განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
330100120003415453
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/121-20

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2020 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ - ნ-------- ჭ-----ის

ბრალდებულ - გ------- ბ----------ს

ადვოკატების - ი-----–- გ----------–---–-ს და ლ--–- ა--–---ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

- გ------- ვ-–-ს ძე ბ----------ს, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–--------–---–-------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ბ---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი).

გ------- ბ----------ს მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

დაახლოებით 9 წელია, მ--- გ------------ი და გ------- ბ---------ე იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად, ქ-------–--–-----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ დაეძაბათ ურთიერთობა და ხშირად ჰქონდათ უთანხმოება. 2019 წლის 8 დეკემბერს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ფინანსურ საკითხზე საუბრისას გაღიზიანებულმა გ------- ბ---------ემ, თავის მეუღლეს - მ--- გ------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც მ--- გ------------მა თავი კედელს მიარტყა და დაკარგა გონება. გ------- ბ----------ს ქმედების შედეგად მ--- გ------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ------- ბ---------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი).

გარდა ამისა, გ------- ბ---------ე სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის - მ--- გ------------ის მიმართ, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მ--- გ------------ი განიცდიდა ტანჯვას. ანალოგიური განმეორდა 2019 წლის 8, 9 და 10 დეკემბერს, რა დროსაც გ------- ბ---------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მ--- გ------------ს, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ტანჯვა.

2019 წლის 10 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, გ------- ბ---------ე მივიდა მ--- გ------------თან და ვინაიდან წინა დღეებში მომხდარი კონფლიქტის გამო მ--- გ------------მა სახლის კარი არ გაუღო, გ------- ბ---------ე სახლში შევიდა სამზარეულოს აივნიდან და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი ტანისა და ხელების არეში. მ--- გ------------თან სტუმრად მყოფი ა------- ი----------ს ჩარევის შემდეგ, გ------- ბ---------ეს აღარ მიეცა მ--- გ------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საშუალება.

ე.ი. გ------- ბ---------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი).

სასამართლოს დასკვნა გ------- ბ----------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, მ--- გ------------ის სამედიცინო ისტორიას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ გ------- ბ---------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი და აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულია როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობა, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას, ხოლო მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ თითოეულ შემთხვევაში ძალადობა არ გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით და არ გამოხატულა ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. ამასთან, ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის მიმართ მისი დამოკიდებულების, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენება, ხასიათდება დადებითად, სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო აფასებს ასევე სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს და მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების, აგრეთვე, დაზარალებულის შემრიგებლური პოზიციის გათვალისწინებით (დადასტურებულია საქმეში არსებული დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით) შემცირებულია მათ შორის კონფლიქტისა და შესაბამისად, გ------- ბ----------ს მხრიდან ძალადობის განმეორების რისკი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ხოლო ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და მისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთას. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, მას სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რამდენადაც აღნიშნულით ხელი შეეშლება მას ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში (აქვს კერძო ბიზნესი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს), რაც მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა და რომლითაც მატერიალურად უზრუნველყოფს ოჯახს, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეუღლეს და პირველი ქორწინებიდან შეძენილ არასრულწლოვან შვილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ბ---------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ბ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. გ------- ბ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- ბ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ გ------- ბ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 10 დეკემბრიდან - 2020 წლის 22 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

5. მსჯავრდებულ გ------- ბ----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- ბ---------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი