გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/19655-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,კ------’’, ეკ--------ე ნ----–---–-
წარმომადგენელი - ვა-----გ მ-----------, ან--–-----------ე
მოპასუხე - შპს ,,ტ--–-------’’
წარმომადგენელი - ა------- ლ-–--, ნ--------–--–-–---–ი, რ--------- მ-----------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელე შპს ,,კ------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 1 057 818.69 ლარის ანაზღაურება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-თვის ზიანის მიმყენებელი, არსებითად მცდარი, პატივისა და ღირსების შემლახველი, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის მიზნით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, კერძოდ ,,ი-------------–-’’ გასულ სიუჟეტში უარყოფა, რომელშიც ე---------- ნ----–---–- მოხსენიებული იყო შემდეგ კონტექსტში:
,,მედიის თვითმარქვია წარმომადგენლები’’;
,,რა მიზნით იმყოფებოდნენ იუ----–--------------------ზე მედიის თვითმარქვია წარმომადგენლები’’;
,,ტელეკომპანია ი-----ს სახელით ვრცელი სიტყვით გამოდის პირი რომელიც რეალურად ტელეკომაპანია ი-----სთვის ურჩ გადამხდელ სარეკლამო სააგენტოს წარმოადგენს ი------–--ს სა----სთვის კი ი-----ს თანამშრომელია, რომელიც მათ არხის საეთერო ბადეში ნებისმიერი ტიპის სიუჟეტის თუ გადაცემის განთავსებას ჰპირდება’’;
,,ტელეკომპანია ი----- ამ ისტორიაში თაღლითობის ნიშნებს ხედავს’’.
1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის - 4 000 000 ლარის ანაზღაურება.
(იხ. შპს ,,კ------’’-ს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ტომი 2, ს.ფ 19-36; ე---------- ნ----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა, ტომი 3, ს.ფ. 1-23).
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითეს შემდეგი:
მოსარჩელე ე---------- ნ----–---–- არის სარეკლამო მარკეტინგული კომპანია შპს ,,კ------’’-ს დირექტორი. შპს ,,კ------’’ დაკავებულია სარეკლამო საქმიანობით. შპს ,,კ------’’-სა და შპს ,,ი-------------’’-ს შორის 2017 წლის 20 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ი-------------’’-მ იკისრა ვალდებულება შპს ,,კ------’’-სთვის გაეწია სარეკლამო მომსახურება, რაც გულისხმობდა სარეკლამო მასალის საქართველოში არსებულ ტელევიზიებში მათ შორის ტელეკომპანია ,,ი-----’’-ში სარეკლამო მასალის განთავსებას.
2017 წლის აპრილის თვეში სსიპ სა---------–-----------–-----------–-----------მ საკუთარი გადაცემების შესაქმნელად და სასამართლოში არსებული მდგომარეობის გასაშუქებლად მოლაპარაკებები დაიწყო მედია საშუალებებთან. საქართველოს იუ----–-----------–----------ს პიარ კონსულტანტი, რომელსაც არაერთი პროფესიონალური და საქმიანი შეხება ჰქონდა შპს ,,კ------’’-თან დაუკავშირდა კომპანიის დირექტორს და აცნობა განსახორციელებელი პროექტის შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, თავის მხრივ, ე---------- ნ----–---–- ჯერ დაუკავშირდა ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს კონსულტანტ თ-------------–---ს, ხოლო შემდგომ მარკეტინგის სამსახურის უფროსს - თ-------------–-–---–ს და აცნობა სატელევიზიო პროექტის შესახებ, რომლითაც დაინტერესებული იყო იუ----–-----------–----------. ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება და გამოთქვეს მზადყოფნა გადაეღოთ 12 სერია სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებიდან. ამასთან, მოითხოვეს რომ საქართველოს იუ----–-----------–---------ს წარედგინა ოთხი ქეისი, რომლის საფუძველზეც ისინი განსაზღვრავდნენ ხარჯთაღრიცხვას და სამუშაო გუნდს.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 11 აპრილს იუ----–-----------–-----------მ გამართა სხდომა, სადაც მიწვეული იყო ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს წარმომადგენელი - გაყიდვების მენეჯერი - კო----------- ბა--------ი, ისევე როგორც მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ აცნობა კო----------- ბა--------ს. ეს უკანასკნელი არ გამოცხადდა სა----ს სხდომაზე, რის შესახებაც აცნობა იუ----–-----------–----------ს კონსულტანტს და დაუდასტურა, რომ მოსარჩელე ეკატერინე ნ----–---–ს გააჩნდა უფლებამოსილება წარედგინა ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს შეთავაზება.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 11 აპრილს საქართველოს იუ----–-----------–---------ში გაიმართა სხდომა, სადაც განხილულ იქნა ზემოაღნიშნული საკითხი და მხარეებმა - როგორც იუ----–-----------–----------ს წევრებმა, ასევე მიწვეულმა პირებმა წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილ სარჩელებში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს ეთერში კერძოდ - ,,იმ------------’’-ში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც გარდა იმისა, რომ მოსარჩელე ე---------- ნ----–---–ს ბრალი ედებოდა თაღლითობასა და თვითნებობაში, ასევე გავრცელდა არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი ცნობა, რომ თითქოსდა მოსარჩელე ე---------- ნ----–---–ს კომპანიის მიმართ ფინანსური დავალიანება გააჩნდა. სხდომის ჩანაწერის ნახვის შემდეგ, 29 აპრილს ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს დაუკავშირდა ტელეკომპანია ,,რ----------’’-ი და მათ მიერვე გაგზავნილ ე---------- ნ----–---–ს თვითმარქვია უწოდა. 2017 წლის 30 აპრილს კი ,,იმ------------’’-ში გავიდა სიუჟეტი, სადაც მოსარჩელე ე---------- ნ----–---–- თვითმარქვია და ურჩ გადამხდელად გამოაცხადეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, ცილისმწამებლური ინფორმაციის მასმედიის საშუალებით გაშუქების შემდგომ პარტნიორმა კომპანიებმა შპს ,,კ------’’-ს უარი უთხრეს თანამშრომლობაზე და შეუწყვიტეს ხელშეკრულებები. შპს ,,კ------’’-მა როგორც ფინანსურად მზარდმა კომპანიამ, რომლის წარმატების საიდუმლოც მისი დირექტორის საქმიანი რეპუტაცია იყო შეწყვიტა საქმიანობა. შპს ,,კ------’’-ს მიერ სხვადასხვა იურიდიულ პირებთან დაიდო ხელშეკრულებები, მათ შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებები, რომლითაც შპს ,,კ------’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები გადაეცა შპს ,,მ----------------–----–ს’’. გავრცელებული ინფორმაციის შედეგად მოსარჩელე შპს ,,კ------’’-ს მიადგა ზიანი 1 057 818.69 ლარი.
ამასთანავე, ,,იმ------------’’-ში გასულ სიუჟეტში გასულ სიუჟეტში მოსარჩელე ე---------- ნ----–---–- მოხსენიებულია შემდეგ კონტექსტში: ,,მედიის თვითმარქვია წარმომადგენელი’’, ,,რა მიზნით იმყოფებოდნენ იუ----–--------------------ზე მედიის თვითმარქვია წარმომადგენლები’’, ,,ტელეკომპანია ი-----ს სახელით ვრცელი სიტყვით გამოდის პირი, რომელიც რეალურად ტელეკომპანია ი-----სთვის ურჩ გადამხდელს სარეკლამო სააგენტოს წარმოადგენს. ი------–--ს სა----სთვის კი ის ი-----ს თანამშრომელია, რომელიც მათ საეთერო ბადეში ნებისმიერი ტიპის სიუჟეტის თუ გადაცემის განთავსებას ჰპირდება’’, ,,ტელეკომპანია ი----- ამ ისტორიაში თაღლითობის ნიშნებს ხედავს’’. აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-სთვის ზიანის მიმყენებელ, არსებითად მცდარ, პატივისა და ღირსების შემლახველ, ცილისმწამებლურ ცნობებს.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელებთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-ს, ისევე როგორც შპს ,,კ------’’-ს სარჩელები არ ცნო და მიუთითა მათ უსაფუძვლობაზე. მოპასუხის განმარტებით, იუ----–-----------–---------ს შპს ,,ტ--–-------’’-სთვის არ მიუმართავს და შესაბამისად არც მოლაპარაკებები უწარმოებია. სამაუწყებლო ეთერში ფაქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქებისას არც ერთ მედია საშუალებას მოსაზრება არ გამოუთქვამს და არ დაუდასტურებია იუ----–-----------–---------ს მოლაპარაკებების წარმოება.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ე---------- ნ----–---–- დაუკავშირდა თ-------------–-–---–ს და შესთავაზა სასამართლო საქმეებზე მხატვრულ-დოკუმენტური აუდიო-ვიზუალური მასალის დამზადება. თ-------------–-–---–მა მოსარჩელეს უპასუხა, რომ ზოგადი დაინტერესება არსებობდა, თუმცა საკითხის შეთანხმებისათვის საჭირო იყო საპილოტე მასალის წარმოდგენა. თ-------------–-–---–მა გამოხატა ზოგადი ინტერესი 12 სერიის დამზადებაზე, ამასთან, მან განუმარტა მოსარჩელეს, რომ საკითხის საბოლოო შეთანხმებისთვის საჭირო იყო ე---------- ნ----–---–-ს მიერ საპილოტე მასალის წარმოდგენა. კო----------- ბა--------ს იუ----–-----------–----------ს სხდომაზე მოწვევა არ მიუღია და სა----ს კონსულტანტისთვის არ დაუდასტურებია მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-ს უფლებამოსილება - წარედგინა ტელეკომპანიის შეთავაზება. როგორც იუ----–-----------–----------ს სხდომის ოქმის ვიდეო-აუდიო ჩანაწერიდან იკვეთება, სხდომა მართლაც გაიმართა და დამსწრე პირებმა განიხილეს ტელეკომპანიისთვის გაურკვეველ სატელევიზიო პროექტთან დაკავშირებული საკითხები.
მოპასუხის მითითებით, 2017 წლის 30 აპრილს სამაუწყებლო პროგრამა ,,იმ------------’’-ს ფარგლებში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე ე---------- ნ----–---–ს ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს სახელით იუ----–-----------–---------ში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ჰქონდა. აღნიშნულ სიუჟეტში მოსარჩელის მიმართ თაღლითობის ბრალდება წარდგენილი არ არის, ადგილი ჰქონდა აზრის გამოთქმას თაღლითობის ნიშნების არსებობის შესახებ. ასევე სიუჟეტში არ გავრცელებლა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მოსარჩელეს ვინმეს მიმართ დავალიანება აქვს - წამყვანმა აღნიშნა, რომ ე---------- ნ----–---–- ტ--–-------სთვის წარმოადგენს ურჩ გადამხდელ სარეკლამო სააგენტოს. შესაბამისად, სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არა ე---------- ნ----–---–ს, არამედ სარეკლამო სააგენტოს აქვს ტ--–-------ს მიმართ დავალიანება. ტელეკომპანიას საკითხთან მიმართებით დაუკავშირდა ს-----–----–------------ ,,რ----------’’, რაზეც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ მოსარჩელე ე---------- ნ----–---–- თვითმარქვიაა - იგი იუ----–-----------–---------ში ტ--–-------ს მიერ გაგზავნილი არ ყოფილა. 2017 წლის 02 მაისს შპს ,,ტ--–-------’’-მა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, აცნობა იუ----–--------------------სთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ და მოითხოვა უწყების კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება საკითხთან მიმართებით.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ 2015 წელს არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე, შპს ,,კ------’’-ს ტელეკომპანიის მიმართ ერიცხება დავალიანება 18 441 ლარის ოდენობით. მოპასუხის მითითებით, შპს ,,კ------’’-ს სარეკლამო მომსახურება შეუწყდა შპს ,,ს-----–----–------------ რ----------’’-ის მოთხოვნის საფუძველზე. მოპასუხემ შპს ,,კ------’’-ს სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სადავო გახადა ასევე მოთხოვნილი ზიანის ოდენობა და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ერთმანეთთან შეუსაბამოა და არ ადასტურებს შპს ,,კ------’’-სთვის მიყენებულ ზიანს.
ე---------- ნ----–---–-ს სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ნამდვილად გავრცელდა მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-ს მიმართ სარჩელში მითითებული ინფორმაცია, დაუშვებელია აღნიშნული განცხადებების მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელ, არსებითად მცდარ, პატივისა და ღირსების შემლახველ, ცილისმწამებლურ ცნობებად შეფასება. ამასთანავე, მითითებული უფლებების შელახვასთან რომც გვქონდეს საქმე, მოსარჩელის მიერ ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან იგი წარმოადგენს სამაუწყებლო კომპანიას, რომლის შემოსავლის ერთადერი წყაროს წარმოადგენს სარეკლამო მომსახურების რეალიზაცია. კომპანიას ერიცხება მილიონობით კრედიტორული/სასესხო დავალიანება საბანკო/საფინანსო და სხვა კერძო პირების მიმართ, ამასთან არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო მისი მთელი ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ე---------- ნ----–---–-ს სარჩელი წარმოდგენილია სპეციალური კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე---------- ნ----–---–- წარმოადგენს შპს ,,კ------’’-ს დირექტორს. შპს ,,კ------’’ ეწევა სარეკლამო-მარკეტინგულ საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 293-294);
- წესდება (ტომი 1, ს.ფ.298-303).
3.1.2. 2017 წლის 11 აპრილს საქართველოს იუ----–-----------–---------ში გაიმართა საჯარო საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მიწვეული იყვნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განსახილველ საკითხს წარმოადგენდა სასამართლოს შესახებ განსახორციელებელ სამომავლო ტელეპროექტთან დაკავშირებით მედიასაშუალებებისგან პირველადი შეთავაზებების მიღება და მათი განხილვა.
აღნიშნულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-, რომელმაც შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი წარმოადგენდა ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს. ამასთანავე გამოთქვა შემდგომი მზადყოფნა, როგორც პროდიუსერს გამოცდილი ჟურნალისტების მონაწილეობით განეხორციელებინა პროექტი სა----სთვის მისაღები ფორმატით. მოსარჩელემ ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს სახელით ასევე გამოთქვა მზადყოფნა გაეწია ამ პროექტის შემდგომი საინფორმაციო მხარდაჭერა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დისკი - სხდომის ჩანაწერი (ს.ფ. ტომი 1, ს.ფ. 334)
- მოწმეთა ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. საქართველოს იუ----–-----------–---------ს 2017 წლის 11 აპრილის სხდომის შემდეგ, ამ სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან მიმართებით ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს გადაცემა ,,იმ------------’’-ში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მოსარჩელე ე---------- ნ----–---–- მოხსენიებული იყო შემდეგ კონტექსტში:
,,მედიის თვითმარქვია წარმომადგენლები’’;
,,რა მიზნით იმყოფებოდნენ იუ----–--------------------ზე მედიის თვითმარქვია წარმომადგენლები’’;
,,ტელეკომპანია ი-----ს სახელით ვრცელი სიტყვით გამოდის პირი რომელიც რეალურად ტელეკომაპანია ი-----სთვის ურჩ გადამხდელ სარეკლამო სააგენტოს წარმოადგენს ი------–--ს სა----სთვის კი ი-----ს თანამშრომელია, რომელიც მათ არხის საეთერო ბადეში ნებისმიერი ტიპის სიუჟეტის თუ გადაცემის განთავსებას ჰპირდება’’;
,,ტელეკომპანია ი----- ამ ისტორიაში თაღლითობის ნიშნებს ხედავს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დისკი (ს.ფ. ტომი 1, ს.ფ. 334)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 11 აპრილის სხდომამდე გარკვეული პერიოდით ადრე მოსარჩელეს, როგორც შპს ,,კ------’’-ს დირექტორს დაუკავშირდა იმ დროისთვის საქართველოს იუ----–-----------–----------ს მიწვეული ექსპერტი და აცნობა სასამართლოს საქმიანობის შესახებ ტელე პროექტის შექმნის სურვილის შესახებ.
თავის მხრივ, მოსარჩელე დაუკავშირდა ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს კონსულტანტს, შემდეგ კი მარკეტინგის მენეჯერს და გააცნო სამომავლო პროექტის შესახებ არსებული იდეა.
მოსარჩელეს ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს მარკეტინგის მენეჯერისგან ეცნობა, რომ ტელეკომპანია გამოხატავდა ინტერესს გადაეღო 12 სერია, ოთხი ხუთ წუთიანი საქმით სხვადასხვა ინსტანციიდან. ამასთან, მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ ფორმატზე, ჟურნალისტებზე, სახელზე, შეფუთვაზე და სხვა კრეატიულ დეტალებზე შეთანხმება მოხდებოდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გაუგზავნიდა ტელეკომპანიას საპილოტო პირველი სერიისთვის 4 საქმეს, რომელთა საფუძველზეც ტელეკომპანიის მიერ შედგებოდა ხარჯთაღრიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 199-204);
- ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 205-289);
- მოწმეთა ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ისევე როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 11 აპრილს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია ,,ი-----’’-სგან არ ჰქონდა გადაცემული უფლებამოსილება ემოქმედა, როგორც ამ ტელეკომპანიის წარმომადგენელს.
სასამართლო უპირველესად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, ასევე ამავე კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია მტკიცებულებათა შეფასების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის სტანდარტი. აღნიშნული ნორმის თანახმად სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სა----ში გამართულ შეხვედრამდე ნაწარმოები მოლაპარაკებების ფარგლებში, მას ტელეკომპანია ,,ი-----’’-სგან ჰქონდა გადაცემული უფლებამოსილება იმის შესახებ, რომ სამომავლო პროექტთან დაკავშირებით ესაუბრა როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენელს. აღნიშნული გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. ყურადსაღებია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა (რომლებიც მოლაპარაკებებში არსებითად მონაწილე პირებს წარმოადგენდნენ) ჩვენებებით არათუ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, არამედ ცხადი ხდება, რომ სამომავლო პროექტის შესახებ არსებობდა მხოლოდ იდეა და ტელეკომპანიის მხრიდან მის გაშვებაზე თანხმობის გაცემა დამოკიდებული იყო მრავალ ფაქტორზე, უპირველესად კი მოსარჩელის მიერ წარსადგენ საპილოტე მასალებზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი), რაც მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო ასევე ეყრდნობა მოსარჩელისვე აპელირებულ ტელეკომპანიის მარკეტინგის მენეჯერის წერილს (იხ. ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ტომი 1, ს.ფ. 205-289), რომელიც ადასტურებს და სამომავლო პროექტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ფარგლებს და რომელიც ასევე ვერ მიიჩნევა მოსარჩელისთვის უფლებამოსილების (ტელეკომპანიის სახელით გამოსვლის) გადაცემის საფუძვლად.
3.2.3. მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-ს სარჩელი ხანდაზმული არ არის.
მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელე ე---------- ნ----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. სპეციალური კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ დიფამაციური სარჩელის წარდგენისას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შემოწმება სარჩელის განსახილველად მიღების ეტაპზევე პრეზუმირებულია. მოსარჩელის განცხადებით, განსახილველი სარჩელის წარმოდგენამდე მან რამდენჯერმე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის დაცვით (ტომი 4, ს.ფ 61-70). უშუალოდ აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებს სასამართლო ვერ მიიჩნევს მოპასუხის შედავების დამძლევ სათანადო მტკიცებულებებად, თუმცა განმარტებული პრეზუმფციიდან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს ე---------- ნ----–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18; 992-ე მუხლი;
5.2. საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი ,,ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად’’ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, გაერთიანებული საქმის ფარგლებში განსახილველი ე---------- ნ----–---–-ს სარჩელი ერთი მხრივ გამომდინარეობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით რეგლამენტირებული ცილისწამების შინაარსის განმსაზღვრელი ნორმიდან (როგორც მოთხოვნის სპეციალური საფუძველი - მუხლი 13) და მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლიდან (მოთხოვნის ზოგადი საფუძველი), ხოლო შპს ,,კ------’’*ს სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან. შესაბამისად, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ფონზე თითოეული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობაზე იმსჯელებს დამოუკიდებლად.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-8 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომლის თანახმადაც, 1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით დაცული ურთიერთობები არ არის განსაზღვრული numerous clauses პრინციპით. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ფართოა და არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას (იხ. საქმე კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). მეტიც, ადამიანის პატივი და ღირსება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროს განეკუთვნება (იხ. საქმე მიკულიჩი ხორვატიის წინააღმდეგ). ამასთან, საგულისხმოა, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული საქმეები არც თუ ისე იშვიათად კონკურირებს ევროპული კონვენციით დაცულ ისეთ უფლებასთან, როგორიცაა მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება, რომელიც თავის მხრივ ასევე ექვემდებარება შეზღუდვას შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში.
კონვენციის ხსენებული მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და თითოეული ინდივიდის განვითარების უმთავრეს საფუძველს. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაშვებული ჩარევის აუცილებლობის არარასებობისას, ნორმით დაცულ სფეროში ხვდება არა მხოლოდ „უწყინარი“, „უვნებელი“ გამონათქვემები, არამედ „შეურაცხმყოფელი“, აღმაშფოთებელი“, „შოკისმომგვრელი“ მოსაზრებები. ეს არის პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის მოთხოვნები, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა (იხ. OTTO PREMINGER INSTITUTE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 20 სექტემბერი, 1994 წელი, განაცხადის N13470/87).
ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის თავისუფლება რამდენიმე უფლებას აერთიანებს, დაცვის სფეროებიც განსხვავებულია, კერძოდ, განსხვავებულია მიდგომა მედიასაშუალებების მიერ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებაზე. მოცემულ საქმეზე მედიის უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, უპირისპირდება მოსარჩელის რეპუტაციის უფლება. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში გადასაწყვეტია სადავოდ გამხდარი - მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია თავსდება თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში და ხომ არ არსებობს ამგვარი გამოხატვის შეზღუდვის ისეთი კანონით დაცული საფუძველი, როგორიცაა ადამიანის პატივი და ღირსება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირად არაქონებრივ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება სახელის უფლება, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია.
წინამდებარე საქმეში სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხე მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა მისი პატივი, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ, როგორც ცილისწამებას.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული. სასამართლომ უნდა დაადგინოს, მედიასაშუალებაში გავრცელებული განცხადებები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ,,აზრს“ - მისი შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სწორედ ამ საკითხის გარკვევაზეა უპირატესად დამოკიდებული სადავო დასკვნები ჩაითვლება ცილისწამებად თუ არა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი „აზრს“ განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამებაა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
სასამართლოში დეფამაციური სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტით ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
დადასტურებულია, რომ საქართველოს იუ----–-----------–---------ში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მოსარჩელემ დამწერე პირებს თავი გააცნო როგორც ტელეკომპანია ,,ი-----’’-ს წარმომადგენელმა. ასევე დადასტურებულია, რომ ტელეკომპანიის სახელით გამოთქვა შემდგომი მზადყოფნა განეხორციელებინა პროექტი მისაღები ფორმით, იმ პირობებში როდესაც მას არ ჰქონდა ტელეკომპანიის სახელით ამგვარი ,,დაპირებების’’ გაცემის უფლებამოსილება. ამასთან, იგი არც კი წარმოადგენდა ტელეკომპანიის თანამშრომელს, რაც მისივე წარდგენიდან გამომდინარე ობიექტურად შეუცნობელი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, მასი პატივი, ღირსება და რეპუტაცია მოპასუხე ტელეკომპანიის გადაცემაში გასულ სიუჟეტში გაჟღერებული შემდეგი ფრაზებით: ,,მედიის თვითმარქვია წარმომადგენლები’’; ,,რა მიზნით იმყოფებოდნენ იუ----–--------------------ზე მედიის თვითმარქვია წარმომადგენლები’’; ,,ტელეკომპანია ი-----ს სახელით ვრცელი სიტყვით გამოდის პირი რომელიც რეალურად ტელეკომაპანია ი-----სთვის ურჩ გადამხდელ სარეკლამო სააგენტოს წარმოადგენს ი------–--ს სა----სთვის კი ი-----ს თანამშრომელია, რომელიც მათ არხის საეთერო ბადეში ნებისმიერი ტიპის სიუჟეტის თუ გადაცემის განთავსებას ჰპირდება’’; ,,ტელეკომპანია ი----- ამ ისტორიაში თაღლითობის ნიშნებს ხედავს’’.
უნდა შეფასდეს სადავო დასკვნები ეფუძნება თუ არა მცდარ ფაქტებს ან თავად ხომ არ წარმოადგენენ მცდარ ფაქტებს. ამ საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა თუ სად გადის ზღვარი სუბიექტურ აზრსა და ინფორმაციის ფაქტობრივ შინაარსს შორის. დამკვიდრებული მიდგომის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: სიტყვა „აზრი’’ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.).
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზრი უმეტეს შემთხვევაში არ გამოითქმის ფაქტებთან ყოველგვარი დამოკიდებულების გარეშე. ჩვეულებრივ, ისინი ეყრდნობა და ეხება ფაქტებს. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
სასამართლო მოცემული განცხადების შეფასებისას ასევე იზიარებს ევროპული სასამართლოს სტანდარტს, რომლის თანახმადაც, გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელების საზღვრები უნდა შეფასდეს მთელი ფაქტობრივი საფუძვლის კონტექსტში, მომჩივანის მიერ სადავოდ გამხდარ წერილთან ერთად და იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ისინი დაიწერა“ (LINGENCE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 08 ივლისი, 1986 წელი, განაცხადის N9815/82). ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ უდიდესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს „ფაქტები“ და „მოსაზრება“/„მსჯელობა“. თავის მხრივ, „ფაქტების“ არსებობა შესაძლებელს გახდიდა მათ დადასტურებას, მაშინ როდესაც „მოსაზრების“/„შეხედულების“ დადასტურება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამდენად, იგი განეკუთვნება შეხედულებათა თავისუფლების სფეროს და დაცულია კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით.
ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე სადავო განცხადებებიდან - ,,ტელეკომპანია ი----- ამ ისტორიაში თაღლითობის ნიშნებს ხედავს’’- სასამართლოს შეფასებით, ცალსახად წარმოადგენს მოპასუხე ტელეკომპანიის შეფასებას - ,,აზრს’’, რომელმაც გამოხატულება ჰპოვა ტელეკომპანიის შემდგომ ქმედებაში - მან განცხადებით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა მისი კომპეტენციის ფარგლებში ფაქტთან მიმართებით რეაგირება (აღნიშნულზე ინფორმაციას შეიცავს სწორედ სადავო სიუჟეტი). აზრი კი სპეციალური კანონის მე-4 მუხლის თანახმად დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც თავის მხრივ კანონით გათვალისწინებული პასუხსიმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო განთავისუფლებას გულისხმობს.
სადავო განცხადებების დანარჩენი ნაწილები კი სასამართლოს მოსაზრებით იძლევა არა მათი აზრად, არამედ ფაქტად კვალიფიკაციის საფუძველს. აღნიშნულ განცხადებათაგან მოსარჩელის მიერ ყველაზე მწვავედ აღქმული შეფასება ,,თვითმარქვია’’ (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად იხ. ,,პირი, ვისაც სხვის მოსატყუებლად მოაქვს თავი იმად, რაც ნამდვილად არ არის’’) წარმოადგენს არა იმდენად მოპასუხის შეფასებას, არამედ ფაქტს. თუმცა აღნიშნულ ნაწილში გასათვალისწინებელი და არსებითია სწორედ ის გარემოება, რომ აღნიშნული ფაქტები - ვერ განიხილება როგორც არსებითად მცდარი. პირიქით, საქმის მასალებით სწორედაც რომ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საჯარო შეხვედრის ფარგლებში მოქმედებდა მოპასუხის სახელით შესაბამისი უფლებამოსილების არ არსებობის გარეშე. აღნიშნული კი ლეგიტიმურს ხდის მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი განცხადების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებად მიჩნევას.
საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი დასაყრდენის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მედიის ფუნქცია (ინფორმაციის მიმწოდებლის სასიცოცხლო როლი და საზოგადოებრივი ზედამხედველობის ინსტიტუტი) და მოვალეობა, გაავრცელოს საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებული ინფორმაცია და იდეები ისე, რომ არ გასცდეს დაწესებულ საზღვრებს. აღნიშნულ მოვალეობას შეესაბამება საზოგადოების უფლება მიიღოს მსგავსი სახის ინფორმაცია. მიჩნეულია, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის საჭირო ძირითად პირობას. ამასთანავე, ჟურნალისტებს გააჩნიათ „გაბუქების ან პროვოკაციის“ უფლებაც კი (პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ /Prager and Oberschlik v. Austria/; საქმე #15974/90). ამასთან, იმისთვის რომ კონვენციის მე-8 მუხლი მოქმედებაში მოვიდეს, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017).
ევროსასამართლოს მიდგომით, როდესაც ჟურნალისტი „არაკეთილსინდისიერად“ მოქმედებს, მისი (ჟურნალისტის) დაცვის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. კონვენციის მეათე მუხლი ითვალისწინებს როგორც უფლებებს, ასევე - ვალდებულებებს, რომლებიც უნდა დაიცვას პირმა, თუკი იგი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს. ეს მოვალეობები პრესაზეც ვრცელდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება პირის რეპუტაციის შელახვას. მე-10 მუხლის თანახმადვე, ჟურნალისტები კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდნენ და უზრუნველყოფდნენ ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას ჟურნალისტური ეთიკის საფუძველზე (Bladet Tromso and Stensaas v. Norway). საქმეზე დადგენილი გარემოებები ჟურნალისტის მხრიდან ამ მოვალეობათა დარღვევაზე არ მიუთითებენ.
ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ჟურნალისტური საქმიანობა და საჯარო ინტერესის სფეროში შემავალ თემაზე ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება თავისი არსითვე არ ისახავს მიზნად პირის ცილისწამებას და ჟურნალისტის მიზანი კონცეპტუალურად განსხვავდება ცილისწამების შემადგენლობისათვის დადგენილი მიზნიდან, რასაც ხშირ შემთხვევაში მივყავართ ფაქტის ან მოვლენის ჟურნალისტისეულ უტრირებულ შეფასებამდე. საერთო ჯამში სადავო განცხადებები მთლიანი კონტექსტით და პათოსით შესაძლოა მიჩნეულ იქნეს სწორედ მოვლენების უტრირებულ გადმოცემად და არა მოსარჩელის მიმართ გაცხადებულ ცილისწამებად.
შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში ვერ დადასტურდა ცილისწამების დადგენისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა, რაც გამორიცხავს ე---------- ნ----–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან, რომლის უარყოფა ასევე განაპირობებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უარყოფას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, რაც განაპირობებს შპს ,,კ------’’-ს სასარგებლოდ მოპასუხისთვის ზიანის დაკისრებას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო სიუჟეტის შემდეგ მას შპს ,,ი------------ს’’ მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდა სხვადასხვა არხებზე მაუწყებლობა. ამასთანავე, მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად იგი იძულებული გახდა გაეფორმებინა ცესიის ხელშეკრულებები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში არ დასტურდება მოპასუხის არც მართლსაწინააღმდეგო და არც ბრალეული ქმედება, რაც თავისთავად გამორიცხავს დელიქტური ვალდებულების მოპასუხისთვის დაკისრებას. ვინაიდან არ დგინდება ზიანის ანაზღაურების დაკისრების კომპონენტთა ერთობლიობა, სასამართლოს შესაფასებელ საგანს აღარ წარმოადგენს ზიანის ოდენობის დასადგენად წარმოდგენილი რიგი წერილობითი მტკიცებულებების არსებითი კვლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა, შპს ,,კ------’’-ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ე---------- ნ----–---–-ს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3 000 ლარი (ტომი 3, ს.ფ. 330-331), ხოლო შპს ,,კ------’’-ს სარჩელზე გადახდილია 5 000 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 331-332). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,კ------’’-ს და ე---------- ნ----–---–-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ტ--–-------’’-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია