გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310019002922573
№3-153/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – ჰუ–-----------–
წარმომადგენელი - ირ---–------------ე
მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ზუ-------–----ე
თარჯიმანი -ზი-----------------ი
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ჰუ–-----------–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
„არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჰუ–-----------–ის 2019 წლის 4 იანვრის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
1.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ჰუ–-----------–ს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, კო---–--ისა და ინ-------ის ქუჩების კვეთაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (კოდი: 0-.2-.----01).
ხსენებულ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №4-- და 2012 წლის 23 ივლისის №0----- ბრძანებებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, გაცემული იქნა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის 10,0-მდე გაზრდის მიზნით. ასევე, მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის კოეფიციენტი განისაზღვრა, 0,2-მდე სიზუსტით.
2019 წლის 4 იანვრის მიმართვისას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში წარდგენილი იქნა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, მშენებლობის ნებართვის მე-2 ეტაპის სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაგრამ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 16/03/2019 წლის №5-- ბრძანებით ჰუ–-----------–ის განცხადება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან გასულია 5 წელზე მეტი ვადა, მნიშვნელოვნად შეცვლილია ქალაქმშენებლობითი პირობები, რის გამოც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება, სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.
აღნიშნული უარის ბრძანება უკანონოა, ვინაიდან 2012 წლიდან არაერთხელ ჰქონდა ჰუ–-----------–ს მიმართული ქ. ბათუმის მერიაზე, მაგრამ პასუხი არ იქნა გაცემული. საბოლოოდ, 2019 წლის 4 იანვარს იქნა მიმართული განაცხადით (ახალი ელექტრონული საქმის წარმოების წესის შესაბამისად) და წარდგენილი იქნა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, მე-2 ეტაპის სრულყოფილი დოკუმენტაცია, რაც სრულად შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს და მოპასუხის მიერ არც ხარვეზი დადგენილა.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლის შემდეგ მართალია შეიცვალა სამშენებლო მიწის ნაკვეთის ქალაქმშენებლობითი პირობები, მაგრამ უკეთესობისაკენ და არა, მოსარჩელის საუარესოდ, კერძოდ, კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში მიწის ნაკვეთს შეეცვალა ზონა და ნაცვლად საცხოვრებელი ზონა 6-სა, გახდა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1, რაც იმას ნიშნავს, რომ მოშენების კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა 0,5 -დან (ანუ მიწის ფართობის 50 %-დან) გაიზარდა 0,6-მდე (მიწის ფართობის 60 %-მდე), ხოლო კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა კ2=2,2-დან, გაიზარდა კ2=3,0-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქმშენებლობითი პირობები შეიცვალა უკეთესობისაკენ. ასევე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს ძალადაკარგულად არ გამოუცხადებია მის მიერ მიღებული 2012 წლის 26 ივლისის №4-- და 2012 წლის 23 ივლისის #0----- ბრძანებები და არ მომხდარა შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 16/03/2019 წლის №5-- ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უნდა დავალდებულდეს, საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი ჰუ–-----------–ის 2019 წლის 04 იანვრის №1------------- განცხადებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და ის უსაფუძვლოდ მიიჩნია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჰუ–-----------–ს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, კო---–--ისა და ინ-------ის ქუჩების კვეთაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (კოდი: 0-.2-.----01).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საჯარო რეესტრის 2018 წლის 10.05. ამონაწერი.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ჰუ–-----------–მა 2019 წლის 4 იანვარს №1------------- განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს და მოითხოვა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
ჰუ–-----------–ის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. ბათუმში, კო---–--ისა და ინ-------ის ქუჩების კვეთაში მდებარე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №4-- და 2012 წლის 23 ივლისის №0----- ბრძანებებით დამტკიცდა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, გაცემული იქნა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის 10,0-მდე გაზრდის მიზნით. ასევე, მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის კოეფიციენტი განისაზღვრა, 0,2-მდე სიზუსტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 23 ივლისის №0----- ბრძანება.
– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №4-- ბრძანება.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ქ. ბათუმის მუნიცვიპალიტეტის მერის 16/03/2019 წლის №5-- ბრძანებით ჰუ–------------–ის განცხადება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან გასულია 5 წელზე მეტი ვადა, მნიშვნელოვნად შეცვლილია ქალაქმშენებლობითი პირობები, რის გამოც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება, სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ქ. ბათუმის მუნიცვიპალიტეტის მერის 16/03/2019 წლის №5-- ბრძანება.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ჰუ–-----------–ის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შემდეგ, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ შეიცვალა სამშენებლო მიწის ნაკვეთის ქალაქმშენებლობითი პირობები, კერძოდ, კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში, სადაც მდებარეობს ჰუ–-----------–ი სამშენებლო მიწის ნაკვეთი, შეიცვალა ზონა და ნაცვლად საცხოვრებელი ზონა 6-სა, გახდა საზოგადოებრივ -საქმიანი ზონა 1.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების წესები“.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ჰუ–-----------–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი.
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“.
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები“. კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 37-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად:
I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა;
II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;
III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 45-ე მუხლით განსაზღვრულია, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი:
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 46-ე მუხლი კი ადგენს, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციულის და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესს. 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა.
დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება.
მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, კი, ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე.
6.3. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით ადგენს და ამ სფეროში ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს, არეგულირებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 2019 წლის 3 ივნისიდან საქართველოს 07/20/2018 3213 კანონით), რომელიც ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში (მუხლი 1).
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის გ) პუნქტის თანახმად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა არის საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს;
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის მიხედვით, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები განმარტებულია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს.
აღნიშნული განმარტება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით ადგენს, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს.
ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მიზნით დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება შეიმუშავებს და ამტკიცებს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“.
26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული „განაშენიანების ძირითადი დებულებების“ საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები შეიმუშავებენ და ამტკიცებენ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს“ დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებულია „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, რომლის მიზანს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთ გაწონასწორების საფუძველზე თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიის, კვლევაზე დაფუძნებული, წინასწარ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით - ტერიტორიული წყობისა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბანული განვითარება, არეგულირებს შემდეგ სფეროს:
ა) თვითმმართველი ქ. ბათუმის და სახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებს;
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობის განსაზღვრას;
გ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების წესს;
დ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონებად დაყოფის მიზნით ზოგადფუნქციური და კონკრეტული ფუნქციური ზონების ჩამონათვალს;
ე) კონკრეტული ფუნქციური ზონებისათის კოეფიციენტებს;
ვ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესს;
ზ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალს;
თ) მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებით პირობებს;
ი) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
კ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომი სიისა და სხვა კომისიის შექმნისა და ფუნქციონირების წესს;
ლ) დამატებით მოთხოვნებს ქალაქთმშენებლობის სხვა დოკუმენტაციის მიმართ და მათი დამტკიცების წესს;
მ) დამატებით სანებართვო პირობებს;
ნ) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე და სახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების სხვა წესებს.
6.5. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ჰუ–-----------–ს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, კო---–--ისა და ინ-------ის ქუჩების კვეთაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0-.2-.----01). მისი მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №4-- და 2012 წლის 23 ივლისის №0----- ბრძანებებით დამტკიცდა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და გაცემული იქნა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის 10,0-მდე გაზრდის მიზნით, მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის კოეფიციენტი განისაზღვრა, 0,2-მდე სიზუსტით.
ჰუ–-----------–მა 2019 წლის 4 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს და მოითხოვა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანებით ჰუ–-----------–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რის საფუძვლადაც მითითებული იქნა იმაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან გასულია 5 წელზე მეტი ვადა და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათ დასაშვები სახეობების, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება, სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.
სასამართლოს მიერ ასევე, დადგენილია და უდავო, რომ ქ. ბათუმში, კო---–--ისა და ინ-------ის ქუჩების კვეთაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №4-- და 2012 წლის 23 ივლისის №0----- ბრძანებებით დამტკიცებული, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება მოპასუხის მიერ 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანების მიღებამდე გაუქმებული არ ყოფილა და არც დღეისათვის არის გაუქმებული.
ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანებაში არ არის მითითებული, სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქმშენებლობითი პირობების რომელი კონკრეტული არსებითი მახასიათებლების ცვლილება აქვს მხედველობაში ადმინისტრაციულ ორგანოს, რამაც გამოიწვია ჰუ–-----------–ის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილება, რაც უკვე დამტკიცებული იყო, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №4-- და 2012 წლის 23 ივლისის №0----- ბრძანებებით.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ მითითებული იქნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში მოსარჩელის მიწის ნაკვეთს შეეცვალა ზონა და ნაცვლად საცხოვრებელი ზონა 6-სა, გახდა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1.
6.6. სასამართლო მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 45-ე მუხლის მე-13 პუნქტით მართლაც არის განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობა და წესი, თუმცა ამისათვის უნდა არსებობდეს სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი:
იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება, სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.
მოსარჩელე ჰუ–-----------–ის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან მართლაც გასულია 5 წელი, თუმცა მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 2012 წლიდან არაერთხელ ჰქონდა ჰუ–-----------–ს მიმართული ქ. ბათუმის მერიისთვის პროექტის შეთანხმებაზე და მუნიციპალიტეტის კანცელარიაში ფიქსირდება შესაბამისი მიმართვების არსებობაც, მაგრამ მისთვის პასუხი არ იქნა გაცემული. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილი 5 წლიანი ვადა, როცა არ ხდება მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის გაგრძელება, ამ შემთხვევაში სახეზე არ არის.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც ადასტურებენ, რომ ჰუ–-----------–ის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შემდეგ, მართალია, შეიცვალა სამშენებლო მიწის ნაკვეთის ქალაქმშენებლობითი პირობები, კერძოდ, კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში მიწის ნაკვეთს შეეცვალა ზონა და ნაცვლად საცხოვრებელი ზონა 6-სა, გახდა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1, რაც იმას ნიშნავს, რომ მოშენების კ1 კოეფიციენტის მნიშვნელობა 0,5 -დან (ანუ მიწის ფართობის 50 %-დან) გაიზარდა 0,6-მდე (მიწის ფართობის 60 %-მდე), ხოლო კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა კ2=2,2-დან, გაიზარდა კ2=3,0-მდე. ეს გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქმშენებლობითი პირობები მოსარჩელისათვის შეიცვალა უარესობისაკენ, ხოლო კანონმდებლის დათქმა ქალაქმშენებლობის პირობების შეცვლაში უპირველესად და გულისხმობს, სწორედ პირობების გაუარესებას.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ არის დაკონკრეტებული სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების ის კონკრეტული ცვლილება, რაც უშუალოდ შეეხება მოსარჩელის მშენებლობას და ამ მხრივ გავლენას ახდენს მასზე, ამასთან, რაც მთავარია, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 45-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ასეთი ცვლილებების დადგენის შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ძალადაკარგულად უნდა გამოეცხადებინა ჰუ–-----------–ის მიწის ნაკვეთის უკვე დამტკიცებული სამშენებლოდ გამოყენების პირობები, თუმცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2012 წლის 26 ივლისის №4-- და 2012 წლის 23 ივლისის №0----- ბრძანებები მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ, დღემდე ძალაშია.
6.7. ეს გარემოებები, ყველა სხვა მოცემულობებთან ერთობლიობაში, ამყარებს მოსარჩელე ჰუ–-----------–ის იმ პოზიციას, რომ უსაფუძვლოდ გრძელდება დროში, მისი საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და უარის თქმის მსგავსი საფუძველი სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტში, მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანებაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად გამოყენებული ის გარემოება, რომ ნებართვის მაძიებლის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან გასულია 5 წელზე მეტი ვადა და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, სამართლებრივად დასაბუთებული არ არის და წინააღმდეგობაში მოდის, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე როგორც „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ისე, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების 45-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილ რეგულაციებთან.
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე უარის თქმის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანება ამ მხრივ მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.
მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე უარის თქმის შესახებ, 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
6.9. სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი მერის 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანება, „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ და მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ჰუ–-----------–ის მოთხოვნაზე, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს ჰუ–-----------–ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჰუ–-----------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 16 მარტის №5-- ბრძანება;
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ჰუ–-----------–ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, შა-–-- ინ-------ის ქუჩა №1--–- მდებარე, 685.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0-.2-.----01) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ.
4. ქ. ბათუმის მერიას გადახდეს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე