გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.03.2020
საქმის ნომერი
140310020003457286
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310020003457286

საქმე № 3/42-20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 მარტი, 2020 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ჯ----– მ---------–-

 

მოპასუხე: ზ---- ი------ე

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ზ---- ი------ე (პირ. № 4----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; პირადი პატაკის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 3 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი მთლიანად ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ზ---- ი------ე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2018 წლის 25 ოქტომბრის № MOD 1 18 00006507 ბრძანებით გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2018 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება № MOD 1 18 00006507.

 

3.2.2. ზ---- ი------ეს 2018 წლის 22 ოქტომბრიდან გაუფორმდა კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ";

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის და ზ---- ი------ეს შორის გაფორმებული, 2018 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული კონტრაქტი № 1/2802/18

 

3.2.3. კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მეორე ეტაპის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 ლარი; ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდება ამ მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა წარმოიშვება მის ირგვლივ.

 

მტკიცებულება: კონტრაქტი.

 

3.2.4. ზ---- ი------ემ 2019 წლის 11 ოქტომბერს პატაკით მიმართა მე-14 შერეული ჯავშან სატანკო ბატალიონის მეთაურს, რომლითაც ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე (კონტრაქტის პირობების დარღვევით). ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია;

 

მტკიცებულება: 2019 წლის 11 ოქტომბრის პატაკი № MOD 9 19 01049254.

 

3.2.5. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებით, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით), ჯავშანსატანკო ბატალიონის მეტყვიამფრქვევის თანაშემწე ზ---- ი------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება № MOD 3 19 00004960

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოპასუხემ სარჩელი მთლიანად სცნო.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

როგორც აღინიშნა, ზ---- ი------ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მთლიანად სცნო.

 

იმავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი, შესაბამისად იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ზ---- ი------ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 22 ოქტომბრის № 1/2802/18 კონტრაქტით გათვალისწინებული 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი