გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3344778-3/258-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - მ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ა-–---------------–---–ი
მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი- მ-----------ე
მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი - ი------------–---–ი
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა განცხადება N8-----------, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელიც შეჩერდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნაკვეთსა და ნახაზს შორის იდენტურობის დადგენამდე.
საჯარო რეესტრმა გადააგზავნა წერილი იდენტურობის მოთხოვნით 2018 წლის 14 მაისს, რომლებზეც პასუხი არ არის მიღებული.
მოძიებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მოსარჩელეს ნამდვილად აქვს მართლზომიერ მფლობელობაში მიწის ნაკვეთი და მის ადგილმდებარეობას მერიას ადგილზე მისვლის და გამოკვლევის შემთხვევაში დაუდასტურებენ, როგორც მეზობელი მიწის ნკავეთის მესაკუთრეები, ასევე ყოფილი სარეფორმო კომისიის წევრები.
2. მოპასუხის პირების პოზიცია
2.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააგენტოს მიერ ბ---------ის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში გაიგზავნა მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვათ დაედასტურებინათ მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მარეგისტრირებელ ორგანოში აღნიშნულ წერილზე დღემდე პასუხი წარდგენილი არ არის.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 23 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მ--------------–---–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავი ნივთის მისამართი: ბ---------ი დაბა ბ---------ი, მ--–--ის მიმდებარე ტერიტორია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მ--------------–---–ის 23.08.2017წ. განცხადება;
4.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 ოქტომბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტში გადაგზავნა მ--------------–---–ის განცხადება და ეთხოვა მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 27.10.2017წ. N4----- მიმართვა ბ---------ის მუნიციპალიტეტს.
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2017 წლის 30 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც მ--------------–---–ს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ბ---------ის მუნიციპალიტეტისადმი გაგზავნილ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 6 თებერვალს ბ---------ის მუნიციპალიტეტში კვლავ გადაგზავნა მ--------------–---–ის განცხადება და ეთხოვა წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 06.02.2018წ. N6---- მიმართვა ბ---------ის მუნიციპალიტეტს.
4.5. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2018 წლის 6 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც მ--------------–---–ს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ბ---------ის მუნიციპალიტეტისადმი გაგზავნილ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 22 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
- - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
4.6. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 03 მაისს, 2018 წლის 11 მაისს და 2019 წლის 26 აგვისტოს კვლავ მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა მის მიერ გაგზავნილ წერილებზე, რომელიც ეხებოდა მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 03.05.2018წ. N1----- მიმართვა ბ---------ის მუნიციპალიტეტს.
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 11.05.2018წ. N2----- მიმართვა ბ---------ის მუნიციპალიტეტს.
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 26.08.2019წ. N2----- მიმართვა ბ---------ის მუნიციპალიტეტს.
4.7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2018 წლის 3 მაისს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც მ--------------–---–ს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ბ---------ის მუნიციპალიტეტისადმი გაგზავნილ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 11 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
- - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
4.8. საქართველოს ეროვნული არქივის 14.09.2017წ. მიმართვით დადგენილია, რომ დაბა ბ---------ის 2000, 2003, 2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში მ--------------–---–ს უფიქსრდევა:
2000 წელში დაკავებული სას.სამ. სავარგული - 0.09 ჰა, მათ შორის სახნავი - 0.09 ჰა;
2003 წელში (სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიაში) დაკავებული სას.სამ. სავარგული - 0.76 ჰა, მათ შორის სახნავი - 0.11 ჰა, სათიბი 0.65 ჰა;
2003 წელში (არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიაში) დაკავებული ფართობი 96 კვ.მ.
2004 წელში საკარმიდამო - 300 კვ.მ., სახნავი - 1200 კვ.მ., სათიბი 6500 ჰა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
14.09.2017წ. საქართველოს ეროვნული არქივის N6-------- მიმართვა;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.წ. ვირტუალური აქტი და მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში დაადგინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს, 2018 წლის 6 თებერვალს, 2018 წლის 3 მაისს, 2018 წლის 11 მაისს და 2019 წლის 26 აგვისტოს ბ---------ის მუნიციპალიტეტში გადაგზავნილი იქნა მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია, გამგეობას ეთხოვა მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.
ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მ--------------–---–ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, მ--------------–---–ის განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.
შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ მ--------------–---–ის განცხადებისა და საქმის მასალების ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 27.10.2017წ, 06.02.2018წ. 03.05.2018წ. 11.05.2018წ. და 26.08.20149წ. გადაგზავნის შემდეგ, მერიამ კანონით დადგენილ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა მარიამ აბრამაშვილის განცხადებაზე უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის მ--------------–---–ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ, მისმა წარმომადგენელმა მ--------------–---–ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე ისე უთხრა უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის/მისი წარმომადგენლის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი, რომლითაც მ--------------–---–ს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე ეთქვა უარი, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.წ. ვირტუალური აქტი მ--------------–---–ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაადგინოს მ--------------–---–ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
8. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.
გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
1.2. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს განიხილოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა მ--------------–---–ის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
2. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის მ--------------–---–ის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი