გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003238501
საქმე № 3/255-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ხ---- ი-----–-–---–ი
წარმომადგენელი: ა-–---- მ------–---–-
მოპასუხე: ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო"
წარმომადგენლები: ე-–--- ს--------–--- და მ------ გ--–-–---–-
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): სსიპ ,,ღვინის ეროვნული სააგენტო"
წარმომადგენელი: ს--–---- მ-–---–----
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: თ----- მ---–---–- და ნ--- ფ---–---–---–-
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ხ---- ი-----–-–---–ის სასარგებლოდ საქონლის შესყიდვის სუბსიდირების უზრუნველყოფა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, ხ---- ი-----–-–---–ი (პირ. № 0----------) ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ შ------ში და, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო და სახნავი) მიწის 3 ნაკვეთი.
2019 წლის 25 მაისსა და 8 ივნისს საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები 1 ჰექტარზე 200 ლარის ოდენობით.
მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ გადაგზავნილ სიაში დასახელებული და მითითებული იყო ხ---- ი-----–-–---–ი, მას კომპენსაციის (300 ლარის) გაცემაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ კომპენსაცია გაიცა მუნიციპალიტეტების მიერ პირველად გადაგზავნილ სიაში დასახელებულ მოსახლეობაზე, ხოლო მეორედ მიწოდებულ სიაში დასახელებულ პირებზე ეს კომპენსაცია ვეღარ გაიცემოდა.
2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია
მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ" გასცა შესაბამისი კომპენსაციები იმ მოსახლეობაზე, რომელთა შესახებ სიები გადაგზავნილი იქნა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიერ. ხ---- ი-----–-–---–ის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა მოგვიანებით, რის გამოც კომპენსაცია ვერ გაიცა შესაბამისი ფინანსური რესურსის არარსებობის გამო.
იმის გამო, რომ გორის მუნიციპალიტეტმა დაგვიანებით მიაწოდა ინფორმაცია ხ---- ი-----–-–---–ის შესახებ, ზიანის ანაზღაურებაზე მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი.
მესამე პირმა - სსიპ ,,ღვინის ეროვნულმა სააგენტომ" სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ სსიპ ,,ღვინის ეროვნული სააგენტო" ახორციელებდა ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსაგან" მოწოდებულ პირებსა და ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვას, და სსიპ ,,ღვინის ეროვნული სააგენტო" წარმოადგენდა მხოლოდ ტექნიკურ შემსრულებელს; კომპენსაციის მიმღებ პირებს განსაზღვრავდა ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო".
მესამე პირი - გორის მუნიციპალიტეტის მერია სარჩელს დაეთანხმა, მიუთითა და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის" დამატებითი სიების წარდგენა არ ქმნიდა მოსარჩელისათვის კუთვნილი კომპენსაციის გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ---- ი-----–-–---–ის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრებაში 2016 წლის 21 ოქტომბრიდან და 2017 წლის 25 აპრილიდან, № 6--4--1--3--, № 6--4--1--3-- და № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდებით, საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შ------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო და სახნავი) 4 981 მ2, 2 658 მ2 და 3 835 მ2 მიწის 3 ნაკვეთი (სულ 11 474 მ2);
მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 20-25).
3.2.2. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის განკარგულებით, 2019 წლის 25 მაისსა და 8 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლების დახმარების მიზნით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს დაევალათ, უზრუნველეყოთ ამ სოფლებში მცხოვრები დაზარალებული ოჯახების აღწერა დაზიანებული მიწის ფართობების მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტაციის ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის" წარდგენა;
მტკიცებულება: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის № 1610 განკარგულება.
3.2.3. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 ივლისის მიმართვით ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" გადაეგზავნა 2019 წლის 25 მაისსა და 8 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლების აღწერისა და დაზიანებული მიწის ფართობების შესახებ ინფორმაცია;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 ივლისის № 10/1/13143 მიმართვა (ს. ფ. 94).
3.2.4. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ხ---- ი-----–-–---–ი შეყვანილი იქნა სეტყვის შედეგად დაზარალებულ დახმარების მიმღებთა დამატებით სიაში (№ 170) და გადაგზავნილი იქნა ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში" 2019 წლის 15 აგვისტოს;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 სექტემბრის № 04/16365 და 2019 წლის 25 სექტემბრის № 04/17458 მიმართვები (ს. ფ. 15, 18), ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" 2019 წლის 4 ოქტომბრის № 5/2012 მიმართვა (ს. ფ. 19).
3.2.5. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" მიერ სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს" ეთხოვა პროგრამიდან - ,,ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია" - მომართული თანხიდან 2 137 795 ლარის სს ,,ლ-------------ის" სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვა, რაც გადაირიცხა 2019 წლის 30 ივლისს;
მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" 2019 წლის 24 ივლისის № 5/1402 მიმართვა (ს. ფ. 88), სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს" 2019 წლის 30 ივლისის № 03/625 მიმართვა (ს. ფ. 105-106), საგადახდო მოთხოვნა № 00896 (ს. ფ. 98), სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს" 2020 წლის 15 იანვრის № 03/20 მიმართვა (ს. ფ. 118).
3.2.6. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხები ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" მიერ გაცემული იქნა გორის მუნიციპალიტეტის მიერ ,,სააგენტოში" პირველადად გადაგზავნილ სიაში მითითებული დაზარალებული პირებისათვის;
მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" 2019 წლის 4 ოქტომბრის № 5/2012 მიმართვა (ს. ფ. 19).
3.2.7. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" მიერ სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს" ეთხოვა პროგრამიდან - ,,ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია" - მომართული თანხიდან 659 192,63 ლარის შპს ,,ს----------–-------–------–-ის" ანგარიშზე გადარიცხვა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდების საფასურის სუბსიდირების მიზნით, რაც გადაირიცხა 2019 წლის 8 ნოემბერს.
მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" 2019 წლის 21 ოქტომბრის № 5/2153 მიმართვა (ს. ფ. 96), სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს" 2019 წლის 25 ოქტომბრის № 03/885 მიმართვა (ს. ფ. 107-108), საგადახდო მოთხოვნა № 01361 (ს. ფ. 97), სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს" 2020 წლის 15 იანვრის № 03/20 მიმართვა (ს. ფ. 118).
3.2.8. ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" მიერ ხ---- ი-----–-–---–ს ეცნობა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ მოსახლეობის დახმარება იქნა გაწეული, რომელთა შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მიერ პირველადი მონაცემების საფუძველზე იქნა მიწოდებული. მიუხედავად მცდელობისა, მომხდარიყო დამატებით გადაგზავნილ სიებში შეყვანილი პირების დახმარებაც, ეს ვერ განხორციელდა სხვა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო.
მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" 2019 წლის 4 ოქტომბრის № 5/2012 მიმართვა (ს. ფ. 19).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაევალოს საქონლის შესყიდვის სუბსიდირებისათვის ხ---- ი-----–-–---–ისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემა, რამდენადაც კანონმდებლობით იგი წარმოადგენს ამ კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, ხოლო მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოებები არ ქმნის ამ კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის № 1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის № 1667 განკარგულებები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის № 1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის № 1667 განკარგულებებით, სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ დაევალა, მოეხდინა არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის მიმართვა, ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ მოთხოვნის საფუძველზე, მომსახურე ბანკის სპეციალურ ანგარიშსა და შპს „ს----------–-------–------–-ის“ ანგარიშზე, შემდგომში დაზარალებული მოსახლეობისთვის სუბსიდიის გაცემის მიზნით.
ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ დაევალა, ამ თანხით უზრუნველეყო, დაზარალებული მოსახლეობისთვის (ფიზიკური პირებისთვის) საქონლის შესყიდვის სუბსიდირება შემდეგი პრინციპით: ფიზიკურ პირებს, რომელთა დაზიანებული მიწის ფართობი არ აღემატებოდა 0,5 ჰა.-ს – 100 ლარით, ხოლო 0,5 ჰა.-იდან 5 ჰა.-ის ჩათვლით – 200 ლარით ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით.
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს დაევალათ, უზრუნველეყოთ 2019 წლის 25 მაისსა და 8 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, დაზარალებული ფიზიკური პირების აღწერა, დაზიანებული მიწის ფართობების მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტაციის ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის“ წარდგენა.
დადგენილია და სადავო არაა, რომ ხ---- ი-----–-–---–ი წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ შ------ში მცხოვრებ პირს, რომლის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრებაში 2016 წლის 21 ოქტომბრიდან და 2017 წლის 25 აპრილიდან, № 6--4--1--3--, № 6--4--1--3-- და № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდებით, საკუთრების უფლებით ირიცხება ამავე სოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო და სახნავი) 4 981 მ2, 2 658 მ2 და 3 835 მ2 ფართების მქონე 3 მიწის ნაკვეთი, სულ 11 474 მ2 ფართით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის № 1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის № 1667 განკარგულებებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხ---- ი-----–-–---–ი შეყვანილი იქნა სეტყვის შედეგად დაზარალებულ დახმარების მიმღებთა დამატებით სიაში (№ 170) და როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული იქნა ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის“ 2019 წლის 15 აგვისტოს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის № 1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის № 1667 განკარგულებების შინაარსის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ გამოყოფილი თანხიდან დაზარალებული მოსახლეობისთვის, მათ შორის ხ---- ი-----–-–---–ისათვის საქონლის შესყიდვის სუბსიდირება უნდა მოეხდინა ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, რაც არ მომხდარა.
მოპასუხის განმარტება, რომ დახმარება ვერ განხორციელდა ხ---- ი-----–-–---–ის შესახებ მონაცემების დაგვიანებით გადაგზავნის და დასახმარებლად გამოყოფილი თანხის ამოწურვის გამო, არ ქმნის საქართველოს მთავრობის განკარგულებით დელეგირებული უფლებამოავალეობების შესრულებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის № 1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის № 1667 განკარგულებებით სიების წარდგენისა და შემდგომ დახმარების გაცემის რაიმე ვადა დაწესებული არ არის.
ამავე დროს, სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ დაევალა, მოეხდინა არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის მიმართვა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თვით ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ მოთხოვნის საფუძველზე.
როგორც აღინიშნა, ,,ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის" პროგრამიდან სს ,,ლ-------------ის" სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხა 2 137 795 ლარი, ხოლო 659 192,63 ლარი - შპს ,,ს----------–-------–------–-ის" ანგარიშზე, სულ 2 796 987,63 ლარი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაზარალებული მოსახლეობისათვის გაცემული თანხა არ აღემატებოდა 3 000 000 ლარს, და, ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ მოთხოვნის შემთხვევაში, ხ---- ი-----–-–---–ისათვის თანხის - 300 ლარის გამოყოფა სრულიად შესაძლებელი იყო (მხარეები თანხის ოდენობას სადავოდ არ ხდიან).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხ---- ი-----–-–---–ი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის № 1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის № 1667 განკარგულებებით განსაზღვრულ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ პირს, რომლის მიმართაც დასახმარებელი თანხის გაცემის ვალდებულება განისაზღვრა ამავე განკარგულებებით, ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ უარი მისთვის თანხის გაცემაზე უკანონო და დაუსაბუთებელია, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
ამდენად, ხ---- ი-----–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუს 2012 წლის 9 თებერვლის № ბს-1330-1315 (კ-11) გადაწყვეტილება) სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან; ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესების ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის № ბს 776-768 (2კ-4კს-15) განჩინება).
საქმეს თან ერთვის მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯის გაღების დოკუმენტაცია, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი, თუმცა მოსარჩელე არ შუამდგომლობს (არ ითხოვს) ხარჯების ანაზღაურებას; შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ანაზღაურებასა და მხარეთა შორის განაწილებაზე ვერ იმსჯელებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ა(ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" დაევალოს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 ივლისის № 1610 და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2019 წლის 22 ივლისის № 1667 განკარგულებებით განსაზღვრული წესით, უზრუნველყოს ხ---- ი-----–-–---–ისათვის საქონლის შესყიდვის სუბსიდირება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. საქმეზე ხ---- ი-----–-–---–ის მიერ 2019 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება № 0, რეფერენსი 2993580239) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი