გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2020
საქმის ნომერი
010310019003213860
კატეგორია
დავის ტიპი
საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 01----------------

საქმე №3-------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

 

მოსარჩელე - ი/მ ზ--------–----------–---------------–----–-----------–---

 

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია;

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური

წარმომადგენელი - მ-----------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზ--------–-------- დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დავის მოკლე შინაარსი: ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“, 2----–-–------------ ხელშეკრულების საფუძველზე, ი-------------–----------------–---------------–---------------------–-------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტი კოდით: 05.03.33.0---, რომელზეც შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ააშენა საზოგადოებრივი საპირფარეშო. დროთა განმავლობაში საპირფარეშოს სახურავი დაძველდა და წვიმის წყალს ატარებდა. საკურორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ გადაწყვიტა ობიექტის წესრიგში მოყვანა და მისი ესთეტიკური მხარის გაუმჯობესება, არქიტექტორის მიერ მომზადებული ახალი პროექტით განახორციელა არსებული სახურავის რეკონსტრუქცია, ამის პარალელურად მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, პროექტის შესათანხმებლად და თანხმობის მისაღებად. ამგვარი ქმედებით მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ იგი არ ჩადიოდა რაიმე სახის სამართალდარღვევას და სახურავის იერსახის შეცვლის გამო მის მიმართ არ იარსებებდა რაიმე სახის პრეტენზია.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2----–----------------–-----------------–---- რომლითაც ზ--------–------- მიჩნეულ იქნ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირად, მას დაევალა მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. 20---–-–----------------- დადგენილება ზ--------–-------მ გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში, თუმცა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

 

ზ--------–-------- პოზიციით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, მას არ ჩაუდენია სამშენებლო სამართალდარღვევა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------------------------–-----–--- (თანხმობა), სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნილი მშენებლობა განეკუთვნება I კლასის ობიექტს. აღნიშნული კლასის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიდასტურებთ ქ--–----------–--------------------------------------------- ტერიტორიაზე თქვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N05.03.33.0--- საზოგადოებრივი ობიექტის რეკონსტრუქციის მიზნით, წარმოდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთნ შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას“.

აღნიშნული წერილი, თავისი შინაარსით წარმოადგენს თანხმობას და მოწმობს იმ გარემოებას, რომ ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მ-------------------------------------- არსებულ შენობაზე, ზ--------–-------- მიერ განხორციელებული მშენებლობა არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არის შესაბამისობაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

ამასთან აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მ-------------------------------------- არსებულ შენობის რეკონსტრუქცია ზ--------–-------მ განახორციელა უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი თანხმობის (ნებართვა) გარეშე, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო იგი მიეჩნია სამშენებლო სამართლადარღვევის ჩამდენ პირად და დაეკისრა საჯარიმო სანქცია.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ზღვიპირა პარკში, მ------------------------------------ 80 კვ.მ ფართით, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან (საკადასტრო კოდი: 05.03.33.0--- ერთად აღრიცხულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად.

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“, 2----–-–------------ ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ზ--------–-------ს 49 წლის ვადით, იჯარით გადაეცა - ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მე-------------------დ არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.03.33.0---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 2----–-–------------ იჯარის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. 2019 წლის 9 თებერვალს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის N20 მითითების თანახმად, ი/მ ზ--------–-------მ ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მ-------------------------------------- (საკადასტრო კოდი: 05.03.33.0--- უნებართვოდ განახორციელა საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეკონსტრუქცია - სახურავის მოწყობა.

N20 მითითებით, ი/მ ზ--------–-------ს დაევალა სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–-----------------------–----–----- აქტით დადგინდა, რომ ზ--------–-------მ არ შეასრულა 20---–-–--------------–------ მითითების პირობები.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილებით - ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მ-------------------------------------- (საკადასტრო კოდი: 05.03.33.0--- საზოგადოებრივი საპირფარეშოს უნებართვო რეკონსტრუქცია - სახურავის მოწყობის გამო, ზ--------–------- დაჯარიმდა 3 000 ლარით. ამასთან, მოსარჩელე მხარეს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი სახურავის დემონტაჟი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. 2019 წლის 30 მაისს, ზ--------–-------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 30 მაისის ზ--------–-------- ადმინისტრაციული საჩივარი;

 

3.1.5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 13 დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენა ზ--------–-------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3------------------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ--------–-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3------------------ ბრძანება;

- ადმინისტრაციული წარმოების მასალა;

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 20---–-–----------------- დადგენილებისა და 2----–-–---------------------------------–---------------- მიღებისას, მოხდა თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევა, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ ზ--------–-------- მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზ--------–-------- დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3------------------ ბრძანება და მოპასუხე მხარეს უნდა დაევალოს სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ზ--------–------- დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით, ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მ-------------------------------------- (საკადასტრო კოდი: 05.03.33.0--- საზოგადოებრივი საპირფარეშოს უნებართვო რეკონსტრუქციის - სახურავის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით დაევალა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2019 წლის 9 თებერვალს ზ--------–-------- მიმართ შედგენილ იქნა N20 მითითება, რომლის თანახმად ზ--------–-------- მიერ ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მ-------------------------------------- (მიწის ს/კ 05.03.33.0--- უნებართვოდ განხორციელდა საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეკონსტრუქცია, კერძოდ, სახურავის მოწყობა. დარღვევის გამოსასწორებლად დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

დადგენილია ასევე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2----–-–-------------------–--------–--------- შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც ზ--------–-------მ არ შეასრულა 20---–-–--------------–------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, ობიექტი არ მოიყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43 მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: ა) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით; ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში, ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2----–-–-----------------------–----------------------–--- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ზ--------–------- დაჯარიმდა 3 000 ლარით, ქ. ბათუმში ზღვისპირა პარკში მ-------------------------------------- (მიწის საკადასტრო კოდი: 05.03.33.0--- საზოგადოებრივი საპირფარეშოს უნებართვოდ რეკონსტრუქციის - სახურავის მოწყობისათვის, ზ--------–-------ს დაევალა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი სახურავის დემონტაჟი) და დაკისრებული ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ)დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება;

 

ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

6.5. სასამართლო აქვე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია შემდეგნაირად - მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ;

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით კანონის აღნიშნული დანაწესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა მოსარჩელის მიერ ჩადენილი საამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ზ--------–-------- მტკიცებით, ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მე-------------------დ, იჯარით გადაცემულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ობიექტის სახურავის ისერსახის ცვლილებით რეალურად მოხდა ობიექტის გაუმჯობესება და ამგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოებით არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ამასვე მოწმობს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2----–-–-------------------------- წერილი (თანხმობა), სადაც აღნიშნულია, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზ--------–-------- მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ესკიზური პროექტი მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მე-------------------დ, იჯარით გადაცემულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ობიექტის სახურავის რეკონსტრუქციისთვის მოსარჩელე მხარეს მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროებოდა და ამის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მის მიერ განხორციელებული მშენებლობა - უნებართვო მშენებლობად, რისთვისაც დააკისრა საჯარიმო სანქცია.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სადავო დადგენილების მიმღები, ასევე საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ განხორციელებული მშენებლობისას მოსარჩელეს არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა და არც შეთანხმებული რაიმე სახის დოკუმენტაცია და ზ--------–-------ზე მოგვინაებით გაიცა ამ სახის დოკუმენტი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ზ--------–-------- მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეული იქნა ფაქტობრივი გარემოებები და მათ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ყოველივე აღნიშნული სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სადავო დადგენილება მიღებულია საქმის ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შეჯერების გარეშე.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზ--------–-------- დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3------------------ ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება, ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა იმსჯელოს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და დაადგინოს ამავე სამსახურის 2019 წლის 12 დეკემბრის N25/28949 წელით განმარტებული სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, სახეზეა თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაბამისი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითრებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, მოსარჩელე - ი/მ ზ--------–-------- სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი/მ ზ--------–-------- სარჩელი, მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3------------------ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 20---–-–----------------- დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------------------------- თანმხლები შედეგებით;

 

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ზ--------–-------- სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე