გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
130210019003364282
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/1139-2019

130210019003364282

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მარტი, 2020 წელი ხ-–----ი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლ--–----------–---–ი

სხდომის მდივანი ნ-----–------

მოსარჩელე - ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ა

წარმომადგენლები - მ----------------ე, თ------------–--ე

მოპასუხე - სს "ტ------–---"

წარმომადგენელი - თ---------ე

დავის საგანი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო

პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2016 წლის 18 მაისის N91 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მოპასუხე სს "ტ------–--ს" ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 187 144,71 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 18 მაისს, მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე, SPA160010259 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ასა და სს "ტ------–---"-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულება, რომლის ობიექტს წარმოადგენდა ხ-–----ში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე N6 საბავშვო ბაღის ნაწილის დემონტაჟის და ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა დანართი N1-ის, დანართი N2-ის და თანმდევი ნახაზების მიხედვით. ხელშეკრულების ობიექტის მიწოდების ვადად, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით, განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღე - 2016 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით; ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო მისი (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა - 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. აგრეთვე, ხელშეკრულების დანართი N2-ის მიხედვით გათვალისწინებულია სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომლის დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ეკისრება ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გრაფიკით მოცემულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ ხელშეკრულების პირობები დარღვეულია არა მხოლოდ მიღება-ჩაბარების შუალედური აქტების წარდგენისას, არამედ დარღვეულია ხელშეკრულების ობიექტის მიწოდების ვადაც - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები წარდგენილია 2016 წლის 21 ნოემბერს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხემ წარადგინა ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 14 ნოემბრისა, 2016 წლის 27 დეკემბერს, ხოლო კორექტირებული ექსპერტიზის დასკვნა - 2017 წლის 5 იანვარს. ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელე ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ა ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევისთვის პირგასამტეხლო (759 857,76X0,5%X41) 155 770,84 ლარი და გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის - 31 373,87 ლარი, სულ 187 144,71 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სააქციო საზოგადოებამ "ტ------–---" შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა თ---------ემ განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულია. მას მიაჩნია, რომ ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა აითვლება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, გეგმა-გრაფიკის შესასრულებელ ვალდებულებებზე მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისად უნდა განისაზღვროს გეგმა-გრაფიკის თითოეული ვადის დარღვევის მომენტი, როდესაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 21 ნოემბერს, რომლისთვისაც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2019 წლის 21 ნოემბერს, ხოლო უფრო ადრე და სხვადასხვა დროს წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისთვის - 2019 წლის შესაბამის თარიღებში. მოპასუხეს, გარდა იმისა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე უთითებს, ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის კალკულაცია გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არასწორია. ხელშეკრულებით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა, გრაფიკით მოცემულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,2 %-ის ოდენობით. შესაბამისად, იმისათვის, რომ მხარემ, რომლის უფლებაც დაირღვა, გამოითვალოს პირგასამტეხლო, სახეზე უნდა იყოს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობა - რაც არ დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით - და ვადაგადაცილება. მხარე უთითებს, რომ ვადაგადაცილებაზე, რომელიც წარმოიშვა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით და რომელმაც გასტანა 20 კალენდარულ დღეს, იმსჯელა ხ-–----ის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაში - აღნიშნული ვადაგადაცილება საპატიოდ ჩაეთვალა მიმწოდებელს.

 

მხარეთა შორის 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 25 დეკემბერს, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის დარღვევასთან დაკავშირებითაც.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა ასევე ვრცელდება სსიპ "'ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნის წარდგენის ვალდებულებაზეც. 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მითითებული მომენტიდან წარმოიშვა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება. მხარე იმასაც უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა შეუძლებელი იქნებოდა მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დასრულებამდე; და რომ სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაუსრულებლობა გამოწვეული იყო შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალით, რის გამოც სამუშაოების დასრულების ვადა არ უნდა ჩაითვალოს დარღვეულად.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გასათვალიწინებელია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ხარისხი - მოპასუხის მიერ ძირითადი ვალდებულება შესრულებულია, ამიტომ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5% არის შეუსაბამოდ მაღალი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობისათვის. მოპასუხის პოზიციაა, რომ თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა რომელიმე ნაწილში არ არის ხანდაზმული, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში; კერძოდ, იგი უნდა განისაზღვროს დარღვეული ვალდებულების 0,01% ოდენობამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 18 მაისს მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე SPA160010259 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ასა და სს "ტ------–---"-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულება, რომლის ობიექტს წარმოადგენს ხ-–----ში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე N6 საბავშვო ბაღის ნაწილის დემონტაჟის და ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა დანართი N1-ის, დანართი N2-ის და თანმდევი ნახაზების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 91 ხელშეკრულება (ს.ფ. 21-88)

 

3.2. ხელშეკრულების ობიექტის მიწოდების ვადად, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით, განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღე - 2016 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, ასევე განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. აგრეთვე, ხელშეკრულების დანართი N2-ის მიხედვით გათვალისწინებულია სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომლის დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ეკისრება ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გრაფიკით მოცემულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სააქციო საზოგადოებას "ტ------–---" 2016 წლის 27 ივნისის მიხედვით უნდა წარედგინა 39 880 ლარის შესრულებული სამუშაოების აქტები, მოპასუხემ წარადგინა მხოლოდ 38 153,01 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 17 ივლისისათვის უნდა წარედგინა 117 570 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, მოპასუხეს წარდგენილი აქვს 38 153,01 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 6 აგვისტოსათვის უნდა წარედგინა - 195 610 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 117 726,71 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 26 აგვისტოსათვის უნდა წარედგინა - 290 050 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 208 825,24 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 15 სექტემბრისათვის უნდა წარედგინა - 430 178 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 339 289,64 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 5 ოქტომბრისათვის უნდა წარედგინა - 567 418 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 402 411,49 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 25 ოქტომბრისათვის უნდა წარედგინა - 688 808 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 502 217 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 14 ნოემბრისათვის უნდა წარედგინა - 759 858 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, ხოლო წარდგენილი აქვს 618 161,49 ლარის სამუშაოების აქტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 91 ხელშეკრულება (ს.ფ. 21-88

- შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 90-107)

3.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 18 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 91 ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადად, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით, განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღე. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა - დასკვნა წარდგენილია 2016 წლის 27 დეკემბერს, ხოლო კორექტირებული დასკვნა - 2017 წლის 5 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება, მიმართვები (ს.ფ. 113; 117)

ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 114-116)

კორექტირებული დასკვნა (ს,ფ, 118-120)

 

3.4. დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ის მიერ 2017 წლის 24 იანვრის N04/442 წერილით განემარტა სს "ტ------–---"-ს, რომ მას პირგასამტეხლო დაეკისრა ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის და ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის გამო და ეთხოვა აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა 10 დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 24 იანვრის მიმართვის წერილი (ს.ფ. 121-122)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სს "ტ------–---"-ს 2016 წლის 27 ივნისის მიხედვით უნდა წარედგინა 39 880 ლარის შესრულებული სამუშაოების აქტები, მოპასუხემ წარადგინა მხოლოდ 38 153,01 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 17 ივლისისათვის უნდა წარედგინა 117 570 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 38 153,01 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 6 აგვისტოსათვის უნდა წარედგინა - 195 610 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 117 726,71 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 26 აგვისტოსათვის უნდა წარედგინა - 290 050 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 208 825,24 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 15 სექტემბრისათვის უნდა წარედგინა - 430 178 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 339 289,64 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 5 ოქტომბრისათვის უნდა წარედგინა - 567 418 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 402 411,49 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 25 ოქტომბრისათვის უნდა წარედგინა - 688 808 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 502 217 ლარის სამუშაოების აქტები; 2016 წლის 14 ნოემბრისათვის უნდა წარედგინა - 759 858 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქვს 618 161,49 ლარის სამუშაოების აქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელთან ერთად შემსყიდველს წარედგინება შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა #2). მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული ეტაპის დასრულებისას, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ფორმა #2-ის წარმოდგენის შემდეგ. ესე იგი, მოპასუხეს, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ევალებოდა, წარედგინა მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული ეტაპის დასრულებისას; ანუ მხარეს ჰქონდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს. (მითითებული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას.)

 

იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის ვადა აითვლება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების თითოეული დარღვევის მომენტი (-ები). გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშობოდა თითოეული მიღება-ჩაბარების შუალედური აქტის წარდგენიდან, ცალ-ცალკე, ანუ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 6 ივნისს, 27 ივნისს, 5 აგვისტოს, 23 აგვისტოს, 14 სექტემბერს, 4 ოქტომბერს, 25 ოქტომბერს, 14 ნოემბერს (მიღება-ჩაბარების შუალედური აქტების წარდგენის თარიღები) და დამთავრდა 2019 წლის შესაბამის თარიღებში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი წარდენილია 2016 წლის 21 ნოემბერს - მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 21 ნოემბერს - ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2019 წლის 21 ნოემბერს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2016 წლის 18 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული N91 ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით, განისაზღვრა 180 დღე - 2016 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით; ასევე განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხემ წარადგინა 2016 წლის 27 დეკემბერს; კორექტირებული დასკვნა წარადგინა 2017 წლის 5 იანვარს.

 

6.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა ვრცელდება ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადაგადაცილებაზეც. მოპასუხის პოზიციის მიხედვით, ვინაიდან 2016 წლის 21 ნოემბერს მხარეებმა გააფორმეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ამ ვადიდან უნდა განხორციელდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, და რომ ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2019 წლის 21 ნოემბერს.

 

დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა წარდგენილი არც შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაში (2016 წლის 14 ნოემბერი) და არც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით), რამაც, ფაქტობრივად, ამ ნაწილში განსაზღვრა მოთხოვნის ფარგლები (ვადაგადაცილების დღეები); ასევე დადგენილია, რომ დასკვნა მხარემ წარადგინა 2016 წლის 27 დეკემბერს; მხარემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2019 წლის 25 დეკემბერს. მითითებული გარემოებები ადარსტურებს იმას, რომ მოთხოვნა ხლშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (რაც ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას უკავშირდება) ხანდაზმული არ არის.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის, აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 18 მაისს მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე SPA160010259 ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ასა და სს "ტ------–---"-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტის მიწოდების ვადად, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ჩათვლით, განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღე - 2016 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, ასევე განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ნაწილში, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - მოპასუხის მიერ დარღვეულია ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა - შესრულებული სამუშაოებისათვის ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მის მიერ წარდგენილია 2016 წლის 27 დეკემბერს, ხოლო კორექტირებული დასკვნა - 2017 წლის 5 იანვარს - მოპასუხის მიერ დარღვეულია ხლშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ამავე ხელშეკრულრბის 11.5 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას, მოპასუხის მიმართ გამოიყენოს საჯარიმო სნქციები.

 

პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე (იგი ოდენობის ზრდით ხასიათდება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ დაირღვეს მხარეთა შორის არსებული დაბალანსებული ურთიერთობა, არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ, განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

განსახილველ შემთხვევაში ხლშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევისთვის უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლო. ისეთი მოცემულობის პირობებში, როდესაც ამ ნაწილში მოთხოვნა უკავშირდება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეესაბამება სადავო ურთიერთობისთვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტს; ანუ ვალდებულების დარღვევის ხარისხი არ არის იმდენად მაღალი, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში სრულად დაკმაყოფილდეს - სასარჩელო მოთხოვნაა 155 770,84 ლარი.

 

ხელშეკრულების 11.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (759 857,76 ლარი) 0,5% ოდენობით...

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო 0,5%-იდან უნდა შემცირდეს 0,02%-მდე და უნდა განისაზღვროს 6230,83 ლარის ოდენობით (759857,76*0,02/100=151,97*41=6230,83).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც, იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც, მოპასუხე სააქციო საზოგადოებას "ტ------–---", დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 186,92 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ის სარჩელი დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე სააქციო საზოგადოებას "ტ------–---" (ს/ნ 2--------) მოსარჩელე ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მ----ის (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს, 2016 წლის 18 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს 6230,83 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე სს "ტ------–--ს" (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 186,92 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი