განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
330100119003131673
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3646-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისი 20 იანვარი, 2020 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----------–-----–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ----------------- (საქართველოს მოქალაქე, პ--------------, დაბადებული 1----–-–----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა---------------------------------------ში).

 

ადვოკატი - ზ-----–-----,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 10 ივლისს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ა-----------------------------------ში, მ----------------- სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით რამდენჯერმე დაემუქრა თავის მეუღლეს - მ----–-----------ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. მ----------------ის მიერ მ----–-----------ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - მ----–-----------ს და მოწმე - მ------------ს ჩვენებები, მოწმე - ა-–--------------–------ას გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 10 ივლისის შემაკავებელი ორდერი და ბრალდებულის დაკავების ოქმი. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს, კერძოდ:

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი - მოწმე - ა-–--------------–------ას გამოკითხვის ოქმი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ის მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. დაზარალებულმა მ----–-----------მ განმარტა, რომ 2006 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----------------სთან. ბოლო 4 წელია მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან ბრალდებული ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა. რამდენჯერმე სთხოვა ნარკოტიკებისთვის თავი დაენებებინა და სავადმყოფოში დაწოლილიყო, თუმცა უშედეგოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად კონფლიქტი ჰქონდათ, გარდა აღნიშნულისა მ----------------- აგრესიული გახდა და მისთვის არაერთხელ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. ადრეც დამუქრებია, თუმცა მანამდე მუქარის განხორციელების შიში არ გასჩენია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნარკოტიკული საშუალება უპოვია ბრალდებულის მანქანაში და მის დაბრუნებას დანის დემონსტრირებით ცდილობდა, უარის მიღების შემდგომ მ----------------- დაემუქრა, რომ თუ ნაპოვნ ნივთიერებას არ დაუბრუნებდა იგი მის თვალწინ გადაიჭრიდა ვენებს. 2019 წლის 10 ივლისს საზამთროს ჭრიდა, როდესაც ბრალდებულმა ალერსი დაუწყო, რადგან წინა დღეებში მისი მეუღლე ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო მისგან ალერსი არ ესიამოვნა და უთხრა თავი დაენებებინა. უარის შემდეგ ბრალდებულმა ორივე ხელი დაარტყა ბეჭებში. კონფლიქტისას აიღო ტელეფონი და დარეკა ,,112-ში’’, ბრალდებულმა ვისკის ბოთლს დაავლო ხელი და უთხრა გაეთიშა მობილური, თორემ დაარტყამდა. ტელეფონი წაართვა. შეეშინდა ტელეფონი არ დაემტვრია და მისთვის გამორთმევას ცდილობდა, რა დროსაც გაითიშა ალბათ ტელეფონი. ბრალდებულს ტანსაცმლით ჩალაგებული ჩანთა გამოუტანა, ბრალდებულმა უთხრა, რომ ჩანთისთვის თავი დაენებებინა, თორემ დაანაწევრებდა და მას გაიტანდა ამ ჩანთით. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული მთელი ოჯახის დაწვით, ხოლო მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, რადგან მ----------------- ის ადამიანი აღარ არის ვისაც ცოლად გაჰყვა. ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო არის აგრესიული და არავინ იცის ე.წ. ,,ლომკის’’ დროს რას გააკეთებს. დაზარალებულის განმარტებით, ღრმად ძილისაც კი ეშინოდა, ბრალდებულს რამე რომ არ დაეშავებინა მისთვის. ნათესავებს დახმარებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ. კონფლიქტის შემდეგ მის დას - მ------------ს დაურეკა, რომელსაც მომხდარის შესახებ უამბო. კონფლიქტის დროს ოჯახში დედამისი და მათი საერთო შვილები იყვნენ, თუმცა არაფერი გაუგიათ, რადგან სხვა ოთახში ისხდნენ. დედამისს რამდენჯერმე აქვს ინსულტი გადატანილი და ცდილობს ზედმეტად არ ანერვიულოს. ,,112-ში’’ დარეკვის შემდეგ კარზე ზარი იყო, გაიხედა და დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, მეუღლეს გაქცევა შესთავაზა და უთხრა, რომ მეორე კარიდან წასულიყო. ასეც მოიქცა მ-----------------. დაზარალებულის განმარტებით, მას ის შიში და განცდა დღემდე ახსოვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბრალდებულს ყველაფერი აპატია და არ უნდა, რომ მკაცრად დაისაჯოს. მთავარია ბრალდებული გადარჩეს და მისი შვილები არ შეარცხვინოს.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივლისს, მ----–-----------მ დაურეკა, უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, კერძოდ მ----------------- თავის ,,გაპობით’’ დაემუქრა და დახმარება სთხოვა. მ----–---სთან დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით მივიდა, რადგან არ სურდა ოჯახურ კონფლიქტში ჩარეულიყო. მისი და აღელვებული და ატირებული დახვდა. სახლი არეული იყო, კერძოდ, საზამთრო გახეთქილი და ნივთები მიყრილ-მოყრილი. პატრულის თანამშრომლები უკვე მისულები იყვნენ. მ----------------- სახლში არ იყო. მის დასსა და სიძეს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბოლო წლების განმავლობაში მ-----------------მ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო, რის გამოც სულ კონფლიქტი ჰქონდათ. მ----–-----------ს დედმამიშვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

 

2.5. მოწმე ა-–--------------–------ას გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ დასტურდება, რომ 2019 წლის 10 ივლის, მეწყვილესთან დ-----------–-–---–თან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ. თბილისი, ა---------------------------------------ში. შემთხვევის ადგილზე ბრალდებული არ დახვდათ. დაზარალებულმა მ----–-----------მ მათ განუმარტა, რომ მეუღლემ - მ-----------------მ ხელი დაარტყა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაზარალებულის განმარტებით, დარტყმისას ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, თუმცა მუქარის განხორციელების შიში გაუჩნდა. მოწმის გამოკითხვის ოქმის თანახმად, სახლში შესულმა დაინახა, რომ ძირს გახეთქილი საზამთრო ეგდო. დაზარალებული იყო ძალიან შეშინებული. მ----–-----------მ განუმარტა, რომ ბრალდებულმა მეორე კარით ისარგებლა და მათი მისვლის შემდეგ სახლი დატოვა.

 

2.6. ბრალდებულის დაკავების ოქმით (10.07.2019), მ----------------- დაკავებული იქნა 2019 წლის 10 ივლისს, 21:19 საათზე, თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2.7. N------ შემაკავებელი ორდერის (10.07.2019) თანახმად, 2019 წლის 9 აპრილს, მოძალადე მ----------------ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის მ----–-----------ს დასაცავად, რომლის განცხადებით მისი მეუღლე მ----------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

2.8. ბრალდებულ მ----------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, იგი მ----–-----------ს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია და არც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს. საზღვარგარეთ მიდიოდა რის გამოც მისი მეუღლე ეჭვიანობდა. საბაბის მოძებნას ცდილობდა. საზამთროს დაჭრა სთხოვა, მ----–---მ უპასუხა, რომ მისი მონა არ იყო. ოთახში დაბრუნებულს საზამთრო ძირს დაგდებული დახვდა, მოეფერა მეუღლეს, მაგრამ მან ხელი ჰკრა. შემთხვევის დღეს სახლში სიდედრი და ბავშვები იყვნენ. სიდედრი გვერდზე ოთახში იყო და ყველაფერს გაიგებდა, ხოლო ბავშვებს ეძინათ. ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებული კონფლიქტური ადამიანია. მას კონფლიქტი აქვს, როგორც თავის დებთან, ასევე მეზობლებთან.

 

2.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს მხარეთა საკვანძო არგუმენტებს და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

2.10. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ----–----------- და მ----------------- იყვნენ მეუღლეები და მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი. მხარეებს ასევე არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ყოფილ მეუღლეებს ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა.

 

2.11. ასევე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2019 წლის 10 ივლისს, მ-----------------, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ----–-----------ს. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.12. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გასამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90). სასამართლოს განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და უმეტეს შემთხვევებში, ამ დანაშაულის თვითმხილველები არიან მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული. ამდენად, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება ოჯახური ძალადობის საქმეებში, რომლის უგულვებელყოფა, მისი სამართლებრივი ფასის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა არითმეტიკული დაჯამებით, იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრულობა და ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.

 

2.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ამასთან არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად (დაზარალებულმა თავად დაადასტურა მ----------------ის მიმართ კეთილგანწყობა), დანაშაულის ხასიათის (ლატენტური დანაშაული) და შემთხვევის ადგილის (დახურული სივრცე) გათვალისწინებით, არის ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი. სასამართლო ასევე გულდასმით დააკვირდა და შეაფასა დაზარალებულის ქცევა სასამართლოში ჩვენების მიცემისას და განმარტავს, რომ როგორც პირდაპირი, ასევე ჯვარედინი დაკითხვისას იგი იყო თანმიმდევრული, ცალსახად და დამაჯერებლად აღწერდა დანაშაულის დეტალებს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი ჩვენების სანდოობაში, ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის პროცესში, არ გამოვლენილა დაზარალებულის იმგვარი მიკერძოება, რომელიც მისი ჩვენების სანდოობას ეჭქვეშ დააყენებდა და სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ დაზარალებული მოქმედებს ბრალდებულის მიმართ შურისძიებისა და პირადი დაინტერესების მოტივით.

 

2.14. ამდენად, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ მიუხედავად მოცემულობისა, როდესაც არსებობს დანაშაულის მხოლოდ ორი თვითმხილველი - დაზარალებული და ბრალდებული, დაზარალებულის ჩვენება მისთვის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია მისი დის - მ------------ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მას დაურეკა დამ - მ----–-----------მ და დახმარება სთხოვა, რადგან მ----------------- მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე საყურადღებოა ა-–--------------–------ას გამოკითხვის ოქმი იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ თანამშრომლებს დაზარალებული შეშინებული და აღელვებული დახვდათ, რომელმაც განუმარტა, რომ მ----------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია მ----------------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებაც, რა დროსაც მან განმარტა, რომ კონფლიქტის დროს ბავშვებს ეძინათ, რადგან მოწმე ა-–--------------–------ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ სახლში მისულ პოლიციის თანამშრომლებს (რომელიც მალევე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე) კარი სწორედ პატარა ბიჭმა გაუღო. ბრალდებული ჩვენების მიცემისას ცდილობდა დაედასტურებინა, რომ დაზარალებული გამოირჩევა კონფლიქტური დამოკიდებულებით და მას კონფლიქტი არამარტო მეზობლებთან, არამედ საკუთარ დედმამიშვილებთანაც კი აქვს, რაც არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------------მ. აღნიშნულის საპირისპიროდ მან განმარტა, რომ მ----–-----------ს დედმამიშვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

 

2.15. რაც შეეხება მუქარის რეალურობას, სასამართლოს სურს მიუთითოს, რომ ვისკის ბოთლის დემონსტრირების ფაქტი, მაშინ როდესაც დაზარალებული წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის სამიზნე და ბრალდებული არაერთხელ დამუქრებია მას, რომ მოკლავდა და დანაწევრებულს ჩანთით გაიტანდა, ცალსახად მიუთითებს ამ ქმედების სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათზე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მოწმე მ----–-----------ს ჩვენებას, რომელმაც ასევე დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ყოველი კონფლიქტის დროს, მას ეშინოდა რომ მ--------ი რამეს დაუშავებდა, ძილის დროსაც არ იყო მშვიდად. ამასთან, ერთი შემთხვევა, რომელიც ამ მოწმემ გაიხსენა, რა დროსაც ბრალდებულმა მისი თანდასწრებით, დანის გამოყენებით დაემუქრა ვენების გადაჭრით, რაც ერთის მხრივ მეტყველებს ბრალდებულის გაუწონასწორებელ ხასიათზე, ასევე დანით მანიპულირების ჩვევაზე და მეორეს მხრივ იმ ფაქტზე, რომ მუქარა, რომელსაც მ----------------- ახორციელებდა მ----–-----------ზე სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ აღიქვამდა არა მარტო დაზარალებული, არამედ ასეთად აღიქმებოდა ობიექტურად გარშემომყოფთათვისაც.

 

2.16. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ----------------- სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - მ----–-----------ს, რაც დაზარალებულმა, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

4.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც რელევანტურია განსახილველი სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ-----------------ს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

4.6. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არის ლატენტური დანაშაული, თუმცა იგი არ არის მხოლოდ ოჯახის პირადი საქმე. ოჯახის შიგნით მომხდარმა დანაშაულმა შესაძლოა უფრო მძიმე ტრავმა გამოიწვიოს. აუცილებელი არაა აღნიშნული ტრავმა იყოს აღქმადი და ფიზიკური სახით გამოხატული, არანაკლებ საზიანო და საფრთხილოა ფსიქიკური ტრავმა, რომელსაც ხშირად განიცდიან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი პირები. ოჯახური დანაშაულის განხილვისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული დანაშაულის ბუნება. აღნიშნულ დანაშაულს ახასიათებს სისტემატურობა, რაც დროის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ოჯახში არსებული მცირე კონფლიქტები თანდათან ძალადობის ფაქტებად ყალიბდება დროთა განმავლობაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შესაძლოა კონკრეტული დანაშაული უშუალოდ მიმართული არ იყოს ოჯახის სხვა წევრების მიმართ (მაგ.: შვილების), თუმცა მშობლებს შორის მომხდარმა კონფლიქტმა და ოჯახის შიგნით არსებულმა დაპირისპირებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფსიქიკური ზიანი მიაყენოს ოჯახის იმ წევრებსაც კი, რომელთა მიმართაც უშუალოდ არაა მიმართული კონკრეტული დანაშაული.

 

4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს განაჩენის 4.5 და 4.6 პუნქტებში გაკეთებულ განმარტებებს და მიაჩნია, რომ მ----------------ის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მის მიერ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, დანაშაულის მოტივს და მიზანს - სურდა მეუღლესთან თანაცხოვრების გაგრძელება და ამ ხერხით ოჯახის თითქოსდა შენარჩუნება, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს - სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, არის უმუშევარი, არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, ასევე ბრალდებულის ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მ----------------ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

 

4.8. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სავსებით შეესაბამება სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამ დროის განმავლობაში მ-----------------ს მიეცემა შესაძლებლობა დაფიქრდეს და გაანალიზოს მის მიერ განხორციელებული ქმედებები და თავისი ყოფაქცევით დაადასტუროს გამოსწორება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. მ-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 ივლისიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე