გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002202379
2-4811/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25/12/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს “მ-----“
წარმომადგენელი: ა-------–---------------
მოპასუხე: თ------ დ-------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „მ-----მ“ სარჩელი აღძრა თ------ დ-------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2023,99 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2015 წლის 2 სექტემბერს შპს “მ-----სა“ და თ------ დ-------ეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობისათვის მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 4020 ლარი, რასაც დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 150 ლარი. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელისათვის დაებრუნებინა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა, რისთვისაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში უნდა გადაეხადა სალიზინგო საზღაური. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სალიზინგო საზღაურის შეტანის ვადების დარღვევის შემთხევაში დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო, ასვე ლიზინგის მიმღებს დაეკისრება დამატებითი ხარჯების ანაზღაურება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სატრანსპორტო საშუალება L---------, მოდელი F---------, რეგისტრაციის ნომერი D----- აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სრულად არ დაფარა ლიზინგის საფუძველზე მიღებული სესხი. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ დაიბრუნა ლიზინგის საგანი და გაასხვისა 2800 ლარად. მიღებული თანხით ნაწილობრივ დაიფარა დავალიანება, კერძოდ 224, 29 ლარით დაიფარა სხვადასხვა ხარჯი, 354,88 ლარით დაიფარა სარგებელი, 74,82 ლარით დაიფარა პირგასამტეხლო, ხოლო 2146,01 ლარით დაფარულ იქნა ძირი თანხა. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 2023 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. ადასტურებს შპს „მ-----სთან“ გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და მისგან მიიღო 4020 ლარი, რაც შპს „მ-----ს“ ვერ დაუბრუნა შეთანხმებულ ვადებში. აღნიშნულის გამო შპს ,,მ-----მ„ მას მოსთხოვა ავტომანქანის გადაცემა. ვალდებულების შესრულების მიზნით მან ავტომანქანა ნებაყოფლობით მიუყვანა და გადასცა შპს „მ-----ს“. მისთვის ცნობილი იყო, რომ ავტომანქანის გადაცემით, მან შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ თანხა აღარ იქნებოდა გადასაცემი, მითუმეტეს ავტომანქანა შეფასებული იყო 5360 ლარად, რაც სავსებით საკმარისი იყო ვალის დასაფარად. მოპასუხე მიიჩნევს რომ მოსარჩელემ ავტომანქანა გაყიდა ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებად, რის გამოც მას უფლება არ აქვს მოსთხოვოს თანხის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 2 სექტემბერს შპს “მ-----სა“ და თ------ დ-------ეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობისათვის მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 4020 ლარი, რასაც დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 150 ლარი. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა მოპასუხეს უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება. ს.ფ. 17-27
3.1.2. 2015 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენენ მასზედ, რომ სალიზინგო საზღაურის შეტანის ვადების დარღვევის შემთხევავში დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო, ასვე ლიზინგის მიმღებს დაეკისრება დამატებითი ხარჯების ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება. ს.ფ. 17-27
3.1.3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სატრანსპორტო საშუალება აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს ,,მ-----ს“ უფლება ექნებოდა გაესხვისებინა ავტომანქანა და მიღებული თანხით დაეფარა სესხის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება. ს.ფ. 17-27
3.1.5. თ------ დ-------ემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვადაზე ადრე შეწყვიტა გრაფიკის მიხედვით ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
- დავალიანების ცნობა. ს.ფ. 41
3.1.6. ლიზინგის საზღაურის შეტანის შეწყვეტის გამო მოსარჩელემ მოპასუხისაგან გამოითხოვა სატრანსპორტო საშუალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალება L---------, მოდელი F---------, რეგისტრაციის ნომერი D----- გაიყიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადაო გარემოებებია:
- 2016 წლის თებერვლის თვეში ავტომანქანა ,,L---------“-ის (მოდელი F---------, რეგისტრაციის ნომერი D-----) მდგომარეობა და ფასი;
- ავტომანქანის რეალიზაცია 2800 ლარად;
- სითი პარკის და ევაკუატორის ხარჯი.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ისინი თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც ავტომანქანის მდგომარეობისა და ღირებულების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ავტომანქანა მისი რეალიზაციის დროს ღირდა 2800 ლარი. თავის მხრივ მოპასუხის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ სატრანსპორტო საშუალება 2800 ლარზე უფრო მეტი ღირდა.
3.2.4. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სითი პარკის და ევაკუატორის ხარჯის გაწევა.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. მოსარჩელემ, ავტომანქანის 2800 ლარად გაყიდვის დადასტურების მიზნით, წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. მოპასუხემ მოსარჩელის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.7. გარდა ზეპირი განმარტებისა, მოსარჩელემ ავტომანქანის 2800 ლარად გაყიდვის დამტკიცების მიზნით წარმოადგინა შპს ,,მ-----ს“ საბუღალტრო განაცხადი, სადაც მითითებულია, რომ ავტომანქანა რეალიზებულია 2800 ლარად.
იხ. შპს ,,მ-----ს“ საბუღალტრო განაცხადი. ს.ფ. 38.
3.2.8. მოსარჩელის მტკიცებულებების გაბათილების მიზნით მოპასუხემ წარმოადგინა მხოლოდ თავისი ზეპირი განმარტება. მას სხვა მტკიცებულება არ აქვს.
3.2.9. ავტომანქანის ღირებულების დამტკიცების მიზნით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დახარისხდა შემდეგნაირად:
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:
- ზეპირი განმარტება;
- შპს ,,მ-----ს“ საბუღალტრო განაცხადი.
მოპასუხის მტკიცებულებები:
- ზეპირი განმარტება.
3.2.10. მტკიცებულებათა დახარისხებისა და გაანალიზების შემდეგ სასამართლო ვალდებულია კრიტიკულად შეაფასოს ისინი და განმარტოს რომელი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო მყარი და დამაჯერებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ზეპირი განმარტება და საბუღალტრო განაცხადი უფრო მყარი მტკიცებულებებაა და უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე მოპასუხის ზეპირ განმარტებას. მოსარჩელის მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ დადგენილად და დადასტურებულად იქნას მიჩნეული ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება გაიყიდა 2800 ლარად. მოსარჩელემ თავისი საპროცესო მოვალეობა უფრო უკეთ შეასრულა, ვიდრე მოპასუხემ. მან მტკიცებულებების მიმართ გამოიჩინა ზერელე მიდგომა და სარჩელისაგან თავი არ დაიცვა. არ წარმოადგინა მტკიცებულებები და არ გააქარწყლა მოსარჩელის არგუმენტები ავტომანქანის 2800 ლარად რეალიზაციის თაობაზე.
3.2.11. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცებულებებიც არარის საკმარისი. იმისათვის, რომ გაირკვეს ავტომობილის რეალური ღირებულება, მას უნდა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულება, თანხის გადახდის დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების შეფასების აქტი. ამ სამი დოკუმენტის გამოყენებით შესაძლებელია დადგინდეს ავტომანქანის რეალური ფასი და ნასყიდობის ფაქტი. თავის მხრივ არც მოპასუხემ არ იაქტიურა. მან არ წარმოადგინა მტკიცებულება რომლითაც დადგინდებოდა 2016 წლის თებერვლის თვეში ავტომანქანა ,,L---------“-ის ზოგადი ან კონკრეტული ღირებულება. თუმცა საქმეში წარმოდგენილი ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ასეთი მტკიცებულებების აუცილებობას არ მოითხოვს. საქმე მასშია, რომ ხელშეკრულების 14.7 მუხლით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ თუ ხელშეკრულება ვადამდე ადრე შეწყდება, ან თ------ დ-------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ,,მ-----“ ცალმხრივად გავა ხელშეკრულებიდან, მას უფლება აქვს გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალება და გაყიდოს ნებისმიერ ფასად. ამ შეთანხმებამ შპს ,,მ-----ს“ უფლება მიანიჭა სატრანსპორტო საშუალება გაყიდოს ნებისმიერ ფასად. მან ეს უფლება გამოიყენა და სატრანსპორტო საშუალება გაასხვისა 2800 ლარად. ბუნებრივია ეს დათქმა შპს ,,მ-----ს“ არ აძლევს უფლებას ავტომანქანა გაყიდოს 1 ლარად. მიუხედავად დათქმისა, ავტომანქანა უნდა გაიყიდოს გონივრულ ფასში. არაგონივრულ ფასად გაყიდვის უფლებას კრძალავს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი. ასეთ სიტუაციაში გამოსაკვლევი რჩება მხოლოდ ერთი საკითხი: - რამდენად გონივრულია 2800 ლარად ავტომანქანის გაყიდვა. ამ საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი იყო მოპასუხეს წარმოედგინა მტკიცებულებები და ემტკიცებინა რომ ავტომანქანა გაცილებით მეტი ღირდა. მას ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. აღნიშნული მტკიცებულების გარეშე კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს 2016 წლის თებერვლის თვეში ავტომანქანა ,,L---------“-ის გაყიდვისას მოსარჩელემ გამოიყენა თუ არა უფლება ბოროტად და სატრანსპორტო საშუალება გაყიდა თუ არა არაგონივრულ ფასად.
3.2.12. აღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ სატრანსპორტო საშუალება გაიყიდა გონივრულ ფასში.
3.2.13. სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული 2800 ლარით შესრულდა შემდეგი ვალდებულებები:
- ძირი თანხა - 2146,01 ლარი;
- ჯარიმა - 74,82 ლარი;
- სარგებელი - 354,88 ლარი.
- სხვადასხვა ხარჯი 224,29 ლარი.
3.2.14. სასამართლო განმარტავს, რომ სითი პარკის და ევაკუატორის ხარჯის გაწევა ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მან მოპასუხის გამო ნამდვილად გადაიხადა სითი პარკის და ევაკუატორის ხარჯი. მოცემული ხარჯის გაწევა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებით. შესაძლებელია მოსარჩელეს მართლაც დასჭირდა ევაკუატორი, ან კიდე სავსებით შესაძლებელია მოპასუხემ დაარღვია ტრანსპორტის გაჩერების წესი, მაგრამ ეს ფაქტი უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი საგადასახდო დავალება არ ასახავს მოპასუხის კუთვნილი ჯარიმის მოსარჩელის მიერ გადახდას. დოკუმენტით 10 ლარის გადახდა დგინდება, მაგრამ არ დგინდება ამ ხარჯის კავშირი მოპასუხესთან. ასევე არ დგინდება ევაკუატორის გამოყენების აუცილებლობა. მოპასუხემ მოსარჩელეს ავტომანქანა იქ მიუყვანა, სადაც იყო მოთხოვნილი. აღნიშნულის შემდეგ ევაკუატორის გამოყენებას მოპასუხესთან რა კავშირი აქვს გაურკვეველია.
იხ. საგადასახდო დავალება ს.ფ. 39
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ლიზინგის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ის ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს ლიზინგის ხელშეკრულებაზე. შესაბამისად თანხის დაბრუნებასაც ლიზინგის ხელშეკრულების საფუძვლებით მოითხოვს. მისი მოთხოვნა გამომდინარეობს 576-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით: - თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:
ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;
ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ თანხის მიღებამდე სატრანსპორტო საშუალება L---------, მოდელი F---------, რეგისტრაციის ნომერი D-----, 2015 წლის 2 სექტემბრამდე თ------ დ-------ის საკუთრება იყო. დასახელებული სატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის სახელზე აღირიცხა მას შემდეგ რაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 4020 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება სესხის ხელშეკრულებაა. სატრანსპორტო საშუალება კი წარმოადგენს გირავნობის საგანს. ხელშეკრულების სათაური ვერ შეცვლის ხელშეკრულების შინაარს, ამიტომ დავის დარეგულირებისათვის უნდა გამოვიყენოთ ის ნორმები, რაც მიესადაგება მხარეთა ურთიერთობას. ასეთია სესხის მარეგულირებელი ნორმები.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ შპს ,,მ-----“ სესხის გამცემი სუბიექტია. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ თ------ დ-------ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, რაზეც 2015 წლის 2 სექტემბერს მათ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელსაც მხარეებმა უწოდეს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ-----მ“ თ------ დ-------ეს ასესხა 4020 ლარი, რასაც დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 150 ლარი. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა მოპასუხეს უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სატრანსპორტო საშუალება აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს ,,მ-----ს“ უფლება ექნებოდა გაესხვისებინა ავტომანქანა და მიღებული თანხით დაეფარა სესხის დავალიანება. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.5. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მას ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ლევან ბარათაშვილი ვალდებული იყო სესხის ძირი თანხა 4020 ლარი მოსარჩელისათვის დაებრუნებინა გადახდის ვადის დადგომისთანავე. მან ვადაზე ადრე შეწყვიტა თანხის შეტანა. სესხის დაფარვის შეწყვეტამ მოსარჩელეს მიანიჭა უფლება გაეყიდა მის სახელზე აღრიცხული ავტომანქანა და მიღებული თანხით დაეფარა ვალი. ავტომანქანა 2016 წლის 1 თებერვალს გაიყიდა 2800 ლარად. რეალიზაციიდან მიღებული თანხა, მოსარჩელემ ვალის დასაფარად გადაანაწილა შემდეგნაირად:
- 354,88 ლარი - დარიცხული სარგებელი;
- 74,82 ლარი - პირგასამტეხლოს თანხა.
- ძირი თანხა - 2146,01 ლარი.
სულ: - 2575,71 ლარი.
6.6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ ხარჯს უნდა დაემატოს ევაკუატორისა და პარკინგის წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა, სულ 224,29 ლარი. მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ ევაკუატორის ხარჯი გაწეულია მოპასუხის ბრალით. ასევე არ დადგინდა, რომ მოსარჩელემ 10 ლარით გადაიხადა მოპასუხის კუთვნილი ჯარიმა. აღნიშნულის გამო აღნიშნული ხარჯი ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხით არ უნდა დაფარულიყო. ან, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა მისი მიზეზობრიობა. პარკინგის წესების დარღვევისა და ევაკუატორის ხარჯად დაანგარიშებული თანხა, იგი უნდა ჩაითვალოს დავალიანების დაფარვად და შესაბამისად უნდა გააკლდეს საერთო ვალს.
6.7. საქმის მასალებით საერთო ჯამში დგინდება, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 4599,7 ლარი. ამ თანხის ნაწილი 2800 ლარი, დაიფარა სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული თანხიდან. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1799,7 ლარი. სწორედ ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 2023,99 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 100 ლარზე ნაკლებს. შესაბამისად სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენდა 100 ლარს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მხარეებს შორის ბაჟი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 5.55 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 44,45 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. თ------ დ-------ეს, შპს მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1799,7 ლარის გადახდა.
3. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს 224,29 ლარის ნაწილში.
4. თ------ დ-------ეს დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 44,45 ლარი.
5. შპს ,,მ-----ს“ სახ. ბაჟის სახით, სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 5,55 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე