განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/495-19 (082060619001)
საქმე 140100119003223661
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
28 თებერვალი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------ კ----------- (დაბადებული 1----–-–--------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: კ-----------------------–--------------)
ადვოკატები - ი-–-- ლ-----, შ--–-- ხ-----------, კ------- ვ---–----
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2019 წლის 6 ივნისს, კ-----------------------–------------ში ნ------ კ----------- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტსა და ამავე იარაღისათვის განკუთვნილ 4 ვაზნას;
1.2. ამავე დღეს, დაახლოებით 22 საათზე, კ-----------------------–------------ში, ნ------ კ----------მა შ----– ჯ----– ოღლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ორლულიანი თოფიდან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან გასროლით სცადა შ----– ჯ----– ოღლისა და მისი მეუღლის - მ------ ბ----------ს მოკვლა - შ----– ჯ----– ოღლის სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მ------ ბ----------ს თავის არეში მიაყენა ჭრილობები. ნ------ კ----------მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მ------ ბ----------ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ნ----- კ----------- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო პისტოლეტი, სანადირო თოფი და 3 ვაზნა ამოიღეს 2019 წლის 7 ივნისს, ღამით, ნ----- კ-----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა; განზრახ მკვლელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ------ კ-----------ს მიერ სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ორი პირის მკვლელობის მცდელობა. ამასთან, უტყუარად არის დადასტურებული ნ------ კ-----------ს მიერ შ----– ჯ----– ოღლის განზრახ მკვლელობა, მ------ ბ----------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, კერძოდ:
3.2. დაზარალებულმა მ------ ბ----------მ განმარტა, რომ 2019 წლის 6 ივნისს, შებინდებისას, მისი მეუღლე შ----– ჯ----– ოღლი დასაძინებლად დაწვა, რადგან დაღლილი იყო. მცირე ხანში ეზოში ძაღლმა ყეფა დაიწყო, მ------ ბ----------მ ფანჯრიდან გაიხედა და დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით, ბაღთან ნ------ კ----------- დაინახა. შემდეგ ძაღლმა უფრო ძლიერ დაიწყო ყეფა, რის გამოც შეეშინდა, მეუღლე გააღვიძა და ორივე ეზოში გავიდა. მ------ ბ---------- მეუღლისაგან ნახევარი მეტრის მოშორებით, მის უკან იდგა. მათ დაინახეს ნ------ კ-----------, რომელიც ბაღში მაღლობზე, დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის კედელზე იდგა, მათგან 5-7 მეტრის მანძილზე. ნ------ კ----------მა შ----– ჯ----– ოღლისა და მ------ ბ----------ს თოფიდან დამიზნებით ესროლა. მ------ ბ----------მ თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო, მოსდიოდა სისხლი, ხოლო - შ----– ჯ----– ოღლი გულაღმა დაეცა. მ------ ბ---------- სწრაფი ნაბიჯით შ----– ჯ----– ოღლის ვაჟის - ბ--------ის სახლისაკენ გაემართა, გაიარა დაახლოებით 5-6 მეტრი, წაიბორძიკა კიბეებთან და მანქანასთან. ამ დროს გასროლის ხმა არ გაუგია (შ----– ჯ----– ოღლსა და მის ვაჟის სახლები გვერდიგვერდ მდებარეობს, რომლებსაც ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს). ვიდრე ბ--------ის სახლამდე მივიდოდა, გაიარა დაახლოებით 10 მეტრი და კიდევ 4-5 გასროლის ხმა გაიგონა. მ------ ბ----------ს ბ--------ის სახლში არავინ დახვდა. ამიტომ გზაზე გავიდა და გამვლელ მანქანას გაჰყვა თავის ნათესავთან, რის შემდეგაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. დაზარალებულის განმარტებით, ამ შემთხვევის შემდეგ გაიგო, რომ შ----– ჯ----– ოღლის ნ------ კ-----------ს ბიძა მოუკლავს. ნ------ კ----------ს შ----– ჯ----– ოღლის მოკვლა შურისძიების გამო სურდა, ხოლო მ------ ბ----------სი - იმიტომ, რომ იგი შ----–ის მეუღლე იყო. ნ-----მა მ------ ბ----------ს მიმართულებით მხოლოდ ერთხელ ისროლა. ამასთან, მას ბრალდებული არ დაედევნა, რადგან ,,ვერ დაეწეოდა“, თან მ------ ბ---------- ყვიროდა. დაზარალებულს სურს ბრალდებულის მკაცრად დასჯა (2019 წლის 27 დეკემბრის სხდომი ოქმი);
3.3 დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, შ----– ჯ----– ოღლის შვილმა - ბ-------- შ--- ოღლიმ განმარტა, რომ ცხოვრობს კ-----------------------–------------ში. სახლის წინა ნაწილში ცხოვრობს თვითონ, მეუღლესა და შვილებთან ერთად, ხოლო უკანა ნაწილში ცხოვრობდა მამამისი - შ----– ჯ----– ოღლი მეუღლესთან ერთად. ეზო საერთოა. მამის სახლის კარიდან მისი სახლის კარამდე მანძილი დაახლოებით 25 მეტრია. შ----– ჯ----– ოღლის სახლის მხარეს, მაღლობზე ბაღია, რომელიც ეზოს გადმოჰყურებს და მისგან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის კედლით არის გამიჯნული. შემთხვევის დროს ბ--------ი სახლში არ იმყოფებოდა. მომხდარიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ნათესავმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მამამისს ესროლეს, ხოლო მ------ ბ---------- დაჭრილი იყო. როდესაც დაბრუნდა სახლში, პოლიციელები და მეზობლები დახვდნენ, გარდაცვლილი შ----– ჯ----– ოღლი თავისი სახლის გამოსასვლელთან, ეზოში იყო წაქცეული, თავში დაზიანებები ჰქონდა. მისი განმარტებით, წარსულში შ----– ჯ----– ოღლიმ მოკლა ნ------ კ-----------ს ბიძა. დაზარალებულს სურს ნ------ კ-----------ს დასჯა. ამასთან აცხადებს, რომ ნ------ კ----------მა შური იძია, ,,მამაჩემმა გააკეთა, გადაუხადა ამან და მორჩა“ (2020 წლის 23 იანვრის სხდომი ოქმი);
3.4. ბრალდებულმა ნ------ კ----------მა განმარტა, რომ მას მ------ ბ----------ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და ,,მისთვის არ უსვრია“, ხოლო შ----– ჯ----– ოღლის განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება აღიარა (2020 წლის 17 თებერვლისა და 28 თებერვლის სხდომი ოქმი);
3.5 გარდა ბრალდებულის აღიარებისა და დაზარალებულ მ------ ბ----------ს ჩვენებისა, ნ------ კ-----------ს მიერ შ----– ჯ----– ოღლის განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება დადასტურებულია აგრეთვე წერილობით მტკიცებულებებით:
3.6 პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 7 ივნისს, მკვლელობიდან დაახლოებით 2 საათში, ნ------ კ-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ორლულიანი სანადირო თოფი, ნომრით 3---, ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ნომრით A--...--, მჭიდითა და სამი ვაზნით, ორი მასრა (ტ.1, ს.ფ. 128-131);
3.7 ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნ------ კ-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული №A--...-- პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს, ხოლო №3--- იარაღი - ქარხნული წესით დამზადებულ, 16 კალიბრის ,,ИЖ-58“ მოდელის ორლულიან, გლუვლულიან სანადირო თოფს (თოფი რეგისტრირებულია ნ----- კ-----------ს სახელზე). ორივე მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;
3.8 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გვამთან ახლოს ამოღებული ტყვიის გულა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს და იგი გასროლი-–-- ნ------ კ-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტიდან, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 მასრა წარმოადგენს 16 კალიბრიანი გლუვლულიანი სანადირო თოფისათვის განკუთვნილი ვაზნების შემადგენელ ნაწილს და გასროლი-–-- ნ------ კ-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფის ლულებიდან. შ----– ჯ----– ოღლის გვამიდან ამოღებული მეტალის ნაწილები წარმოადგენს გლუვლულიანი სანადირო თოფისათვის განკუთვნილი ვაზნების დამუხტვისას გამოყენებულ საფანტის მარცვლებს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის საგნები ასევე წარმოადგნს 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფისათვის განკუთვნილი ვაზნების ტიზ-სტაბილიზატორებს (ტ.2, ს.ფ. 215-240);
3.9 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილზე, გვამის სიახლოვიდან და სახლის შესასვლელთან აღებული სუნის ნიმუშები ნ------ კ-----------ს სუნის ნიმუშის იდენტურია (ტ.3, ს.ფ. 84-88);
3. 10 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შ----– ჯ----– ოღლის სახლის მიწის ნაკვეთიდან, აგურის კედელთან ამოღებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ნ------ კ-----------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია (ტ.3, ს.ფ. 89-106);
3.11 უდავოდ მიჩნეული შ----– ჯ----– ოღლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შ----– ჯ----– ოღლის სიკვდილის მიზეზია ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის ქალას, თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით. შ----– ჯ----– ოღლის გვამს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი ნატყვიარი (საფანტი) ჭრილობა მარცხენა თხემ-კეფის მიდამოს, ქალას რბილი საფარის, კეფის, თხემისა და საფეთქლის ძვლის დაზიანების, მაგარი გარსის დაზიანების, თავის ტვინის დაზიანების, თავის ტვინში სისხლჩაქცევის, მუცლის მიდამოში კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, მსხვილი ნაწლავის, ღვიძლის ქსოვილის, დიაფრაგმის, მარჯვენა ფილტვის დაზიანების, ჭრილობების შესაბამისად სისხლჩაქცევების, სხეულზე ნაჭდევების სახით. დაზიანებები ცეცხლნასროლი ჭრილობების სახით სიცოცხლისდროინდელია, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, დაზიანებათა მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში (ტ. 3, ს.ფ. 242-257);
3.12 მ------ ბ----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მას დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, ქალა-სარქვლის მოტეხილობა, მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები თავზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვების მოქმედებით და ერთად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს (ტ. 3, ს.ფ. 261-264);
3.13 ამდენად, გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, უტყუარად დადასტურებულია ნ------ კ-----------ს მიერ სსკ-ის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა. რაც შეეხება მ------ ბ----------ს მკვლელობის მცდელობას, სასამართლო არ უარყოფს, რომ მ------ ბ---------- თავისი მეუღლის გვერდით იდგა, როდესაც მას ნ----- კ----------მა ესროლა და ამ მომენტში ბრალდებულის მხრიდან როგორც შ----– ჯ----– ოღლის, ასევე მ------ ბ----------ს მოკვლის განზრახვა (თუნდაც არაპირდაპირი) უდავოა. მაგრამ რომც გავიზიაროთ ბრალდების მხარის მტკიცება, თითქოს დაზარალებული 5-6 მეტრის გავლის შემდეგ კედელს მოეფარა, როგორ უნდა გაბათილდეს ბრალდებულის მტკიცება, რომ მას ხელს არაფერი უშლიდა, მოეკლა მ------ ბ----------ც. მართლაც, მას ხელთ ჰქონდა ორლულიანი თოფი და პისტოლეტი, მის წინ, დაახლოებით 5-7 მეტრში მძიმედ დაჭრილმა ქალბატონმა როგორ უნდა გაიაროს (ორჯერ წაბორძიკებით) თუნდაც 5-6 მეტრი ისე, რომ მისი მიმართულებით მაინც (დამიზნების გარეშეც) არ ისროლოს დამნაშავემ ?! ბრალდების შესახებ დადგენილებაში არასწორადაა მითითებული, რომ ნ----- კ----------მა ორლულიანი თოფითა და ,,მაკაროვის“ პისტოლეტით სცადა ორი პირის მოკვლა - სადავო არ არის, რომ არათუ პისტოლეტიდან, თოფიდან მეორედ გასროლაც არ მომხდარა მ------ ბ----------ს მიმართულებით. დადგენილებაში არ არის მითითებული, ბრალდებულისაგან დამოუკიდებელი რომელი მიზეზ(ებ)იდან გამომდინარე მოხერხდა დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება. ის, რომ მ------ ბ----------ს დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მკვლელობის მცდელობას არ ადასტურებს, მით უფრო, რომ დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო მძიმე შედეგი პირს ბრალად ვერც შეერაცხება;
3.14 სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას;
3.15 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;
3.16 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.17 მოცემულ შემთხვევაში მ------ ბ----------ს მკვლელობის მცდელობის ნაწილში არათუ ეჭვი არსებობს, არამედ ობიექტურად დადგენილი გარემოებებით მტკიცდება ბრალდებულის განმარტება. სსკ-ის 21-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამასთან პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს. ნ------ კ-----------ს განზრახმა ქმედებამ გამოიწვია მ------ ბ----------ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. შესაბამისად, ბრალდებულის ქმედება ნაცვლად 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა უნდა დაკვალიფიცრდეს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ნ------ კ-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა დანაშაული, მტკიცებულებების დიდი ნაწილის უდავოდ მიჩნევით ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არაერთი იარაღით დანაშაულის ჩადენა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ნ----- კ-----------ს მიერ ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - მან ორი სახის ცეცხლსასროლი იარაღით არაერთი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს (მათ შორის თავის არეში) მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ბრალდებული გარდაცვლილს ჩაუსაფრდა. იგი არ მოერიდა დაზარალებულთან ახლოს მდგომ მის მეუღლესაც კი და მასაც მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ნ------ კ-----------ს აღიარებას, სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობასა და ოჯახურ მდგომარეობას - ჰყავს სამი შვილი;
5.2 გარდა ამისა, ჩადენილი დანაშაულისას გამოყენებული საგნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს მაქსიმალური ვადით უნდა ჩამოერთვას იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-270-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------ კ----------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ნ------ კ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
- სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულ ნ------ კ----------ს საბოლოოდ განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ივნისიდან;
მსჯავრდებულ ნ------ კ----------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - მობილური ტელეფონები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზეწარი, პირსახოცი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; ანაწმენდები, სისხლისმაგვარი და მოწითალო ლაქები, სისხლის, ანაბეჭდების, ანაწმენდების, ფრჩხილის, თმის, სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, ქვები, გრუნტი, ბალახი, სიგარეტის ნამწვი, ტყვია, საფანტი, ნაჭრები - განადგურდეს დადგენილი წესით; პისტოლეტი, სანადირო თოფი, მჭიდი, მასრები, ვაზნები, ტიზ-სტაბილიზატორები - გადაეცეს შსს-ს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, ხოლო - ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი