განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-966-19
(N012051119002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28.02.2020 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:
ადვოკატი: როინ მოსეშვილი,ბრალდებული: გ--------–-–--–---–ი
მამის სახელი: ა------ი
პირადი ნომერი: 3----------
დაბადებული: 01.09.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, ფ--–--–---–----------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
გ--------–-–--–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - 1974 წლის ნიმუშის ,,AK-74” მოდელის, 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და “GOLD STAR - 2002” კონსტრუქციის, 9მმ ნომინალური კალიბრის N82251 პისტოლეტი; ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - სამხედრო დანიშნულების 100 (ასი) ცალი 5,45მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის; 46 ცალი, 9მმ კალიბრის, 1951 წლის ნიმუშის საბრძოლო ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის „ПМ“ და სტეჩკინის სისტემის ავტომოტური პისტოლეტებისათვის „АПС“; 8 ცალი, 9მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა განკუთვნილი 1908 წლის ნიმუშის პისტოლეტებისათვის; 2 ცალი, 7,62 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, განკუთვნილი 1908 ნიმუშის შაშხანების დიდი ჯგუფისათვის, იგი ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. რუსთავი, ფ--–--–---–----------------ში, რაც ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ მისი ბინის ჩხრეკისას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, გ--------–-–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - კ------------ის, ი-----–----------ას, ბ---------------–---–ის, დ--–--–-–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, გ--------–-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.
ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 23 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ცივ იარაღთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არ არის საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც; გასროლის შედეგად საბრძოლო მასალის (მაგალითად. ტყვიის) მოქმედების მანძილი, ძალა და სხვა საზიანო თვისება არ არის დამოკიდებული იმ პირის ფიზიკურ მონაცემსა და პროფესიონალიზმზე, ვინც მოახდინა გასროლა; ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების სამართლებრივ განმარტებასთან მიმართებით ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქ/პუნქტის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღი განმარტებულია, როგორც იარაღი რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად კი საბრძოლო მასალა, განმარტებულია, როგორც მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიცირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.
დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში ან შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.
მართლსაწინააღმდეგო შეძენა შეიძლება გამოიხატოს კანონის დარღვევით ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში, ვალში გაცვლაში. შეძენა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა პირს მიეცემა განკარგვის შესაძლებლობა.
მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება გამოიხატოს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენაში, იმ პირის მიერ ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს.
სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძენს და ინახავს სსკ-ის 236-ე მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და სურს ეს.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------–-–--–---–მა განზრახ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღები - 1974 წლის ნიმუშის ,,AK-74” მოდელის, 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი- რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ასევე “GOLD STAR - 2002” კონსტრუქციის, 9მმ ნომინალური კალიბრის N82251 პისტოლეტი - რომლებიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; რასაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.
ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - სამხედრო დანიშნულების 100 (ასი) ცალი 5,45მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის; 46 ცალი, 9მმ კალიბრის, 1951 წლის ნიმუშის საბრძოლო ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის „ПМ“ და სტეჩკინის სისტემის ავტომოტური პისტოლეტებისათვის „АПС“; 8 ცალი, 9მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა განკუთვნილი 1908 წლის ნიმუშის პისტოლეტებისათვის; 2 ცალი, 7,62 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, განკუთვნილი 1908 ნიმუშის შაშხანების დიდი ჯგუფისათვის - რასაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N1221/ბ დასკვნით - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომატი კონდახის გარეშე არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, „ak-74’’ მოდელის, 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;
N82251 პისტოლეტი მჭიდით არის ქარხნული წესით დამზადებული, ‘’GOLD STAR-2002’’ კონსტრუქციის, 9 მმ ნომინალური კალიბრის. ვინაიდან მას ლულაში არ გააჩნია რაიმე სახის მზღუდავი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთაცკატეგორიასცდა ვარგიასია სროლისათვის.
ქარხნული წესით დამზადებული N61110164 “EKOL P 29” მოდელის 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტი მჭიდით არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;
‘’GOLD STAR-2002’’- N82251 და ‘’EKOL P 29’’ N161110164 პისტოლეტებზე დატანილი აღნიშვნები შეესაბამება დამამზადებელი ქარხნის მარკირებას, ხოლო ავტომატის ჩარჩოს ზედაპირზე იკითხება მხოლოდ ორი ციფრები: 81, ხოლო დანარჩენზე აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების კვალი. ჩამკეტი და ჩამკეტის ჩარჩო ნომრების გარეშეა;
„GOLD STAR – 2002” პისტოლეტთან ერთად წარმოდგენილი 7 (შვიდი) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის ვაზნა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კალიბრის იარაღისთვის. ვაზნები დამუხტულია #11 საფანტით. ისინი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად;
„EKOL P 29” პისტოლეტთან ერთად წარმოდგენილი 21(ოცდაერთი) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის ვაზნა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კალიბრის იარაღებისთვის, აქედან 6 არის ხმოვანი, ხოლო 15 არის #11 საფანტით დამუხტული. ისინი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად;
2 (ორი) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული,5,6 მმ კალიბრის ფუჭი ვაზნა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კალიბრის იარაღებისთვის. იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად;
100 (ასი) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების, აქედან 7 (შვიდი) არის ტრასირებული. ვაზნები განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისთვის და ტყვიამფრქვევებისათვის: „AK-74”, “AKC-74”, “AKC-74Y”, “РПК-74’’, ‘’РПКC-74’’. ისინი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად;
56 (ორმოცდათექვსმეტი) ცალი ვაზნიდან:
46 (ორმოცდაექვსი) არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, რომელიც განკუთვნილია მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის, ,, ПМ’’ და სტეჩკის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,AПC’’, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. ისინი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
8 (რვა) ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის ‘’parabellum’’ ,,P. 08”, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის შემდეგი პისტოლეტებისათვის : ‘’Steier mod. 1911, Pi-18; Browning mod. 1935; Astra mod.600; Star; Beretta mod. 93,1923, 1951, Brixia; Parabellum; Mauzer; Mauzer-Parabellum; Walter P.38’’, HS-9”, ‘’BERETTA MOD.92 FS’’, “GLOCK 19”, “GLOCK 17’’ ,,BARAK” ,,NZ 85 B”, “Glock – 19 Gen4’’, Glock-34 Gen4” და სხვა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
2(ორი) ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, რომელიც განკუთვნილია 7,62 მმ კალიბრის შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ისინი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად;
ერთი ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 7,82 (300) მმ კალიბრის სანადირო დანიშნულების ვაზნის (LAPUA 300 WIN MAG) შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია 7,82 კალიბრის სანადირო დანიშნულების კარაბინებისა და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ--------–-–--–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------–-–--–---–ს უნდა დაენიშნოს სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
6.1. გ--------–-–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: - საქმეზე ამოღებული AK მოდელის ავტომატი, N82251 „GOLD STAR – 2002“ კონსტრუქციის პისტოლეტი, 156 დასახელების სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შსს საამისოდ უფლებამოსილ სამმართველოს შემდგომი განკარგვის მიზნით (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------–-–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.
2. გ--------–-–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. გ--------–-–--–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 05 ნოემბრიდან.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- საქმეზე ამოღებული AK მოდელის ავტომატი N82251, GOLD STAR-2000 კონსტრუქციის პისტოლეტი, 156 დასახელების სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შსს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით(ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში)
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი