განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
190100120003464896
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-120-20

N012210120004

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2020 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი

 

დაცვის მხარე: ადვოკატი - კახაბერ შინჯიაშვილი

 

ბრალდებული: გ---------------ე

მამის სახელი: დ------ი

დაბადებული: 18.08.1--- წ.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, მე-1------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2020 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 19:15 საათზე, ქ. რუსთვი, მე-1------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ---------------ე მასთან არარეგისრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ჯ---–---------------–---–ს დაემუქრა სხეულზე მაკრატლის დარტყმით, რა დროსაც ჯ---–---------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორიცელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა გ---------------ემ 2020 წლის 27 თებერვალს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, თავი სრულად სცნო დამნაშავედ, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოს დასკვნა, გ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების, ჯ---–---------------–---–ის, მ-----------ის, ე--------------ის, ლ-–----------–---–ის, გ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელი ორდერის ასლებს, ქ. რუსთავში, მე-1------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ამოღებას და შესაბამის ოქმს, ამოღებულ ნივთიერი მტკიცებულებას და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ მუქარას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ---------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება - საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომ შეურიგდა ბრალდებულს, მიაჩნევს, რომ გ---------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

6.1. გ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

მასვე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 21 იანვრიდან 2020 წლის 12 მარტის ჩათვლით.

 

6.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მაკრატელი - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება

რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით,რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.

 

გ---------------ეს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

2. გ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზიდანვე.

 

3. გ---------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 21 იანვრიდან 2020 წლის 12 მარტის ჩათვლით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მაკრატელი - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში).

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ქეთინო ლუაშვილი