გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7215-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - მ-------–------
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ს-----–----–----–---–ი
სარჩელის საგანი - სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაბრუნება
შეგებებული სარჩელის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე - ს-----–----–----–---–ს, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) - 360 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რითაც ს-----–----–----–---–ს შეუწყდა პენსია;
2.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს ს-----–----–----–---–ს უკანონოდ გაუცემელი პენსია - 2018 წლის 1 ივლისიდან დღემდე.
3. მოპასუხეების პოზიცია
3.1. სარჩელით მოპასუხე - ს-----–----–----–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას და მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2018 წლის 18 აპრილს ს-----–----–----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 18 აპრილის განცხადება (ს.ფ. 22).
4.1.2. დადგენილია, რომ ს-----–----–----–---–ს ერიცხებოდა სახელმწიფო პენსია 01.05.2018 წლიდან 01.07.2018 წლამდე და მთლიანობაში ჩაერიცხა 360 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 23 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 13);
- სს „ლიბერთი ბანკის“ 2018 წლის 22 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 17)
- ამონაწერი სს „ლიბერთი ბანკის“ ისანი-სამგორის ფილიალის ანგარიშიდან (ს.ფ. 18).
4.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ს-----–----–----–---–ს, 2018 წლის 1 ივლისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა - პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 21).
4.1.4. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის /ისანი-სამგორი/ 2018 წლის 3 ივლისის #0------------ წერილით ს-----–----–----–---–ს ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მას შეწყვეტილი ქონდა სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვა 2018 წლის 1-ლი ივლისიდან, რადგან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიწოდებული 2018 წლის 29 ივნისის ბაზის მონაცემებით იგი დასაქმებული იყო სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში.
დადგენილია, რომ ს-----–----–----–---–მა ზეპირ საუბარში სააგენტოს უარი განუცხადა თანხის სახლმწიფო ბიუჯეტში აღდგენაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის /ისანი-სამგორი/ 2018 წლის 3 ივლისის #0------------ წერილი (ს.ფ. 20);
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 23 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 13).
4.1.5. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის ცნობის თანახმად - ს-----–----–----–---–ი მუშაობს სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში“, რომელ უწყებაზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის ცნობა (ს.ფ. 123).
4.1.6. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორის 2019 წლის 1 ნოემბრის ცნობის თანახმად - ს-----–----–----–---–ი მუშაობს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში შტატგარეშე თანამშრომლად, ო------------------------------ს თანამდებობაზე. მის მოვალეობებში შედის: ოფისის მენეჯერის დავალებების შესრულება; ოფისის ფართის ყოველდღიური დალაგება; ოფისისათვის სამზარეულოს აღჭურვილობის და სანიტარული საშუალებების შეძენა; გახარჯული საშუალებების რეესტრის წარმოება; საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მისიების დროს მისიის წევრთა გამასპინძლება; ჭურჭლის რეცხვა და მტვრების გადაწმენდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორის 2019 წლის 1 ნოემბრის ცნობა (ს.ფ. 157).
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 21 თებერვლის კონტრაქტით დასტურდება, რომ ს-----–----–----–---–ი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი/ტრანსპორტის რეფორმებისა და რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობდა იმ დროსაც, როდესაც მან მიმართა სოციალური მომსახურების ცეტრს და დაენიშნა ასაკიდან გამომდინარე პენსია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამამრთლო:
- კონტრაქტზე დამატება (ს.ფ. 85).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ს-----–----–----–---–ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ს-----–----–----–---–ის მიმართ უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) - 360 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება, ხოლო ს-----–----–----–---–ის შეგებებული სარჩელით აქტის ბათილად ცნობასთან ერთად მოთხოვნილია ქმედების განხორციელების დავალებაც, კერძოდ, მოთხოვნილია, რომ დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს ს-----–----–----–---–ს უკანონოდ გაუცემელი პენსია - 2018 წლის 1 ივლისიდან დღემდე.
6.2. სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - მამაკაცებისთვის 65 წლის, ხოლო ქალებისთვის - 60 წლის მიღწევა.
სასამართლო მიუთითებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი №1).
მითითებული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, ს-----–----–----–---–ს, მის მიერ სააგენტოში 2018 წლის 18 აპრილს წარდგენილი განცხადების საფუძველზე დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის საფუძვლით, რის გამოც ჩაერიცხა სახელმწიფო პენსია 01.05.2018 წლიდან 01.07.2018 წლამდე, მთლიანობაში - 360 ლარის ოდენობით.
6.3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერი ვალდებულია აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
ამავე კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია პენსიის შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ს-----–----–----–---–ს, 2018 წლის 1 ივლისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით. სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის #0------------ წერილით ს-----–----–----–---–ს ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მას შეწყვეტილი ჰქონდა სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვა 2018 წლის 1-ლი ივლისიდან, რადგან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან 2018 წლის 29 ივნისის მიწოდებული ბაზის მონაცემებით იგი დასაქმებული იყო სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის მიზნით დასადგენია სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას და მასში დასაქმებული ს-----–----–----–---–ის საქმიანობა წარმოადგენს თუ არა საჯარო საქმიანობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლითაც განმარტებულია საჯარო საქმიანობის ცნება. საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად - გ) საჯარო სამსახურია - სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა; დ) საჯარო მოსამსახურეა – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ე) პროფესიული საჯარო მოხელეა – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
საქმეში წარმოდგენილი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის ცნობით დგინდება, რომ სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრზე“ არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორის 2019 წლის 1 ნოემბრის ცნობით დგინდება, რომ ს-----–----–----–---–ი მუშაობს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში შტატგარეშე თანამშრომლად, კერძოდ - ო------------------------------ს თანამდებობაზე და მის მოვალეობებში შედის: ოფისის მენეჯერის დავალებების შესრულება; ოფისის ფართის ყოველდღიური დალაგება; ოფისისათვის სამზარეულოს აღჭურვილობის და სანიტარული საშუალებების შეძენა; გახარჯული საშუალებების რეესტრის წარმოება; საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მისიების დროს მისიის წევრთა გამასპინძლება; ჭურჭლის რეცხვა და მტვრების გადაწმენდა.
ამდენად სასამართლოს, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე მიაჩნია, რომ ს-----–----–----–---–ი დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულების, უფრო ზუსტად მომსახურების ხელშეკრულების (პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტი) საფუძველზე, შტატგარეშე თანამშრომლად - ო------------------------------ს თანამდებობაზე დამხმარე ამოცანათა შესასრულებლად, რის გამოც იგი არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ს-----–----–----–---–ი არ ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, რა საფუძვლითაც მას შეუწყდა სახელმწიფო პენსიის დანიშნვა, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.6. სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ: ს-----–----–----–---–ს დაევალოს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) - 360 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული პენსიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი შეგებებული სარჩელით გასაჩივრებული აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რითაც ს-----–----–----–---–ს შეუწყდა პენსია და ამასთან დადგენილია, რომ იგი მითითებულ ორგანიზაციაში მუშაობდა მაშინაც, როდესაც განცხადებით მიმართა სოციალურ სამსახურს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, შესაბამისად, არ არსებობს სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ ს-----–----–----–---–ისთვის მოთხოვნილი თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის-ცენტრის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო რაც შეეხება ს-----–----–----–---–ის შეგებებული სარჩელის მეორე მოთხოვნას - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ს-----–----–----–---–ის სასარგებლოდ უკანონოდ გაუცემელი პენსიის 2018 წლის 1 ივლისიდან დღემდე ანაზღაურების თაობაზე იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოთხოვნა განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, შეგებებული სარჩელი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს აუნაზღაუროს ს-----–----–----–---–ს უკანონოდ გაუცემელი პენსია - 2018 წლის 1 ივლისიდან დღემდე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ს-----–----–----–---–ის შეგებებული სარჩელი სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიმართ დაკმაყოფილდეს;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რითაც ს-----–----–----–---–ს შეუწყდა პენსია;
4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს ს-----–----–----–---–ს უკანონოდ გაუცემელი პენსია - 2018 წლის 1 ივლისიდან დღემდე;
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი