განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
330100118002481547
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე #1/2556-18

გამოძიების # 0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------- ა-–----------- ძე რ------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------–--

 

ადვოკატი - ი----- ბ-----–---–-

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2016 წლის 4 მაისს, თ---–--–-- 9----- ქუჩა #--–-, მ------- რ------მ ურთიერთშელაპარაკებისას ე---------- კ----–--ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებზე და მიანარცხა კედელზე. ე---------- კ----–--მ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დაზარალებულ ე---------- კ----–--ს ჩვენებით დადგინდა, წლების განმავლობაში, 9----- ქუჩა #--–- მცხოვრებ მობინადრეებს სამოქალაქო დავა ჰქონდათ მ------- რ------ს ოჯახთან. 2016 წლის 3 მაისს, ე---------- კ----–--მ ოჯახის წევრისგან შეიტყო, რომ 9----- ქუჩა #---- საერთო საკუთრების საპირფარეშო მამანტი რ------ს ოჯახმა ჩაკეტა ბოქლომით. მეორე დილით, 4 მაისს, ე---------- კ----–-- მეზობლის რ------- ფ------ის მიერ გადაცემული ჩაქუჩით ხსნიდა საპირფარეშოს კარზე დადებულ ბოქლომს, რა დროსაც უეცრად, უკნიდან, მ------- რ------ სწვდა თმებში, ძლიერად დაქაჩა, ძალის გამოყენებით გადაუგრიხა ხელები, რამდენიმე მეტრი თმებში ჩავლებული ხელით ათრია, მიანარცხა რ------- ფ------ის საცხოვრებელი ბინის კედელს, შემოაგლიჯა სამოსი. ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ტკივილი. რ------- ფ------ის ტელეფონით დარეკა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა დახმარება.

 

2.2.მოწმე რ------- ფ------ის ჩვენებით, 2016 წლის 3 მაისს, მეზობლის მ------- რ------ს ოჯახმა ბოქლომი დაადო 9----- ქუჩა #---- მობინადრეების საერთო საკუთრების საპირფარეშოს. აღნიშნულის გამო, იმავე დღეს გამოიძახა საპატრულო პოლიცია, შედგა რეაგირების ოქმი. პოლიციამ რეაგირების ოქმში შეიტანა ინფორმაცია, რომ მ------- რ------ს ოჯახი ნებაყოფლობით არ აპირებდა საპირფარეშოს კარის გახსნას. მეორე დილით, ერთ-ერთმა მესაკუთრემ ე---------- კ----–--მ საპირფარეშოს სარგებლობის მიზნით სთხოვა რაიმე საგანი ბოქლომის გასაღებად, გადასცა ჩაქუჩი, ხოლო თვითონ შებრუნდა სახლში. რამდენიმე წამში გაიგონა ხმაურის და ყვირილის ხმა. ფანჯრიდან, შემდეგ უკვე კარიდან დაინახა, რომ ბრალდებულს ზურგიდან დაჭერილი ჰყავდა ე---------- კ----–--, ერთი ხელი კისერში ჰქონდა წავლებული, ხოლო მეორეთი ხელი ამოუტრიალა და ძალის გამოყენებით ბეჭით მიანარცხა მოწმის საცხოვრებელი სახლის კედელს. ძალადობის შედეგად ე---------- კ----–-- გახდა ცუდად, ტიროდა, ჩაიკეცა რ. ფ------ის კარის ზღურბლთან, ტანსაცმელი კისერში ჰქონდა გარღვეული, აზღუდის შესაკრავი კართან ეგდო. დაზარალებულმა მოწმის ტელეფონით დარეკა საპატრულო პოლიციაში.

 

2.3. პატრულ ინსპექტორ ვ------- ც------ ჩვენებით, 2016 წლის 4 მაისს, დილით, შეტყობინების საფუძველზე მყისიერად გამოცხადდა გამოძახების ადგილზე. 9----- ქუჩა #--–- დახვდა ზარის ინიციატორი ე---------- კ----–-- ემოციური ფონით, აცხადებდა, რომ საერთო საკუთრების საპირფარეშოს მოხმარებაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, მეზობელმა მ------- რ------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ზურგიდან თმებში დაქაჩა და ძალის გამოყენებით მიანარცხა კედელზე. დაზარალებული იყო იმდენად აღელვებული, ტანზე სამოს შემოხეული, თმა აჩეჩილი-გაწეწილი, რომ აუცილებელი გახდა მისი დამშვიდება. შემთხვევის ადგილზე მიღებული ზეპირი ინფორმაციით, ე---------- კ----–--ს ვიზუალური იერ-სახით და ემოციური მდგომარეობით, სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები, რაც აცნობა საგამოძიებო ნაწილს.

 

2.4. 2016 წლის 4 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად:

 

ა) პირადი შემოწმებით: ე---------- კ----–--ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ბ) დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2016 წლის 4 მაისის თარიღს.

 

გ) დაზიანების ობიექტური სურათის მიხედვით, მარცხნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში ბეჭის ხაზზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით 4X0,3 სმ. მარცხენა მხრის ქვემო მესამედის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით: 1X0,5 სმ.

 

დ) შესამოწმებლის გადმოცემით, 2016 წლის 4 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე, მეზობელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.5. სამედიცინო ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, დამატებით განმარტა, რომ შესამოწმებელმა პირმა ე---------- კ----–--მ, პირადი შემოწმებისას განუცხადა, რომ დაზიანება მიაყენა მეზობელმა, რაც დეტალურად აღწერა დასკვნის აღწერილობით ნაწილში.

 

2.6. დაზარალებულის ჩვენებით, ფიზიკური ძალადობის დროს, მ------- რ------მ ისე შემოახია პერანგი, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, აუცილებელი გახდა პერანგის წარდგენა ექსპერტიზაზე, გამოსაცვლელი სამოსი გამომძიებელმა მისი თხოვნით, გამოართვა რ------- ფ------ეს. მოწმე რ------- ფ------ემ დაადასტურა, რომ მ------- რ------მ ფიზიკური ძალადობის დროს ე---------- კ----–--ს შემოახია სამოსი, რომელიც იმდენად დაიხა, რომ გამომძიებელმა მისი სამოსი წაუღო პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულს დახეულის გამოსაცვლელად. პატრულ-ინსპექტორის ვ------- ც------ ჩვენებით, შეტყობინების ინიციატორს ე---------- კ----–--ს სამოსი ისე ჰქონდა შემოხეული, რომ ხელით იჭერდა (აღწერა ზეპირ ჩვენებაში).

 

2.7. გამომძიებელ გ--------------–---–ის ზეპირი ჩვენებითა და ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 4 მაისს, გამომძიებელმა ე---------- კ----–--სგან ამოიღო ტანთმოსილი პერანგი, რომელსაც ზურგზე აღენიშნებოდა დაზიანება ნარღვევისა და ნახევის სახით.

 

2.8 ტრასოლოგიური ექსპერტიზის #4------- დასკვნით:

 

ა) გამოკვლევაზე წარდგენილ ე---------- კ----–--ს პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაკერის განარღვევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით.

 

ბ) პერანგის უკანა მხარეს, დაახლოებით შუა ნაწილში, ქვედა კიდედან 73 სმ-ის მოშორებით აღინიშნება ჰორიზონტალურად განლაგებული გამჭოლი ნაკერის განარღვევის კვალი, სიგრძით დაახლოებით 8 სმ, რაზედაც მოწმობს განცალკევებული ძაფების დაბოლოებების დაძენძილობა და არათანაბარი სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგება.

 

2.9. დაზარალებულის და მოწმე რ------- ფ------ის ჩვენებებით, ე---------- კ----–--ს მაისური მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს გაეხა.

 

2.10. ტრასოლოგმა რ-------- ტ-------მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით კრიმინალიზებულია სხვაგვარი ძალადობა, ესე იგი ქმედება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ქმედების ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობით მოქმედებას და შედეგს - ფიზიკურ ტკივილს. დანაშაულებრივი ხელყოფის ობიექტი არის ადამიანის სხეულებრივი ხელშეუხებლობა, თუმცა საბოლოო ჯამში დანაშაული საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასაც. ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ძალის გამოყენებით კედელზე მინარცხება, ხელით, ფეხით, თუ სხვა საგნით ფიზიკური ზიანის მიყენება. დაზარალებულ ე---------- კ----–--ს და დანაშაულის თვითმხილველი მოწმის რ------- ფ------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 მაისს, ყოფით საკითხებზე დაწყებული კონფლიქტის დროს, მ------- რ------მ თმებით ითრია ე---------- კ----–-- და ძალის გამოყენებით მიანარცხა კედელზე, ძალადობის დროს შემოახია პერანგი. დაზარალებულის და მოწმის ჩვენებების სანდოობა და ძალადობის მატერიალური ფაქტი დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: დაზარალებულს სხეულის სწორედ იმ ადგილზე აღენიშნება დაზიანებები, სადაც მ------- რ------ს მხრიდან მოხდა მისი განზრახ მინარცხება კედელზე. გარდა ამისა, ამ პირთა ჩვენებებს უტყუარად მოწმობს ნეიტრალური პირის პატრულ ინსპექტორის ვ------- ც------ ზეპირი ჩვენება და ობიექტური მტკიცებულება ტრასოლოგიოური ექსპერტიზის დასკვნა. ვ------- ც------ ჩვენებით, დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, პერანგი ჰქონდა შემოხეული, თმები აწეწილი, იყო ემოციურ მდგომარეობაში, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მსხვერპლზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს გაიხა ამ უკანასკნელის პერანგი. ე---------- კ----–--ს ჩვენებით დადასტურდა დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანიც - ფიზიკური ტკივილის განცდა. დაზარალებულის ჩვენებით ტკივილისგან ტიროდა, პატრულ-ინსპექტორმაც დაადასტურა, რომ მსხვერპლი შემთხვევის ადგილზე დახვდა ნამტირალევი.

 

2.12. სასამართლო ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ობიექტური და ლოგიკური შეფასების საფუძველზე ადგენს, რომ მ------- რ------ს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც განახორციელა კიდევაც. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

2.13.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.13.1. ბრალდებულმა მ------- რ------მ ჩვენებაში უარყო დანაშაულის ჩადენა და განაცხადა, რომ თავად გახდა ე---------- კ----–--ს მსხვერპლი ფიზიკური ძალადობის გამო. იგივე ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს ბრალდებულის ოჯახის წევრმა - მეუღლემ ნ---- ს------მ.

 

2.13.2. ადვოკატის მოთხოვნა გამამართლებელი განაჩენის მიღებასთან დაკავშირებით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ინციდენტის დროს მ------- რ------მ და ამ უკანასკნელის მეუღლემ ნ---- ს------მაც მიიღეს ფიზიკური დაზიანება, - სასამართლოს შეფასებით ვერ გახდება მ------- რ------ს ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოება. საქმის მასალებზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე დაყრდნობით (განაჩენი წარმოადგინა დაცვის მხარემ), დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის 4 მაისს, 9----- ქუჩა #--–-, ყოფით საკითხებზე დაწყებული კონფლიქტის დროს (საერთო სარგებლობის საპირფარეშოს გამოყენებაზე), ადგილი ჰქონდა მესაკუთრეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, გამოვლინდა შერეული ბრალის ნიშნები და სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო როგორც მ------- რ------ს, ასევე ე---------- კ----–--ს მიმართ. შერეული ბრალის ფაქტობრივი გარემოება, არ გამორიცხავს მ------- რ------ს დამნაშავეობას, ვინაიდან, როგორც გამოძიების ეტაპზე შეკრებილი მასალებით, ასევე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ მ------- რ------ თავს დაესხა ე---------- კ----–--ს, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა ჩაქუჩის გამოყენებით ბოქლომის გახსნას და საერთო საკუთრებაში არსებული საპირფარეშოთი სარგებლობას. მ------- რ------მ თმებით რამდენიმე მეტრი ათრია ე---------- კ----–--, გადაუგრიხა ხელები, შემოახია სამოსი და ძალის გამოყენებით, მარცხენა მხრით მიანარცხა რ------- ფ------ის საცხოვრებელი სახლის კედელს.

 

2.13.3. ბრალდების და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს, წლების განმავლობაში ჰქონდათ სამეზობლო დავა სასამართლოში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში დააყენა დაზარალებულის ე---------- კ----–--ს და დანაშაულის თვითმხილველი მოწმის რ------- ფ------ის იმპიჩმენტი. დაცვის ვერსიით ისინი წარმოადგენენ სუბიექტურ პირებს და ცრუდ ამხელენ მ------- რ------ს. აღნიშნულის საპასუხოდ სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის მიერ დასახელებული არგუმენტით და იგივე მიზეზით შესაძლოა სწორედ მ------- რ------, მისი მეუღლე ნ---- ს------ და მათი ოჯახის წევრი - ირიბი მოწმე ე-–--- რ------ იყვნენ სუბიექტურად დაინტერესებული მოახდინონ დაზარალებულის და მოწმე რ------- ფ------ის დისკრედიტაცია. ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში ამგვარი ეჭვების გასაბათილებლად სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის დროს, ეყრდნობა ობიექტურ მტკიცებულებებს: ე---------- კ----–--ს სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, ექსპერტების ჩვენებებს, რომლებიც უტყუარად ადგენენ ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე და ტანსაცმელზე ძალადობის კვალს, გარდა აღნიშნულისა, ე---------- კ----–--ს და რ------- ფ------ის ჩვენებების სანდოობას მოწმობს ნეიტრალური პირის: პატრულ-ინსპექტორის ვ------- ც------ ზეპირი ჩვენება, ფიზიკური ძალადობის ჩადენიდან, დროის უმოკლეს ვადაში შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ პოლიციელს დახვდა ნამტირალევი, აფორიაქებული ე---------- კ----–--, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული და თმები აჩეჩილი - აწეწილი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ ჩვენების შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ დაკვირვებით თუ როგორ, რა ემოციით, საუბრის მანერით, ინტონაციით გადმოსცემს პირი ჩვენებას. სასამართლომ დაცვის მხარეს შესთავაზა მტკიცებულებების თავიდან გამოკვლევა, ვინაიდან საქმის საბოლოოდ განმხილველი მოსამართლე არსებით განხილვაში ჩაერთო როგორც სათადარიგო მოსამართლე ზეპირი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ. ადვოკატმა და ბრალდებულმა უარი განაცხადეს ზეპირი ჩვენებების თავიდან გამოკვლევაზე, დაცვის მხარის მოთხოვნით სასამართლომ გააგრძელა საქმის არსებითი განხილვა, მტკიცებულებების შეფასების მიზნით მოისმინა ზეპირი ჩვენებების აუდიო ჩანაწერი (ელექტრონული სხდომის ოქმები). ე---------- კ----–--ს და რ------- ფ------ის ჩვენებების სანდოობა დადასტურდა ცენტრალურ საკითხებში მათი ჩვენებების თანხვედრით, როგორც ურთიერთშორის, ასევე ექსპერტიზის დასკვნებთან და პატრულ-ინსპექტორის ჩვენებასთან. დაზარალებულის გულწრფელობაზე ასევე მიუთითებდა ზეპირ ჩვენებაში მისი უკიდურესად დათრგუნული, ტირილნარევი და აკანკალებული ხმა, ე---------- კ----–-- ობიექტური ემოციით გადმოსცემდა 4 მაისის კონფლიქტს, რა დროსაც მეზობელმა მამაკაცმა - მ------- რ------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თმებით ითრია და ძალის გამოყენებით მიანარცხა კედელს.

 

2.13.4. დაცვის ვერსია, რომ რ------- ფ------ე არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ობიექტურად ვერ დაინახავდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს,- სასამართლომ არ გაიზიარა. მტკიცებულება, რასაც ამ ვერსიის დასაბუთების დროს ეყრდნობა მხარე, არის 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი. დაცვის მხარის არგუმენტის შეფასებისას აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს რამდენიმე გარემოებაზე: ა).სასამართლო დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს ადგენს მ------- რ------ს მიმართ განსახილველი ბრალდების საქმის ფარგლებში და ვერ იხელმძღვანელებს სხვა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რომელიც არ წარმოადგენს პრეიუდიციას. ბ) ამის მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი, არათუ გამორიცხავს განსახილველ საქმეზე მოწმე რ------- ფ------ის ჩვენების სისწორეს, პირიქით დასახელებული განაჩენი ადასტურებს მოწმის ზეპირი ჩვენების სანდოობას. 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით და მ------- რ------ს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რ------- ფ------ე ნამდვილად არ შესწრებია კონფლიქტის დაწყებას, მან ჩაქუჩი მიაწოდა ე-–--- კ----–--ს და შებრუნდა სახლში, მხოლოდ ყვირილის ხმაზე გაიხედა და როგორც ფანჯარაში, ასევე ღია კარში დაინახა მ------- რ------ს ძალადობრივი აქტი. 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენში რ------- ფ------ის ჩვენების ეპიზოდში მითითებულია, რომ მოწმის თვალსაწიერში მ------- რ------მ ხელი გადაუტრიალა ე---------- კ----–--ს (ხელის გადატრიალებაც წარმოადგენს ძალადობას). აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რ------- ფ------ემ გამოძიებაში, პირველივე გამოკითხვისთანავე დაუდასტურა გამომძიებელს, რომ დაინახა თუ როგორ იძალადა მ------- რ------მ ე---------- კ----–--ზე და ის იყო პირველი მოწმე საქმეზე, რომელიც გამომძიებელმა გამოკითხა.

 

2.13.5. დაცვის მხარის არგუმენტი - თითქოს დაზარალებულის და მოწმე რ------- ფ------ის ზეპირი ჩვენებები ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას დაზიანების ლოკალიზაციასთან მიმართებაში, - არ გამომდინარეობს მტკიცებულებათა ანალიზიდან. ე---------- კ----–--მ და რ------- ფ------ემ ზეპირ ჩვენებაში განაცხადეს, რომ მ------- რ------მ მარცხენა მხრით მიანარცხა დაზარალებული კედელზე და არა თავით, ზუსტად იგივეს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც: შესამოწმებელ პირს ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა მარცხნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში ბეჭის ხაზზე და მარცხენა მხრის ქვემო მესამედის გარეთა ზედაპირზე. რაც შეეხება გარემოებას, თუ რატომ არ აღენიშნებოდა ე---------- კ----–--ს დაცემის შემთხვევაში სხეულის სხვა ნაწილზე, წელს ქვემოთ, დაზიანების კვალი, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე რ------- ფ------ის ჩვენებით დაზარალებული კედელზე მინარცხების შემდეგ კარის ზღურბლთან ჩაიკეცა და არა დაეცა, გარდა ამისა, შესამოწმებელმა პირმა ექსპერტთან, რომელიც იყო მოწინააღმდეგე სქესის (მამაკაცი) უარი განაცხადა ქვედაბოლოს გახდაზე (იხ. სამედიცინო ექსპერტიზა), დათვალიერდა მხოლოდ ტანსაცმლით დაუფარავი ადგილები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებებით და ფაქტების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 მაისს, ყოფით საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების დროს, მ------- რ------მ თმებში ჩაავლო ხელი ე---------- კ----–--ს, ამ ხერხით რამდენიმე მეტრი ათრია და ძალის გამოყენებით მიანარცხა კედელს, რის გამოც მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის კვალი სისხლნაჟღენთის და ნაჭდევის სახით დაფიქსირდა სხეულზე (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა). გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის დროს შემოახია სამოსი (ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა). ამდენად, მ------- რ------მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ე---------- კ----–--ზე ფიზიკური ძალადობით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.3. 2016 წლის 1 დეკემბრის საქართველოს კანონით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 125-ე მუხლი ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსიდან (ამოქმედდა 13.12.2016წ), თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კრიმინალიზებული იქნა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს (ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), ვიდრე სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი ცვლილებების განხორციელებამდე (არ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას). შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონის უკუძალის პრინციპიდან გამომდინარე მ------- რ------ს მსჯავრი უნდა დაედოს უფრო მსუბუქი კანონით - სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ------- რ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. მ------- რ------ს უნდა განესაზღვროს ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი სასჯელი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მსჯავრდებულის სათანადო ქცევას, მისი მხრიდან ახალი სოციალური ღირებულებების გათავისებას და ქცევების კორექტირებას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ძალადობის შედეგად დახეული პერანგი და ჩაქუჩი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------- რ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

2.ნივთიერი მტკიცებულება:

 

პერანგი და ჩაქუჩი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა