განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
330100119003254362
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე #1/5053-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------------------–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ--- ჯ-------- ძე ზ------ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 8----------ს, რეგისტრირებული: გ--–--------------------–----------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–--------------------------------------------–-

 

ადვოკატი - ვ----–-----------

 

კვალიფიკაცია:

 

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს ნ--- ზ------ამ, თ---–--–-, გ-–------ მ--- მ/რაიონში, #--- სამარშუტო ტაქსების ბოლო გაჩერების მიმდებარედ, ავტოსამრეცხაოს ეზოში, სახეში ფეხის დარტყმით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა ზ------ კ-------–--ეს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დაზარალებულის - ზ------ კ-------–--ის ზეპირი ჩვენებით, მუშაობს თ---–--–-, გ-–------ მ--- მ/რაიონში, 1---ე სამარშუტო ტაქსების ბოლო გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტონაწილების მაღაზიაში. 2019 წლის 10 თებერვალს, იდგა მაღაზიის წინ და ესაუბრებოდა მეგობარს გ--- გ---–---–ს. ამ დროს, მოულოდნელად, მისი მიმართულებით უკუსვლით დაიძრა ლურჯი ფერის ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა და ფეხზე მსუბუქად დაეჯახა. შეჯახების შედეგად არ წაქცეულა. მივიდა უკვე გაჩერებულ ავტომანქანასთან და შეშფოთება გამოხატა საქარე მინაზე ხელის დარტყმით. აღნიშნულმა გააღიზიანა მძღოლი ნ--- ზ------ა, გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაიწია დაზარალებულისკენ ხელის დასარტყმელად, თუმცა გ--- გ---–---–მა ამის უფლება არ მისცა. ნ--- ზ------ა განარიდეს შემთხვევის ადგილიდან. ინციდენტიდან მალევე, დაახლოებით 10-15 წუთში დაინახა ავტოსახელოსნოს ეზოში გაჩერებულ ავტომანქანის თავზე მდგომი ნ--- ზ------ა, რომელიც მისი მიმართულებით გადმოხტა და ფეხი დაარტყა. დარტყმის შედეგად წაიქცა, სამედიცინო დახმარების მიზნით გადაიყვანეს სტაციონარაში, სადაც სამი დღე დაჰყო, მომდევო ერთი თვის განმავლობაში კი სახლში წოლითი რეჟიმის პირობებში მკურნალობდა.

 

2.2. დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული (იგივე პოზიცია ეკავა გამოძიების დროსაც). დაადასტურა, რომ სახეში ფეხის დარტყმით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა ზ------ კ-------–--ეს და განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის მიზეზი იყო დაზარალებულის მხრიდან, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მისი მისამართით უკიდურესად უხამსი ფორმით გამოხატული სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2.3.საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.4. სასამართლოს დასკვნა ნ--- ზ------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, პირის ამოცნობის შესახებ ოქმს, ზ------ კ-------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთად დამტკიცებულად მიიჩნია ნ--- ზ------ას მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და გამოწვეულ შედეგს - რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ნ--- ზ------ას განზრახვას დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებასთან მიმართებაში ადასტურებს ძალადობრივი დანაშაულის ხერხი - სახეში ფეხის დარტყმა. ბრალდებულის განზრახი ქმედების გამო ზ------ კ-------–--ეს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

3.2. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.4. დაზარალებულის ზეპირი ჩვენებით, ასევე პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების ურთიერთანალიზით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ნ--- ზ------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ--- ზ------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.

 

4.2. ნ--- ზ------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე და დანაშაულის ხერხი: ფეხის ჩარტყმა სახის არეში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.3. დანაშაულის ჩადენის ხერხის და ადგილის (საჯარო სივრცე) მხედველობაში მიღებით დამნაშავე პირს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზომიერად მკაცრი, მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებსაც - დანაშაულის აღიარებას, გამოძიებასთან თანამშრომლობას. ასევე გათვალისწინებული იქნა ის ფაქტიც, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. განსახილველი ბრალდება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ნ--- ზ------ა აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე - პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები, როგორც პირობა დადებული სასჯელი, რათა დამნაშავე პირმა მომავალში აღარ ჩაიდინოს განზრახი დანაშაული და მასზე განხორციელდეს საპრობაციო კონტროლი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ელექტრონულ დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--- ზ------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 21 ოქტომბრიდან - 23 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

2. გაუქმდეს ნ--- ზ------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა