გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2020
საქმის ნომერი
411210020003459854
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210020003459854

საქმე № 2/26-20

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 მარტი, 2020 წელი ქ. კასპი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

მოსარჩელე: შპს ,,ფ-------------------"

წარმომადგენელი: ნ----- ა--–---–---–-

მოპასუხე: თ----- ქ--------–ი

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ----- ქ--------–ზე შპს ,,ტ-----სთან" გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 458,26 ლარის და პირგასამტეხლოს - 682,52 ლარის შპს ,,ფ-------------------ს" სასარგებლოდ გადახდევინების დაკისრება.

 

1.2. თ----- ქ--------–ზე შპს ,,4--------სთან" გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 645,09 ლარის და პირგასამტეხლოს - 1 289,61 ლარის შპს ,,ფ-------------------ს" სასარგებლოდ გადახდევინების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, 2016 წლის 5 მაისს შპს ,,ტ-----"-სა და თ----- ქ--------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 458 (ოთხასორმოცდათვრამეტი) ლარი და 26 თეთრი. მოპასუხის დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 1 140,78 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 458,26 ლარი, პირგასამტეხლო - 682,52 ლარი.

 

2015 წლის 31 დეკემბერს შპს ,,4--------"-სა (v-------) და თ----- ქ--------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 645 (ექვსასორმოცდახუთი) ლარი და 09 თეთრი. მოპასუხის დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 1 934,70 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 645,09 ლარი, პირგასამტეხლო - 1 289,61 ლარი.

 

ჯამში თ----- ქ--------–ის დავალიანება შპს ,,ფ-------------------ს" (შპს ,,ტ-----სა" და შპს ,,4--------"-ს უფლებამონაცვლე) მიმართ შეადგენს 3 075 (სამიათას სამოცდათხუთმეტი) ლარს და 48 თეთრს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 5 მაისს შპს ,,ტ-----"-სა და თ----- ქ--------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 458 (ოთხასორმოცდათვრამეტი) ლარი და 26 თეთრი.

 

მტკიცებულება: 2016 წლის 5 მაისის სესხის ხელშეკლრულება; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.2. შპს ,,ტ-----სა" და შპს ,,ფ-------------------ს" შორის 2018 წლის 30 იანვარს შედგა შეთანხმება სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე;

 

მტკიცებულება: შეთანხმება სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე.

 

3.2.3. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 5 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ფ-------------------ს" მიმართ შეადგენს 1 140 (ერთიათას ასორმოცი) ლარს და 78 თეთრს.

 

მტკიცებულება: 2018 წლის 1 აგვისტოს №02/55,034 ცნობა დავალიანების შესახებ; 2018 წლის 1 აგვისტოს ტრანზაქციების ისტორია; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.4. 2015 წლის 31 დეკემბერს შპს ,,4--------"-სა (v-------) და თ----- ქ--------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 645 (ექვსასორმოცდახუთი) ლარი და 09 თეთრი.

 

მტკიცებულება: 2015 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკლრულება; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.5. შპს ,,4--------"-სა და შპს ,,ფ-------------------ს" შორის 2017 წლის 20 თებერვალს შედგა შეთანხმება სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე;

 

მტკიცებულება: შეთანხმება სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე.

 

3.2.6. მოპასუხის დავალიანება 2015 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 934 (ერთიათას ცხრაასოცდათოთხმეტი) ლარს და 70 თეთრს.

 

მტკიცებულება: 2018 წლის 31 ივლისის ცნობა დავალიანების შესახებ; 2018 წლის 31 ივლისის ტრანზაქციების ისტორია; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.7. ჯამში თ----- ქ--------–ის დავალიანება შპს ,,ფ-------------------ს" მიმართ შეადგენს 3075 (სამიათას სამოცდათხუთმეტი) ლარს და 48 თეთრს.

 

მტკიცებულება: 2018 წლის 31 ივლისის და 1 აგვისტოს ცნობა დავალიანების შესახებ; 2018 წლის 31 ივლისის და 1 აგვისტოს ტრანზაქციების ისტორია; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

მსგავსი შინაარსის ნორმაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას, თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით; ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს.

 

გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლება.

 

სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა შპს ,,ტ-----სა" და შპს ,,4--------"-ს (რომელთა უფლებამონაცვლე მოსარჩელე შპს ,,ფ-------------------ა) და თ----- ქ--------–ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

იმავე კოდექსის 416-ე მუხლით, მხარეებს შეუძლიათ, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავო არ გაუხდიათ მათ შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერება, სადავოა მხოლოდ მოპასუხე მხარის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას სრულად უჭერს მხარს, ხოლო მოპასუხე თ----- ქ--------–მა კი სარჩელი არ ცნო და, მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

სასამართლოს მიერ ზემოთ აღინიშნა სარჩელის დაკმაყოფილების უფლების შესახებ, რაზეც გავლენას ახდენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა.

 

ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა; თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას განსაზღვრულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ყოველთვიურად გარკვეული თანხის შეტანის საფუძველზე ავადებდა სესხს და შესაბამისად სესხის დაფარვის თარიღიც ერთი თვით ხანგრძლივდებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე.

 

სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც მოპასუხის მიერ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოება.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სარჩელის შინაარსისა და თანდართული მტკიცებულებების მიხედვით, თ----- ქ--------–მა პირველი სესხი - 645,09 ლარი შპს ,,4--------სგან" აიღო 2015 წლის 31 დეკემბერს, რაც, საკომისიოსთან ერთად, უნდა გადაეხადა 2016 წლის 30 იანვარს (ს. ფ. 22).

 

თ----- ქ--------–მა 2016 წლის 8 იანვარს დაიმატა სესხი, ხოლო 2016 წლის 30 იანვარს, 29 თებერვალს, 30 მარტს, 3 მაისსა და 3 ივნისს მოახდინა სესხის გადავადება (ს. ფ. 50).

 

2016 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 23 იანვრამდე პერიოდულად ახდენდა სესხის ნაწილის დაფარვას (ს. ფ. 50).

 

მან მეორე სესხი - 458,26 ლარი შპს ,,ტ-----სგან" აიღო 2016 წლის 5 და 11 მაისს, რაც, საკომისიოსთან ერთად, უნდა გადაეხადა ერთი თვის ვადაში - 2016 წლის 5 და 11 ივნისს (ს. ფ. 2, 18, 49).

 

თ----- ქ--------–მა 2016 წლის 23 ივნისს, 12 აგვისტოს, 14 სექტემბერსა და 16 ოქტომბერს მოახდინა სესხის გადავადება (ს. ფ. 49).

 

2016 წლის 30 ნოემბრიდან 2017 წლის 24 იანვრამდე პერიოდულად ახდენდა სესხის ნაწილის დაფარვას (ს. ფ. 49).

 

ამდენად, თ----- ქ--------–ს, სესხების გადავადების შემდეგ, პირველივე თვეს სრულად უნდა გადაეხადა როგორც 2015 წელს, ასევე 2016 წელს აღებული სესხების დაფარვა, რაც არ მოუხდენია.

 

შპს ,,ტ-----სთვის" ჯერ კიდევ 2016 წლის 15 აგვისტოს იყო ცნობილი, რომ თ----- ქ--------–მა არ შეასრულა 2015 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ანუ მაშინ, როდესაც სესხის გადავადების შემდეგ გადაიხადა სესხის თანხის მხოლოდ ნაწილი (100 ლარი), ხოლო დანარჩენი გადახდილი არ ჰქონდა.

 

შპს ,,4--------სთვის" ჯერ კიდევ 2016 წლის 30 ნოემბერს იყო ცნობილი, რომ თ----- ქ--------–მა არ შეასრულა 2016 წლის 5 და 11 მაისის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ანუ მაშინ, როდესაც სესხის გადავადების შემდეგ გადაიხადა სესხის თანხის მხოლოდ ნაწილი (30 ლარი), ხოლო დანარჩენი გადახდილი არ ჰქონდა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ორივე კომპანიისათვის ბოლო გადახდა მოხდა 2017 წლის 23 და 24 იანვარს (ს. ფ. 49-50); შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადაც აქედან უნდა აითვალოს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლებისა.

 

აღნიშნულის გათვალისწინიებით, სასარჩელო განცხადება უნდა აღძრულიყო 2020 წლის 23-24 იანვრამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ფ-------------------ს" მიერ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრულია 2020 წლის 5 თებერვალს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოსარჩელე შპს ,,ფ-------------------ს" სარჩელი თ----- ქ--------–ის მიმართ შპს ,,ტ-----სთან" გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 458,26 ლარის და პირგასამტეხლოს - 682,52 ლარის გადახდევინების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

1.2. მოსარჩელე შპს ,,ფ-------------------ს" სარჩელი თ----- ქ--------–ის მიმართ შპს ,,4--------სთან" გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 645,09 ლარის და პირგასამტეხლოს - 1 289,61 ლარის გადახდევინების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

2. მოსარჩელე შპს ,,ფ-------------------ს" მიერ 2020 წლის 1 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადახდო დავალება 601, რეფერენსი 9010983138), დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. შპს ,,ფ-------------------ს" შუამდგომლობა სასამართლო ხარჯის თ----- ქ--------–ზე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. №124) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

 

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი