გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2020
საქმის ნომერი
210310018002439807
კატეგორია
დავის ტიპი
სამშენებლო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310018002439807 საქმე №3/40-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბა

საქართველოს სახელით

18.02.2020 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

მოსარჩელე: სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა’’

წარმომადგენლები: გი-------–-------, გი----–---–---–ი;

მოპასუხე: ს----------- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები: კა----------------ე, მა---–--- სა-----–---–ი;

მესამე პირი: ამ------ გ---------ე

მესამე პირის წარმომადგენელი: კა-----------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 08/09/2016 წლის №1-- ბრძანება „ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ “.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 10/10/2016 წლის №2-- ბრძანება „ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ “.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 21/11/2016 წლის №2-- ბრძანება „ ამ------ გ---------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ “.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------- მუნიციპალიტეტის განგეობის მიერ გაცემული მშენებლობის №000--- სანებართვო მოწმობა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს N2-- ბრძანების საფუძველზე, ს----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული იქნა მშენებლობის ნებართვა, რაზეც ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრეს საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის N366 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, მშენებლობასთან დაკავშირებით წერილობითი თანხმობა არ გაუცია. შესაბამისად, თვითმმართველი ორგანოს მიერ მშენებლობის მიერ მშენებლობის ნებართვა გაიცა ისე, რომ არ იქნა მოთხოვილი საქართველოს ელექტრო გადამცემი ხაზების მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, მოქალაქე ამ----- გ---------ემ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაიწყო მშენებლობა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია, მშენებლობის ნებართვის გაცემა დაცვის ზონაში სახელმწიფო ელექტროსისტემის ნებართვის გარეშე. ნაგებობა აშენებულია დაცვის ხაზის ქვეშ, დაცვის ზონაში. ეს ხაზი რომ გაწყდეს და დაეცეს შენობას სავალალო შედეგი დადგება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი შესაბამისი სტანდარტით აშენებული. ხაზის რეკონსტრუქციის ან ავარიის შემთხევაში ელექტროსისტემა ვერ განახორციელებს სარემონტო სამუშაოებს, რადგან ვერ შეიყვანს მძიმე ტექნიკას. მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას მერიას აუცილებლად უნდა მიიღო მოსარჩელის წინასწარი თანხმობა, რადგან სს „ სა---------–---------–-–--------–--------------მა “ განსაზღვრავს რა შემთხვევაშია შესაძლებელი და შესაძლებელია თუ არა საერთოდ აქ მშენებლობის განხორციელება. ყოვლად დაუშვებელია დაცვის ზონაში ესეთი ტიპის შენობა-ნაგებობის განთავსება, რომელიც მუდმივად არის დამაგრებული მიწაზე, რადგან შესაბამის ორგანოს თავისუფალი მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეს დაცვის ზონაში. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გადადის პირდაპირ შენობის თავზე და ხაზის ქვეშ შენობის აშენების აკრძალვა არ ემსახურება, მხოლოდ მესაკუთრის და იმ ფართში შესული ადამიანების უსაფრთხოების მიზანს. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დაცული იყოს თვითონ ხაზის ექსპლუატაციის და გამოყენების პირობები. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ხაზის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მის მომატებულ საფრთხესთან ერთად. აღნიშნული ხაზი ამარაგებს ს----------- რაიონს მთლინად, შესაბამისად ამ ხაზზე ნებისმიერი დაზიანება ან ხაზის მწყობრიდან გამოყვანა უდიდესი ზარალის მომტანი იქნება მთელი მუნიციპალიტეტისთვის. ამ ხაზის ქვეშ ნებისმიერი შენობის არსებობა უკვე რისკის შემცველია. დღეისათვის ამ შენობაში შეყვანილია, დენი, წყალი, ბუნებრივი აირი. შეიძლება მოხდეს წყლის გაჟონვა და წყლის ჭავლი ამოვიდეს, შეიძლება მოხდეს გაზის აფეთქება, ან მოკლე ჩართვა და ცეცხლი გაჩნდეს. ანუ ნებისმიერი აღნიშნული გარემოება უკვე საფრთხის შემცველია ხაზისათვის, და მოსახლეობისათვის. შესაბამისად, მერიის მიერ გამოცემულ აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 01 ივლისს მერიას განცხადებით მიმართა მოქალაქე ამ----- გ---------ემ მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. განმცხადებლის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცა ბრძანება მშენებლობის ნებართვის თაობაზე. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, რომ სამშენებლო ობიექტი მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზასთან ახლოს, რის გამოც მშენებლობის ნებართვის გაცემა შეთანხმებულ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დოკუმენტაციიდან არ იკვეთებოდა, რომ მშენებარე ობიექტი ექცეოდა ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში, რის გამოც არ მოხდა შეთანხმება სა---------–---------–-–--------–--------------მასთან. შესაბამისად, მათ მიერ გაცემულია აქტი, რომლის საფუძველზეც, ამ----- გ---------ემ განახორციელა მშენებლობა კანონიერია. აქვე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შენობა აშენებულია კანონის სრული დაცვით, იგი გადახურულია ცეცხლგამძლე მასალით, ხაზიდან დაშორებულია 5.37 მეტრით, და ხაზის დაცემის შემთხვევაში დაწვას არ გამოიწვევს. როგორც ექსპერტი ამბობს, რომ თუ მოხდება ფუნქციური დანიშნულების შეცვლა და იქნება სამრეწველო დანიშნულების ამ შემთხვევაში მოექცევა რეგულაციის ჩარჩოში და შესაძლებელია ეს შენობა განთავსდეს მაღალი ძაბვის ელექროენერგიის ხაზის ქვეშ. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს, მიაჩნია, სარჩელი არ უნდა დაკმყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს. ამ----- გ---------ემ კომერციული ფართის მშენებლობისთვის სრულიად კანონიერად მოიპოვა მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც ააშენა კომერციული ფართი, რისთვისაც მან გასწია დიდი ოდენობით ხარჯები. როდესაც მან მიმართა ს----------- მუნიციპალიტეტის მერიას ნებართვის გაცემაზე აქტის გამოცემის თაობაზე და მერიას არ მოუთხოვია აღნიშნული ნებართვის მისაღებად სს ,, სა---------–---------–-–--------–--------------მის ’’თანხმობა. მან იცოდა, რომ აღნიშნული მშენებლობით არანაირი მოწყობის წესები არ ირღვეოდა და აქტის გამოცემის შემდეგ დაიწყო კომერციული ობიექტის მშენებლობა. ამ------ გ---------ეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მიმართ ქონდა კანონიერი ნდობა და ამ აქტის ბათილად ცნობა დაუშვებელია, რადგან მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ამ------ გ---------ემ ააშენა და ფაქტიურად დაასრულა მშენებლობა, რისთვისაც ძალიან დიდი სახსრები გაიღო.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ს----------- მუნიციპალიტეტის 2016 წლის 08 სექტემბრის N1-- ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ქ. ს----------- ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდით 55.12.75.1--). დამკვეთი: ამ----- გ---------ე, პირადი ნომერი 36001005313, მცხოვრები: ქ. საგარეჯო, ფალიაშვილის ქ.N16.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 08 სექტემბრის ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის N1-- ბრძანება;

 

4.2. ს----------- მუნიციპალიტეტის 2016 წლის 10 ოქტომბრის N2-- ბრძანების შესაბამისად, შეთანხმდა მაღაზიის არქიტექტურული პროექტი ქ. ს----------- ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდით 55.12.75.1--). დამკვეთი: ამ----- გ---------ე, პირადი ნომერი 36001005313, მცხოვრები: ქ. საგარეჯო, ფალიაშვილის ქ.N16.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 10 ოქტომბრის ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის N2-- ბრძანება

 

4.3. ს----------- მუნიციპალიტეტის 2016 წლის 21 ნოემბრის N2-- ბრძანების შესაბამისად, გაიცა კომერციული ფართის მშენებლობის დაწყების ნებართვა ქ. ს----------- ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდით 55.12.75.1--). დამკვეთი: ამ----- გ---------ე, პირადი ნომერი 36001005313, მცხოვრები: ქ. საგარეჯო, ფალიაშვილის ქ.N16.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 21 ნოემბრის ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის N2-- ბრძანება

 

4.4. ს----------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 07 დეკემბერს მოქალაქე ამ----- გ---------ის სახელზე გასცა მშენებლობის ნებართვა N000--- 2016 წლის 21 ნოემბრის ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის N2-- ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს----------- მუნიციპალიტეტი გამგეობის N000--- მშენებლობის ნებართვა;

 

4.5. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერიდან ჩანს, რომ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდზე N55.00.1-- (ობიექტის ტიპი: ელექტროგადამცემი ხაზი, ობიექტის აღწერა: 110 კვ. ე.გ.ხ. ,,კოშკი-1:, ობიექტის სიგრძე: 8646.31 მ, დაფარვის ზონა: 110 კვ. ქ/ს ,,საგარეჯო-1“-110 კვ. ქ/ს ,,საგარეჯო -2“, საკუთრების ტიპი: საკუთრება, დამატებითი მახასიათებლები: ე.გ.ხ.-ს დაცვის ზონა შეადგენს 20 მეტრს, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან) მესაკუთრე არის სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა “.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.6. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერიდან ჩანს, რომ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდზე N55.00.176 (ობიექტის ტიპი: ელექტროგადამცემი ხაზი, ობიექტის აღწერა: 110 კვ. ე.გ.ხ. ,,კოშკი-2:, ობიექტის სიგრძე: 8645.08 მ, დაფარვის ზონა: 110 კვ. ქ/ს ,,საგარეჯო-1“-110 კვ. ქ/ს ,,საგარეჯო -2“, საკუთრების ტიპი: საკუთრება, დამატებითი მახასიათებლები: ე.გ.ხ.-ს დაცვის ზონა შეადგენს 20 მეტრს, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან) მესაკუთრე არის სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა “.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.7. სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მის “ მხრიდან გაგზავნილ იქნა წერილი, ს----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, სადაც მიეთითა, რომ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება არის აკრძალული. შესაბამისად, თუ მოქალაქის მხრიდან აღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობდა ნებართვის გარეშე, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მერიას დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება. აგრეთვე ,,სა---------–---------–-–--------–--------------მამ “ ამ----- გ---------ეს გაუგზავნა N22 შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ უნდა შეეწყვიტა ნაგებობის აშენება.

 

,,სა---------–---------–-–--------–--------------მის “ მხრიდან გაგზავნილ იქნა წერილი, ს----------- მუნიციპალიტეტის მერთან, სადაც, მითითებული იქნა, რომ ვინაიდან მაღალი ძაბვის ხაზობრივი ნაგებობა, ერთის მხრივ წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაგებობას, ხოლო მეორეს მხრივ, მომეტებული საფრთხის წყაროს, დაუყონებლივ უნდა შეწყდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ,,სა---------–---------–-–--------–--------------მის “ 2018 წლის 22 თებერვლის და 2018 წლის 29 მარტის შეტყობინებები

 

4.8. დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი ,,დავით რობაქიძის “ N006/6-1 დ.რ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ-------------–-, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, (რაიონულ საავადმყოფოსა და ბენზინგასამართ სადგურს შორის მონაკვეთში) არსებულ 135 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 55.12.75.1--) განთავსებული შენობა-ნაგებობა დღეისთვის დასრულებულ პროცესში, ის კომერციული დანიშნულების შენობა- ნაგებობას წარმოადგენს და მისი მშენებლობის საერთო ღირებულება განისაზღვრება 215 100 (ორას თხუთმეტი ათას ასი) ლარით, საიდანაც 143 400 ლარი შენობის ძირითადი ფართის, ხოლო 71 700 ლარი ნახევარსარდაფული სახის ფართის ღირებულებებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტორი ,,დავით რობაქიძის “ N006/6-1 დ.რ. ექსპერტიზის დასკნა;

 

4.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 სექტემბრის N5006217119 დასკვნის თანახმად, ქ-------------–-, არსებულ მიწის ნაკვეთზე 110 კვ. საჰაერო ეგხ-ს დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის მოწყობისა და 110 კვ საჰაერო ეგხ-ს ექსპლუატაციის პირობებში დარღვეულია ელექტროდანადგართა მოწყობის წესები, ,,РУЗ „ თავი 2.5. პუნქტი 2.5.114-ის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება განისაზღვრება, როგორც არა სამრეწველო დანიშნულების საწარმოო შენობა-ნაგებობა. ფუნქციური დანიშნულების განსაზღვრის შემდგომ, თუ შენობა-ნაგებობას მიენიჭება სამრეწველო დანიშნულების საწარმოო შენობა-ნაგებობის კლასიფიკაცია, ელექტროდანადგართა მოწყობის წესების დარღვევა ზემოაღნიშნულ შენობა-ნაგებობასთან მიმართებაში არ დაფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 სექტემბრის N5006217119 დასკვნა;

4.10. შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით, 2016 წლის 07 დეკემბერს გაცემული №000--- მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ამ----- გ---------ემ განახორციელა და დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად დაასრულა კომერციული დანიშნულების ნაგებობის მშენებლობა, თუმცა შენობა არ არის მიღებული ექსპლუატაციაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა და მესამე პირის განმარტებები;

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება;

“ელექტრული ქსელების ხაზობრივინაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის №366 დადგენილება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 08/09/2016 წლის №1-- ბრძანება „ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ “, 10/10/2016 წლის №2-- ბრძანება „ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ “, 21/11/2016 წლის №2-- ბრძანება „ ამ------ გ---------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ “ და მშენებლობის №000--- სანებართვო მოწმობა, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,, ვ ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 08/09/2016 წლის №1-- ბრძანება „ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ “, 10/10/2016 წლის №2-- ბრძანება „ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ “, 21/11/2016 წლის №2-- ბრძანება „ ამ------ გ---------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ “ და მშენებლობის №000--- სანებართვო მოწმობა, წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას ზიანი მიადგება. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი. ამ პირობებში თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამგვარი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში გადის აღმჭურველი აქტი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო აქტების ფარგლებიდან, რამდენადაც ადგილი აქვს საჯარო ინტერესების არსებითად დარღვევას. ამასთან, არსებითი ხასიათის დარღვევა მაშინაა სახეზე, თუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.

 

7.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დროს ადგილი ქონდა სამშენებლო კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს, შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები~, კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების~ 37-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად:

I სტადია – ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა;

II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;

III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.

 

ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად: მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით:

ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება;

ბ) უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;

გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება;

დ) საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია;

ე) საჯაროობა;

ვ) ერთი სარკმლის პრინციპი;

ზ) დუმილი თანხმობის ნიშანია;

თ) პასუხისმგებლობის პრინციპი.

 

7.4. “ელექტრული ქსელების ხაზობრივინაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის №366 დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილია ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები. ამავე დადგენილების მე-4 მუხლი ადგენს:

 

1. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ:

 

ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად;

ბ) ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ მანქანა-მექანიზმების გავლა, რომელთა საერთო სიმაღლე გზის საფარიდან ტვირთით და/ან ტვირთის გარეშე აღემატება 4.5 მეტრს;

გ) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ავტოგასამართი სადგურების და საწვავ-საპოხი მასალების საცავების მოწყობა;

დ) სადენებზე და ანძებზე საგნების შეგდება, მათი მიდგმა თუ მიბმა, ანძებზე ასვლა, აგრეთვე სახურავებიდან სადენებზე თოვლის ან/და სხვა საგნების ჩამოყრა;

ე) ელექტრული ქსელების ხაზობრივ ნაგებობებთან მისასვლელი გზების ლიკვიდირება ან ჩახერგვა, თუ არ არსებობს ალტერნატიული მისასვლელი (მისასვლელი გზა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი სიგანის);

ვ) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სათამაშო სპორტული მოედნების, ბაზრობების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საველე კარვების განლაგება, ყველა სახის მანქანა-მექანიზმების და საქონლის სადგომების მოწყობა, ნებისმიერი სახის ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრასთან, თუ ისინი არ ასრულებენ ნებადართულ სამუშაოებს;

ზ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ტერიტორიაზე ან სათავსოებში უცხო პირთა ყოფნა, მათ მიერ შენობა-ნაგებობების კარების და ლუკების გაღება, ქსელში ჩართვების და გადართვების წარმოება;

თ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სარტყამი მექანიზმებით სამუშაოთა წარმოება, 5 ტონაზე მეტი წონის ტვირთის ჩამოგდება, მწვავე და კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების, საწვავ-საპოხი მასალების დაღვრა და/ან დაყრა;

ი) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ჭავლსატყორცნი სარწყავი სისტემის მოწყობა, ასევე სარწყავების მოწყობა გაშხეფების გზით;

კ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ნებისმიერი სახის ნაგავსაყრელის მოწყობა;

ლ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოწყობა, ნებისმიერი დანიშნულებით კოცონის დანთება;

მ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ფრანების, მფრინავი აპარატების (მათ შორის უმართავი) სპორტული მოდელების გაშვება.

2. ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია:

ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება;

ბ) გეოლოგიურ-დაზვერვით და საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოთა წარმოება;

გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვ.;

დ) ავტოტრანსპორტის და სხვა მანქანა-მექანიზმების სადგომების და გადასასვლელი გზების მოწყობა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ არაგაბარიტული ტვირთების გატარება;

ე) მცურავი საშუალებების ნავსადგომების მოწყობა, ფსკერის დაღრმავებისა და მიწის ამოღების, მცურავი საშუალებების დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოთა წარმოება, ღუზის ჩაშვება, ჩაშვებული ღუზით მოძრაობა, თევზისა და წყლის მცენარეების რეწვა;

ვ) მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში - 0.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩატარების მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია, განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებაზე ელექტრული ქსელის მფლობელი პირის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. პირი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში აწარმოებს ნებისმიერი სახის აფეთქების, სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარეკონსტრუქციო, აგრეთვე სხვა სამუშაოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება, ვალდებულია აღნიშნული ქსელის მფლობელ პირს ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით შეუთანხმოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, აგრეთვე სამუშაოთა დაწყების თარიღი.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებში ნაგებობების აშენება ზოგადად აკრძალულია და გამონაკლის შემთხვევაში შეთანხმებული უნდა იქნეს სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მასთან.’’

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ხაზის ქვეშ აშენებული კაპიტალური ნაგებობა თავის თავად საფრთხის შემცველია შენობაში მყოფი პირებისათვის. ხაზის დაზიანების ან გაწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია სავალალო შედეგი დადგეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი შესაბამისი სტანდარტით აშენებული. ხაზის რეკონსტრუქციის ან ავარიის შემთხევაში ელექტროსისტემამ ოპერატიულად უნდა განახორციელოს საავარიო სამუშაოები, დაცვის ზონაში შეიყვანოს მძიმე ტექნიკა, რასაც ხელი შეეშლება ამ ნაგებობის აშენებით. მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას მერიას აუცილებლად უნდა მიიღო მოსარჩელის წინასწარი თანხმობა, რადგან „ სა---------–---------–-–--------–--------------მა “ განსაზღვრავს რა შემთხვევაშია შესაძლებელი და შესაძლებელია თუ არა საერთოდ აქ მშენებლობის განხორციელება. ყოვლად დაუშვებელია დაცვის ზონაში ესეთი ტიპის შენობა-ნაგებობის განთავსება, რომელიც მუდმივად არის დამაგრებული მიწაზე, რადგან შესაბამის ორგანოს თავისუფალი მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეს დაცვის ზონაში. დადგენილია, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გადადის პირდაპირ კომერციული შენობის თავზე. ასეთი ტიპის ხაზის ქვეშ შენობის აშენების აკრძალვა არ ემსახურება, მხოლოდ მესაკუთრის და იმ ფართში შესული ადამიანების უსაფრთხოების მიზანს. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დაცული იყოს თვითონ ხაზის ექსპლუატაციის და გამოყენების პირობები. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ხაზის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მის მომატებულ საფრთხესთან ერთად. აღნიშნული ხაზი ამარაგებს ს----------- რაიონს მთლინად, შესაბამისად ამ ხაზზე ნებისმიერი დაზიანება ან ხაზის მწყობრიდან გამოყვანა უდიდესი ზარალის მომტანი იქნება მთელი მუნიციპალიტეტისთვის. დღეისათვის ამ შენობაში შეყვანილია, დენი, წყალი, ბუნებრივი აირი. შეიძლება მოხდეს წყლის გაჟონვა და წყლის ჭავლი ამოვიდეს, შეიძლება მოხდეს გაზის აფეთქება ან მოკლე ჩართვა და ცეცხლი გაჩნდეს. ანუ ნებისმიერი აღნიშნული გარემოება უკვე საფრთხის შემცველია ადამიანებისათვის, რომლების აღმოჩნდებიან ამ შენობაში და მის მიმდებარეთ ავარიის შემთხვევაში.

 

სასამართლო არ იზიარებს მერიის წარმომადგენლის პოზიციას, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არ იყო დატანილი ხაზობრივი ნაგებობა და ამრიგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი არ იყო მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზის არსებობა დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თავზე, რადგან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესწავლა და პროექტის დამტკიცება არ ხდება ადგილზე გასვლის და გარემოს შესწავლის გარეშე. გარდა ამისა ეს ხაზობრივი ნაგებობა დატანილია საჯარო რეესტრის ამონაწერში. სასამართლოს მიაჩნია, რომ სანებართვო პირობების და მშენებლობის ნებართვის გაცემისას მერიამ დაარღვია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპები.

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მესამე პირის ამ----- გ---------ეს არ შეიძლება არ სცოდნოდა ამ ადგილზე მშენებლობის უფლების შეზღუდვების თაობაზე. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციული აქტებით არსებითი ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, არსებითად ირღვევა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დროს ადგილი ქონდა სამშენებლო კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს და შესაბამისად, მერიის მიერ გამოცემულ აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-12, 22-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 08/09/2016 წლის №1-- ბრძანება „ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ “.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 10/10/2016 წლის №2-- ბრძანება „ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ “.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 21/11/2016 წლის №2-- ბრძანება „ ამ------ გ---------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ “.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------- მუნიციპალიტეტის განგეობის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა №000---.

 

2. მოსარჩელე სს ,,სა---------–---------–-–--------–--------------მა’’ სასარგებლოდ მოპასუხე ს----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის. №15) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე