გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002080559
2-3483/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30/10/2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ს---–--- ს---------ე
წარმომადგენელი - ვ-–-----------–---–ი
მოპასუხე - მ--------- ტ------–--ე
წარმომადგენელი - გ--–- მ--------
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელის პოზიცია:
ს---–--- ს---------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს გაუქმდეს 2016 წლის 14 ნოემბერს ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე მ--------- ტ------–--ესთან დადებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონების 1/2 ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს მის საკუთრებად.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ს---–--- ს---------ე და მ--------- ტ------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 6 ნოემბრიდან. ჰყავთ ერთი შვილი ს--- ს---------ე, დაბადებული 2012 წლის 9 დეკემბერს. 2015 წლის 13 თებერვალს მხარეებმა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ ჯ----–---ისაგან“ 34 000 აშშ დოლარად შეიძინეს 63 კვ.მ. ფართის ბინა, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში. შეძენილი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა ს---–--- ს---------ის სახელზე. ს---–--- ს---------ემ და მ--------- ტ------–--ემ ბინაში ერთობლივად ჩაატარეს რემონტი და მოაწყვეს ავეჯით, სადაც საცხოვრებლად გადავიდნენ 2015 წლის ბოლო პერიოდიდან. 2016 წლის 14 ნოემბერს ს---–--- ს---------ემ ბინა აჩუქა მ--------- ტ------–--ეს. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ს---–--- ს---------ე მუშაობდა გემზე და მიღებულ ხელფასს აგზავნიდა ოჯახში, რითაც მ--------- ტ------–--ე მის არყოფნაში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს. გარდა ამისა მან სარემონტო სამუშაოებზე დახარჯა 7000 აშშ დოლარი, რაც სესხად ჰქონდა მიღებული და ამჟამად ვალად ადევს. რეისიდან დაბრუნების შემდეგ მოპასუხემ განუცხადა, რომ აღარ უყვარდა, აღარ სურდა მასთან ცხოვრება, აღარ შეუშვა სახლში და ამ გზით შეუზღუდა საერთო ქონებით სარგებლობის უფლება. მიაჩნია, რომ მოპასუხემ მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნების საფუძველია. იქედან გამომდინარე, რომ უძრავი ქონება შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, მიიჩნევს რომ, ქონების 1/2 უნდა დარეგისტრირდეს ს---–--- ს---------ის საკუთრებად, ხოლო მეორე ნაწილი მოპასუხის საკუთრებად.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2012 წლის 6 ნოემბრიდან, ასვე ადასტურებს იმ გარემოებას რომ 2015 წლის 13 თებერვალს შეიძინეს ქ. ბათუმში ჭ----------------------------------, რომელიც თავდაპირველად დარეგისტრირდა ს---–--- ს---------ის სახელზე, შემდეგში კი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მ--------- ტ------–--ის სახელზე. მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბინა არ არის მეუღლეების მიერ შეძენილი. იგი მ--------- ტ------–--ეს შეუძინეს მისმა მშობლებმა და აჩუქეს მას. ბინის შეძენის მომენტში, ს---–--- ს---------ემ მოითხოვა ბინის მის საკუთრებად აღრიცხვა. შემდგომში მ--------- ტ------–--ემ სურვილი გამოთქვა მისი მშობლების მიერ შეძენილი ბინა, მის საკუთრებად ყოფილიყო რეგისტრირებული. სწორედ ამის გამო მოითხოვა ბინის მის საკუთრებად აღრიცხვა. ს---–--- ს---------ე მის მოთხოვნას დასთანხმდა და ბინა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მის ნამდვილ მესაკუთრეზე - მ--------- ტ------–--ეზე. განმარტავს, რომ მ--------- ტ------–--ეს ს---–--- ს---------ის მიმართ უმადურობა არ გამოუჩენია. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა ჯერ კიდევ ჩუქებამდე და ამ დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე ის მეუღლის ოჯახის წევრებმა გამოაგდეს სახლიდან და მას შემდეგ ცხოვრობს მშობლების ნაჩუქარ ბინაში. მიაჩნია, რომ ქონება არ არის მეუღლეთა ცხოვრებისას ერთად შეძენილი და მასზე მოსარჩელეს მოპოვებული არ აქვს საკუთრების უფლება. გარდა ამისა, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მ--------- ტ------–--ეს მოსარჩელის მიმართ უმადურობა არ გამოუჩენია.
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ს---–--- ს---------ე და მ--------- ტ------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 6 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
– ქორწინების მოწმობა. ს.ფ. 30
3.1.2. ს---–--- ს---------ის და მ--------- ტ------–--ის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, კერძოდ 2015 წლის 13 თებერვალს ს---–--- ს---------ესა და შპს ,,ჯ----–---ს“ შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს---–--- ს---------ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2015 წლის 13 თებერვლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ს.ფ.18-22
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. 28-29
3.1.3. ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება 2016 წლის 17 ნოემბრიდან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მ--------- ტ------–--ის საკუტრებად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. ს.ფ. 16-17.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. 26-27
3.1.4. ს---–--- ს---------ე და მ--------- ტ------–--ე ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალცალკე. სადაო უძრავ ქონებაში ცხოვრობს მ--------- ტ------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადაოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ს---–--- ს---------ის და მ--------- ტ------–--ის მიერ ქორწინების განმავლობაში უძრავი ქონების შეძენა;
- შეძენილი ბინის ს---–--- ს---------ის თანხით რემონტი;
- ს---–--- ს---------ის მიერ, ბინის რემონტისათვის 7000 აშშ დოლარის სესხად მიღება;
- დასაჩუქრების შემდეგ მ--------- ტ------–--ის მიერ უმადურობის გამოჩენა.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ისინი თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დადგინდეს სადაო ქონება არის თუ არა მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ეს ქონება ჩუქების გზით მიღებული ქონებაა. დასახელებული ფაქტის მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს რომ ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში. თავის მხრივ მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ქონება მიიღო საჩუქრად.
3.2.4. მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, დაამტკიცოს, რომ შეძენილი ბინა გარემონტდა ნაწილობრივ მისი ხელფასით, ნაწილობრივ კი სესხად მიღებული 7000 აშშ დოლარით. ასევე მან უნდა დაამტკიცოს, რომ დასაჩუქრების შემდეგ მ--------- ტ------–--ემ მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება, შეძენილია მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. ამ გარემოების დადასტურებისათვის ის მიუთითებს ქორწინების მოწმობაზე, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და საჯარო რეესტრის ამონაწერზე. დასახელებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება ს---–--- ს---------ის საკუთრებად რეგისტრირებული იქნა 2016 წლის 15 ივლისს. ამ პერიოდისათვის ს---–--- ს---------ე და მ--------- ტ------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. მათი ქორწინება რეგისტრირებულია 2012 წლის 6 ნოემბერს.
იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 28-29
იხ. ქორწინების მოწმობა. ს.ფ. 30.
3.2.7. თავის მხრივ, მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ ქონება რეალურად მართლაც ქორწინების პერიოდშია შეძენილი, მაგრამ იგი შეძენილია არა მეუღლეთა საერთო სახსრებით, არამედ მ--------- ტ------–--ის მშობლების მიერ. ამ გარემოების დადასტურების მიზნით მან მოითხოვა მოწმის სახით თ-- ტ------–--ის დაკითხვა. მოწმის სახით დაკითხვის დროს თ-- ტ------–--ემ განმარტა, რომ ჰყავს ოთხი და. მათ შორის ერთერთია მ--------- ტ------–--ე. მშობლებმა ხუთივე დას აჩუქეს უძრავი ქონება. მათ მ--------- ტ------–--ისათვის უძრავი ქონება შეიძინეს მშენებარე კორპუსში, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში. მის შესაძენად მშობლებმა მშენებარე კომპანიას გადასცეს 30 000 აშშ დოლარი.
იხ. მოწმე თ-- ტ------–--ის ჩვენება.
3.2.8. სასამართლო, ფაქტობრივი გარემოების ანალიზით დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამშენებლო კომპანია შპს ,,ჯ----–---ს“, ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების ღირებულება გადაუხადა და შეიძინა მ--------- ტ------–--ის მშობლებმა. ამ გარემოების შინაგანი რწმენა სასამართლოს ჩამოუყალიბდა მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის განმარტებით, ასევე მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმეების ნარგიზ ღოღობერიძისა და ლიანა თურმანიძის ჩვენებით. ნარგიზ ღოღობერიძე მოსარჩელის დედაა. შესაბამისად ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაინტერსებული პირია. მან მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ბინის შეძენაში 30 000 აშშ დოლარი გადაიხადა მ--------- ტ------–--ის მშობლებმა. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ლიანა თურმანიძემ, რომელიც ს---–--- ს---------ის ნათესავია და მოწმედაც ს---–--- ს---------ის შუამდგომლობით იქნა მოწვეული. მან მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მ--------- ს---------ეს ბინა აჩუქეს მისმა მშობლებმა.
იხ. მოწმე ნარგიზ ღოღობერიძისა და ლიანა თურმანიძის ჩვენება.
3.2.9. მოწმეთა ჩვენების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაო ქონება მ--------- ტ------–--ის მშობლებმა შეიძინეს და აჩუქეს მ--------- ტ------–--ეს. მიუხედავად ამისა ქონება 2016 წლის 15 ივლისს გაფორმდა ს---–--- ს---------ის საკუთრებად. რეალურად ქონება მ--------- ტ------–--ის და ს---–--- ს---------ეს არ შეუძენიათ. ქონება მხოლოდ მათი ქორწინების რეგისტრაციის დროს აღირიცხა ს---–--- ს---------ის საკუთრებად. ამას ადასტურებს ისიც, რომ ს---–--- ს---------ის სახელზე ქონების აღრიცხვიდან ხუთ თვეში ქონება ისევ მ--------- ტ------–--ის საკუთრებად იქნა აღრიცხული. ამ ტიპის ქონება ითვლება თუ არა მეუღლეთა საერთო საკუთრებად, არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
3.2.10. შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებაა ბინის რემონტზე დაიხარჯა თუ არა ს---–--- ს---------ის თანხა, ასევე ს---–--- ს---------ემ ბინის რემონტისათვის სესხად აიღო თუ არა 7000 აშშ დოლარი. საქმეში, როცა უმადურობის მოტივით ქონების უკან გამოთხოვებაა მოთხოვნილი, იქ მეუღლეთა თანასაკუთრებაზე და საერთო ქონებაზე მსჯელობა ხშირად არაა აუცილებელი, მაგრამ წინამდებარე შემთხვევაში სადაოა საკითხი - მოსარჩელე არის თუ არა ქონების ½ ნაწილის მესაკუთრე. ამ საკითხის გამოსარკვევად აუცილებელია შემოწმდეს რა საფუძველით გახდა მოსარჩელე ქონების მესაკუთრე. საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ერთერთი მეუღლე მეორე მეუღლის ქონების თანამესაკუთრე შეიძლება გახდეს ქონების გაუმჯობესების შედეგად. სწორდ ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს რა ხარჯი გასწია ქონების გაუმჯობესებაზე მოსარჩელემ. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ გემიდან მ--------- ტ------–--ეს უგზავნიდა თანხებს და ეს თანხები ხმარდებოდა რემონტს. ასევე 7000 აშშ დოლარი აიღო სესხად და ისიც მოხმარდა რემონტს. რემონტის ჩატარება და მასზე თანხის დახარჯვა ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მოსარჩელემ რემონტისათვის ისესხა 7000 აშშ დოლარი და ასევე გემიდან მოპასუხეს გადმოურიცხა სხვა თანხები. თანხის გადახდა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებით. მოსარჩელეს ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. მას შეეძლო წარმოედგინა საბანკო გადარიცხვის მტკიცებულება, მოწმედ დაესახელებინა ის, ვინც 7000 აშშ დოლარი ასესხა, სესხის ხელწერილი წარმოედგინა ან სხვა მტკიცებულებით დაედასტურებინა. მითუმეტესს, როგორც გემიდან ფულის გადმორიცხვა, ისე სესხად 7000 აშშ დოლარის მიღება დაკავშირებულია მყარ მტკიცებულებებთან. მან ასეთი მყარი მტკიცებულება არ წარმოადგინა და დაჯერდა მხოლოდ ზეპირ განმარტებას. მოპასუხემ და მისმა წარმომადგენლებმა მოსარჩელის ზეპირი განმარტება, თავიანთი ზეპირი განმარტებითვე უარყვეს და განმარტეს, რომ ს---–--- ს---------ე გემიდან ხელფასს უგზავნიდა მის მშობლებს, 7000 აშშ დოლარი სესხად არ აუღიათ და ბინას არემონტებდნენ მისი მშობლების თანხით. ამ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან მოპასუხე თავისუფალია, რადგანაც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს რემონტზე მისი თანხის დახარჯვა. შესაბამისად სასამართლო მისგან უფრო მყარ მტკიცებულებებს მოითხოვს. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ამათუიმ ფაქტის არსებობა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. ასეთ სტანდარტს ვერ ქმნის მოწმე ნარგიზ ღოღობერიძე და ლიანა თურმანიძე, ასევე მამუკა დიასამიძე, რადგანაც მათი ჩვენება ზოგადია და არ შეიცავს მითითებას ვისგან რა თანხა იქნა დასესხებული და კონკრეტულად რაში იქნა გამოყენებული. შესაბამისად მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ბინა გაუმჯობესდა მისი ხელფასით და სესხად მიღებული 7000 აშშ დოლარით.
იხ. მოწმე ნარგიზ ღოღობერიძის, მამუკა დიასამიძისა და ლიანა თურმანიძის ჩვენება.
3.2.11. შემდეგი საკითხია უმადურობის საკითხი. თვით უმადურობა ფაქტობრივი გარემოება არაა. გარკვეული ფაქტის შეფასებით უნდა დადგინდეს ესა თუ ის ქმედება არის თუ არა უმადურობა. თუმცა მანამდე უნდა დადგინდეს კონკრეტული გარემოებები. ამ მიმართულებით სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე წინააღმდეგია მოსარჩელეს შეურიგდეს და მასთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება. ასევე დადგინდა, რომ მოსარჩელის ნათესავებსა და მოპასუხეს შორის არაა თბილი დამოკიდებულება. კონკრეტულად რაზე არიან განაწყენებული და რა იწვევს კონფლიქტურ სიტუაციას, საქმის განხილვით არ დადგინდა. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეებს არ წარმოუდგენიათ და კონკრეტულადაც არ მიუთითებიათ. დადგენილი გარემოება არის თუ არა უმადურობის გამოვლენა, მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილებს სამოტივაციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. არარსებობს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ქონების ½ ნაწილის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში ს---–--- ს---------ე ამტკიცებს, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს მ--------- ტ------–--ეს აჩუქა ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება. საჩუქრის მიღების შემდეგ მ--------- ტ------–--ემ გამოიჩინა უმადურობა და მოსარჩელე აღარ შეუშვა ბინაში. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ გამოიჩინა იმ ტიპის უმადურობა, რაც იწვევს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას და გაჩუქებული ქონების უკან გამოთხოვებას. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს ამტკიცოს გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვების საფუძვლიანობა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის გაჩუქებული ნივთის გამოთხოვების უფლება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი არეგულირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობის წარმოშობის საკითხს. დასახელებული ნორმით ,,მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება”.
დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის ქორწინება რეგისტრირებული იქნა 2012 წლის 6 ნოემბერს. რეგისტრირებული ქორწინებით მათ ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ პირადი და ქონებრივი უფლებები და მოვალეობები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: ,,1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დარეგულირდა ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ შეძენილი ქონების საკუთრების საკითხი. კანონმა დაადგინა, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიჩნეული იქნას მეუღლეთა საერთო საკუთრებად. ქონება საერთო საკუთრება ვერ გახდება თუ მხარეებმა დაქორწინებისას სხვაგვარად გადაწყვიტეს საკუთრების ბედი.
საქმის განხილვით დადგენილია, რომ მხარეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ, რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ. კერძოდ ის, რომ მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ–ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ–ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება. ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება არ წარმოეშობა. განსხვავებული წესი შეიძლება შემოღებულ იქნას მეუღლეთა მიერ საქორწინო კონტრაქტის დადების გზით, რომლის შინაარსის განსაზღვრაშიც მეუღლეებს სრული თავისუფლება აქვთ. თუმცა წინამდებარე დავაში ასეთ გარემოებას ადგილი არ აქვს.
6.4. მნიშვნელოვანია დადგინდეს რას გულისხმობს კანონმდებელი მეუღლეთა მიერ უძრავი ქონების შეძენაში. ანუ განმარტება უნდა მიეცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველ ნაწილს. გარდა ამისა გათვალიწინებული უნდა იქნას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის წესი და საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობის და სისრულის პრეზუმცია. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლმა განსაზღვრა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის წესი. დასახელებული ნორმა ორი პირობისაგან შედგება. პირველი ესა უძრავი ქონების შესაძენად გარიგების დადების პირობა და მეორე მისი რეგისტრაციის პირობა. საჯარო რეესტრში ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ შედგება, თუ მას წინ არ უსწრებს ქონების შეძენაზე გარიგების დადება. ანალოგიური პრინციპია მეუღლეთა მიერ უძრავი ქონების შეძენისას. ერთერთმა მეუღლემ უნდა იყიდოს, აჩუქონ, გაუცვალონ ან სხვა წესით საკუთრებაში მიიღოს ქონება, რასაც შემდეგში დაარეგისტრირებს საჯარო რეესტრში. განსახილველ შემთხვევაში ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება ნარდობის ხელშეკრულების გზით მ--------- ტ------–--ისათვის შეიძინეს მ--------- ტ------–--ის მშობლებმა.სასამართლომ შეამოწმა უძრავი ქონების დამზადების საკითხი, მისი წინაისტორია, ასევე დამზადების შემდეგ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დასახელებული ქონება არ წარმოადგენს ს---–--- ს---------ისა და მ--------- ტ------–--ის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას. სადაო უძრავი ქონება მათ არ შეუძენიათ. ერთერთი მეუღლის საკუთრებად მხოლოდ ფიქსაცია მოხდა, რაც ვერ გაუთანაბრდება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების ½ ნაწილი არ წარმოადგენს ს---–--- ს---------ის საკუთრებას. თუმცა ის მაინც მესაკუთრედ შეიძლება აღირიცხოს, თუ დადგინება, რომ მოპასუხემ გამოიჩინა უმადურობა. საქმე მასშია, რომ მ--------- ტ------–--ე არ მოითხოვს იმ გარიგების ბათილად ცნობას, რომლითაც ს---–--- ს---------ე გახდა ქონების მესაკუთრე. აღნიშნულის გარეშე კი ითვლება, რომ ჩუქების ხელშეკრულებამდე სადაო ქონების მესაკუთრეა ს---–--- ს---------ე.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით ,,ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით”.
სამოქალაო კოდექსის 525-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ,,უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
თანამედროვე ქართულ სამართალში ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება უშუალოდ ნივთის უსასყიდლოდ გადაცემის ანუ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნულის მიღებაზე დასაჩუქრებულის თანხმობის შედეგად. ჩუქებისას მხარეები ავლენენ საერთო ნებას, რომელიც ემთხვევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტს. ვინაიდან ჩუქება ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, ანუ ძირითადი ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ მხარეს ეკისრება, ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მოქმედება ავლენს ნებას, უსასყიდლოდ გადასცეს მეორე მხარეს საკუთრების უფლება ქონებაზე. დასაჩუქრებულის მიერ ქონების მიღება თუ ,,თანხმობა" კი მისი საპასუხო ნების გამოვლენაა.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი დასაჩუქრებულის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და კეთილგანწყობას. მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ 2016 წლის 14 ივლისს ს---–--- ს---------ემ მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება ქ. ბათუმში ჭ----------------------------------ში აჩუქა მ--------- ტ------–--ეს.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით:
,,1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 529-ე მუხლის პირველმა ნაწილმა მჩუქებელს მიანიჭა უფლება გამოითხოვოს საჩუქარი უკან. საჩუქრის გამოთხოვებისას 529-ე მუხლის პირველი ნაწილის პირობა მოქმედებს მაშინ, როდესაც დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ უმადურობა არარის იურიდიული ტერმინი. იგი შეფასებითი კატეგორიისაა. ზოგადად უმადურია ის, ვინც ვისიმე მადლს, სიკეთეს არ აფასებს, ვინც ვისიმე (რისამე) მადლიერი არ არის, უკმაყოფილოა. ზოგადი ხასიათის უმადურობა არ ქმნის ჩუქების გამოთხოვების საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთერთ საქმეზე განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა,რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს, როგორადაც კანონის თანახმად მიჩნეულია „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“. აქედან გამომდინარე უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან. ამიტომაც ჩუქება ზნეობრივი საკითხია.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელე უმადურობის გამოვლენად თვლის მას, რომ მ--------- ტ------–--ეზე ცხოვრობს მისგან დამოუკიდებლად, არაა თანახმა ცხოვრობდეს მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ, აქვს დაძაბული ურთიერთობა და ასევე დაძაბული ურთიერთობა აქვს მის ნათესავებთან. სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია ქონებას გაჩუქება იმ პირობით, რომ ის არასოდეს არ განქორწინდება და სურვილი ექნება იცხოვროს მასთან ერთად. შესაძლებელია ქორწინების ხელშეკრულებაში ასეთი, რამ მხარეებს შორის შეთანხმებული იყოს, მაგრამ ასეთი შეთანხმება არ წარმოშობს გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნების ვალდებულებას. განქორწინება და მეორე მეუღლისაგან ცალკე ცხოვრებას ახასიათებს სუბიექტური და ობიექტური გარემოებები, მაგრამ იგი ვერ შეფასდება უმადურობად. გარდა ამისა კონფლიქტური სიტუაცია არაა მხოლოდ მოპასუხის დამსახურება, იგი გარკვეულწილად მოსარჩელისა და მისი ნათესავების დამსახურებაცაა, რასაც ობიექტურად ექნება ახსნა, მაგრამ როგორც არ უნდა განიმარტოს ამ უკმაყოფილების მიზეზები, იგი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება უმადურობის მაკვალიფიცირებელი. მით უმეტესს დადგენილია, რომ ქონება თავიდანვე მ--------- ტ------–--ის საკუთრებად იყო გათვალისწინებული და იგი ს---–--- ს---------ის საკუთრებად აღრიცხული იყო ფორმალურად. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არარსებობს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და ქონების ½ ნაწილის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შეს---მის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ პუნქტით უძრავ ქონებაზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავი ქონების ღირებულებით. მხარეთა განმარტებით სადაო ქონების ღირებულებაა 17 000 აშშ დოლარი. ამ თანხის 3 % შეადგენს 1271,23 ლარს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბაჟის გადახდა მოსარჩელეს ეკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ--------- ტ------–--ეს აეკრძალა ბათუმი, ჭ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------–------------------------------ მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქ. სსკ-ის 199-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით”.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება აღარ ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. ს---–--- ს---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახ. ბაჟის გადახდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და მ--------- ტ------–--ე (პ/ნ 6----------) გათავისუფლდეს ქ. ბათუმი, ჭ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------–------------------------------ მდებარე უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე