გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-4--20
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-.0-.2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე
მოსარჩელე: ს------ პ-----------ი,მოპასუხე: საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი,წარმომადგენელი: ნ---- გ-------,დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაეკისროს 1--- წლიდან 2--- წლამდე წარმოშობილი 1605,45 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
მოსარჩელის მითითებით, 1--- წლის 1-----------ან 2--- წლის 1- იანვრამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2--- წლის 1- იანვარს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილია შსს ორგანოებიდან. მოსარჩელის მითითებით მას არ მიუღია კუთვნილი ხელფასი, კერძოდ: 1--- წლის კუთვნილი ხელფასი -669,66 ლარი; 1--- წლის კუთვნილი ხელფასი -351,22 ლარი;. 2--- წლის კუთვნილი ხელფასი -465 ლარი, 200- წლის კუთვნილი ხელფასი -1-9.57 ლარი. ჯამში სახელფასო დავალიანება შეადგენს 1605,45 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელე ს------ პ-----------ი ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის გაუცემელი 1---, 1---, 2---, 200- წლების ხელფასის 1605-45 ლარის ანაზღაურებას. დავალიანების შესახებ მისთვის იყო ცნობილი 1--- წლიდან. ხელფასი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისაგან შეადგენს სამ წელს, შესაბამისად ხელფასის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად მითითებული თვის ხელფასის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა აითვლება თვის ბოლო რიცხვიდან. მოსარჩელისთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაიწყო 1--- წლიდან, ამიტომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან 2--- წლის 1- მარტს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, რომლისთვისაც სასამართლო სხდომის თარიღი ცნობილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს------ პ-----------ი 1--- წლის 1-----------ან 2--- წლის 1- იანვრამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-1-);
- წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 21-28);
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2--- წლის 2---------- №MIA 4----------- წერილი (ს. ფ. 13-14);
3.1.2. ს------ პ-----------ის კუთვნილი სახელფასო დავალიანება 1---, 1---, 2--- და 200- წლების მიხედვით შეადგენს 1605,45 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-1-);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 21-28);
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2--- წლის 2---------- №MIA 4----------- წერილი (ს. ფ. 13-14);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მოსარჩელის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს------ პ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალ ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ხოლო ამავე ნორმის მესამე ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სადავო სამართალ ურთიერთობის შინაარსი, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი კანონმდებლობიდან, ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, ამდენად სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის (რომელიც ძალადაკარგულია 2017 წლის 01 ივლისიდან საქართველოს 10/27/2015 №4346 კანონით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. დასახელებული კანონის მე-1- მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შრომით–სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც საჯარო მოსამსახურე, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების" შესაბამისად.
2--- წლის 28 ივნისს მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების" 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს------ პ-----------ი 1--- წლის 1-----------ან 2--- წლის 1-იანვრამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ასევე დადგენილია, რომ ს------ პ-----------ის კუთვნილი გაუცემელი ხელფასი 1---, 1---, 2--- და 200- წლებში შეადგენს 1605,45 ლარს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის (რომელიც ძალადაკარგულია 2017 წლის 01 ივლისიდან საქართველოს 10/27/2015 №4346 კანონით) 1341-ე მუხლის თანახმად, დადგენილია და შესაბამისად აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა თავისი სამართლებრივი ბუნებით მიიჩნევა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო კანონით იმპერატიულად დადგენილი ხანდაზმულობის ვადა შეიძლება შეწყდეს ამ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის პერიოდში და არა ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის დეფინიციაზე, რომლის თანახმადაც, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
№-ბს-1-97-1-64(კ-10) საქმეზე საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით რეგლამენტირებული, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, სახეზეა ხსენებული კოდექსის 144-ე მუხლის (ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ მოვალეობის შესრულებას უთანაბრდება მოვალის დაპირება _ ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ თუ ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა მხარის შესაბამისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის 2--- წლის 2---------- №MIA 4------------ წერილით მოქალაქე ს------ პ-----------ს ეცნობა, რომ მისი კუთვნილი სახელფასო დავალიანება 1----ე, 1----ე, 2--- და 200- წლების მიხედვით შეადგენს 1605,45 ლარს, აღნიშნული თანხის გაცემა ვერ ხერხდება რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების დაფარვისათვის საჭირო თანხები, რის გამოც შსს სამინისტრომ ჯერჯერობით ვერ შეძლო დააკმაყოფილოს შსს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა მათ სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე. წინამდებარე წერილით უტყუარად დასტურდება მხარის მიერ ვალდებულების არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო. ამასთან მოპასუხე აღნიშნული წერილით არ გამორიცხავს შესაბამისი დაფინანსების მიღების შემთხვევაში თანხის ანაზღაურებას, რაც მხარის მიერ ვალდებულების აღიარების ტოლფასია, შესაბამისად ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება. მოპასუხის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალ ურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს, გარდა ამისა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, რომელსაც საქართველო უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით შეუერთდა აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის დარღვეული უფლება სახეზეა, ვინაიდან მას არ მიუღია კუთვნილი შრომითი ანაზღაურება ხელფასის სახით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე, ხოლო სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ,,უ" ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს------ პ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე ს------ პ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო ანაზღაურება 1605,45 ლარის ოდენობით;
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი