გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8181-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი თამარ ბარნოვი
მოსარჩელე - გ---------------
წარმომადგენლები - ლ-------------------, თ---------–--–---–-
მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსობო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–---
მოპასუხე - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
წარმომადგენელი - დ-------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება გ---------------- მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გ---------------- ქალაქ ცხინვალში, ო-------------------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №0--------;
1.4.დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსობო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ----------------ათვის იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსობო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სადავო აქტი გამოცემულია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სადავო აქტი გამოცემულია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 დეკემბრს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად შედგა დროებითი კომისიის სხდომა. #2------------------ ამონაწერის თანახმად, განხილულ იქნა გ---------------- განცხადება 1984 წლიდან 1991 წლამდე ქალაქ ცხინვალში, ო-------------------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და ცნობის გაცემის თაობაზე. განცხადებაზე თანდართული პირადობის მოწმობის მიხედვით, გ----------- დაბადებულია გორში. ანკეტა-განცხადებაში მიუთითა, რომ დაამთავრა სოფელ ფხვენისის საშუალო სკოლა. 1984 წლიდან იგი ჩაწერილია და ცხოვრობდა ცხინვალში. მან 1991 წელს დატოვა ქ. ცხინვალი საომარი მოქმედებების შედეგად. მისი განმარტებით სახლის ნაწილი სადაც ის ცხოვრობდა იყო მის საკუთრებაში. რაც შეეხება შრომის საქმიანობას, იგი მუშაობდა ცხინვალის სპორტ-სკოლაში მწვრთნელად. საინფორმაციო ბარათის მიხედვით, 1984 წლიდან გ------------ იურიდიული მისამართი რეგისტრირებულია ქ. ცხინვალი. იგივე მონაცემებია მითითებული საბჭოური პასპორტის ასლის მონაცემებში. წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და განმცხადებელთან გასაუბრების საფუძველზე, კომისიამ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამხრეთ ოსეთი ადმინისტრაციის 2017 წლის 13 დეკემბრის #1------ ცნობის თანახმად, გ--------------- (დაბადების თარიღი: 22.10.1---წ., დაბადების ადგილი: გორი, პირადი #5----------) 1984 წლიდან 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ.ცხინვალში,ო------------------
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სხდომის ოქმის ამონაწერი #27- ს.ფ.14-16;
- საქართველოს სამხრეთ ოსეთი ადმინისტრაციის 2017 წლის 13 დეკემბრის ცნობა #1------- ს.ფ. 17;
-განცხადება ანკეტა-ს.ფ. 53-55;
-შრომის წიგნაკი- ს.ფ. 59-62;
-საინფორმაციო ბარათი- ს.ფ.66-68;
3.1.2. 2018 წლის 20 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად შესაბამისი განცხადებების განხილვის, დროებითი კომისიის გადაწყვეტილებების და გაცემული ცნობების შესწავლის მიზნით შედგა დროებითი კომისიის სხდომა. #------------------ ამონაწერის თანახმად, დადგენილა, რომ გ---------------- სახელზე ს/ო ადმინისტრაციის მიერ გაცემულია ცნობა #1------ (13.12.17წ.) სადაც დასტურდება მისი 1984 წლიდან 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი შემდეგ მისამართზე: ცხინვალი, ო------------------ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნით. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა განმცხადებლის საცხოვრებელ სახლზე, საიდანაც გ----------- არის დევნილი. ამ უკანასკნელის განმარტებით ცხინვალში, ო----------------------ში მდებარე ბინა იყო კერძო სახლი და იგი ეკუთვნოდა ა--–----------------. მეპატრონისგან მან 1984 წელს შეიძინა ერთი ოთახი, თუმცა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარადგინა. კომისიის წევრების მხრიდან, ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული გ------------ მიერ წარდგენილ შრომის წიგნაკზე, საიდანაც ირკვევა, რომ 1984 წლამდე გ----------- მუშაობდა სოფელ შინდისის მეურნეობაში- მუშად. 1984 წლიდან იგი მუშაობას იწყებს ქ. ცხინვალში ინსტრუქტორად სპორტის დარგში. 1984-1987 წლებში იგი პარალელურად მუშაობას იწყებს შინდისის საბჭოთა მეურნეობაში ფიზკულტურის მეთოდისტად. თუმცა 1987-1988-1989 წლებში გ----------- კვლავ მუშაობს ქ.ცხინვალში მწვრთნელის პოზიციაზე. 1989 წლის ბოლოს მისი შრომითი საქმიანობა გრძელდება ფხვენისის მეურნეობაში მწვრთნელად. 1990-1991 წლებში მუშაობს კვლაკ თავისი სპეციალობით ფხვენისის მეურნეობაში ფიზკულტურის მეთოდისტად, ხოლო 1991-1997 წლებში მუშაობს მექანიზატორის პოზიციაზე.
კომისისი წევრის კითხვაზე, მინიჭებული აქვს თუ არა მას და მისი ოჯახის წევრებს დევნილის სტატუსი და დაკმაყოფილებულნი არიან თუ არა საცხოვრებელი ფართით, გ-----------მ უპასუხა, რომ მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, მისი შვილიც არის დევნილის სტატუსის მატარებელი და ამავდროულად არის სოციალურად დაუცველი, ხოლო რაც შეეხება ფართით დაკმაყოფილებას, გ-----------მ განმარტა, რომ მის ვაჟს - გ--------------------- გადაეცა საცხოვრებელი ფართი 2017 წელს ქ. გორში. თუმცა შემდეგ ჩამოერთვა.
წარმოდგენილი გარემოებებიდან გამომდინარე და ხმათა უმრავლესობით კომისიის მიერ გ---------------- მიმართ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება, რომ არ დასტურდებოდა მისი ქ.ცხინვალში, ო-------------------ში 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების, საკუთრების ფლობის და იძულებით გადაადგილების ფაქტი, რაზეც 2018 წლის 27 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გაიცა ცნობა #1------.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სხდომის ოქმის ამონაწერი #4- ს.ფ.18-20;
- საქართველოს სამხრეთ ოსეთი ადმინისტრაციის 2018 წლის 27 ნოემბრის ცნობა #1------- ს.ფ. 21;
-განცხადება ანკეტა-ს.ფ. 53-55;
-შრომის წიგნაკი- ს.ფ. 59-62;
-საინფორმაციო ბარათი- ს.ფ.66-68;
-დაბადების მოწმობა - ს.ფ. 64;
3.1.3. 1988 წლის 15 ოქტომბერს გ--------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ლ-------------------სთან. ქორწინების რეგისტრაცია განხოციელდა ქ. ცხინვალში.
1990 წლის 17 აპრილს შეეძინათ შვილი - გ--------------------, რომელიც დაბადებულია გორის რაიონი, სოფელი ფხვენისი.
წარმოდგენილი განცხადება-ანკეტის თანახმად, დგინდება, რომ გ--------------- დაბადებულია გორის რაიონი, სოფელი ფხვენისში, 1--- წელს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა 1986 წელს, გორის რაიონი, სოფელი ფხვენისში, მეუღლესთან, ლ-------------------სთან, რომელიც არ არის დევნილი, და შვილთან, გ---------------------თან ერთად ცხოვრობს გორის, რაიონი, სოფელი ფხვენისი. მუშაობდა ქ.ცხინვალში სპორტ სკოლაში ჭიდაობის მასწავლებლად და 1984-1991 წლებში მუდმივად ცხოვრობდა ქ.ცხინვალში, ო-------------------ში. 1991 წელს დატოვა საცხოვრებელი ადგილი ოჯახთან და შვილთან ერთად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განცხადება ანკეტა-ს.ფ. 53-55;
-შრომის წიგნაკი- ს.ფ. 59-62;
-საინფორმაციო ბარათი- ს.ფ. 66-68;
-დაბადების მოწმობა - ს.ფ. 64;
-ქორწინების მოწმობა - ს.ფ. 63;
3.1.4 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით გ--------------- 1984 წლის 19 მაისიდან რეგისტრირებულია ქ.ცხინვალში, ო-------------------ში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საინფორმაციო ბარათი- ს.ფ. 66-68;
3.1.5 სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის #0-------- ბრძანებით თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამის ადმინისტრირების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 15 თებერვლის #0------ მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, გ---------------ს ჩამოერთვა იძულებით გადადგილებული პირის-დევნილის სტატუსი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის #0-------- ბრძანება- ს.ფ. 97;
-მოხსენებითი ბარათი - ს.ფ. 136;
-დასკვნა- ს.ფ. 137-138;
3.1.6 იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე გაკეთებული დასკვნის თანახმად, გ--------------- ცხოვრობდა და ცხოვრობს სოფელ ფხვენისში, სადაც დაიბადა, სამუშაო განათლება მიიღო და დაოჯახდა. რაც შეეხება მის მუშაობას ქ.ცხინვალში, რადგან სოფელი ფხვენისი მდებარეობს ცხინვალთან საკმაოდ ახლოს, სამსახურში სიარული იქნებოდა სრულიად შესაძლებელი და მოსახერხებელი. გ---------------ს არ წარმოუდგენია ქ. ცხინვალში მისი მუდმივად ცხოვრების და საკუთრების ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შესაბამისად არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-დასკვნა- ს.ფ. 137-138;
-გასაუბრების კითხვარი - ს.ფ. 140-143;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი. ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის #287 ბრძანების „ დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა ერთვოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვა, რომელიც ადასტურებს იძულებით გადაადგილებამდე განმცხადებლის და მჯისი ოჯახის წევრების მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემტხვევაში).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ--------------- 1984 წლიდან რეგისტრირებულია ქალაქ ცხინვალში, ო-------------------ში. აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება იყო კერძო სახლი და ეკუთვნოდა ა--–----------------. მეპატრონისგან გ---------------მ 1984 წელს შეიძინა ერთი ოთახი (თუმცა რაიმე აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა). ასევე დადგენილია, რომ 1984 წლამდე გ----------- მუშაობდა სოფელ შინდისის მეურნეობაში-მუშად. 1984 წლიდან იგი მუშაობს ქ. ცხინვალში ინსტრუქტორად სპორტის დარგში. 1984-1987 წლებში იგი პარალელურად მუშაობდა შინდისის საბჭოთა მეურნეობაში ფიზკულტურის მეთოდისტად. იგივე პერიოდში 1987-1988-1989 წლებში გ----------- კვლავ მუშაობს ქ.ცხინვალში მწვრთნელის პოზიციაზე. 1989 წლის ბოლოს მისი შრომითი საქმიანობა გრძელდება ფხვენისის მეურნეობაში მწვრთნელად. 1990-1991 წლებში მუშაობს თავისი სპეციალობით ფხვენისის მეურნეობაში ფიზკულტურის მეთოდისტად, ხოლო 1991-1997 წლებში მუშაობს მექანიზატორის პოზიციაზე. 1988 წლის 15 ოქტომბერს გ--------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ლ-------------------სთან. ქორწინების რეგისტრაცია განხოციელდა ქ. ცხინვალში. 1990 წლის 17 აპრილს შეეძინათ შვილი - გ--------------------, რომელიც დაბადებულია გორის რაიონი, სოფელი ფხვენისი.
სასამართლო განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები ,,საცხოვრებელი ადგილი”, ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” და ,,რეგისტრაციის ადგილი”.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს. ამავე დროს პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
სასამართლოს თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს ,,რეგისტრაციის ადგილი” და ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახდის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. (აღნიშნული განმარტება გაკეთებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში #ბს-1227-1213(კ11))
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალიწინებით სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავის შეთხვევაში აუცილებელია დადგინდეს სად იყო გ---------------- მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რისი განსაზღვრაც ვერ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ პირადობის მოწმობაში მითითებული მონაცემებით და იმ გარემოებით, რომ იგი მუშაობდა ქალაქ ცხინვალში. სწორედ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომელიც სულაც არ წარმოადგენდეს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, სასამართლო თვლის, რომ გ---------------- საცხოვრებელ ადგილად ცხინვალში, ო-------------------ში რეგისტრაცია და ცხინვალში მუშაობის ფაქტი, ცალსახად არ მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული მისამართი იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე. სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულის მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი ასევე მოიცავს ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოელმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოებების არსებობა. ამასთან ადმინისტრაციულ პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მტკიცების ტვირთი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, თითქოს პროცესუალური მოწინააღმდეგე, ამ შემთხვევაში მოსარჩელე, თავისუფალი იყოს სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გ---------------ს მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა რაიმე სახის მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტის ქალაქ ცხინვალში და ასევე წარმოდგენილი ვერ იქნა რაიმე სახის მტკიცებულება ქალაქ ცხინვალში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ.
6.2. ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი, საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.
ამრიგად, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე გ----------------ათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არსებითად სწორად შეაფასეს მოსარჩელე - გ---------------- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საკითხი და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილებები.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის აქტების გამოცემის თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ და ,,უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე სოფიო გაგნიძე