გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2020
საქმის ნომერი
330210019002835839
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1957-19

330210019002835839

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2020 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - თ-------–---–-----

წარმომადგენელი - ნ--------------

მოპასუხე - შპს ,,ი-----–--------------“

წარმომადგენლები: ს--–-----–---–---- (დირექტორი), ზ------------–---–-

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით დაეკისროს 4640 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

მხარეთა შორის, 2018 წლის 10 აპრილს, ზეპირი, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში სპარსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე.

მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო საათში 20 ლარის ოდენობით.

იმის გამო, რომ მოპასუხე კეთილსინდისიერად არ ასრულებდა შრომის ანაზღაურების ვალდებულებას, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა იმავე წლის ნოემბრიდან.

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება 232 საათის სახელფასო დავალიანება, რაც შეადგენს 4640 ლარს.

საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელემ განმარტა, რომ 20 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, ყველა შემთხვევაში წარმოადგენდა ერთი საათის განმავლობაში ზეპირი თარგმნის ანაზღაურებას.

 

მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული ანაზღაურება და დასტურდება სარჩელზე დართული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით.

მოსამზადებელ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება საათში 20 ლარის ოდენობით ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია მთარგმნელობით მომსახურებას უწევდა ს----------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–-------------------ს, ხოლო საათში 13 ლარის ანაზღაურება - ს----------–----–---------------------------------------–---- პ---–-–---------------------ათვის ასეთი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, რაც დასტურდება იმით, რომ შესაბამის ხელშეკრულებებში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, პირველ შემთხვევაში სპარსულ ენაზე ზეპირი თარგმნის ღირებულება შეადგენდა საათში 50 ლარს (ს.ფ. 40), ხოლო მეორე შემთხვევაში - 26.75 ლარს (ს.ფ. 25). შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც კომპანია დღგ-ს გადამხდელია, შეუძლებელია მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ყველა შემთხვევაში ყოფილიყო 20 ლარი საათში. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლოა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის, 2018 წლის 10 აპრილს, ზეპირი ფორმით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სპარსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით.

მოსარჩელე ასრულებდა ზეპირ თარგმნას.

მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს, მოსარჩელის ინიციატივით, მოპასუხის მიერ შრომის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევის საფუძვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ცნობა (ს.ფ.15);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.-ები: 16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა საათში 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აქვს ანაზღაურებული ის ხელფასი, რაც მან გამოიმუშავა 232 საათის მოცულობის სამუშაოს შესრულებისათვის და რაც შეადგენს 4640 ლარს (სამართლებრივი შეფასება იხ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ცნობა (ს.ფ.15);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.-ები: 16-17);

- მთარგმნელ-თარჯიმნის მომსახურების აქტები (ს.ფ.-ები: 53-146);

- შპს ,,ი-----------–-----------–-----------------“ წერილობითი ინფორმაცია (ს.ფ.-ები: 171-172);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარმოდუგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამაფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებლის ფარგლებში უზრუნველყოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15/09/2017წ. განჩინება საქმეზე Nას-682-636-2017).

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის დეფინიცია, კერძოდ: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ხოლო 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ევალება პირს, რომელსაც ვალდებულების შესრულებაში ედავებიან“ (სუსგ Nას-590-558-2015, 24 ნოემბერი, 2015 წელი).

 

5.2. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურების ოდენობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხე კომპანია მომსახურებას უწევდა შ---–--------–--------------–----------–-–--------------------, შეადგენდა 20 ლარს, ხოლო ქ. თბილისის პ---–-–--------------------- შემთხვევაში - 13 ლარს. თავის მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებიდან, რომელიც მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებელ სამართალურთიერთობას წარმოადგენს, ასეთი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორის წერილობითი ინფორმაცია (ს.ფ.-ები: 171-172) კი ზოგადი ხასიათისაა და მონაცემებს, კონკრეტულად მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოს მოცულობისა და მოპასუხის მიერ გადახდილ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ შეიცავს.

 

5.3. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ სახელფასო დავალიანების არარსებობა დასტურდება მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით, ვინაიდან საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი ასახავს მხოლოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხისაგან ფაქტობრივად მიღებულ შესრულებას 2018 წლის 1 მაისიდან ამავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თუ შრომითი ურთიერთობის განმავლობაში ჯამში რამდენი საათი იმუშავა მოსარჩელემ და აქედან რამდენი იქნა ანაზღაურებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ, შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ს.ფ. 53-146-ზე არსებული ,,მთარგმნელ-თარჯიმნის მომსახურების აქტებით“ გათვალისწინებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისას განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის სახით 4640 ლარის გადახდა, რომლის 3 პროცენტია 139 ლარი და 20 თეთრი, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს დასახელებული თანხის ნახევრის - 69 ლარისა და 60 თეთრის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. თ-------–---–------ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე, შპს ,,ი-----–--------------“ მოსარჩელე, თ-------–---–------ სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით, დაეკისროს 4640 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

3. მოპასუხე შპს ,,ი-----–--------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 69 თეთრისა და 60 თეთრის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი