გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
130210019003311923
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003311923

2-1032-19

A

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

5 მარტი, 2020 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

 

მოსარჩელე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ---“

წარმომადგენლები თ--------------–---–--------------------–---–------–----------------------------------------------------–---

მოპასუხე ქ-----–--------–----–---------------

წარმომადგენელი ი--------–--ე

დავის საგანი საზღაურის გადახდა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ქ-----–--------–----–---------------მ მოსარჩელეს გადაუხადოს 98 017 ლარი და 64 თეთრი.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: მხარეებს შორის 2018 წლის 16 ოქტომბერს დაადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სოფელ დ----–- მდებარე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება 840 000 ლარი, მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა და განისაზღვრა 839 978. 20 ლარით, სამუშაოს დასრულების ვადა - 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით;

2019 წლის 17 ოქტომბერს, შემკვეთმა მიიღო სამუშაო და მის ღირებულებად მიიჩნია მხოლოდ 737 307.34 ლარი. მოპასუხემ არ გაითვალისწინა მენარდის მიერ შესრულებული დამატებითი სამუშაო, რომლის ღირებულება, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 98 017.64 ლარია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მენარდემ 2019 წლის 11 ივნისს შეატყობინა სამუშაოს დამთავრების შესახებ, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა კი 2019 წლის 26 ივნისს წარუდგინა, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვა აღარ შეიცვალა, დამატებითი სამუშაო, რომლის ანაზღაურებასაც მენარდემ მოითხოვა, მართლაც შესრულდა, მაგრამ მათი ნაწილი შემკვეთთან შეთანხმებული არ იყო, ნაწილის შესახებ ზედნადები არ წარდგენილა და შესაბამისად, არც საზღაური გადაუხდია (შესაგებელი; 2020 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი: 15:13:18-15:13:46; 15:13:57-15:16:40; 15:34:13-15:34:20);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 2018 წლის 16 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფელ დ----–- მდებარე საბავშვო ბაღის სარებილიტაციო სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება 840 000 ლარი, მხარეთა მიერ შეიცვალა და განისაზღვრა 839 978. 20 ლარით, სამუშაოს დასრულების ვადა - 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.18-26)

- მხარეთა შეთანხმებები (ს.ფ.109; 172);

3.1.2. 2019 წლის 17 ოქტომბერს, შემკვეთმა მიიღო სამუშაო (ს.ფ.173-174) და მის ღირებულებად მიიჩნია მხოლოდ 737 307.34 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.173-174);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მენარდის მიერ შესრულებული იყო დამატებითი სამუშაო, რომლის ღირებულება, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 98 017.64 ლარია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, 987-ე მუხლის პირველი ნაწილი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოპასუხემ სადავოდ არ გახადა მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოებები - დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ მართლაც შესრულდა დამატებითი სამუშაო და ისინი საჭირო იყო საბავშვო ბაღის ფუნქციობისათვის (იხ.გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლო სხდომის ოქმის ფრაგმენტი);

გარდა ამისა, მენარდის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოს ნაწილის აუცილებლობა დადასტურებულია შემკვეთის მიმღები კომისიის 2019 წლის 3 აპრილის N22 დასკვნით, რომელიც, თავის მხრივ, ემყარება პროექტის ავტორის და მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ საზედამხედველო კომპანია შპს ,,ოპტიმალ გრუპის“ თანხმობას და მიუხედვად იმისა, რომ ხელშეკრულების ღირებულება 839 978. 20 ლარით განისაზღვრა, შემკვეთმა, მიღება-ჩაბარების აქტით, მიიღო მხოლოდ 737 307.34 ლარის სამუშაო. ასეთი გარემობების არსებობისას, როდესაც სადავო არ არის, რომ მენარდემ შეასრულა დამატებითი სამუშაო, რომლის საზღაურსაც მოითხოვს, იმ გარემოებაზე მითითება, რომ მათი ნაწილი შეთანხმებული იყო შემკვეთთან, ნაწილის შესახებ ზედნადები არ წარდგენილა, შემკვეთის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა მათი შესრულება თუმცა, განფასება არ მოხდა აღნიშნული მიზეზით (იხ.მოპასუხის განმარტება), სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა;

იმავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის Nას-729-729-2018 განჩინებაში აღნიშნულია: ,,საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ,,რომც გავიზიაროთ კასატორის მსჯელობა მხარეთა შორის დამატებით სამუშაოს შესრულების შესახებ შეთანხმების არარსებობაზე, მოცემულ შემთხვევაში, მაინც იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს მოთხოვნილი თანხა სსკ-ის 987.1 მუხლის (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) საფუძველზე. როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე“... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გამდიდრდა, ვინაიდან მან მიიღო მოსარჩელის ხარჯით გაუმჯობესებული ქონება;“

მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებებზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე არ უთითებს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, მის ქონებაზე გაწეული დანახარჯი აუნაზღაუროს მოსარჩელეს - როგორც იმავე განჩინებაშია აღნიშნული;

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასაშვები მტკიცებულებით - შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ დასკვნით დადგენილია, რომ მენარდის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება 98 017.64 ლარია. საწინააღმდეგო მტკიცებულება, შედავება, მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ მან შეასრულა აღნიშნული ღირებულების დამატებითი სამუშაო, რისი საჭიროებაც დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით და რითიც მოპასუხე გამდიდრდა, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხა;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა არის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2 940 ლარი და 51თეთერი (ს.ფ.241). სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი ,,თ----” სასარგებლოდ;

მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის გაწევის დასადასტურებლად, საგადახდო დავალება, რომლის შინაარსის თანახმად, ,,თ----” 2 500 ლარი გადაუხადა ოლეგ გრძელიძეს ,,საადვოკატო მომსახურებისათვის”. საქმის სირთულის, გარემოებათა, სასამართლო განხილვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სასამართლოს, მოპასუხისათვის დასაკისრებელი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გონივრულ ოდენობად მიაჩნია 300 ლარი;

ექსპერტიზის ხარჯის დამადასტურებლად წარმოდგენილია საექსპერტო დაწესებულებასა და ,,თ----" შორის დადებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.238-240), რომელშიც ,,სახელშეკრულებო ღირებულებად” აღნიშნულია 800 ლარი, თუმცა, ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ამ ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ქ-----–--------–----–---------------- დაეკისროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ----“ სასარგებლოდ 98 017 ლარის და 64 თეთრის გადახდა;

2. ქ-----–--------–----–---------------- გადახდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ----“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 2 940 ლარი და 51 თეთრი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი