გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.03.2020
საქმის ნომერი
140310019003291166
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003291166

საქმე № 3/284-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2020 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: თ----- გ------–-–---–ი

წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–ი

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–ი

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): გ------- გ------–-–---–ი, ზ---- გ-----–---–ი და თ---------- გ------–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე 428 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის გ------- გ------–-–---–ისა და თანამესაკუთრის სახელზე № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 მარტის № 8------------07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თ----- გ------–-–---–ის საკუთრების გადაფარვის ნაწილში.

 

სარჩელის თანახმად, თ----- გ------–-–---–ს (პირ. № 5----------) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი; გ------- გ------–-–---–მა (პირ. № 0----------) თავის სახელზე უძრავი ქონების ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციის მიზნით რეესტრის სამსახურში 2013 წელს წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით მის საკუთრებაში მოექცა მიწის გარკვეული მონაკვეთი, რაც თ----- გ------–-–---–ის საკუთრებას წარმოადგენს.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ რეგისტრაცია სრულად შეესაბამება გ------- გ------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ ფართსა და კონფიგურაციას; სისტემური რეგისტრაციები არ არის ზუსტი და საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას. ამასთან, თ----- გ------–-–---–მა გაცილებით ადრე მოახდინა თავის სახელზე საკუთრების რეგისტრაცია და ახლა უსაფუძვლოდ ითხოვს მის დაზუსტებას.

 

მესამე პირების მითითებით, სადავო ტერიტორია თ----- გ------–-–---–ის მფლობელობაში იყო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში აღარ ფლობდა მას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ბ-------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ს------ის 1986-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით თ----- გ------–-–---–ის კომლის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო სოფელ ს------ის მიწების განაწილების სიების 1992-2003 წლების დოკუმენტებში თ----- გ------–-–---–ს ერიცხება 0,35 ჰა მიწის ფართობი;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2011 წლის 28 სექტემბრის № AA2011033372-03 საარქივო ცნობა (ს. ფ. 146).

 

3.2.2. თ----- გ------–-–---–ის სახელზე 2003 წლის 23 აგვისტოდან საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: სიტუაციური ნახაზი (ყვითელი ფერის გრაფიკა, ს. ფ. 77).

 

3.2.3. გორის არქივის 2011 წლის 28 სექტემბრის № AA2011033372-03 საარქივო ცნობის, მიწის № 284 საგადასახადო სიისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, 2011 წლის 10 ოქტომბერს თ----- გ------–-–---–ის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციით (ე. წ. წითელი ფენა) აღირიცხა 2003 წლის 23 აგვისტოს საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) მის სახელზე სისტემური რეგისტრაციით № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ე. წ. ყვითელი ფენა) ნაწილი - 1 279 მ2, საკადასტრო კოდით 6--5--1--0--.

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 ოქტომბრის № 8------------03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 199-202), სიტუაციური ნახაზი (ყვითელი და წითელი ფერის გრაფიკა, ს. ფ. 77).

 

3.2.4. თ----- გ------–-–---–სა და ზ------ გ-----–---–ს შორის 2012 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მითითებული უძრავი ქონება აღირიცხა ზ------ გ-----–---–ის სახელზე;

 

მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება (ს. ფ. 207-208), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 22 თებერვლის № 8------------03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 212-213).

 

3.2.5. ზ------ გ-----–---–სა და მ------–---- შ---------ს შორის 2016 წლის 11 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მითითებული უძრავი ქონება აღირიცხა მ------–---- შ---------ის სახელზე;

 

მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება (ს. ფ. 219-220), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 14 აპრილის № 8------------03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 223-224).

 

3.2.6. თ----- გ------–-–---–ს, ზ------ გ-----–---–სა და მ------–---- შ---------ს შორის 2018 წლის 11 ოქტომბერს შედგა გარიგება უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ, რის შედეგადაც მითითებული უძრავი ქონება 2018 წლის 10 ოქტომბერს კვლავ აღირიცხა თ----- გ------–-–---–ის სახელზე;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 11 ოქტომბერს შედგა გარიგება უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ (ს. ფ. 234), გარიგების მხარეთა განცხადება/დასტური (ს. ფ. 246), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 10 ოქტომბრის № 8------------13 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 249-250).

 

3.2.7. ბ-------ის სასოფლო საბჭოს სოფელ ს------ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია თ--------- გ------–-–---–ი (გარდაიცვლილია 1987 წელს). კომლის შემადგენლობაში ირიცხება მეუღლე ო-–-- გ------–-–---–ი (გარდაცვლილია 1997 წელს). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული 50 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ს------ის 1992-2004 წლების მიწის განაწილების სიებში ო-–-- გ------–-–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 ჰა მიწის ფართობი;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2011 წლის 25 ოქტომბრის № AA2011037182-03 საარქივო ცნობა (ს. ფ. 116).

 

3.2.8. ტექბიუროს არქივის მონაცემებით, გორის რაიონის სოფელ ს------ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხებოდა გ--- და ო-–--- გ------–-–---–ების სახელზე;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 ოქტომბრის № TT 2011074420 ცნობა-დახასიათება (ს. ფ. 117), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 ნოემბრის № TT 2019128311 ცნობა-დახასიათება (ს. ფ. 178).

 

3.2.9. ლ--------- (თ---------ს შვილი) და ო-–--- გ------–-–---–ების (გ------- გ------–-–---–ის მამა და ბებია) დანაშთი სამკვიდრო სრულად მიიღო გ------- გ------–-–---–მა;

 

მტკიცებულება: 2013 წლის 20 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა (ს. ფ. 118-122).

 

3.2.10. გორის არქივის 2011 წლის 25 ოქტომბრის № AA2011037182-03 საარქივო ცნობისა და 2013 წლის 20 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2013 წლის 15 მარტს გ------- გ------–-–---–ისა და თანამესაკუთრის სახელზე № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე 428 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები;

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 მარტის № 8------------07 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 138-141).

 

3.2.11. ამ რეგისტრაციისას გ------- გ------–-–---–ისა და თანამესაკუთრის საკუთრებაში მოექცა თ----- და თ---- გ------–-–---–ების სახელზე 2003 წლის 23 აგვისტოს საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--1--1--0-- და № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (ე. წ. ყვითელი ფენა) ნაწილი;

 

მტკიცებულება: სიტუაციური ნახაზი (ს. ფ. 77).

 

3.2.12. ბ-------ის თემის საკრებულოს სოფელ ს------ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია გ--- თ---------ს ძე გ------–-–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული 50 მ2 სახლის 1/2 და 1986-1990 წლებში 0,23 ჰა მიწის ფართობი (გვერდით წერია 0,75 ჰა მიწის ფართობი - წელი არ ფიქსირდება).

 

1996-2004 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება გ--- გ------–-–---–ი (გარდაცვლილია 1999 წელს). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 მ2 სახლი (აგების წელი არ ფიქსირდება) და 1995-1996 წლებში 0,75 ჰა მიწის ფართობი;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 29 ნოემბრის № 27/134912 მიმართვა (ს. ფ. 152).

 

3.2.13. გ--- გ------–-–---–ის სამკვიდრო მიიღო შვილმა - თ---------- გ------–-–---–მა;

 

მტკიცებულება: 2019 წლის 22 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობა (ს. ფ. 146-149).

 

3.2.14. გორის არქივის 2019 წლის 29 ნოემბრის № 27/134912 მიმართვის (საარქივო ცნობისა) და 2019 წლის 22 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2019 წლის 3 დეკემბერს თ---------- გ------–-–---–ი აღირიცხა გ------- გ------–-–---–ის სახელზე № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით რიცხული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ;

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 3 დეკემბრის № 8------------05 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 179-180).

 

3.2.15. გ------- და თ---------- გ------–-–---–ებს შორის 2019 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 10 დეკემბერს გ------- გ------–-–---–ის სახელზე აღირიცხა თ---------- გ------–-–---–ის კუთვნილი წილიც;

 

მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება (ს. ფ. 184-185), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 10 დეკემბრის № 9------------03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 189-190).

 

3.2.16. გ------- გ------–-–---–მა 2018 წლის 2 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით რიცხული უძრავი ქონების სამხრეთით მდებარე 122 მ2 მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, თუმცა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოუძიებლობის გამო მასალები გადაიგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას;

 

მტკიცებულება: ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს. ფ. 273-287).

 

3.2.17. თავის მხრივ, თ----- გ------–-–---–მა 2019 წლის 5 ნოემბერს განცხადებით და ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა თავის სახელზე № 6--5--1--0-- საკადასტრო კოდით რიცხულ უძრავ ქონებაზე ცვლილების რეგისტრაცია იმდაგვარად, რომ მის სახელზე აღრიცხულიყო სისტემური რეგისტრაციით (ე. წ. ყვითელი ფენა) № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით რიცხული მიწის ნაკვეთის დარჩენილი ფართიც;

 

მტკიცებულება: განცხადება (ს. ფ. 255-257), საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს. ფ. 261).

 

3.2.18. მის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმის გამო, რომ ზედდება ხდება გ------- გ------–-–---–ის სახელზე № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით რიცხულ უძრავ ქონებაზე;

 

მტკიცებულება: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ნოემბრის № 8------------03 გადაწყვეტილება (ს. ფ. 264-265).

 

3.2.19. გ------- გ------–-–---–ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა პირობითი საკადასტყრო კოდი 6--5--1--3--;

 

მტკიცებულება: სიტუაციური ნახაზები (წითელი ფერის გრაფიკა, ს. ფ. 77-78).

 

3.2.20. თ----- გ------–-–---–ის მიერ 2019 წლის 5 ნოემბერს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი მთლიანად ემთხვევა მის სახელზე სისტემური რეგისტრაციით (ე. წ. ყვითელი ფენა) № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით რიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, რომლის ფართების ნაწილიც ექცევა გ------- გ------–-–---–ის სახელზე № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით რიცხული უძრავი ქონებისა და მის მიერ დამატებით მოთხოვნილი, პირობითად 6--5--1--3-- საკადასტრო კოდით მონიშნული მიწის ნაკვეთის ფარგლებში.

 

მტკიცებულება: სიტუაციური ნახაზები (ყვითელი, ლურჯი და წითელი ფერის გრაფიკა, ს. ფ. 77-78).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ გ------- გ------–-–---–ისა და თანამესაკუთრის სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მის საკუთრებაში მოექცა სისტემური რეგისტრაციით თ----- გ------–-–---–ის კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის გარკვეული ფართი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის № 206 ბრძანებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, გ------- გ------–-–---–ის (და თანამესაკუთრის) სახელზე 2013 წლის 15 მარტს განხორციელებული რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა თუ არა თ----- გ------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი.

 

სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესა და გ------- გ------–-–---–ს ერთმანეთის მომიჯნავედ საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები; გ------- გ------–-–---–მა კი უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაციისას რეესტრის სამსახურში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით კი მის საკუთრებაში უკანონოდ მოექცა თ----- გ------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი.

 

ამ საკითხის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები) რომელიც შეიცავს მოდავე მხარეთა საკუთრების შესახებ საკადასტრო აზომვით მონაცემებს და ამავე დროს გააჩნია უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.

 

მოპასუხის მითითებით, სისტემური რეგისტრაციები უზუსტოა და, კანონმდებლობის მიხედვით, საჭიროებს აუცილებელ დაზუსტებას, რის გამოც ეს მონაცემები არ უნდა იქნეს გაზიარებული და სარწმუნოდ მიჩნეული.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 2007 წლის 11 მაისის № 4741 კანონით) მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.

 

,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

როგორც აღინიშნა, თ----- გ------–-–---–ს, მითითებული კანონმდებლობის საფუძველზე - სისტემური რეგისტრაციით, საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი, ხოლო მის მომიჯნავედ მდებარე თ---- გ------–-–---–ის ნაკვეთი დაზუსტებული რეგისტრაციით რეგისტრირებული აქვს გ------- გ------–-–---–ს.

 

სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოპასუხის პოზიცია, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები არ წარმოადგენს გასაზიარებელ ჩანაწერებს, რადგან ამ რეგისტრაციით დგინდება, რომ თ----- და თ---- გ------–-–---–ებს საკუთრებაში გადაეცათ კონკრეტული ოდენობის, კონკრეტულ ადგილზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, შესაბამისი კონფიგურაციებითა და პარამეტრებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების მე-8-მე-9 პუნქტების თანახმად, ამ ბრძანებულების 5-7 პუნქტებში აღნიშნული სამუშაოები განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებებს და მიწის მფლობელთათვის ხორციელდებოდა უსასყიდლოდ; მიწის რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ზონის რეგისტრატორებს შეეძლოთ, ესარგებლათ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოების შედეგებით და დოკუმენტებით (სარეგისტრაციო ბარათები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთის გეგმები და საკადასტრო რუკები), აგრეთვე გამოეყენებინათ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტების განხილვისა და მოწონების შემდეგ ზონის რეგისტრატორი რეგისტრაციას ახორციელებდა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის სიზუსტისა და საიმედოობისათვის პასუხისმგებელი იყო მისი შემსრულებელი, ხოლო მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვოდა ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდებოდა ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ;

 

ამგვარი ჩანაწერი (რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ) არც თ----- და არც თ---- გ------–-–---–ების სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო ჩანაწერებს თან არ ახლავს, რაც მათში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე მიუთითებს.

 

იმავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

 

ამ პუნქტში მითითებული აუცილებელი დაზუსტება გულისხმობდა მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე მონაცემების დაზუსტების და არა მიწაზე საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის თვალსაზრისით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული სისტემური რეგისტრაციებით დასტურდება, რომ რეგისტრატორის მიერ თ----- და თ---- გ------–-–---–ების სახელზე განხორციელდა ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთების აღრიცხვა;

 

რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ნაკვეთის შესახებ, დამატებითი დოკუმენტაცია; დაინტერესებული მხარე კი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა რეგისტრატორის მოთხოვნა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისტემური რეგისტრაციების განხორციელებისას წარდგენილი მონაცემები საკმარისად ჩაითვალა როგორც თ-----, ასევე თ---- გ------–-–---–ის საკუთრებების რეგისტრაციისათვის (იხ. სიტუაციური ნახაზები).

 

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.).

 

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

მითითებული კანონის 33.4 მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მიწა შეიძლება, არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ თ----- და თ---- (თ----------) გ------–-–---–ების სახელზე სისტემური რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები. ხსენებული ბრძანებულების შემდგომ გამოცემული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის №327 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა მხარეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას; ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის № 4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა (იხ. სუს იგივე განჩინება).

 

გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თ----- და თ---- (თ----------) გ------–-–---–ების სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და გაზიარებულიც უნდა იქნეს.

 

როგორც აღინიშნა, თ----- გ------–-–---–ის მიერ ელექტრონული რეგისტრაციისათვის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრული საკუთრების ადგილმდებარეობა და საზღვრები სრულად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციით მის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს (იხ. სიტუაციური ნახაზები).

 

თ----- და გ------- გ------–-–---–ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იურიდიულ საზღვრებსა და ადგილმდებარეობასთან მიმართებაში საქმეზე წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი მონაცემების შემცველი მხოლოდ ეს მტკიცებულება (სისტემური რეგისტრაციები).

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ საჯარო რეესტრში გ------- გ------–-–---–ის სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მეშვეობით, ანუ მხოლოდ მის მითითებაზე დაყრდნობით, და მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტსა თუ საჯარო რეესტრში დაცულ რაიმე სხვა ინფორმაციას არ ეყრდნობოდა.

 

სისტემური რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტურლი სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას;

 

ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მიახლოებითი საზღვარი არ გულისხმობდა სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტების მომენტში, მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის არაგონივრულ ცვლილებას.

 

მონაცემთა დაზუსტება უნდა განხორციელდეს დაუზუსტებელ მონაცემებეთან მიახლოებული პარამეტრებით; ცვლილების რეგისტრაცია უნდა ემსახურებოდეს მონაცემთა დაზუსტებას, მის შესაბამისობას ფაქტობრივ და იურიდიულ მოცემულობასთან და არა ახალი საკუთრების უფლების წარმოქმნას. დაზუსტებული რეგისტრაცია არ უნდა ზღუდავდეს მესამე პირთა უფლებებს.

 

საქმეში წარმოდგენილია სიტუაციური ნახაზი (ს. ფ. 77-78), სადაც დატანილია სისტემური რეგისტრაციისა და დაზუსტებული რეგისტრაციის მონაცემები და სხვაობა მათ შორის;

 

აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაციით განხორციელებულია იმ მიწის ნაკვეთის გარკვეული ფართის გ------- გ------–-–---–ის საკუთრებაში მოქცევა, რომელიც სისტემური რეგისტრაციით თ----- გ------–-–---–ის საკუთრებას წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ნაკვეთის იდენტიფიცირება არ მოხდა თ---- (თ----------) გ------–-–---–ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან;

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ------- გ------–-–---–ის მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას წარდგენილი მონაცემები არსებითად განსხვავდება თ---- (თ----------) გ------–-–---–ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებული მონაცემებისაგან - დასავლეთ მხარეს საზღვარი გაგრძელებულია, რაც არსებითად განსხვავდება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებისგან, და გ------- გ------–-–---–ის საკუთრებად აქცევს არამხოლოდ თ---- (თ----------) გოდელაშვიილის, არამედ თ----- გ------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილსაც.

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობდა სისტემური რეგისტრაციები, რაც ასახავდა მოდავე მხარეთა საკუთრებების საკადასტრო მონაცემებს, მარეგისტრირებელი ორგანო არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ, თუნდაც მეზობლების ხელმოწერით დადასტურებულ მონაცემებს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ------- გ------–-–---–ის მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას წარდგენილი მონაცემები არსებითად განსხვავდება თ----- და თ---- (თ----------) გ------–-–---–ების სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებული მონაცემებისაგან, და გ------- გ------–-–---–ის საკუთრებად აქცევს თ----- გ------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363 (კ-12) განჩინება); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე, გამოიკვლიოს ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს მათ სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში, წარმოადგენს რეგისტრირებულ მონაცემებს და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია;

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სხვა უტყუარი და უფრო ზუსტი საკადასტრო აზომვითი მონაცემები, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მხედველობაში მიეღო ეს მონაცემები, მით უფრო, რომ, როგორც აღინიშნა, არ არსებობს ამ მონაცემების უზუსტობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში დაცული სისტემური რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო რეგისტრაციით გ------- გ------–-–---–ის საკუთრებაში მოექცა თ----- გ------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია და დაედგინა საქმის გარემოებები, თუნდაც სისტემური რეგისტრაციის მონაცემებთან შედარების გზით, და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს სასამართლოს მიერ მითითებულ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში და შესაბამისად, ამ ნაწილში ექვემდებარება ბათილად ცნობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის გადახდის ქვითრები, და იგი შუამდგომლობს ამ ხარჯის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

 

იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს გაწეული ხარჯები.

 

ამავე დროს, საადვოკატო მომსახურების ხარჯი უნდა განისაზღვროს 800 ლარით, რაც, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გატარებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ----- გ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე 428 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის გ------- გ------–-–---–ისა და თანამესაკუთრის სახელზე № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 მარტის № 8------------07 გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციით (№ 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით) აღნიშნულ თ----- გ------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით და 800 (რვაასი) ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის, სულ 900 (ცხრაასი) ლარი - გადახდეს თ----- გ------–-–---–ის სასარგებლოდ.

 

3. თ----- გ------–-–---–ის მიერ 2019 წლის 18 ნოემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი