გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4400-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი – თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - შ---------–--
წარმომადგენლები: ს--–-------–-----ე და ნ-----------–--ე
მოპასუხეები:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - ლ-–---------–--ე
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: ვ--–---------------ე და გ---–--–----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №5-- ბრძანება.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ც----------------------------------------- (საკადასტრო კოდით: 0---------------), ფართით 6 კვ.მ. წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. აღნიშნული უძრავი ქონება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 4 იანვრის №E----------- გადაწყვეტილებით ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, 5 წლის ვადით, გადაეცა ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს - შპს „ნ----–ს“. იჯარის უფლება დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ნ----–ის“ განცხადება და შეწყდა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 4 იანვრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №E----------- ოქმის საფუძველზე ქ. თბილისში, ც--------------------------ზე 6 კვ.მ-ზე გაფორმებული იჯარის უფლება (საკადასტრო კოდით: 0---------------). ამავე გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეთხოვა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრს - 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილებითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ც------------------------------------------6 (საკადასტრო კოდით: 0---------------), ფართით 6 კვ.მ., რომელიც წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, შეწყდა იჯარის უფლება და 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, უძრავი ქონება იპოთეკის და ვალდებულების უფლებებისგან თავისუფალი სახით აღირიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17, 108-111, 122-123);
- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 4 იანვრის №E----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 25);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის №Q-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 26);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 132).
3.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ც--------------------------ი №6 (საკადასტრო კოდით: 0---------------), ფართით 6 კვ.მ. წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. აღნიშნული უძრავი ქონება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 21 ივნისის №E------------ გადაწყვეტილებით ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, 5 წლის ვადით, გადაეცა ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს - შპს „ნ----–ს“. იჯარის უფლება დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილებითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ც--------------------------ი №6-ში (საკადასტრო კოდით: 0---------------) მდებარე უძრავ ქონებაზე, ფართით 6 კვ.მ., რომელიც წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, ცვლილება განხორციელდა რეგისტრირებულ იჯარის უფლებაში და იჯარის უფლება დარეგისტრირდა შპს „ნ----------------ის“ სახელზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის №ბ61.0-------- ბრძანებით, 2017 წლის 15 აგვისტოდან, შპს „ნ-----------------“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაეცა ქ. თბილისში, ც--------------------------ზე 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: 0---------------), ჯიხურის განთავსების მიზნით. ბრძანებით იჯარის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე. საიჯარო პირობები განისაზღვრა ბრძანების დანართით, რომლის თანახმად, იჯარის საგანზე ჯიხურის განთავსება უნდა შეთანხმებული იყოს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან. აღნიშნული იჯარის უფლება დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ც--------------------------ი №6 (საკადასტრო კოდით: 0---------------), ფართით 6 კვ.მ., რომელიც წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, 2018 წლის 5 ივნისის მდგომარეობით, იპოთეკის და ვალდებულების უფლებებისგან თავისუფალი სახით არის აღრიცხული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.112-117, 120-121, 124-127);
- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 21 ივნისის №E------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 94);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 133);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის №ბ61.0-------- ბრძანება, დანართით (ს.ფ. 96-101).
3.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 23 ივლისის №2----- და 2012 წლის 13 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებებით, შპს „ნ----–ს“ წერილობით დაუდასტურდა №0--------------- და №0--------------- საკადასტრო ერთეულებზე დროებითი შენობა-ნაგებობის, ჯიხურის განთავსების შესაძლებლობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №3------ გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან სამსახურის 2012 წლის 23 ივლისის №2----- და 2012 წლის 13 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა, არსებული ჯიხური ითვლებოდა უკანონოდ განთავსებულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 23 ივლისის №2----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 186-188);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 13 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 184-185);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 182-183).
3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 29 მარტის №6------------- წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ც--------------------------ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ №0--------------- საკადასტრო ერთეულზე ჯიხურის განთავსების უფლება აღარ არსებობდა შპს „ნ----–თან“ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებისა, მან არ განახორციელა ჯიხურის დემონტაჟი და მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა 2017 წლის 8 აგვისტოს განახორციელეს ზემოხსენებული ობიექტის ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც გამოავლინეს მსუბუქი კონსტრუქციის უნებართვოდ განთავსების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 29 მარტის №6------------- წერილი, დანართით (ს.ფ. 102-103);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 8 აგვისტოს №4------------ დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 107).
3.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს შპს „ნ----–ის“ მიმართ შედგა №0----- მითითება, რომელშიც დაფიქსირდა ქ. თბილისში, ც--------------------------ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდებით: №0--------------- და №0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხური, დასრულებული სახით. ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 აგვისტოს №0----- შემოწმების აქტში დაფიქსირდა მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2017 წლის 20 ოქტომბერს ობიექტის განმეორებით გადამოწმებისას დადგინდა, რომ შპს „ნ----–ის“ მიერ არ შესრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს №0----- მითითებით განსაზღვრული პირობები, რაც აღირიცხა ფოტომასალაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილებით შ---------–-- დაჯარიმდა 10 000 (ათიათასი) ლარით, ქ. თბილისში, ც--------------------------ზე, ერთდროულად №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით შპს „ნ----–ს“ დაევალა ხსენებული ობიექტების დემონტაჟი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი, ქ. თბილისში, ც--------------------------ზე, ერთდროულად №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 8 აგვისტოს №0----- მითითება (ს.ფ. 14-15);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 85);
- ფოტომასალა (ს.ფ. 241-242);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილება (ს.ფ. 20-22);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 8 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 135-136).
3.6. შპს „ნ----–ის“ წარმომადგენელმა 2017 წლის 2 ნოემბერს №2--------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №5-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „ნ----–ის“ წარმომადგენელის 2017 წლის 2 ნოემბრის №2--------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 78);
- შპს „ნ----–ის“ წარმომადგენელის 2017 წლის 2 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 79-80);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №5-- ბრძანება (ს.ფ. 28-34).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა შპს „ნ----–ის“ მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“; ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №5-- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, მითითებული აქტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, რეაბილიტაცია-გაუმჯობესება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) სამშენებლო სამუშაოები, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვა; ე) დემონტაჟი; ვ) ლანდშაფტური მშენებლობა; ზ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არის ახალი მშენებლობა, ხოლო მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, დროებითი შენობა-ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები.
ხსენებული დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას.
ამასთან, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსუბუქი კონსტრუქციის ობიექტი - ჯიხური ატარებს დროებით ხასიათს და წარმოადგენს I კლასის შენობა-ნაგებობას, რომლის განთავსება/მონტაჟი არის ახალი მშენებლობა და მის განსახორციელებლად საჭიროა უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი დასტური. მითითებული დოკუმენტის გარეშე განთავსება ან ამ დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მისი დემონტაჟის გარეშე დატოვება კი განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე და განმარტავს, რომ მითითებული ნორმის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქციის წარმოება... ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა დააფიქსირეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული დროებითი კონსტრუქცია, ჯიხური. ამასთან, ფაქტის გამოვლენისას ობიექტთან დაკავშირებით არ არსებობდა შესაბამისი ნებართვა - დასტური, რომლითაც დადგინდებოდა მისი განთავსების კანონიერება. შესაბამისად, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სამშენებლო სამართალდარღვევას და სამართალდამრღვევი პირი ექვემდებარებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ადმინისტრაციულ ორგანოში დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
6.3. საქართველოს ორგანული კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესების ერთ-ერთი მიზანია შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების გამოვლენა მათი გამოსწორების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმები არ ამკვიდრებს თავიდანვე დამსჯელობითი ღონისძიებების გატარების პრინციპს, არამედ მითითებით სამართალდამრღვევს განუმარტავს არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსს, მისი გამოსწორების გზებს, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევათა გამოსასწორებლად და აძლევს შესაძლებლობას თავიდანვე აიცილოს პასუხისმგებლობა. სამართალდარღვევის გამოსწორება კი, თავის მხრივ, გულისხმობს მითითებაში გათვალისწინებული პირობების შესრულებას. ამდენად, განსახილველ დავაში ჯერ უნდა გამოვლინდეს სამართალდარღვევის ფაქტი (ობიექტი) და შემდეგ უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის სუბიექტი. სასამართლოს შეფასებით, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის ზუსტად უნდა იყოს იდენტიფიცირებული სამართალდარღვევა და სწორად უნდა განისაზღვროს სამართალდამრღვევი, ანუ პირი, ვისაც ევალება დარღვევის გამოსწორება, ხოლო დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ვის უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 8 აგვისტოს №0----- მითითების გაცემით დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შპს „ნ----–ის“ მიმართ. მითითებაში დაფიქსირდა, რომ ქ. თბილისში, ც--------------------------ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდებით: №0--------------- და №0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხური. ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 აგვისტოს №0----- შემოწმების აქტში, ასევე, 2017 წლის 20 ოქტომბერს ობიექტის განმეორებით გადამოწმებისას დაფიქსირდა მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილებით შპს ,,ნ----–ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით (10 000 ლარის ოდენობით) და მასვე დაევალა სადავო ობიექტის - ერთდროულად ორ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდებით: №0--------------- და №0---------------) არსებული ჯიხურის დემონტაჟი.
ამდენად, მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტს, ვინაიდან უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდა კონკრეტული დროებითი ობიექტის, მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის არსებობა სათანადო წესით გაცემული ნებართვის/თანხმობის/წერილობითი დასტურის გარეშე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაეწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და მითითებაში ზუსტად განესაზღვრა როგორც ობიექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მათ შორის, ის საკადასტრო ერთეული, სადაც უშუალოდ იყო დროებითი შენობა-ნაგებობა განთავსებული, ასევე, სამართალდამრღვევი პირი, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრებოდა მისი გამოსწორება.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას. ხოლო თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
ამდენად, კანონმდებელი, ერთ შემთხვევაში, იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე პასუხისმგებლობა და, პირველ რიგში, ასეთ პირად განიხილავს მშენებლობის მწარმოებელ პირს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე - ჯარიმას პირდაპირ აკისრებს მშენებლობის მწარმოებელს, რომლის დაუდგენლობისას უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ ობიექტის დემონტაჟთან დაკავშირებით.
სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში, მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება, კონკრეტულად, როდის ან ვის მიერ განხორციელდა სადავო ობიექტის მშენებლობა. კერძოდ, წარმოდგენილი მასალების თანახმად, სადავო ობიექტი განთავსებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ №0--------------- და №0--------------- საკადასტრო ერთეულებზე. №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება შპს „ნ----–ს“ იჯარის უფლებით ჰქონდა გადაცემული 2012 წლის 4 იანვრიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე, ხოლო №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - 2012 წლის 21 ივნისიდან 2015 წლის 27 აგვისტომდე. ეს უკანასკნელი 2015 წლის 27 აგვისტოდან სარგებლობის/იჯარის უფლებით გადაეცა შპს „ნ-----------------“. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 23 ივლისის №2----- და 2012 წლის 13 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებებით შპს „ნ----–ს“ წერილობით დაუდასტურდა №0--------------- და №0--------------- საკადასტრო ერთეულებზე დროებითი შენობა-ნაგებობის, ჯიხურის განთავსების შესაძლებლობა და მითითებული წერილობითი დასტურის მოქმედება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს აღარ გაუგრძელებია. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 8 აგვისტოს დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შპს „ნ----–ის“ მიმართ, დასრულებულ ობიექტთან დაკავშირებით.
სასამართლო აქვე მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო ჯიხურის გამოყენების ვადა არ გაგრძელებულა (წერილობითი დასტური გაიცა 2012 წელს, 1 წლის ვადით), ხოლო მიწის ნაკვეთი 2014-2015 წლებიდან აღარ წარმოადგენდა შპს „ნ----–ის“ სარგებლობის ობიექტს, უფრო მეტიც, №0--------------- საკადასტრო ერთეული შპს „ნ----–ის“ შემდეგ სხვა პირზე იყო გაცემული სარგებლობის უფლებით, შეუძლებელია ცალსახად დადგინდეს, თუ ვინ წარმოადგენს სამართალდარღვევაში დამრღვევს. სასამართლოს შეფასებით, 2012 წელს შპს „ნ----–ის“ მიერ ობიექტის განთავსება ავტომატურად არ გულისხმობს, რომ 2017 წელს - სამართალდარღვევის გამოვლენისას აუცილებლად ის წარმოადგენდა სამართალდარღვევის სუბიექტს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს ზუსტად განსაზღვროს სამართალდარღვევის ობიექტი, რომელიც უნდა გამოსწორდეს და სუბიექტი, რომელსაც დაავალებს მის გამოსწორებას, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში დააკისრებს შესაბამის პასუხისმგებლობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
6.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №5-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ შპს „ნ----–ის“ წარმომადგენელმა 2017 წლის 2 ნოემბერს №2--------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №5-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „ნ----–ის“ წარმომადგენელის 2017 წლის 2 ნოემბრის №2--------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე. როგორც უკვე აღინიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე მიიღო გადაწყვეტილება შპს „ნ----–ის“ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-94 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია: ა) განახორციელოს ინსპექტირება და კონტროლი თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №5-- ბრძანება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილება და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს შპს „ნ----–ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ნ----–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №5-- ბრძანება;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №0----- დადგენილება და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში;
4. მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე