გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2020
საქმის ნომერი
130210019003294162
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003294162

2-999-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

21 თებერვალი, 2020 წ. ქ. ხაშური

ხ-–------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე ლ--–--–--------ძე

წარმომადგენელი მაია ხაჩიძე

მოპასუხე შ-----------------------------------------------

წარმომადგენლები ოლეგ გრძელიძე და მარიამ რუსაძე

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს ლ--–--–--------ძის სასარგებლოდ 27 968 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-, სადაც მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 27 968 ლარი - ინდმეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით - სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა;

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი'' სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავ ნივთზე - 6--.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე საკადასტრო კოდით 6----------4 (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.15-16);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.

მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.17-29), რომლის თანახმად, ლ--–--–--------ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით მიეკუთვნება მე-2 ხარისხს; არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად;

მოპასუხემ აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები გამორიცხავენ მოსარჩელის სახლის დაზიანებას მოპასუხის ბრალით;

3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხაა 27 968 ლარი და 70 თეთრი;

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 9 104 ლარი;

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, - მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს 20 000 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში მითითებული მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; შედეგად; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად , ლ--–--–--------ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით მიეკუთვნება მე-2 ხარისხს; არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ჩანს, რომ დაზიანებები გამოწვეულია დასახელებული გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებებისას წარმოშობილი ვიბრაციით; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. თუმცა, ,,ექსორიქსის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში ან ძალიან ახლო მანძილზე მდებარეობს და შეიძლება დაზიანებულიყო წარმოებული აფეთქებების შედეგად, საჭიროა დამატებითი შეფასებების გაკეთება, რათა ზუსტად დადგინდეს აფეთქების შედეგად გამოწვეული დაზიანებები (ტ.I. ს.ფ.263); დაზიანებაში მოპასუხის ბრალს არ გამორიცხავს არც შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახლის ნაწილის დაზიანება შეიძლება წარმოქმნილი იყოს სხვადასხვა დინამიური დატვირთვებით (ტ.II. ს.ფ.33). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ სწორედ დინამიური დატვირთვები წარმოიქმნება აფეთქებითი სამუშაოების დროს; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 27 968 ლარი და 70 თეთრი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 9 104 ლარი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 აგვისტოს დასკვნა ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალურად შესწავლას და მასში გამოყენებულია სწორედ ,,ექსორიქსის“ მონაცემებიც; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,აუდიტ-სევის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთ მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის ნაწილის დაზიანების სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯებს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 34-35 ე მუხლების თანახმად ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობებს დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება, აღნიშნული გარემოება მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს - როგორც იმავე ტიპის საქმეებზე ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლო ადარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებებს და მიაჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, რაც მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს, უნდა შემცირდეს 20 000 ლარამდე; სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოები და მისი ნივთის დაზიანება ახლაც მიმდინარეობს, მოპასუხეს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაშიც მითითებულია, რომ ,,არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქვიშხეთის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შესახებ’’ (ტ. I.ს.ფ.21). გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოპასუხემ მთავარ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა;

მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაზიანება პროგრესირებს, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების გადაცემისათვის განსაკუთრებული მდგომარეობა არ არსებობს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ დასკვნიდან არ ჩანს და არც სხვა მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა, რომ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 840 ლარი (ს.ფ.55), ექსპერტიზის ხარჯი - 400 ლარი (ს.ფ.51-52), საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი 600 ლარი (ს.ფ.53) და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარი; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს აღნიშნული ხარჯი მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად - სახელმწიფო ბაჟის თანხა - 600 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 286 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი - 429 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 214 ლარი;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,--------------------------------------------" ლ--–--–--------ძის სასარგებლოდ გადახდეს 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,--------------------------------------------" ლ--–--–--------ძის სასარგებლოდ გადახდეს: - სახელმწიფო ბაჟის თანხა - 600 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 286 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი - 429 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 214 ლარი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი