გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/824-17(010310017002200208)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19. 03. 2020 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - გ------------–---
წარმომადგენელი - თ-----------–--–---
მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია.
წარმომადგენელი - ს---–---------–---
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N03-02/48 დადგენილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის #01-06 1065 ბრძანება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქუბულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. (იხ. შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების (განცხადების რეგისტრაცია 28.05.2008 წ. N882008157053) მდებარე ქობულეთის რაიონი, ციხისძირის ყოფილი მეურნეობის სახლი #43ა საკადასტრო კოდი 20.16.02.084 01/500. დაუზუსტებული ფართობი 67,30 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს გ------------–--- საკუთრება ფართი 55,60 კვ.მ. უფლების დამდგენი დოკუმენტი საკუთრების უფლების #146 მოწმობა. საქმეშია ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის #179 ბრძანება რომლის თანახმად ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სოფელ ციხისძირის ყოფილი ციტრუსების მეუნეობაში მცხოვრებ პირებს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცათ წარდგენილი აზომვითი ნახაზების ფარგლებში მათ შორის მოსარჩელე გ------------–---ს და შესაბამისად გაიცა მასზე საკუთრების უფლების #146 მოწმობა მის სახელზე 2008 წლის 28 მაისს და საკუთრებაში გადაეცა 47,4 კვ.მ. საცოხვრებელი და 9,2კვ.მ. არასაცხოვრებელი საერთო ფართით 55.6 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 2008 წლის 14 მაისის #179 ბრძანება, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, საკუთრების უფლების #146 მოწმობა.
3.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 04 აგვისტოს შედგენილ იქნა მითითება N03-07/27, რომლის მიხედვით გ------------–---ს მიეცა მითითება შეეჩერებინა სოფელ ციხისიძირში წარმოებული სახლის რეკონსტრუქცია და წარედგინა მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია რომლითვისაც განესაზღვრა ვადა 2017 წლის 20 აგვისტომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
04.08.2017 წ. მითითება N03-07/27.
3.1.3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N48, რომლითაც ირკვევა, რომ გ------------–---მ არ შეასრულა მითითება არ წარმოადგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, ამავე დროს დადგენილია, რომ სარეკონსტრუქციო შენობა ნაგებობა მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის #2/297 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
25.08.2017 წ. შემოწმების აქტი N48. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის #2/297 ბრძანება.
3.1.4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს მიღებული იქნა N03-02/48. დადგენილება, რომლითაც გ------------–--- დაჯარიმებულ იქნა 4000 (ოთხი ათასი) ლარით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში რეკონსტრუქციის უნებართვოდ წარმოებისთვის. ამავე დადგენილებით საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია შეჩერდა მშენებელობის ნებართის წარმოდგენამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
31.08. 2017 წლის დადგენილება N03-02/48.
3.1.5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს მიღებული N03-02/48. დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა გ------------–---- მიერ, რაზედაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბრს მიღებულ იქნა #01-06 1065 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს N03-02/48 დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
18.10.2017 წ. ბრძანება N 01-06 1065.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხემ ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნები,- ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N03-02/48 დადგენილება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის N01-06 1065 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ;რ ’’ ქვეპუნქტის თანახმად - სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით;
,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, – დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 04 აგვისტოს შედგენილ იქნა მითითება N03-07/27, რომლის მიხედვით გ------------–---ს მიეცა მითითება შეეჩერებინა სოფელ ციხისიძირში წარმოებული სახლის რეკონსტრუქცია და წარედგინა მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია რომლითვისაც განესაზღვრა ვადა 2017 წლის 20 აგვისტომდე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N48, რომლითაც ირკვევა, რომ გ------------–---მ არ შეასრულა მითითება არ წარმოადგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, ამავე დროს დადგენილია, რომ სარეკონსტრუქციო შენობა ნაგებობა მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის #2/297 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს მიღებული იქნა N03-02/48. დადგენილება, რომლითაც გ------------–--- დაჯარიმებულ იქნა 4000 (ოთხი ათასი) ლარით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში რეკონსტრუქციის უნებართვოდ წარმოებისთვის. ამავე დადგენილებით საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია შეჩერდა მშენებელობის ნებართის წარმოდგენამდე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს მიღებული N03-02/48. დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა გ------------–---- მიერ, რაზედაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბრს მიღებულ იქნა #01-06 1065 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს N03-02/48 დადგენილება.
6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის თანახმად, 1. მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: (07.03.2018. №2051) ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − მესამე ან მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობაზე – 20 000 ლარით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად 2. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია −გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. შენიშვნა: 1. უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------------–---- მიერ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია საცხოვრებელ სახლში უძრავ ქონებაზე უნებართვოდ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში რის გამოც ქობულეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმებული იქნა 4000 ლარით და მასვე დაევალა შეეჩერებინა რეკონსტრუქცია მშენებლობის ნებართვის წარმოდგენამდე.
6.5. სასამართლო მიუთითებს (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია 04.02.2020 წლიდან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 მარტის #139 დადგენილებით) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი), ბ) რეკონსტრუქცია, გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას), დ) დემონტაჟი, ე) ლანდშაფტური მშენებლობა, ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
(სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია 04.02.2020 წლიდან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 მარტის #139 დადგენილებით) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ადგილი აქვს მოსარჩელის მიერ, ესაჭიროება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მშენებლობის ნებართვის თაობაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არსებულის განხორციელება განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე უდაოა, რომ კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოქმედება. ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებაში Nბს-215-213 (კ-კს-12) განმარტა, რომ ,,უძრავი ნივთის მესაკუთრეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი, არ ადასტურებს უძრავი ქონების მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში: სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, ზედამხედველობის ორგანოს მითითების შესრულება, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას''.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების (განცხადების რეგისტრაცია 28.05.2008 წ. N882008157053) მდებარე ქობულეთის რაიონი, ციხისძირის ყოფილი მეურნეობის სახლი #43ა საკადასტრო კოდი 20.16.02.084 01/500. დაუზუსტებული ფართობი 67,30 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს გ------------–--- საკუთრება ფართი 55,60 კვ.მ. უფლების დამდგენი დოკუმენტი საკუთრების უფლების #146 მოწმობა. ასევე დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის #179 ბრძანებით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სოფელ ციხისძირის ყოფილი ციტრუსების მეუნეობაში მცხოვრებ პირებს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცათ წარდგენილი აზომვითი ნახაზების ფარგლებში მათ შორის მოსარჩელე გ------------–---ს და შესაბამისად გაიცა მასზე საკუთრების უფლების #146 მოწმობა მის სახელზე 2008 წლის 28 მაისს და საკუთრებაში გადაეცა 47,4 კვ.მ. საცოხვრებელი და 9,2კვ.მ. არასაცხოვრებელი საერთო ფართით 55.6 კვ.მ. რომელმაც საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. მითითებულმა სუბიექტმა არ შეასრულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის N03-07/27, მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ქობულეთის გამაგეობის ზედამხედველობის სამსახურმა საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო გ------------–---- დაჯარიმების თაობაზე. ზემოთ ხსენებული გარემოება ასევე დადასტურებული იქნა საქმეში მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების ბესიკ ბაქანიძის და ზვიად ცენტერაძის ჩვენებებით. (იხ. 2020 წლის 02 მარტის სხდომის ოქმი)
სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებას Nბს-215-213 (კ-12), სადაც საკსაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით არის დენადი სამართალდარღვევა, იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მის აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა''. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქობულეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო გ------------–---- დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქობულეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N03-02/48 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №01-06 1065 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.
სასამართლო მიუთითებს, რომ ქობულეთის გამგებელს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 ოქტომბრის N01-06 1065 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. (იხ. 2017 წლის 06 ოქტომბრის ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის #1 სხდომის ოქმი)
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზრაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, იმ პირობებში როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა;
1. გ------------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე