განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3184-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ------–--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------------------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ--–-----------------------------–---
ადვოკატები - ი-----–---------–---–-------------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2-----–-–------------ ქ. თბილისში, ზ-------------------–-–-–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ მარკეტში, გ----------------–---–ი ფარულად დაეუფლა ნ-----------–---–ის კუთვნილ 70 ლარად ღირებულ „ს-----------–-----“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2-----–-–------------ ქ. თბილისში, ზ-------------------–-–-–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ მარკეტში, ნ-----------–---–ს დარჩა მისი კუთვნილი, 70 ლარად ღირებული, „ს-----------–-----“ ფირმის მობილურ ტელეფონი. მობილური ტელეფონი იპოვა მაღაზიის გამყიდველმა, რომელმაც შეცდომით გადასცა გ----------------–---–ის მეგობარს, ბრალდებულისთვის გადასაცემად. გ----------------–---–მა ნივთზე უფლება დაიგულა თავისად და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მესაკუთრეს არ დაუბრუნა კუთვნილი ნივთი, რითაც ნ-----------–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. დაზარალებულ ნ-----------–---–ის ჩვენების თანახმად, 2----–-–----------ს, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფ------------–ის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში, სადაც შეიძინა სასურველი პროდუქტი. დახლ - მაცივარზე დარჩა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ნივთის დაკარგვის შესახებ მხოლოდ სახლში მისულმა აღმოაჩინა. ოჯახის წევრებმა მაშინვე დარეკეს კუთვნილ ნომერზე, რომელსაც არავინ უპასუხა, ტელეფონი საერთოდ გაითიშა. დაზარალებული მაშინვე მივიდა მაღაზიის გამყიდველთან, რომელმაც განუცხადა, რომ მობილური ტელეფონი დაახლოებით ერთი წუთის წინ, შეცდომით გაატანა დისტრიბუტორ გ----------------–---–ს; მოიძიეს ბრალდებულის მობილური ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც მეუღლე დაუკავშირდა გ----------------–---–ს. სატელეფონო საუბრისას ბრალდებულმა დაადასტურა, რომ რამდენიმე წუთის წინ ნამდვილად იმყოფებოდა ფ------------–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში და გამყიდველმა შეცდომით გადასცა მობილური ტელეფონი. გ----------------–---–მა პირობა დადო, რომ მობილურ ტელეფონს რამდენიმე წუთში დააბრუნებდა. დათქმულ დროს მაღაზიაში არავინ მისულა, რის გამოც მეუღლე კვლავ დაუკავშირდა ბრალდებულს. გ----------------–---–მა ამჯერად უკვე უარყო, რომ სხვისი მობილური ტელეფონი წაიღო და უარი განაცხადა მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე. დაზარალებულის მეუღლესთან დაძაბული საუბრის შემდეგ ბრალდებულმა განაცხადა, რომ მობილურ ტელეფონს არ დააბრუნებდა და სადაც უნდოდათ, იქ ეჩივლათ. აღნიშნულის შემდეგ, მომხდარის შესახებ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას. საბოლოოდ, ბრალდებულმა პოლიციას წარუდგინა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი სიმბარათის გარეშე. დაზარალებული გამოძიებაში გამოიკითხა ფაქტთან დაკავშირებით და ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთი.
დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მობილური ტელეფონი გამართულ მდგომარეობაში იყო და ელემენტი მუდმივად დამუხტული ჰქონდა, ვინაიდან მისი მშობელი საავადმყოფოში იწვა და მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა მასთან და მის მკურნალ ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონი ძვირადღირებული არ იყო, დაიკარგა მობილური ტელეფონების სია, მათ შორის ექიმების, რის გამოც დაზარალებული რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან გადმოცემით იცის, რომ მაღაზიის გამყიდველმა მ----მ, მობილური ტელეფონი შეცდომით გადასცა გ----------------–---–ის მეგობარს (იფიქრა, რომ ტელეფონი გ----------------–---–ს დარჩა), ბრალდებულისთვის გადასაცემად.
3.2. დაზარალებულ ნ-----------–---–ის ჩვენებაში არსებული ფაქტები ასევე დაადასტურა მოწმე დ------------------–---–მა, რომელმაც ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს და განმარტა, რომ 2----–-–-- 14 ან 15 მაისს, მისმა მეუღლემ, ქ. თბილისში, ფ------------–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში პური შეიძინა. სახლში დაბრუნებულ ნ-----------–---–ს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი არ აღმოაჩნდა; დარეკეს დაზარალებულის ნომერზე, თუმცა მობილური ტელეფონი გათიშული იყო. მოწმე ჩავიდა მაღაზიაში, სადაც დაზარალებულმა პური შეიძინა. მან გამყიდველისგან შეიტყო, რომ მობილური ტელეფონი შეცდომით დისტრიბუტორ გ----------------–---–ს გაატანა. მაღაზიაში მოიძიეს ბრალდებულის ტელეფონის ნომერი და დ------------------–---–მა დაურეკა მას. გ----------------–---–ი დაჰპირდა, რომ მობილურ ტელეფონს რამდენიმე წუთში მიუტანდა. დათქმული დროის გასვლის შემდეგ კვლავ დაურეკა ბრალდებულს. ამჯერად გ----------------–---–ი უხეშად ესაუბრა, უთხრა, რომ ვერაფერს დაუმტკიცებდა და ტელეფონის დაბრუნებას არ აპირებდა. აღნიშნულის შემდეგ, მომხდარის შესახებ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას. გ----------------–---–ი იძულებული გახდა მობილური ტელეფონი წარმოედგინა. მოწმე გამომძიებლის მიერ გამოიკითხა იმავე დღეს. მისმა მეუღლემ - ნ-----------–---–მა ამოიცნო საკუთარი ნივთი. აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს სიმბარათი გადაგდებული ჰქონდა. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, გ----------------–---–მა არ უთხრა, თუ რა ადგილზე გადააგდო სიმბარათი.
მოწმის განმარტებით, მაღაზიის გამყიდველმა დეტალურად მოუყვა, თუ როგორ გაატანა მობილური ტელეფონი გ----------------–---–ს. მ----------ა შეწუხებული იყო და მათთან ერთად ითხოვდა ბრალდებულისგან წაღებული ნივთის დაბრუნებას. მეუღლის კუთვნილი მობილური ტელეფონი ტექნიკურად გამართული იყო. ელემენტი მუდმივად დამუხტული ჰქონდა, ვინაიდან ნ-----------–---–ის მამა საავადმყოფოში იმყოფებოდა და დაზარალებული ხშირად უკავშირდებოდა მკურნალ ექიმს.
მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სახლში ასვლამდე დაინახა, თუ როგორ გამოიქცა მაღაზიიდან მ----------ა და ახალგაზრდა მამაკაცს რაღაც ნივთი მიაწოდა. მოგვიანებით გაარკვია, რომ გამყიდველმა სწორედ მისი მეუღლის მობილური ტელეფონი გადასცა გ----------------–---–ის მეგობარს. მობილური ტელეფონი მნიშვნელოვანი იყო ნ-----------–---–ისთვის, ვინაიდან დაიკარგა არაერთი ტელეფონის ნომერი (მათ შორის მამამისის მკურნალი ექიმის), რამაც ავადმყოფ მამასთან კომუნიკაციის პრობლემა შექმნა.
3.3. მოწმე მ----------ას განმარტებით, 2----–-–----------ს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ფ------------–ის ქუჩა N---ში მდებარე მის კუთვნილ მაღაზიაში ნ-----------–---–მა პროდუქტი შეიძინა. იგი რამდენიმე წუთი ესაუბრა დაზარალებულს, რის შემდეგაც მაღაზიიდან გააცილა. ნ-----------–---–ის წასვლიდან დაახლოებით 5 წუთში, მაღაზიაში მივიდა დისტრიბუტორი - გ----------------–---–ი. ბრალდებულს გადასცა კუთვნილი თანხა, რის შემდეგაც გ----------------–---–მა მაღაზია დატოვა. მ----------ამ მალევე, დახლ-მაცივარზე შენიშნა მობილური ტელეფონი. იფიქრა, რომ ბრალდებულს დარჩა აღნიშნული ნივთი და გაეკიდა მას დასაბრუნებლად. ვინაიდან გ----------------–---–ი ავტომანქანის საჭესთან იჯდა, მობილური ტელეფონი მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს გადასცა. რამდენიმე წუთში მაღაზიაში მივიდა ნ-----------–---–ი და მობილური ტელეფონი მოიკითხა. უპასუხა, რომ ტელეფონი რამდენიმე წუთის წინ დისტრიბუტორს გაატანა. მოიძიეს გ----------------–---–ის მობილური ტელეფონის ნომერი და დაზარალებულის მეუღლე დაუკავშირდა მას. თავიდან ბრალდებულმა მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა მოგვიანებით უარყო ყველაფერი და თქვა, რომ მაღაზიაში მისვლას არ აპირებდა. მ----------ა პირადადაც ესაუბრა გ----------------–---–ს, რომელმაც უხეშად უთხრა, რომ „ფანტაზიები“ აწუხებდა. აღნიშნულის შემდეგ, კვლავ დაურეკა დაზარალებულის მეუღლემ გ----------------–---–ს. საუბრისას ბრალდებულმა ქურდობის დამბრალებელს შეაგინა და მობილური ტელეფონი გათიშა. ვინაიდან ბრალდებულთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, მომხდარის შესახებ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას. მოწმისთვის ცნობილია, რომ გ----------------–---–მა პოლიციას წარუდგინა წაღებული მობილური ტელეფონი, რომელიც დაზარალებულმა ამოიცნო. დაზარალებულის მეუღლეს გ----------------–---–თან საუბრისას მობილური ტელეფონი ხმოვან საუბარზე ჰქონდა ჩართული და მოწმემ მათი საუბარი კარგად გაიგონა.
3.4. მოწმე მ-------------–--ის ჩვენების თანახმად, 2----–-–----------ს, გ----------------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფ------------–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან. გ----------------–---–ს იგი გარეთ დაელოდა, ბრალდებული კი შევიდა მაღაზიაში და გარეთ დაახლოებით 10 წუთში გამოვიდა. გ----------------–---–მა დაქოქა ავტომანქანა, რა დროსაც შენიშნა მაღაზიის გამყიდველი ქალბატონი, რომელმაც გ----------------–---–ს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „გ-------, ტელეფონი დაგრჩა“. ვინაიდან ბრალდებული ავტომანქანის საჭესთან იჯდა, ქალბატონს მობილური ტელეფონი მ-------------–--ემ გამოართვა და სიჩქარის გადამრთველ კოლოფთან დადო. აღნიშნულის შემდეგ თავად მოწმე სახლში წავიდა, ხოლო გ----------------–---–მა მუშაობა გააგრძელა. მან მოგვიანებით ბრალდებულისგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს შეეშალა და მაღაზიიდან სხვისი მობილური ტელეფონი წამოიღო, რის გამოც პოლიციამ მიაკითხა. რა მობილური ტელეფონით სარგებლობდა გ----------------–---–ი, მოწმემ არ იცის. მ-------------–--ემ დაადასტურა, რომ მას შემდეგ რაც ქალბატონს მობილური ტელეფონი გამოართვა, ხელიდან გაუვარდა. ტელეფონი დაიშალა, რაც ააწყო და მხოლოდ ამის შემდეგ დადო ავტომანქანაში, სიჩქარის გადამრთველ კოლოფთან.
3.5. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შსს ქ-------–---------------------–----------------–-------------------–---- გამომძიებელი - თ-----------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. აღნიშნული მოწმე სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მის ჩვენებას დეტალურად არ განიხილავს.
3.6. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა 5.1 პუნქტში მითითებული ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ გ----------------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები, ასევე შ---–-------------ის, ნ-------------ს, დ--------------–---–ისა და გ----------------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები/ექსპერტიზის დასკვნები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.8. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-- 1---------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის - „S-------------------, Model: S--------ის საბაზრო ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური მდგომაროების გათვალისწინებით შეადგენს 70 ლარს.
3.9. ბრალდებულმა - გ----------------–---–მა საქმის არსებითი განხილვისას, მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2----–-–----------ს, იგი ნამდვილად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფ------------–ის ქუჩაზე მდებარე მ----------ას კუთვნილ მაღაზიაში. ავტომანქანასთან იმყოფებოდა, როდესაც გამყიდველმა ქალბატონმა უთხრა, რომ მაღაზიაში მობილური ტელეფონი დარჩა. ქალბატონმა მობილური ტელეფონი გვერდზე მჯდომ მის მეგობარს მიაწოდა. მ-------------–--ემ ტელეფონი იქვე დადო ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს. რამდენიმე წუთში გ----------------–---–ს დაუკავშირდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც აგრესიული ტონით მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება. ვინაიდან დაძაბული სამუშაო დღე ჰქონდა, უთხრა, რომ სწრაფად ვერ მოახერხებდა მისვლას და ტელეფონის დაბრუნებას, რამაც მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია. უხეშად ესაუბრნენ ერთმანეთს და დაასრულეს საუბარი. ამასობაში, დაზარალებული დაუკავშირდა პოლიციას. გ----------------–---–მა პოლიციის მოთხოვნისთანავე წარადგინა მობილური ტელეფონი, რომელიც ძალიან წააგავდა მის კუთვნილ მობილურს. სხვისი ნივთის ფარული დაუფლების განზრახვა არ ჰქონია და ტელეფონი მხოლოდ დროის სიმცირის გამო ვერ დაუბრუნა მესაკუთრეს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული გ----------------–---–ის მიერ ქურდობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ჩადენა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება და ამასთან, მხარეებიც თანხმდებიან, რომ გ----------------–---–ი ნივთს პირადად, ფარულად არ დაუფლებია. ნ-----------–---–ის მიერ მაღაზიაში დატოვებული ტელეფონი, გამყიდველმა მიიჩნია გ----------------–---–ის საკუთრებად, მანვე ნივთი გადასცა ბრალდებულის მეგობარს - გ----------------–---–ზე გადასაცემად; ამ უკანასკნელმა კი ნივთი გადასცა ბრალდებულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ გ-----------------–---–ის ქმედებაში არის ქურდობის შემადგენლობის ნიშნები. მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ნივთს ეძებდა კანონიერი მესაკუთრე, გ----------------–---–მა ნაცვლად იმისა, რომ დაებრუნებინა იგი მესაკუთრისთვის, შეინახა და მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ წარადგინა. სასამართლოს მიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე ქმედების ქურდობად კვალიფიკაციისათვის ერთ-ერთი სავალდებულო ნიშანი - ნივთის ფარულად დაუფლება.
4.8. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).
4.9. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ გ----------------–---–ს სხვისი კუთვნილი მობილური ტელეფონი მიაწოდა მეგობარმა, ამ უკანასკნელს კი შეცდომით გადასცა (როგორც გ----------------–---–ის ნივთი) მაღაზიის გამყიდველმა. იმ მომენტიდან, საიდანაც გ----------------–---–ს მეგობარმა მობილური ტელეფონი გადასცა, მის ხელში აღმოჩნდა სხვისი კუთვნილი (ფაქტიურად ნაპოვნი) ნივთი. ნაპოვნ ნივთთან დაკავშირებით უფლების წარმოშობისა და განკარგვის წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან თუ მათი ვინაობა უცნობია, – პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი. განცხადების გაკეთებიდან მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე.
4.10. გ----------------–---–მა არ შეასრულა რა ზემოთ ხსენებული ნორმით დადგენილი წესი ისე, რომ არ ჰქონდა ამის კანონისმიერი საფუძველი, შეცდომით გადაცემულ ნივთზე უფლება დაიგულა თავისად, კერძოდ, მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.11. გარდა იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ პირმა გარკვეული უფლება დაიგულოს თავისად, ქმედების თვითნებობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა აღნიშნულმა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკეთებს კონკრეტულ დათქმას მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს შეფასების საგანს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მობილური ტელეფონის ღირებულება შეადგენდა 70 ლარს, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების სსკ-ის 360-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის მხოლოდ მატერიალური ზიანი არ არის განმსაზღვრელი; მნიშვნელოვან ზიანად ასევე შეიძლება ჩაითვალოს დაზარალებულისთვის მიყენებული მორალური ზიანიც; მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ მომენტისთვის, დაკარგული ტელეფონი წარმოადგენდა დაზარალებულისა და მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვან ნივთს, რომლის მეშვეობითაც იღებდა ინფორმაციას საავადმყოფოში მწოლიარე ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უკავშირდებოდა მკურნალ ექიმს და ახორციელებდა არაერთ, ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ქმედებებს; გარდა ამისა, დაზარალებულმა - ნ-----------–---–მა და მისმა მეუღლემ - დ------------------–---–მა ცალსახად განმარტეს სასამართლო სხდომაზე, რომ მათ დაკარგეს მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები, მათ შორის ოჯახის წევრის მკურნალი ექიმისა და სხვა ექიმების, რის გამოც ვერ შეძლეს ვერც მათთან და ვერც ავადმყოფთან დაკავშირება; ყოველივე აღნიშნულის შედეგად კი განიცადეს სტრესი; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თვითნებობის შემადგენლობისთვის აუცილებელი ნიშანი - მნიშვნელოვანი მორალური ზიანი.
4.12. სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს იმაში, რომ გ----------------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება ქურდობის დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები და იმაშიც, რომ ბრალდებულის ქმედება ,,შესაძლოა შეიცავდეს თვითნებობის ნიშნებს“ (დაცვის მხარის სიტყვებით), თუმცა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ----------------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
- ბრალდებულმა - გ----------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მან დაზარალებულისთვის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნება ვერ შეძლო გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო და ასევე იგი გააღიზიანა დაზარალებულის მეუღლის ტონმა, რომელმაც მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა; სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ჯერ თანხმობა განაცხადა მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე, ხოლო შემდეგ კი - უარი; აღნიშული ცალსახად დასტურდება დაზარალებულისა და მისი მეუღლის ჩვენებებით. დ------------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ გ----------------–---–ი დაჰპირდა მას მობილური ტელეფონის დაბრუნებას, შემდეგ კი საერთოდ გათიშა იგი, რის გამოც მოწმე იძულებული გახდა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის შეეტყობინებინა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გ----------------–---–ი გაბრაზდა დ------------------–---–ის საუბრის შინაარსისა და ტონის გამო, აღნიშნული ვერ გახდება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
- გ-----------------–---–მა ასევე განაცხადა, რომ მას მობილური ტელეფონი არ გამოურთავს და სიმბარათი სავარაუდოდ ამოვარდა ტელეფონიდან. სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილობით დათვალიერდა დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სიმბარათის ამოღება შეუძლებელია მობილური ტელეფონიდან ე.წ. ბატარეის მოხსნის გარეშე; შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას;
4.13. ბრალდებულმა - გ----------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას კატეგორიულად უარყო მის მიერ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და განაცხადა, რომ თუ მის ქმედებაში იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები, მზადაა პასუხი აგოს მისთვის. ასევე განაცხადა, რომ იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილ უმოქმედობას, კერძოდ - ტელეფონის დროულად დაებრუნებლობას დაზარალებულისთვის და ინანიებს აღნიშნულს;
4.14. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულ დაუფლებაში. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნებოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედება უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა). განსახილველ შემთხვევაში, გ----------------–---–ის მიერ არ ყოფილა განხორციელებული კონკრეტული დაზარალებულის მიმართ ნივთის ფარული დაუფლება. მაღაზიის გამყიდველის მიერ გ----------------–---–ის მეგობრისთვის დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის შეცდომით გადაცემა, მეგობრის მიერ აღნიშნული ტელეფონის გადაცემა ბრალდებულისთვის და ამ გზით, ტელეფონის გადასვლა ბრალდებულის მფლობელობაში, ცალსახად არ გულისხმობს ამ უკანასკნელის მიერ ნივთის ფარულ დაუფლებას. მნიშვნელოვანია ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - თვით დამნაშავის განზრახვა - სხვის ნივთს დაეუფლოს ფარულად, რაც განსახილველ შემთხვევაში, გ----------------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება. ბრალდებულმა მეგობარს გამოართვა ნივთი, რომელიც ამ უკანასკნელს შეცდომით გადასცა მაღაზიის გამყიდველმა (როგორც გ----------------–---–ის მობილური ტელეფონი). კონკრეტული ქმედება მობილური ტელეფონის ფარულად დასაუფლებლად ბრალდებულს არ განუხორციელებია, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გ----------------–---–ის ქმედება ქურდობად ვერ დაკვალიფიცირდება.
4.16. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.17. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლი სასამართლოს აძლევს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის შესაძლებლობას. ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ერთი მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც მას არ ჩაუდენია და მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე. განსახილველ შემთხვევაში, გ----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო დანაშაული, რომლის ნიშნებსაც რეალურად შეიცავს გ----------------–---–ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
4.18. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:
- კვალიფიკაციის შეცვლას დასაშვებად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც განმარტავს, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით, დაცვის ორგანიზებისთვის (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს, კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (Pélissier and Sassi v. France, განაცხადი no. 25444/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, პუნქტი 62). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა (Block v. Hungary, განაცხადი no. 56282/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტი 24). აგრეთვე, ევროპული სასამართლოს განმარტებით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 33; (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99).
- კვალიფიკაციის მსგავსი სახით შეცვლა დაცვის მხარისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას (თავად დაცვის მხარე მიუთითებდა სასამართლო სხდომებზე, რომ შესაძლოა გ----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლზე); მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ სცდება წარდგენილი ბრალდების თვისებრივ და არსებით შინაარსს.
4.19. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია პირის მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს. აღნიშნული წესი შესაძლოა დადგენილი იქნეს როგორც კანონით, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. განსახილველ შემთხვევაში გ----------------–---–ის მიერ განხორციელებული იქნა თავისად დაგულებული უფლება. უფლება თავისად დაგულებული არის მაშინ, როდესაც პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს ანდა ეს უფლება მას შესაძლოა მიენიჭოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. გ----------------–---–ს მობილური ტელეფონი გადასცა მეგობარმა, ამ უკანასკნელს კი შეცდომით მიაწოდა მაღაზიის გამყიდველმა. ნაცვლად იმისა, რომ მოქცეულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლით ნაპოვარ ნივთზე უფლების წარმოშობისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც შეიტყო ნივთის მესაკუთრის ვინაობა, გ----------------–---–მა გადააგდო მობილური ტელეფონის სიმბარათი, გათიშა მობილური ტელეფონი და არ დაუბრუნა იგი მესაკუთრეს; მან სხვისი კუთვნილი ნივთი მხოლოდ მაშინ წარუდგინა პოლიციელებს, რაც დაზარალებულმა მიმართა პოლიციას და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ბრალდებულს. განსახილველ შემთხვევაში გ----------------–---–ი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით: მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ნივთს, რომელიც მეგობარმა გადასცა, ჰყავდა კონკრეტული მესაკუთრე; ამასთან, მას ჰქონდა მესაკუთრისათვის ნივთის პოვნის თაობაზე შეტყობინებისა და მისთვის დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა არ განახორციელა აღნიშნული და გამოძიების დაწყებამდე ცდილობდა, არ დაებრუნებინა მობილური ტელეფონი მესაკუთრისთვის, რითაც განახორციელა უფლება ნივთზე.
4.20. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს რა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით - შეცვალოს კვალიფიკაცია, თუ იგი არასწორია, ადგენს, რომ ყველა ზემოხსენებული გარემოების მხედველობაში მიღებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი იქნა გ----------------–---–ის მიერ თვითნებობის ჩადენა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით; შესაბამისად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა - თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. გ----------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადაა 6 (ექვსი) თვე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას; შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს; დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით, არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6.5. ამასთანავე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი ქმედების ჩადენის დროს არ ყოფილა ნასამართლობის მქონე, ჰყავს ოჯახი და ორი მცირეწლოვანი შვილი და აღიარებს ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გ----------------–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად, საქართველოს სსკ-ის 63 მუხლის გამოყენებით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მის მიმართ გამოსაცდელი ვადა განისაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ----------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2. გ----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
3. მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
4. მსჯავრდებულ გ----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე