გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2019
საქმის ნომერი
010310019002971699
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310019002971699

№3-200/2018წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - თე------------–--ე

წარმომადგენელი - მუ--------------ე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური

წარმომადგენელი - ზუ-------–----ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1.თე------------–--ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

-,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანების ბათილად ცნობა;

-ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური) მიერ ახალი აქტის გამოცემა, თე------------–--ის 2019 წლის 25 მარტის №1------------- განცხადებაზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ.

1.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

თე------------–--ეს ქ. ბათუმში, ქე-------–-------–--------------ში, საკუთრების უფლებით გააჩნია 321.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი:----3--0--1---

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №2------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 06 ივლისის №- დადგენილებით დამტკიცებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რის საფუძველზეც იგეგმება თე------------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ათვისება, რაც უნდა განხორციელდეს უახლოეს პერიოდში.

აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 8 თებერვალს, მოსარჩელემ №4------ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, რის პასუხადაც 2019 წლის 13 მარტის №2------ წერილით ეცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტით, ქ. ბათუმში, რუ-----სა და გე------–------–--ის ქუჩების შემაერთებელი სამუშაოების ჩატარება არ არის გათვალისწინებული და შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიაში არ განიხილება მიწის ნაკვეთის კომპენსირების საკითხი.

2019 წლის 25 მარტს, მოსარჩელემ №1------------- განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით. ამ სამსახურის 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანებით, თე------------–--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე იმსჯელა განცხადებაზე, რომ მოსარჩელე არ იქნა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და მას არ მიუცია ახსნა-განმარტება საქმესთან დაკავშირებით.

2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გადის საავტომობილო გზა და ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება წინააღმდეგობაშია ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“, თვითმმართველის ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილების მოთხოვნებთან.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, ყოვლად უსაფუძვლოა მითითება საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №-- დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაზე. საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილებაზე თანდართული რუკა არავითარ ვალდებულებას არ წარმოშობს, არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ თე------------–--ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი მოექცევა ამ პროექტის ზემოქმედების ქვეშ. ამ ეტაპზე ექსპროპრიაციის პროცედურებიც კი არ არის დაწყებული და მოპასუხის უკანონო გადაწყვეტილებით იზღუდება თე------------–--ის, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და ის უსაფუძვლოდ მიიჩნია, შემდეგი მოტივით:

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილება ემყარება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1------- ბრძანებით დამტკიცებულ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებს“. აღნიშნული დადგენილების მე-8-ე მუხლის მე-2-ე და მე-3-ე ნაწილების შესაბამისად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, თუ: ა) მას არ აქვს ერთი მისავლელი მაინც, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით; ბ) მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს წინამდებარე წესით დამტკიცებულ ტერიტორიულ ზონაში, თუ მისი ფართობი არის 150,00 კვ.მ.-ზე ნაკლები, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს. 3.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ შეუსაბამობა ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეუსაბამობის აღმოფხვრამდე არ დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო თუ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულია, არ შეითანხმოს არქიტექტურული პროექტი/კონსტრუქციული სქემა, ხოლო თუ ხსენებული ორივე ეტაპი გავლილია, არ გასცეს მშენებლობის ნებართვა.

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილებას თან ახლავს დამტკიცებული რუკა, რომელიც სამომავლოდ ითვალისწინებს ქალაქის გზების და ქუჩების მშენებლობის პროექტს, თუმცა მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროექტი და გეგმა არ არის შემუშავებული.

თე------------–--ის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ქე-------–-------–--------------ში მდებარე 321.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უნდა გავიდეს საავტომობილო გზა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ იხელმძღვანელა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე და მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარეს კანონის შესაბამისად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქ. ბათუმში, ქე-------–-------–--------------ში მდებარე 321.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე (უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო კოდი: 0--3--0--1--), 2010 წლის 1-ელი მარტიდან აღრიცხულია, თე------------–--ის საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საჯარო რეესტრის 2019 წლის 18.03. ამონაწერი.

 

3.1.2. 2018 წლის 22 მარტს და 2019 წლის 8 თებერვალს, თე------------–--ემ განცხადებებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, ქე-------–-------–--------------ში, თავის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და მიწის ნაკვეთის მონაცვლების მოთხოვნით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №2------- წერილით თე------------–--ეს ეცნობა, რომ ნაკვეთის ათვისება და შესაბამისი კომპენსაციის გადახდა განხორციელდებოდა უახლოეს პერიოდში, ხოლო, 2019 წლის 13 მარტის №2------ წერილით ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხი 2019 წლის ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №2------- წერილი;

– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა დეა ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 13 მარტის №2------ წერილი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2019 წლის 25 მარტს, თე------------–--ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ, ქე-------–-------–--------------ში მდებარე 321.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკადასტრო კოდი: 0--3--0--1--) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანებით უარი ეთქვა თე------------–--ეს ქე------ წ-------–-ს I----------ში მდებარე 321.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, იმ საფუძვლით, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გადის საავტომობილო გზა, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, კი მიწის ნაკვეთი სამშნებლოდ შეუსაბამოა, თუკი მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 30 მარტის N6-- ბრძანება;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. თე------------–--ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

-,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანების ბათილად ცნობა;

-ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი აქტის გამოცემა, თე------------–--ის 2019 წლის 25 მარტის №1------------- განცხადებაზე, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– თე------------–--ის სასარჩელო განცხადება;

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თე------------–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი.

- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

_ ,,დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“

- თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულება.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები“. კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 37-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად:

I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა;

II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;

III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.

`მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების~ 45-ე მუხლით განსაზღვრულია, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი:

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება;

მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, კი, ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე.

 

6.3. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით ადგენს და ამ სფეროში ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს, არეგულირებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 2019 წლის 3 ივნისიდან საქართველოს 07/20/2018 3213 კანონით), რომელიც ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში (მუხლი 1).

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა – საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს;

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები განმარტებულია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს.

აღნიშნული განმარტება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით ადგენს, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს.

ამავე კანონის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მიზნით დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება შეიმუშავებს და ამტკიცებს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“ (შემდგომში – „განაშენიანების ძირითადი დებულებები“).

26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული „განაშენიანების ძირითადი დებულებების“ საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები შეიმუშავებენ და ამტკიცებენ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს“ დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1------- ბრძანებით დამტკიცდა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული იქნა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, რომლის მიზანს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთ გაწონასწორების საფუძველზე თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიის, კვლევაზე დაფუძნებული, წინასწარ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით - ტერიტორიული წყობისა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბანული განვითარება, არეგულირებს შემდეგ სფეროს:

ა)თვითმმართველი ქ. ბათუმის და სახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებს;

ბ)თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობის განსაზღვრას;

გ)თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების წესს;

დ)თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონებად დაყოფის მიზნით ზოგადფუნქციური და კონკრეტული ფუნქციური ზონების ჩამონათვალს;

ე)კონკრეტული ფუნქციური ზონებისათის კოეფიციენტებს;

ვ)კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესს;

ზ)კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალს;

თ) მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებით პირობებს;

ი) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

კ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომი სიისა და სხვა კომისიის შექმნისა და ფუნქციონირების წესს;

ლ) დამატებით მოთხოვნებს ქალაქთმშენებლობის სხვა დოკუმენტაციის მიმართ და მათი დამტკიცების წესს;

მ) დამატებით სანებართვო პირობებს;

ნ) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე და სახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების სხვა წესებს.

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილების მე-8 მუხლი განსაზღვრავს, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებითი პირობებს:

1.მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება (მშენებლობა) ანდა არსებულის რეკონსტრუქცია დასაშვებია, თუ იგი არ წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს;

2.სამშენებლო მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობა დამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.

3.თუკი მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა.

4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ შეუსაბამობა ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეუსაბამობის აღმოფხვრამდე არ დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო თუ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულია, არ შეითანხმოს არქიტექტურული პროექტი/კონსტრუქციული სქემა, ხოლო თუ ხსენებული ორივე ეტაპი გავლილია, არ გასცეს მშენებლობის ნებართვა გარდა ამ დადგენილების (ამ წესის) მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირს უფლება აქვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე ან არქიტექტურული პროექტი/კონსტრუქციული სქემის შეთანხმებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მიწის ნაკვეთს მიანიჭოს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი.

6.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მისასვლელი არსებულად ჩაითვლება, თუ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე. სხვა შემთხვევაში კი, როცა მიწის ნაკვეთს ყველა მხრიდან ესაზღვრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ან ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ წარმოადგენენ საზოგადოებრივ სივრცეს, მისასვლელის არსებობა დასტურდება, თუ: ა) მოსაზღვრედ არსებული მიწის ნაკვეთებიდან ერთს მაინც ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე და იგი წარმოადგენს სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მოსარგებლის საკუთრებას, მათ შორის თანასაკუთრებას, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით; ბ) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რაც რეგისტრირებული იქნება საჯარო რეესტრში, მისასვლელად გამოყენების მიზნით მოსაზღვრედ არსებული მიწის ნაკვეთები სერვიტუტითაა დატვირთული სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთ ის სასარგებლოდ, იმდაგვარად, რომ სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უკავშირდებოდეს საზოგადოებრივ სივრცეს; გ) სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს დასახლებათა ტერიტორიების და გეგმარებითი თვალსაზრისით დარეგულირებელი/მოწესრიგებული განაშენიანებული ტერიტორიის ნაწილში - კვარტალში, მაგრამ არსებობს აღნიშნული ტერიტორიის კვარტალურად განაშენიანების გეგმა და სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ტერიტორიის კვარტალურად განა შენიანების გეგმით გათვალისწინებულ კვარტლის შემომსაზღვრელ პერსპექტიულ ქუჩას.

7. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ავტომატურად ეხსნება სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, თუ: ა) ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ დაგეგმვიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში არ განხორციელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის გამოც მიწის ნაკვეთს მიენიჭა სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, გარდა სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისა, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისა; ბ) მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელ მწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობის მოტივით მინიჭებული სამშენებლოდ შეუსაბამო http://www.matsne.gov.ge 33009002035132016140 მიწის ნაკვეთის სტატუსი ეხსნება, თუ გაუქმდა ან შეიცვალა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა საავტომობილო გზის მშენებლობას ან არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებ ლობას; გ) თუ სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის საჭირო არ არის მთლიანი მიწის ნაკვეთი, სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ენიჭება მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა აღნიშნული მიზნისათვის. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილი განიხილება სამშენებლო მიწის ნაკვეთად.

8.გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთს მიეკუთვნება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთები, ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან გამოყოფილი და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე წესით ნებადართული, მათ შორის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართული ობიექტის მშენებლობა.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, დადგენილების მე-8 მუხლი მე-3 პუნქტში, რაზედაც ამყარებს მოპასუხე მხარე მის მიერ გამოცემული სადავო აქტის მოტივაციას და საქმის სასამართლოში განხილვის დროს გამოხატულ პოზიციას, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების შეზღუდვას იმ პირობებში აწესებს, როდესაც არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობები „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად წარმოადგენს, ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. სასამართლო ამასთან დაკავშირებით იზიარებს მოსარჩელე მხარის შეფასებას, რომ ნორმით განსაზღვრული პირობების ერთობლიობა ქ. ბათუმში, ქე------ წ-------–-ს I----------ში მდებარე 321.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმართ არ არის დამდგარი, რადგანაც ექსპროპრიაციის პროცედურები ნაკვეთის მიმართ არ დაწყებულა.

სასამართლო განმარტავს, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების საფუძველი:

1საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად 1.საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2.საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 3.აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან

4.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

მოცემულ შემთხვევაში მართალია, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის №- დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ქე------ წ-------–-ს I----------ში მდებარე 321.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი:----3--0--1--, საჭიროდ არის მიჩნეული ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, თუმცა ამ დროისათვის არ არსებობს შესაბამისი სამინისტროს მინისტრის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და ის სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს, მისი ექსპროპრიაციის უფლება.

სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ქე------ წ-------–-ს I----------ში მდებარე 321.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ექსპროპრიაციის პროცედურები არ არის დაწყებული, არ არსებობს ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები და მით უმეტეს, არ არსებობს ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველიც.

2019 წლის 13 მარტს, თე------------–--ემ მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ,,ქ. ბათუმში, რუ-----სა და გე------–------–--ის შემაერთებელი ქუჩემის მშენებლობის ჩატარება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, მერიაში არ განიხილება თე------------–--ის განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთის კომპენსირების საკითხი“.

ამდენად, მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის არც წინაპირობები და განხორციელების საფუძველი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიმართ, არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (შესაბამის სამსახურს) თე------------–--ისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე, 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანებით ქ. ბათუმში, ქე------ წ-------–-ს I----------ში მდებარე 321.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის არ მიუნიჭებია სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, როგორც ამას ითვალისწინებს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილების მე-8 მუხლის მე-4-5 პუნქტებით დადგენილი წესი.

სასამართლო ასევე, აღნიშნავს, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის №- დადგენილებით, რომლის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტს რაიმე კონკრეტული ღონისძიებები, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის რეალიზებასთან დაკავშირებით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილს, აღარ განუხორციელებია. არ არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, არ შედგენილა კონკრეტული გზის (ქუჩის) დაგეგმარება და მოპასუხე მხარე ვერც მიახლოებით პერიოდზე მიუთითებს, გენერალური გეგმის ამ ნაწილის რეალიზების შესახებ.

ეს გარემოებები, ყველა სხვა მოცემულობებთან ერთობლიობაში, ამყარებს მოსარჩელე თე------------–--ის იმ პოზიციას, რომ უსაფუძვლოდ გრძელდება დროში, მისი საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და ამ ფორმით დროში დაუსრულებლად იარსებებს უარის თქმის მსგავსი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, ფორმალური საფუძველი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ასეთი საფუძვლით შეზღუდვის არც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტში, „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე“ 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანებაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად გამოყენებული ის გარემოება, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე თვითმმართველის ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილების და ამ დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით გადის საავტომობილო გზა, სამართლებრივად დასაბუთებული არ არის და წინააღმდეგობაში მოდის, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე როგორც „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ისე, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილების მე-8 მუხლით დადგენილ რეგულაციებთან.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე უარის თქმის შესახებ, 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანება ამ მხრივ მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.

მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე უარის თქმის შესახებ, 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

 

6.7. სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (შესაბამის სამსახურს) უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თე------------–--ის მოთხოვნაზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

მოპასუხემ ახალი აქტის გამოცემის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ თვითმმართველის ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №-- დადგენილებისა და ამ დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით, მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გზის მშენებლობისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს თე------------–--ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თე------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:

2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 30 მარტის №6-- ბრძანება, თე------------–--ისათვის ქ. ბათუმში, ქე------ წ-------–-ს I----------ში მდებარე 321.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:----3--0--1--) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, უარის თქმის შესახებ.

 

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), თე------------–--ის 2019 წლის 25 მარტის №1------------- განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ქე------ წ-------–-ს I----------ში მდებარე 321.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:----3--0--1--) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე თაობაზე.

 

4. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე