ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 მაისიდან. მ-----– რ---------–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 2 ნოემბერს, – სასჯელის მოხდით.

 

საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-----–--------------–------------ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, მ-----– რ---------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - მ------ ყ-------–---–ს, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით, მოკიდა თმაში ხელი, მიახეთქა კედელზე და მიარტყმევინა შუბლი, ამის შემდეგ, მუშტი დაარტყა მარჯვენა მკლავზე და მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგადაც მ------ ყ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. მ-----– რ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

2019 წლის 28 მაისს, შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის მიერ, მ------ ყ-------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, მისი ყოფილი მეუღლის - მ-----– რ---------–---–ის მიმართ 30 დღის ვადით გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, მ-----– რ---------–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - მ------ ყ-------–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

მიუხედავად ამისა, მ-----– რ---------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 9 ივნისს მივიდა - ქ-------–--–-----–--------------–------------ში მყოფ მსხვერპლთან - მ------ ყ-------–---–თან და 2019 წლის 10 ივნისს, ღამის საათებში მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ე.ი. მ-----– რ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ-----– რ---------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის მიუხედავად, იგი 2019 წლის 10 ივნისს მივიდა ყოფილი მეუღლის - მ------ ყ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში (სადაც ქირით ცხოვრობდნენ ერთად, შემაკავებელი ორდერის გამოწერამდე), რის შემდეგაც ამ უკანასკნელთან მოუვიდა კონფლიქტი და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ------ ყ-------–---–ი მიეჯახა კედელს და მიარტყა შუბლი.

 

გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მ-----– რ---------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

დაზარალებულ მ------ ყ-------–---–ის ჩვენების თანახმად, მისი ყოფილი მეუღლე - მ-----– რ---------–---–ი ნასამართლევია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის ნოემბერში. 2019 წლის 28 მაისს, საყოფაცხოვრებო საკითხებზე კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელსაც გაეცნო ორივე მათგანი, ხოლო აღნიშნულის შემდგომ მ-----– რ---------–---–მა დატოვა საცხოვრებელი სახლი.

 

2019 წლის 9 ივნისს, მ-----– რ---------–---–ი ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, კერძოდ, მ-----– რ---------–---–მა ჯერ აგინა, ხოლო შემდეგ თმაში მოკიდა ხელი და მიახეთქა კედელს, რა დროსაც რამდენიმე წუთით დაკარგა გონება. აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო დაზიანებები, აღენიშნებოდა ჰემატომებიც. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ, იგი წავიდა მამიდასთან - ნ----- ყ-------–---–თან, რომელსაც მოუყვა კონფლიქტის შესახებ, რის შემდეგაც მამიდამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

მანვე განმარტა, რომ მ-----– რ---------–---–თან დაახლოებით ექვს-შვიდ წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, მეუღლის მხრიდან მუდმივად ჰქონდა ადგილი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს, რის საფუძველზეც არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და რამდენჯერმე დაშორდნენ კიდეც ერთმანეთს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ----- ყ-------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივნისს, ღამით, დაახლოებით 03:30 საათზე, მასთან მივიდა თავისი ძმისშვილი - მ------ ყ-------–---–ი, რომელსაც სახეზე ჰქონდა დაზიანებები და ტიროდა. მ------ ყ-------–---–მა განუცხადა, რომ მ-----– რ---------–---–თან მოუვიდა კონფლიქტი, რომელმაც „თმით ითრია და მიახეთქა კედელზე.“ მ------ი იყო მძიმე მდგომარეობაში, კერძოდ, სახის მარჯვენა მხარე ჰქონდა დასიებული, აღენიშნებოდა სილურჯეები და გონებას კარგავდა, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოწმის განმარტებით, მ------ისგან იცოდა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც მ-----– რ---------–---–ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების პერიოდში ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

 

პაციენტის №---- სამედიცინო ბარათისა და მისი დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 10 ივნისს პაციენტს - მ------ ყ-------–---–ს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მას აღენიშნებოდა: თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, შუბლის მარჯვენა ნაწილში გამოხატულია მცირე ზომის ჰემატომა, მარჯვენა წინამხარზე და მარცხენა ქვედაკიდურის ბარძაყის მიდამოში - ჰემატომა, მარცხენა ქვედაკიდურის მუხლის სახსრის მტკივნეულობა და სიწითლე.

 

დაზარალებულ მ------ ყ-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანებების ფაქტი დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმად, 10.06.2019წ. მოქ. მ------ ყ-------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი/ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–------------–----–------------–-------------- - თ---------- თ---------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 28 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ, ხოლო ქ-------–--–-----–--------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისვლისას მ------ ყ-------–---–მა განუმარტა, რომ მეუღლე - მ-----– რ---------–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის საფუძველზე მ-----– რ---------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ და სამსახურებრივ მისამართზე მისვლა, მასთან მიახლოება, ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის ასლი გადაეცა როგორც მსხვერპლს, ასევე მოძალადეს, თუმცა მ-----– რ---------–---–მა შემაკავებელი ორდერის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. მ-----– რ---------–---–ს, როგორც მოძალადეს, განემარტა, რომ უნდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი, რომელმაც შეასრულა მოთხოვნა.

#------ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2019 წლის 28 მაისს, მ------ ყ-------–---–ს მისმა მეუღლემ - მ-----– რ---------–---–მა, ქ------–--–-----–--------------–------------ში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით, მ-----– რ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 მაისიდან.

 

№- პენიტენციური დაწესებულების დ------------- მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მ-----– რ---------–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 2 ნოემბერს, სასჯელის მოხდით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა მ-----– რ---------–---–მა 2019 წლის 10 ივნისს ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, მისი მხრიდან ყოფილი მეუღლის – მ------ ყ-------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, აგრეთვე, 2019 წლის 9 ივნისს მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში მისვლითა და მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით მ-----– რ---------–---–მა ჩაიდინა 2018 წლის 28 მაისს მის მიმართ გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რასაც არც ბრალდებული უარყოფს. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. როგორც უკვე აღინიშნა მ-----– რ---------–---–ი ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა საპატიმრო სასჯელის მოხდის მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული სასჯელის მიზანი, კერძოდ, ვერ მოხდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან მ------ ყ-------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტი პირველი შემთხვევა არ იყო და მას წარსულშიც ჰქონდა ადგილი, კერძოდ, გარდა საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენისა (რომლის თანახმადაც, მ-----– რ---------–---–ი მსჯავრდებულია სწორედ მ------ ყ-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, რის გამოც სახეზეა დანაშაულის ჩადენა არაერთგზის), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მ-----– რ---------–---–ის მიმართ 2015 წლის 31 იანვარს, 2015 წლის 21 თებერვალს და 2019 წლის 28 მაისს გამოცემული შემაკავებელი ორდერები, რომლითაც დასტურდება, რომ თანაცხოვრების მანძილზე ბრალდებული მუდმივად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დაზარალებულის მიმართ.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ-----– რ---------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის დამოკიდებულებას მსხვერპლის მიმართ და დამნაშავის მხრიდან მომავალში ანალოგიური საქმიანობის გაგრძელების რისკებს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მ-----– რ---------–---–მა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეში გააგრძელა ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც ვერ იქნა აღკვეთილი მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერითაც, რომლის პირობების დარღვევა ბრალდებულის მხრიდან გამოიხატა მსხვერპლისათვის კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. აღნიშნული ერთის მხრივ მიუთითებს ყოფილ მეუღლეებს შორის უკიდურესად გამწვავებული კონფლიქტის არსებობაზე, ხოლო მეორეს მხრივ იმაზე, რომ ბრალდებული მიდრეკილია ოჯახში ძალადობის ჩადენისაკენ და მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი მაღალია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ძალადობის ხასიათს, მის ინტენსივობას, ხოლო მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული მიდრეკილია ოჯახში ძალადობისაკენ და მის მიმართ ერთხელ უკვე დანიშნულმა სასჯელმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ საბოლოო სასჯელის სახით არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელი და აუცილებელია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა.

 

რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, აღსანიშნავია, რომ ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით, მ-----– რ---------–---–ი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა, ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაასრულა 2018 წლის 2 ნოემბერს. ამდენად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა მ-----– რ---------–---–მა ჩაიდინა კვლავ განზრახი დანაშაული, რის გამოც სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ქვედა ზღვარს, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 2 წელს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ბრალდებულის დამოკიდებულებას როგორც მსხვერპლის, ისე ჩადენილი დანაშაულების მიმართ (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს) და მომავალში მისი გაგრძელების რისკს, რაც ამ ეტაპზე შემცირებულია, რამდენადაც ბრალდებული და დაზარალებული აღარ აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას და ეს უკანასკნელი თანხმობას აცხადებს მ-----– რ---------–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე იმ პირობით, რომ ბრალდებულს აეკრძალება მასთან მიახლოება (დადასტურებულია საქმეში არსებული დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით).

 

ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ასევე ბრალდებულის და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით (აღარ აპირებენ თანაცხოვრებას), სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც იქნება სასჯელის მიზნების შესაბამისი და უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, რათა მან განაგრძოს ოჯახის წევრებთან არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– რ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. მ-----– რ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----– რ---------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

4. მსჯავრდებულ მ-----– რ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 ივლისიდან.

 

5. მსჯავრდებულ მ-----– რ---------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ-----– რ---------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი