გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210119003192862
N2/536-2019წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
3 თებერვალი 2020 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე - გასან ბახშიევი;
წარმომადგენელი - სოფიო ბერძენიშვილი, ბესიკ გალდავა;
მოპასუხე - გივი გრიგალაშვილი;
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირედეს 2019 წლის 28 მარტის N190337563 სააღსრულებო ფურცლით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და 0.12 %-ის ნაცვლად განისაზღვროს 0.01%.
1.2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 28 მარტს გაცემულ N190337563 სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
1.3.შემცირდეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1466 აშშ დოლარით და 1600 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 134 აშშ დოლარი (20.000 * 0.01 %* 67 დღეზე) .
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 21 იანვარს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშული ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვით, სესხის თანხა უნდა გადახდილიყო 2017 წლის 21 ივლისს. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 01.15.02.065.022.02. ს. კოდის მქონე უძრავი ქონება. 2017 წლის 16 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებისა და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სესხის ძირი თანხა განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარით, ყოველთვიური 2% სარგებლის დარიცხვით, ასევე გაიზარდა სესხის დაბრუნების ვადა, კერძოდ, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 16 მაისი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სესხზე დარიცხული სარგებელი მოსარჩელეს გადახდილი აქვს, დარჩენილია 900 აშშ დოლარი.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-13 პუნქტის მიხედვით, ვალდებულების შეუსრულების შემთხვევაში, გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.12 %-ის ოდენობით, სააღსრულებო წარმოების დაწყებემდე.
2018 წლის 28 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემულია N190337563 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაა ძირი თანხა 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი 900 აშშ დოლარი, გადაუხდელი თანხის პირაგასამტეხლო 6000 აშშ დოლარი. სესხის ძირი თანხის 20 0000 აშშ დოლარის გადაუხდელი 0.12 % პირგასამტეხლო დღეში შეადგენს 24 აშშ დოლარს. ამდენად, 2018 წლის 16 მაისიდან 2019 წლის 28 მარტამდე (სააღსრულებო ფურცლის ამონაწერის მომენტისათვის) მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა 250 დღეზე შეადგენს 6000 აშშ დოლარს. შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოპასუხე ითხოვს ჯამში 26 900 აშშ დოლარს აღნიშნული პირაგსამტეხლოს ოდენობა კი მნიშვნელოვნად მაღალია და უნდა შემცირდეს 0.01 %-მდე.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, სარჩელით თავდაპირველად მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობად -500 აშშ დოლარის განსაზღვრა, ხოლო შემდგომში დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობად 134 აშშ დოლარის განსაზღვრა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში სრულად, ხოლო მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განმარტა, რომ თანახმაა პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 500 აშშ დოლარით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გასან ბახშიევსა და გივი გრიგალაშვილს შორის 2016 წლის 21 იანვარს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშკრულება. აღნიშული ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ძირი თანის 0.12 %-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის თანხა უნდა გადახდილიყო 2017 წლის 21 ივლისს.
სასამართლო დაეყრდნო 2016 წლის 21 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.
3.2. 2016 წლის 21 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშკრულებით, აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 01.15.02.065.022.02. ს. კოდის მქონე უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გოგებაშვილის ქ. მე-3 შესახვევი, პირველი ჩიხი, N13, შენობა N2, ფართი 70,89 კვ.მ.
სასამართლო დაეყრდნო 2016 წლის 21 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.
3.3. 2017 წლის 16 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებისა და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სესხის ძირი თანხა განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარით, ყოველთვიური 2% სარგებლის დარიცხვით, ასევე გაიზარდა სესხის დაბრუნების ვადა, კერძოდ, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 16 მაისი.
სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 16 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებისა და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებას.
3.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სესხზე დარიცხული სარგებელი მოსარჩელეს გადახდილი აქვს, დარჩენილია 900 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.5.2018 წლის 28 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემულია N190337563 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაა ძირი თანხა 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი 900 აშშ დოლარი, 2018 წლის 17 მაისიდან პირგასამტეხლო ძირი თანის 0.12 %-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცელის ხარჯი 126 ლარი 72 თეთრი და აღსრულების ხარჯები სრულად.
სასამართლო დაეყრდნო 2018 წლის 28 მარტის სააღსრულებო ფურცელს.
3.6. სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე კრედიტორმა 2019 წლის 3 სექტემბერს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა როგორც ძირი თანხის და სარგებლის დარცხვა, ასევე შემცირებული პირგასამტეხლოს, კერძოდ 6000 აშშ დოლარის დაკისრება.
სასამართლო დაეყრდნო წინადადებას აღსრულების შესახებ.
3.7. 2019 წლის 3 სექტემბერს აღმასრულებელმა წინადადებით მიმართა მოვალე გასან ბახშიევს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც მიუთითა, რომ კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მის მიმართ მოთხოვნა შეადგენს 26 900 აშშ დოლარსა და 126.72 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო 2019 წლის 3 სექტემბრის N A 19152370-004/001 წინადადებას აღსრულების შესახებ.
3.8. გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ 2019 წლის 18 სექტემბრის A 19152370 წინადადებით, 2019 წლის 18 სექტემბერს გივი გრიგალაშვილმა მიმართა აღმასრულებელს და შეამცირა მოითხოვნა კრედიტორის მიმართ პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ, მისი ოდენობა განსაზღვრა 1600 აშშ დოლარით.
სასამართლო დაეყრდნო წინადადებას აღსრულების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 623-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2016 წლის 21 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით და 2017 წლის 16 მაისის მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებისა და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემულია N190337563 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაა ძირი თანხა 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი 900 აშშ დოლარი, 2018 წლის 17 მაისიდან პირგასამტეხლო ძირი თანის 0.12 %-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
დადგენილია, ასევე, რომ სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე კრედიტორმა 2019 წლის 3 სექტემბერს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა როგორც ძირი თანხის და სარგებლის დარცხვა, ასევე შემცირებული პირგასამტეხლოს, კერძოდ 6000 აშშ დოლარის დაკისრება.
2019 წლის 3 სექტემბერს აღმასრულებელმა წინადადებით მიმართა მოვალე გასან ბახშიევს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც მიუთითა, რომ კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მის მიმართ მოთხოვნა შეადგენს 26 900 აშშ დოლარსა და 126.72 ლარს.
6.3. მოსარჩელემ მოითხოვა, ცვლილება შევიდეს ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 28 მარტს გაცემულ N190337563 სააღსრულებო ფურცელში და შემცირედეს 2019 წლის 28 მარტის N190337563 სააღსრულებო ფურცლით ყოლვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და 0.12 %-ის ნაცვლად განისაზღვროს 0.01%.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, ხოლო მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში ნაწილობრივ და განმარტა, რომ თანახმაა მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 500 აშშ დოლარით. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ მოთხოვნის ცნობის გამო, ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 28 მარტს გაცემულ N190337563 სააღსრულებო ფურცელში და შემცირედეს სააღსრულებო ფურცლით ყოლვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და 0.12 %-ის ნაცვლად განისაზღვროს 0.01%. ამასთან მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 500 აშშ დოლარით.
6.3. გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ 2019 წლის 18 სექტემბრის A 19152370 წინადადებით, 2019 წლის 18 სექტემბერს გივი გრიგალაშვილმა მიმართა აღმასრულებელს და შეამცირა მოითხოვნა კრედიტორის მიმართ პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ, მისი ოდენობა განსაზღვრა 1600 აშშ დოლარით.
მოსარჩელემ მოითხოვა, შემცირდეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1466 აშშ დოლარით და 1600 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 134 აშშ დოლარი (20.000 * 0.01 %* 67 დღეზე) .
სასამართლო სხდომაზე გივი გრიგალაშვილმა პირგასამტეხლოს ოდენობად მიუთითა 500 აშშ დოლარი და არ დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ამ ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის პრევენცია და მინიმალური ზიანის ანაზღაურება. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის და ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 500 აშშ დოლარი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს პირგასამტეხლოს განსაზღვრის თაობაზე, იგი სრულიად გონივრულია და არ არსებობს მისი კიდევ (366 აშშ დოლარით) შემცირების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 490 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან გასან ბახშიევის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზევე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობის 5500 დოლარით შემცირების ნაწილში, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ბაჟის ნაწილი 389 ლარი, ხოლო ბაჟის ნაწილი 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ზესტფაონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 219 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელე გასან ბახშიევის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ 2019 წლის 28 მარტს გაცემული №190337563 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ პაატა კაპანაძის მიერ დაწყებული NA1915370 სააღსრულებო საქმის წარმოება, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მოცემულ შემთხვევაში, გასან ბახშიევის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დასაცავად უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა საჭირო არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. გასან ბახშიევის (პ/ნ 01017009124) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ 2019 წლის 28 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N190337563, კრედიტორი გივი გრიგალაშვილი პ/ნ 56001002168, მოვალე გასან ბახშიევი პ/ნ 01017009124) მე-7 მუხლში, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში, შევიდეს ცვლილება, კერძოდ - აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში შემცირდეს 0.12%-დან 0.01%-მდე და სააღსრულებო ფურცლით მოვალე გასან ბახშიევის პ/ნ 01017009124 მიერ კრედიტორ გივი გრიგალაშვილისათვის პ/ნ 56001002168, გადასახდელ პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვროს 500 (ხუთასი) აშშ დოლარი.
3. მოსარჩელეს უარი ეთქვას გადასახდელ პირგასამტეხლოს ოდენობად 134 აშშ დოლარის განსაზღვრაზე.
4. მოსარჩელე გასან ბახშიევს (პ/ნ 01017009124) ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის ნაწილი 389 (სამას ოთხმოცდაცხრა) ლარი, ხოლო ბაჟის დანარჩენი ნაწილი 100 (ასი) დარჩეს ბიუჯეტში- საგადასახადო დავალება N0, თარიღი 17/09/2019 წელი, კოდი 300193150.
5. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე