განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
330100120003393812
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/13-20 (N-------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მალხაზ ენუქიძემ

სხდომის მდივანი - ლევან ჟღენტი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------–-–--–--ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ს---–-----------ე

 

ბრალდებული - დ-----------------------------ე დაბადებული 2----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #1----------), საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ზ------------------------------–-----------

 

კვალიფიკაცია

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი- ქურდობა, ესე იგი სხვსი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 19:40 საათზე, თბილისში მეტროპოლიტენით სარგებლობისას სადგურ ,,სადგურის მოედნის“ ვესტიბიულში ყოფნის დროს, დ----------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მეტროს ბაქანზე მყოფ მ-----------ს ხელცანთიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 80 ლარად ღირებულ ,,სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დ-----ი კ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულის მ-----------ს, მოწმეების - გ------------–---–-------–-----------–-------–---–----------–---------------------------------–---ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ დ-----ი კ--------ის გამოკითხვის ოქმით, დ-----ი კ--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული მობილური ტელეფონით, ნივთიერ მტკიცებულებათა გახსნისა და დათვალიერების ოქმით, მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ დ-----ი კ--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული, უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ-----------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვსი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მოცემული ბრალდების ფარგლებში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დ-----ი კ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულმა უდავოდ ცნო და ამ მხრივ დაზოგა სასამართლოს რესურსი სრულად გამოეკვლია მტკიცებულებები. დ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, (ბრალდებული არის დასაქმებული, გააჩნია გარკვეული შემოსავალი) ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ-----ი კ--------ის დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, წარსული ცხოვრების, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქცევის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

დ-----ი კ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულ მ----------ეს.

 

დ-----ი კ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე მასში მოთავსებული ნივთებით და ,,ქსიაომის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დ-----------------ს.

 

დ-----ი კ--------ის ნერწყვის ნიმუში და მობილური ტელეფონიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 1700 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით (2019 წლის 29 ნოემბრიდან 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით დროის პერიოდი) შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს დ-----ი კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის არსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცებები:

 

დ-----ი კ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულ მ----------ეს.

 

დ-----ი კ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, და ,,ქსიაომის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დ-----------------ს.

 

დ-----ი კ--------ის ნერწყვის ნიმუში და მობილური ტელეფონიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე