განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
030100120003456849
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030100120003456849

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

 

საქმის N1/38-2020 წ

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ფოთი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ წულაძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-–---------- კ-------,დაცვის მხარე - ადვოკატი ლ-–- ხ--–-------

 

ბრალდებული - გ---- ა-------- (დაბადებული 1--- წლის 0------------–-, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უ-----–--- განათლებით, მცხოვრები: ჩხოროწყუ, სოფელი კ---–--).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

2020 წლის 02 იანვარს, დაახლოებით 12:45 საათზე, ქ. ფოთი, გ---------- ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების დროს გ---- ა--------მ ყოფილ მეუღლეს თ----- ს-------- ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- ა--------ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით გ---- ა--------მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ა--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილი იქნას უდანაშაულოდ.

 

სასამართლო სხდომაზე გ---- ა--------ს მეუღლემ თ----- ს-------- განმარტა, რომ განერვიულებულმა დარეკა პოლიციაში და მის მეუღლეს მასზე ხელი არ დაურტყამს, იყო მხოლოდ სიტყვიერი კამათი.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა მტკიცებულებების ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2020 წლის 02 იანვრის შეტყობინებით ირკვევა, რომ 2020 წლის 02 ოქტომბერს საინფორმაციო ცენტრ 112-ში შევიდა თ------ ს-------- შეტყობინება, რომ მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა და ხელითაც შეეხო.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2020 წლის 02 იანვრის ფოთის საქალაქო სამმართველოს ნ------- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ------ ქ----------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით 2020 წლის 02 იანვარს შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ადგილზე, სადაც დახვდათ თ----- ს-------, რომლის განმარტებითაც მისმა მეუღლემ გ---- ა--------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ანალოგიური გარემოებებია მითითებული მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიუციულად მიჩნეული ფოთის საქალაქო სამმართველოს ნ------- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–- ქ--------- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული თ----- ს-------- 2020 წლის 02 იანვრის განცხადებაში, რომლითაც მან მიმართა ფოთის საქალაქო სამმართველოს აღნიშნულია, რომ გ---- ა------------- მ--------- შელაპარაკება, რა დროსაც აღელდა და დარეკა 112-ში, გ---- ა--------ს მისთვის არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული მ--- ო---–------ გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მის მეზობლად ცხოვრობს თ----- ს-------. 2020 წლის 02 იანვარს თ----- ს-------- მეუღლე გ---- ა-------- მისული იყო მეუღლის თ----- ს-------- სახლში, რა დროსაც არ გაუგია, რომ მათ ერთმანეთთან ჰქონდათ კამათი.

 

ანალოგიური გარემოებებია მითითებული მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიუციულად მიჩნეული მ----- ც-----ს გამოკითხვის ოქმში.

 

ბრალდებულმა გ---- ა--------მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 02 იანვარს იმყოფებოდა ფოთში მეუღლესთან ბავშვების სანახავად, რა დროსაც შეკამათდნენ სიტყვიერად და სხვა მათ შორის არაფერი ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმემ თ----- ს-------- დამ მ------ ს-------- განმარტა, რომ მის დას და გ---- ა--------ს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მისი და იყო აღელვებული.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება გ---- ა--------ს ბრალდების დასადასტურებლად. დაზარალებულმა თ----- ს-------- აღნიშნა, რომ მის მეუღლეს მასზე ხელი არ დაურტყამს, იყო მხოლოდ სიტყვიერი კამათი. ანალოგიურად განმარტა თ----- ს-------- დამ მ------ ს-------- და ბრალდებულმა გ---- ა--------მ. მოწმეები მ--- ო---–----- და მ----- ც----- ფაქტის თვითმხილველები არ არიან და აღნიშნეს, რომ კამათის და ხმამაღალი საუბრის ხმა არ გაუგიათ.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების თ------ ქ----------- და ი-----–- ქ--------- გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, ვინაიდან ისინი არ შესწრებიან ფაქტს და მიუთითებენ მათთვის თ----- ს--------გან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც არ დაადასტურა თ----- ს--------.

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,ირიბია ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/1/548) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი ... სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ... ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ... სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან ს ხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა... ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს“.

 

ამრიგად, არ არსებობს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ---- ა--------ს დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც გ---- ა-------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---- ა-------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გაუქმდეს გ---- ა--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო დამატებით ღონისძიებებთან ერთად და შესაბამისად გაუქმდეს მის მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის (N12/04-20) განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ბ-–--- ა--------ს, ე---------- ქ--------- (იგივე ა--------) და გ---- ა--------ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღა, მდებარე ჩხოროწყუ, სოფელი კ---–-- (ს/კ 4------------ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულს - გ---- ა--------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი