გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2020
საქმის ნომერი
140210018002569098
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002569098

საქმე №2/1470-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე - ლ--–ი ჩ--------ი

წარმომადგენელი - რ--------ნ ფ--------ი

მოპასუხე - ა-–---------ე კ------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ნ--ო თ---------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ა-–---------ე კ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - მ-----მ კ------–---–ის რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 2017 წლის 18 ო----------ს დაბადებული მ-----მ კ------–---–ი, რომელიც ამჟამად იზრდება დედასთან. მხარეებს შორის შეწყვეტილია ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ამასთან მოპასუხე თავს არიდებს არასრულწლოვანი შვილის წინაშე მშობლის ვალდებულებების შესრულებას. მოპასუხე არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და აქვს ფიქსირებული შემოსავალი. მას აქვს შესაძლებლობა გარკვეული თანხა მოახმაროს შვილის რჩენას და აღზრდას. აღნიშნულ საკითხზე მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება, ამიტომ მოსარჩელემ მომართა სასამართლოს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოადგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მხარეთა შორის შეწყვეტილია ქორწინება, თუმცა შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს აქვს საბანკო კრედიტი, მის კმაყოფაზეა მშობლები, იგი მზადაა შვილს შეუქმნას ყველა საჭირო პირობა და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდა - განვითრებაში. აქედან გამომდინარე, იგი თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2017 წლის 17 ო----------ს დაბადებული - მ-----მ კ------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-----მ კ------–---–ის დაბადების მოწმობა №67------532

 

3.1.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო ბავშვი მ-----მ კ------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. მოპასუხე მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და ხელფასის სახით ყოველთვიურად იღებს 820.59 ლარს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 24 ივნისის N 1 19 00636110 ცნობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–ი ჩ--------ის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლები.

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები.

 

7.7. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი მ-----მ კ------–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტერესების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხის მიერ გაცნობიერებული უნდა იქნეს მისი ვალდებულებები შვილის მიმართ, იგი ვალდებულია არასრულწლოვან შვილს შეუქმნას მინიმალური პირობები ღირსეული ცხოვრებისათვის და მისი განმარტება, რომ ბანკებთან სასესხო ვალდებულებების გამო, იგი ვერ გადაიხდის მოთხოვნილ, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი საკრედიტო დავალიანების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მით უფრო, რომ მოპასუხეს აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის საკრედიტო ვალდებულებებს არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან თუ სხვა საფინანსო დაწესებულებიდან არასრულწლოვანი შვილის ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა და სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დროებით ხასიათს ატარებს, ხოლო აღნიშნული ვალდებულების გამო მოპასუხე ვერ გათავისუფლდება ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლის გათვალისიწნებით ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად 180 ლარი სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 31 ივლისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 108 ლარს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, ა-–---------ე კ------–---–ი ნაწილობრივ ცნო სარჩელი და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 28.80 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ლ--–ი ჩ--------ის სარჩელი ა-–---------ე კ------–---–ისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ა-–---------ე კ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2017 წლის 17 ო----------ს დაბადებული მ-----მ კ------–---–ის რჩენა - აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 31 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე;

 

3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილშ ეთქვას უარი.

 

4. მოპასუხე ა-–---------ე კ------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 28.8 (ოცდარვა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე