გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.02.2020
საქმის ნომერი
120210119003171530
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/552-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - ს----- ს--------ე

წარმომადგენელი - დ-----------–--ე

მოპასუხე - შპს ,,ე----–------------’’

წარმომადგენელი - დირექტორი ნ--------–-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს ,,ე----–------------’’-ს ს----- ს--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 54 360 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ს----- ს--------ის შვილი ბ---- ს--------ე წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოპასუხესთან შპს „ე----–------ი2---"-ში, კომპანიასთან თანამშრომლობის პარალელურად, მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს მოპასუხის დირექტორისადმი (ნ--------–-----–-–---–ის) მიმართ ჩამოუყალიბდათ მეგობრული ურთიერთობა.

2018 წლის ივნისში მოსარჩელეს დაუკავშირდა მოპასუხის დირექტორი და განუმარტა, რომ მას სურდა კომპანიის საქმიანობის გაგრძელებისა და გაფართოების მიზნით სატვირთოს ტიპი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა, თუმცა კომპანიას გააჩნდა რიგი შეუსრულებელი ვალდებულებები შეზღუდვები, რის გამოც ვერ ახერხებდა კრედიტის მიღებას, ს----- ს--------ეს სთხოვა კრედიტის აღება და თანხის სესხის სახით გადაცემა მოპასუხისათვის.

არსებული ნდობის გათვალისწინებით, ს----- ს--------ემ 2018 წლის 11 ივნისს სს ,,ს----------–--------თან" გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით N0------------------------ სესხის სახით მიიღო 200 000 ლარი, საიდანაც 94 860 ლარი (87 050.94 ლარი-ძირი თანხა, ხოლო 7 809.03 ლარი საპროცენტო სარგებელი) გადასცა მოპასუხეს რაც განკუთვნილი იყო სწორედ მითითებული სატრანსპორტო საშუალების შეძენისათვის (იხილეთ 4.17 პუნქტი კრედიტის მიზნობრიობის თაობაზე). 2018 წლის 11 ივნისს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსესხებელმა იკისრა ვალდებულება 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა სესხის მიზნობრიობის შესაბამისად შესაძენი სატვირთო უზრუნველყოფის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება ვადამდე ადრე მოეხდინა მსესხებლისთვის სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნება და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

კომერციული ბანკისაგან კრედიტის მიღებისთანავე მოსარჩელემ შეთანხმებისამებრ მოპასუხე მხარეს სესხის სახით გადასცა 94 860 ლარი, ხოლო მოპასუხის მიერ განხორციელდა სატვირთოს შეძენა და კომერციული ბანკთან არსებული შეთანხმების შესაბამისად 2018 წლის 21 აგვისტოს ბანკის სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დაიტვირთა მოპასუხის მიერ შეძენილი, მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება (სანომრე ნიშანი Q------, მარკა-მოდელი ჰ----- Z-----------, რეგისტრაციის მოწმობა A--------).

მოპასუხე მხარე სესხის სახით თანხის მიღების შემდგომ, პერიოდულად ახდენდა თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნებას, მის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით, საერთო ჯამში მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 40 500 ლარი, შესაბამისად სარჩელის შეტანის დროისათვის მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 94 860-40 500= 54 360 ლარს.

მოსარჩელე მხარემ არაერთხელ სცადა საკითხის მოგვარება მხარესთან კომუნიკაციის გზით, თუმცა მოპასუხე მხარე უარს აცხადებს დარჩენილი ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც ს----- ს--------ე იძულებულია მიმართოს სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე შპს,,ე----–-------------ის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრი, კერძოდ შვილი ბ---- ს--------ე ნამდვილად დასაქმებული იყო შპს „ე----–------ 2----ში", გარდა ამისა შპს-ს დირექტორისა და მოსარჩელის ოჯახებს შორის ჩამოყალიბდა ნათესაური ურთიერთობები. მხარეთა შორის მოსარჩელის მიერ მითითებული შეთანხმება არ ყოფილა, შესაბამისად არანაირი სახის თანხა არ გადაუცია მოპასუხისათვის სატრანსპორტო საშუალების შესაძენად.

ვინაიდან მათ აკავშირებდათ ახლო ნათესაური ურთიერთობები, გარდა ამისა ენდობოდა ს----- ს--------ეს მან თხოვა, რომ სესხის აღებისათვის ესაჭიროებოდა ავტომანქანა სესხის უზრუნველყოფის მიზნით. ის დათანხმდა და ბანკის სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად არანაირი თანხა არ მიუცია მოსარჩელეს და შეძენილია მისი სახსრებით. ს----- ს--------ეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ვერ ახდენდა სესხის თანხის დაფარვას, ეხმარებოდა მათ შორის არსებული ურთიერთობების გამო და ასევე იმის გამო, რომ თუკი ს----- ს--------ე ვერ მოახერხებდა სესხის თანხის დაფარვას, საფრთხე ემუქრებოდა მის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გირავნობის უფლებით დაიტვირთა ბანკის სასარგებლოდ, შესაბამისად პერიოდულად როცა დახმარებას სთხოვდა თვითონ უწევდა მოსარჩელეს ფინანსურ დახმარებას და ახდენდა სესხის თანხის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გადახდას მოსარცელის მაგივრად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ს----- ს--------ესა და სს ,,ს----------–--------ს" შორის 2018 წლის 11 ივნისს გაფორმებული N0------------------------ საკრედიტო ხელშეკრულებით ს----- ს--------ემ სესხის სახით მიიღო 200 000 ლარი, საიდანაც 112949,3 ლარი იყო რეფინანსირების თანხა, ხოლო 87050,97 ლარი სამომხმარებლო კრედიტი. ამავე დღეს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობების მიხედვით ს----- ს--------ემ იკისრა ვალდებულება სესხის გაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბანკს წარუდგენდა სესხის მიზნობრიობით შესაძენ სატვირთოს უზრუნველყოფაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გავრცელდებოდა სანქციები.

2018 წლის 12 ივნისს ს----- ს--------ის მიერ ბანკიდან გატანილ იქნა სესხის თანხა 84836 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N0------------------------ საკრედიტო ხელშეკრულება;

- საბანკო ანგარიძიდან ამონაწერი;

 

3.1.2. ს----- ს--------ესა და სს ,,ს----------–--------ს" შორის 2018 წლის 11 ივნისს გაფორმებული N0------------------------ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება (სანომრე ნიშანი Q------, მარკა-მოდელი ჰ----- Z-----------, რეგისტრაციის მოწმობა A--------).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;

 

3.1.3. 2018 წლის 01 თებერვლიდან 2019 წლის 23 აგვისტოს პერიოდში ს----- ს--------ის სს ,,ს----------–--------ის" საბანკო ანგარიშზე ნ--------–-----–-–---–ის მიერ შეტანილ იქნა ჯამში 40500 ლარი. ანგარიშზე თანხის შეტანის დანიშნულებაა სესხის დაფარვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ს----- ს--------ის ანგარიშიდან ამონაწერი 01/02/2018-23/08/2019 წწ. პერიოდი;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საქმის განხილვის შედეგად ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----- ს--------ემ სს ,,ს----------–--------იდან" სესხის სახით მიღებული თანხის ნაწილი 94860 ლარი გადასცა შპს ,,ე----–-------------ს";

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელე ს----- ს--------ე ამტკიცებს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანიის საქმიანობის გაგრძელებისა და გაფართოების მიზნით სურდა სატვირთოს ტიპის სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა, თუმცა კომპანიას გააჩნდა რიგი შეუსრულებელი ვალდებულებები, რის გამოც კომპანია კომერციულ ბანკში ვერ ახერხებდა კრედიტის მიღებას, რის გამოც ს----- ს--------ეს სთხოვა მიემართა ბანკისათვის კრედიტის მიღების მოთხოვნით და მიღებული თანხა სესხის სახით გადაეცა მოპასუხე კომპანიისათვის. მოპასუხე სადაოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას და უთითებს, რომ თანხა მოსარჩელეს შპს ,,ე----–-------------სათვის" არ გადაუცია.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ს----- ს--------ემ აიღო სესხი და სესხის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობის უფლებით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება. სადავოა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის სახით კონკრეტული თანხის გადაცემის საკითხი.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე. კერძოდ მოწმე ბ---- ს--------ემ განმარტა, რომ ს----- ს--------ემ სესხი როდესაც აიღო თანხის აღების ფაქტს ესწრებოდნენ თვითონ და გ------- შ-----–-–---–ი, რომელიც არის შპს ,,ე----–------------ ის’’ დირექტორის შვილი. ბ---- ს--------ე უთითებს, რომ თანხა პირადად გადასცა გ------- შ-----–-–---–ს, ამასთან, რაიმე დოკუმენტი თანხის გადაცემაზე არ შეუდგენიათ და არ იცის გ------- შ-----–-–---–ი შპს ,,ე----–-------------ში" არის თუ არა რაიმე ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი ან მისი წარმომადგენელი.

ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----- ს--------ესა შპს ,,ე----–-------------ს’’ შორის არ დგინდება სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ს--------ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ დასტურდება შპს ,,ე----–-------------ის’’ ფულადი ვალდებულების არსებობა მოსარჩელის მიმართ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 623-624 -ე მუხლებით;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მის მერ აღებული საბანკო კრედიტის თანხიდან მოპასუხე იურიდიულ პირს გადასცა 94860 ლარი სატრანსპორტო საშუალების შესაძენად. მოპასუხემ შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გირავნობის უფლებით დაიტვირთა ბანკის სასაგებლოდ მოსარჩელის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელის განმარტებით თანხის გადაცემის შესახებ მხარეთა შორის რაიმე წერილობითი დოკუმეტნი არ შედგენილა. ამასთან, მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი მოწმე ბ---- ს--------ე განმარტავს, რომ მან პირადად ვინმე გ------- შ-----–-–---–ს გადასცა დასახელებული თანხა ბანკის შენობაში. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა განმარტებებით არ დგინდება გ------- შ-----–-–---–ის შპს ,,ე----–-------------ის" წარმომადგენლად ყოფნის ფაქტი.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარცელესა და მოპასუხეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა არ დგინდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭიროა, რომ მხარეთა შორის არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ე----–------------’’ არ არის ის პირი, ვისაც ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა დაეკისროს მოსარჩელის წინაშე. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს----- ს--------ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ე----–-------------ისათვის" თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი